x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„არაპროფესიონალიაო ვერ იტყვიან, ყოველთვის მწყობრი იყო პოზიციებში“ - ჟორჟოლიანი იმნაიშვილზე
image


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავ 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი იმნაიშვილის დანიშვნას აფასებს და მის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეფასებებს ეხმაურება. ტელეწამყვანი მიიჩნევს, რომ ახალ კანდიდატურას მანამდე არანაირი ბმა არ ჰქონია ამ არხთან, ამიტომაც მისთვის გაუგებარია ირაკლი იმნაიშვილს რატომ არ უნდა მიეღო ეს შეთავვაზება. ნანუკას შეფასებით, ეს ჟურნალისტი ყოველთვის მწყობრი იყო თავის გადაწყვეტილებებში.


„რატომ უნდა დააბულინგონ ირაკლი? ყოველთვის მწყობრი იყო მის პოზიციებში. არაპროფესიონალიაო ვერ იტყვიან. არანაირი მორალური ბმა მაგ არხთან არ ქონია და რატომ არ უნდა მიეღო ეს წინადადება. ურთულესი მემკვიდრეობა დაახვედრეს და იმედია თავს გაართმევს, “ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


ნანუკამ ეს განმარტება ჟურნალისტ გიორგი კალანდიას სტატუსის საპასუხოდ დაწერა. კალანდიამ ამ თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა.



„ამ სტატუსს არ დავწერდი ზოგიერთის ავყია კომენტარი და ირაკლის დაბულინგების მცდელობა არ მენახა - მიუხედავად იმისა რომ ასაკით ჩემზე გაცილებით უმცროსია, ჟურნალისტიკაში თუ რამე ვიცი ბევრი მისი დამსახურებაა, მისი სტიქიაა ცოდნის გაზიარება, თანადგომა, ძიება და აღმოჩენა! თავისი კარიერის ზენიტში იყო როცა მიუკერძოებლობის გამო ყველაფერი დათმო, სამშობლოში ყველაზე უდიერად მოექცნენ, თუმცა არც დაცემულა და არც ჩამუხლულა, წავიდა და ბიბისიში დაიწყო მუშაობა! დიახ ბიბისი-ში, იქ სადაც დღემდე ჟურნალისტურ სტანდარტებს ამკვიდრებენ, იქ სადაც ყველაზე კარგად იციან მიუკერძოებლობის ფასი! იქ სადაც ჟურნალისტს მორალურად თუ მატერიალურად ყველაზე მაგრად აფასებენ, თუმცა ირაკლის ამ ფასად სამშობლო არასოდეს გაუცვლია, არასოდეს განაწყენებულა და გაბოროტებულა, ამის დასტურია მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი - უფასო ტრეინინგების კურსი C ჰეპატიტის ელიმინაციის შესახებ... ახლა ვხვდები რატომ აკეთებდა ამ საქმეს ასე შემართებით, იმიტომ რომ ყველაზე გამოხატულად და თანდაყოლილად თანაზიარობის გრძნობა გააჩნია! როგორც ჩემი მეგობარი შეჭიდებული საქმისათვის დიდად მენანება, როგორც ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი მისი მობრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ! ბიბისი-ში მომუშავე ქართველ ჟურნალისტთაგან ირაკლისა და ნათია აბრამიას გარდა არც არავინ მეგულება ჩვენი ბედკრული ჟურნალისტიკის ისტორიაში, ამიტომ ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრ კარგს მოიტანს, დანერგავს და გაგვიზიარებს! წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემი ყრმობის მეგობარს, კაცს რომელიც ბიბლიური დავითის მსგავსად უნარი აქვს შურდულით გოლიათი დაამარცხოს!, “ - წერს გიორგი კალანდია.


შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის აღმასრულებელ დირექტორად და საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა ირაკლი იმნაიშვილი, რომელიც 3 წელია BBC-ზე მუშაობს კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ შექმნილი განყოფილების რედაქტორის მოადგილედ. მან სატელევიზიო კარიერა 2000 წელს პირველ არხზე დაიწყო, შემდეგ კი „მზეში“ მუშაობდა. სწორედ პირველი არხიდან ის ძალიან ახლო მეგობარი იყო ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟილაშვილის და მუშაობდა ნოდარ მელაძესთან ერთადაც... ამდენად, იმნაიშვილი ყველაზე მისაღები კანდიდატურაა ჟურნალისტებისთვისაც.


ის, რომ ახალი კანდიდატურა მისაღებია რუსთავი 2-ის გუნდისთვის, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ დახურულ თათბირზე მას არხის 800 თანამშრომელი შეხვდა. იმნაიშვილი ამბობს, რომ არხზე დაბრუნება სურთ მათაც, ვინც რუსთავი 2-ის დატოვების შესახებ ემოციური განცხადება გააკეთა.


„გვახსოვს, რომ „რუსთავი 2“ იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. თუმცა, როგორც კი ის გახდა გამარჯვებული, ხალხსაც და მფლობელებსაც ის წაართვეს... მაქვს ამბიცია რომ „რუსთავი 2“ გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია. მე გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში, დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაზე მემუშავა (BBC) და ამ 14 წლის მანძილზე, ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა როგორც ჟურნალისტური სტანდარტი, ასევე სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს. ამ მხრივ ახლა საეტაპო პროცესი იწყება. ჩვენ მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე ვართ ამ მომენტისთვის არხის მფლობელებთან. თუ ეს მოლაპარაკება დასრულდება წარმატებით, მთავარი ამოცანა არის, რომ შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო, გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა – კონტრაქტი მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის და ეს კონტრაქტი აქ მომუშავე ჟურნალისტებს მისცემს საშუალებას დაიცვან თავისი თავი და დაიცვან სარედაქციო დამოუკიდებლობა.


მე არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებდი მოლაპარაკებებს რომ არა საოცრად დიდი მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის. სწორედ ამ მხარდაჭერაზე გაკეთდება აქცენტი. როგორც კი ჩვენ შევიმუშავებთ ჩარჩო ხელშეკრულებას. როცა დავასრულებთ მოლაპარაკებას, გავაკეთებთ ამ ჩარჩო ხელშეკრულების პრეზენტაციას, სადაც მოვიწვევთ როგორც მედიის წარმომადგენლებს, ისე საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებს, ვინაიდან დაკვეთა იმისა, რომ ქართულ მედია სივრცეში დამოუკიდებელმა მედიამ დაიწყოს მუშაობა და მასზე ზეგავლენა იყოს შეზღუდული, იქნება ეს პოლიტიკური თუ ბიზნესი, ეს არის გამოკვეთილი და ეს მოდის საერთაშორისო პარტნიორებისგან. ახლა ამოცანაა ეს დაკვეთა შესრულდეს და გაჩნდეს ამისი ნება.


ვინაიდან ჩვენ მოლაპარაკების პერიოდში ვიმყოფებით და რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები დასაზუსტებელია, ამიტომ მინდა მოგიბოდიშოთ, რომ დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა ბრიფინგის ფორმატის იქნება. რა კითხვებიც გაქვთ, აუცილებლად გავცემ პასუხს, როგორც კი დასრულდება მოლაპარაკება“, - აცხადებს იმნაიშვილი.

1
1197
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1197
  
2019, 28 აგვისტო, 1:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1