x
image
გემი დალანდი
ვინაა მწუხარესახიანი პატარძალი?-ტილო,რომელმაც უთანასწორო ქორწინებებს ბოლო მოუღო
ალბათ ოდესმე გინახავთ ტილო, რომელზეც მწუხარე პატარძალი და მასზე ასაკით ბევრად დიდი საქმროა გამოსახული. ამ ტილოს “უთანასწორო ქორწინება" ეწოდება. უკვე 157 წელია, რაც ეს ტილო ტრეტიაკოვის გალერეაში დამთვალიერებლთა ყურადღებას იქცევს. მასზე ვერ ნახავთ ემოციების მხურვალე გამოვლენას, ხელების სასოწარკვეთით მტვრევას და გულისწასვლას.პატარძლის მშვიდი და ამავდროულად ტრაგიკული სახე გაცილებით მრავლისმეტყველია .

და მაინც, ვინ არის გამოსახული ამ ტილოზე?

imageუთანასწორო ქორწინებები ხშირი მოვლენა გახლდათ მე-19 საუკუნეში. იმისთვის, რომ მატერიალური მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ, მშობლები ახალგაზრდა გოგონებს ხშირად ათხოვებდნენ შეძლებულ, მაგრამ ასაკოვან მამაკაცებზე, რომლებიც საცოლეებს ხშირ შემთხვევაში არათუ მამებად, არამედ პაპებად ერგებოდნენ ასაკით. გოგონას ბედნიერების საკითხი აქ უკვე არავის ანაღვლებდა. ხშირად, თავად ახალგაზრდა გოგონებიც ცდილობდნენ ამ გზით დაეღწიათ თავი სიღარიბისგან.

ამ ცნობილი ტილოს შექმნამდე ერთი წლით ადრე ეკლესიამაც კი გაკიცხა ასაკობრივად განსხვავებული ქორწინებები, მაგრამ ამან ხანშიშესულ საქმროებზე გავლენა ვერ იქონია. უთანასწორო ქორწინებების რიცხვმა მხოლოდ მას შემდეგ მოიკლო, როცა მხატვართა მორიგ გამოფენაზე ვასილ პუკირევის ტილო “უთანასწორო ქორწინება" გამოჩნდა.



ვინაა სინამდვილეში ამ ტილოზე გამოსახული მწუხარე პატარძალი?

ამის თაობაზე ორი ვერსია არსებობს:

1-მხატვარმა თავისი მეგობრის ტრაგედია დახატა

2-მხატვარმა პირადი ტრაგედია დახატა

განვიხილოთ ორივე მათგანი.

მხატვრის მეგობარ ვაჭარს სერგეი ვარენცოვს მგზნებარედ უყვარდა სოფია რიბნიკოვა. სოფიას მშობლებმა ჩათვალეს, რომ საშუალო ფენის ვაჭარი მათი ქალიშვილის შესაფერისი არ იყო და უფრო შესაფერისი პარტია, სავაჭრო-სამრეწველო სფეროში ცნობილი ივანე კარზინკინი შეურჩიეს ქალიშვილს საქმროდ, რომელიც სოფიაზე 13 წლით უფროსი იყო. და რამდენადაც სერგეი ვარენცოვი კარზინკინის შორეული ნათესავი იყო, იძულებული გახდა, რომ ქორწილში მხოლოდ მეეტლის როლით დაკმაყოფილებულიყო.

ამ ვერსიას თავად სერგეი ვარენცოვი კატეგორიულად უარყოფდა. ის სხვა გოგონაზე დასაქორწინებლად ემზადებოდა და არშემდგარი საქმროს ამპლუა ნამდვილად არ ხიბლავდა.

imageმხატვრის მეგობარი ვაჭარი სერგეო ვარენცოვი
სიმართლესთან მეორე ვერსია უფრო ახლოს დგას. ტილოზე მხატვარმა პირადი ტრაგედია გამოსახა. ის პრასკოვია ვარენცოვაზე გახლდათ შეყვარებული. პრასკოვია კეთილშობილი ოჯახიდან იყო. მხატვარმა რამდენჯერმე ითხოვა მისი ხელი, მაგრამ ყოველთვის უარით ისტუმრებდნენ. საქმე ისაა, რომ პუკირევი გლეხების ოჯახიდან იყო და მას მხატვრობის ნიჭი დაეხმარა, რომ საზოგადოებაში სახელი მოეპოვებინა. თავადის ქალისა და გლეხის კავშირი პრასკოვიას მშობლებისთვის წარმოუდგენელი იყო და მათ თავისი ქალიშვილი მდიდარ, მაგრამ მასზე ბევრად უფროს მამაკაცზე გაათხოვეს. ესწრებოდა თუ არა მხატვარი სატრფოს ქორწილს-უცნობია, სამაგიეროდ მისი ავტოპორტრეტი პატარძლის ზურგსუკან შეგიძლიათ დაინახოთ ტილოზე.

imageთავად საქმროზე ბევრი არაფერია ცნობილი, მისი სახე მხატვარმა წარმოსახვით შექმნა.

ისტორიკოსები და მკვლევარები დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ თუ ვინ იყო ამ ტილოზე გამოსახული პატარძალი, სანამ 2002 წელს ტრეტიაკოვის გალერეაში ფანქრით შესრულებული ავტოპორტრეტი არ აღმოაჩინეს. მასზე გამოსახულია ხნიერი ქალი სამგლოვიარო სამოსში. პორტრეტზე კი წარწერაა:“პრასკოვია მატვეის ასული ვარენცოვა, რომელიც 44 წლის წინ მხატვარმა ვ.ვ. პუკირევმა დახატა თავის ცნობილ ტილოზე“უთანასწორო ქორწინება". ქალბატონი ვარენცოვა ცხოვრობს მოსკოვში, მაზურინსკის თავშესაფარში".imageპრასკოვიას შემდგომ ბედზე ბევრი არაფერია ცნობილი. ბედნიერი თანაცხოვრება არ შედგა. ის ადრე დაქვრივდა და არც მდიდარი მემკვიდრე გამხდარა და არც გავლენიანი ქალბატონი. თავისი მარტოხელა ცხოვრება მან თავშესაფარში დაასრულა. თავისი საიდუმლო ქალმა გარდაცვალების წინ გაუმხილა მხატვარ ვლადიმირ სუხოვს.სწორედ ის იყო ტილოზე გამოსახული პატარძალი და ის პოზიორობდა მხატვრისთვის, რომ ეს ტილო შექმნილიყო. და სწორედ ის უყვარდა მხატვარს. ის, თუ რატომ აღმოჩნდა მხატვარი თავშესაფარში-უცნობია.


უთანასწორო ქორწინებამ ვერც პრასკოვია გააბედნიერა და ვერც პუკირევი. მხატვარი სამხატვრო სასწავლებელში ასწავლიდა, წერდა ხატებს და ქმნიდა ტილოებს რელიგიურ თემაზე. პუკირევი ქორწინების გარეშე ცხოვრობდა ქალთან ერთად, რომელსაც სოფია ერქვა. მხატვარზე ზრუნავდნენ, უვლიდნენ, უყვარდათ, მაგრამ თავად მხატვარს უყვარდა კი? სოფიზე დაქორწინებას პუკირევი არ აპირებდა. ცხოვრების ბოლო წლები მან სიღარიბეში გაატარა, ბევრს სვამდა და ბოლო წლები პარალიზებული იყო. გარდაიცვალა 1890 წლის 1 ივნისს.

image“უთანასწორო ქორწინება" პუკირევის ერთადერთი ცნობილი ტილოა, რომელმაც არა მარტო მხატვარს მოუტანა სახელი, არამედ საზოგადოებრივ აზრზეც მოახდინა გავლენა.ილია რეპინი წერდა:“პუკირევმა არაერთ ხანდაზმულ გენერალს გაუშრო სისხლი" და მართლაც, ტილოს გამოფენის შემდეგ უთანასწორო ქორწინებების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ტილოს სიუჟეტი ძალიან პოპულარული გახდა, ბევრი მხატვარი ეცადა, რომ პუკირევის წარმატება გაემეორებინა, მაგრმ უშედეგოდ. ტილო ტრეტიაკოვის გალერეაშია დაცული, მისი ასლი კი ბელორუსის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში ინახება.

0
839
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0