x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
''-შენი უნდა იცოდე უკვე, საით მიდიხარ, რას აპირებ, რა უნდა გამოხვიდე, კაცი თუ პირუტყვი!''

image






-გამარჯობა, შვილო!-
გამარჯობა, დედა!-
როგორ ხარ, შვილო?
-არ ვიცი, დედა, ალბათ, კარგად!
-კარგად ხარ?
-ხანდახან კარგად ვარ, ხანდახან ცუდად.
-ყველა კაცი ასეა, შვილო, მარტო ცუდი და მარტო კარგი არ არსებობს.
-ალბათ ასეა.
-ხომ არ გიჭირს რამე, შვილო?
-მიჭირს. დედა, როგორ არ მიჭირს!
-მაინც რა გიჭირს, შვილო, ნუ დამიმალავ?
-რომ არ ვიცი, დედა, რა მიჭირს, ბევრი რამ მიჭირს. ბევრი რამის გაგება მიჭირს, მინდა, გავიგო რაღაც, მგონია, გავიგე და უცებ ვხვდები, რომ ვერაფერიც ვერ გავიგე. მგონია, მიყვარს, შემიყავრდა და უცებ ვხვდები, რომ არ მიყვარს, ან მგონია, არ მიყვარს და უცებ ვხვდები, რომ უმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია. ან მგონია, არ მეშინია, მაგრამ მივალ და თურმე მაშინ ვკვდები შიშით, ან პირიქით, შიშით ვკვდები და აღმოჩნდება, რომ საშიში არაფერია. ჰოდა, ყველაფერი ამის გაგება მიჭირს, დედა...
-კიდევ დიდხანს გაგიჭირდება, შვილოშ ჯერ პატარა ხარ.
-რაღა პატარა ვარ, დედა, ოცი წლის ვხვდები.
-ოცი წელი ბევრი არ არის შვილო.
-არც ცოტაა
-არც ცოტაა...მაგრამ იმდენი არაა, რომ არ გაგიჭირდეს, კარგია, რომ გიჭირს.
-კარგია?
-კარგია, შვილო!
-შენ არ გიჭირს დედა?
-მე ეხლა აღარ მიჭირს, შენხელა რომ ვიყავი, მიჭირდა, ახლა აღარ მიჭირს.
-მერედა, ცუდია რომ არ გიჭირს?
-ცუდია, შვილო!
-არ ვიცი, დედა, არაფერი არ ვიცი, უშენობაც მიჭირს, ძნელია უშენობა
-ვიცი რომ ძნელია, და ამიტომ მოვედი.
-ხომ აღარ წახვალ, დედა?
-ჯერ არა, ჯერ უნდა გავიგო, რას ფიქრობს ჩემი სისხლი, რას აპირებს, საით მიედინება და რისთვის იღვრება
-ვერ გავიგე, რას მეკითხები დედა?
-შენი უნდა იცოდე უკვე, საით მიდიხარ, რას აპირებ, რა უნდა გამოხვიდე, კაცი თუ პირუტყვი!
-მე ჯერ არ ვიცი, რა უნდა გამოვიდე, მე ჯერ მხოლოდ მინდა!
-რა გინდა შვილო, ის მითხარი!
-მე მინდა, დედა...მე მინდა, ბაბუასავით ვაჟკაცი ვიყო...-
ცოტაა, შვილო!
-მე მინდა, მამაჩემივით გულწრფელი და ალალი ვიყო...
-ცოტაა!
-ვანიჩკა ბიძიასავით პატიოსანი ვიყო...-მერაბიასავით სიყვარული ვიცოდე, მინდა...-ალი ხორავასავით ჭკვიანი მინდა, ვიყო...-საქმისათვის შერბინასავით უხმოდ სიკვდილი შემეძლოს.-ჩხარტიშვილივით ძლიერი და ერთგული ვიყო მინდა...-შენსავით სათნო ვიყო მინდა, დედა.ეს ყველაფერი ერთად ვიყო მინდა...ბევრია, დედა?-ბევრია, შვილო, მოერევი ყველაფერს ამას?
-მოვერიო მინდა!
-ეგ ყველაფერი, რაც მითხარი, სხვა არის შენში, შენ საკუთრად შენი მითხარი, რა გინდა?
-მე, დედა...მე ჯერ სიცოცხლე მინდა, დიდხანს სიცოცხლე მინდა, ყველაფერს ამას რომ მოვერიო, და კიდევ ოცნება მინდა, ბევრი ოცნება მინდა, ოღონდ ახლა ვერ ვამბობ, გესმის? მატარებელი კივის, გვირაბში შედის, სიბნელეა, აი, შენც ძლივს გხედავ, გავალთ და გეტყვი, კიდევ რა მინდა...
-დაწყნდარდი, შვილი, მე უკვე ვხვდები, რა გინდა.მე წავალ ახლა.
-არ წახვიდე, დედა, ნუ დამტოვებ, მაშინ ვიღას ვუთხრა, რაც მინდა?-
-შენ ოღონდ თქვი და მომსმენი უამრავია, შვილო.
-არ წახვიდე, გეხვეწები, დედა!
-ჩემი დარჩენა არ შეიძლება, უნდა წავიდე, შვილო.
-აღარ მოხვალ, დედა?
-როგორ არ მოვალ, ყოველთვის მოვალ, როდესაც გაგიჭირდება, შენ ოღონდ მინატრე და მოვალ.
-ნახვამდის, დედა!
-თავს მოუარე, არ დამღუპო, შვილო!!!
-ნუ გეშინია, დედა!
მან ისევ შემახო შუბლზე თავისი თბილი ხელი და სიზმარივით უეცრად გაქრა, გაქრა და უზომო სითბო დამიტოვა, სითბო, რომელიც ოცი წლის წინ მაჩუქა და დღემდე მომყვა, როგორც ჩემი სისხლის მაცოცხლებელი სითბო.


ნოდარ დუმბაძე - '' ნუ გეშინია დედა! ''

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0