x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
დასავლეთ ევროპის საგმირო ეპოსები
დასავლეთ ევროპის საგმირო ეპოსში ხშირად აისახება რეალური ისტორიული მოვლენა, თუმცა დიდი ადგილი უჭირავს ფანტასტიკას, რომელიც ძალიან ჰგავს ფოლკლორსა და ზღაპრებს.

მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვან ძეგლებს წარმოადგენენ დასავლეთევროპული საგმირო პოეზიის ისეთი ნიმუშები, როგორიცაა: ანგლოსაქსური ეპოსი "თქმულება ბოევულფზე", ფრანგული "სიმღერა როლანდზე", ესპანური "სიმღერა ჩემს სიდზე", გერმანული "სიმღერა ნიბელუნგებზე".

"სიმღერა ბოევულფზე" ჩაწერილია დაახლოებით 1000 წელს და მოგვითხრობს გაუტების ხალხის ახალგაზრდა მეომარზე, რომელმაც მრავალი საგმირო საქმე ჩაიდინა, მრავალჯერ დაამარცხა ურჩხული და დაიღუპა დრაკონთან ბრძოლაში. ეს ფანტასტიკური თავგადასავალი გადმოცემულია რეალურ ისტორიულ ფონზე, რომელიც ასახავს ჩრდილოეთ ევროპის ხალხებში ფეოდალიზაციის პროცესს.

რეალური ისტორიული მოვლენა დაედო საფუძვლად ფრანგულ ეპოსს "სიმღერა როლანდზე" და ესპანურ ბალადას "სიმღერა ჩემს სიდზე". "სიმღერა როლანდზე"გადმოგვცემს ფრანკთა იმპერატორის მავრების წინააღმდეგ ბრძოლის ეპიზოდს. 778 წელს კარლოს დიდს ესპანეთის ლაშქრობიდან დაბრუნებისას ბასკებმა, პირენეის მთების რონსევალის ხეობაში, არიერგარდი გაუწყვიტეს, ამ ბრძოლაში დაიღუპა მეფესთან დაახლოებული პირი როლანდი. პოემის ავტორი უცნობია, თუმცა პოემას საფუძვლად დაედო ეპიზოდები, რომელიც აღწერილია ეინჰარდის "კარლოს დიდის ცხოვრებაში". "სიმღერა ჩემს სიდზე" კი ესპანელი ხალხის არაბთა წინააღმდეგ განმანთავისუფლებელი ბრძოლის რეკონკისტის ერთ-ერთ ეპიზოდს ასახავს. XII საუკუნეში შეიქმნა გერმანული ეპოსი "ნიბელუნგების სიმღერა", რომელიც მოგვითხრობს ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქის შესახებ.ამ ეპოსში არიან გმირები, რომლებიც წარმოადგენენ ისტორიულ პროტოტიპებს- ეტცელი (ატილა), ბურგუნდიის მეფე გუთრუმი და სხვა.


ისლანდიური საგები შუა საუკუნეების ეპოსებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ. ესენი წარმოადგენენ მხატვრული სიტყვის საუკეთესო ნიმუშს და ნათლად გადმოსცემენ საერთო-გერმანულ მითოლოგიურ ფონს ჩრდილოეთ ევროპის ხალხების ისტორიაში. ისლანდიური საგა ''უფროსი ედა'' შეიცავს თორმეტ ადრეისლანდიურ სიმღერას. XIII საუკუნის სკალდს, ასე უწოდებენ სკანდინავიელები ძველი დროის საგმირო მთხრობელს, სტურლუსონს ეკუთვნის საგმირო ეპოსი "უმცროსი ედა''.

XI-XII საუკუნეებში ძირითადად მოხდა დასავლეთევროპული საგმირო ეპოსის ჩაწერა, აქამდე იგი ძირითადად ზეპირსიტყვიერებაში არსებობდა. მათი გმირები იყვნენ თავიანთი სამშობლოსა და ხალხის დამცველნი.

0
185
შეფასება არ არის
ავტორი:სოფიო ბაგრატაშვილი
სოფიო ბაგრატაშვილი
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0