x
დაბრუნდება თუ არა რუსეთი დიდ შვიდეულში?

image

დაძაბული ურთიერთობები ირანთან, სავაჭრო ომი ჩინეთთან, ხანძარი ამაზონის ტყეში, ბრექსიტი, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შესაძლო სავაჭრო შეთანხმება, რუსეთის დაბრუნება "კლუბში" - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც უკვე მეორე დღეა საფრანგეთში, ბიარიცში დიდი შვიდეულის (შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა) ქვეყნების ლიდერები მსჯელობენ. ადვილი დასანახია, რომ ამ საკითხებზე საერთო აზრს ქვეყნების ლიდერები ვერ მიაღწევენ, შესაბამისად, სამიტის ბოლოს ერთობლივ სიმბოლურ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ იგეგმება ისევ და
ისევ უთანხმოებების თავიდან ასაცილებლად.

  • მართლაც, როგორ უნდა შეთანხმდნენ ამერიკის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ჩინეთთან დაკავშირებით სავაჭრო ურთიერთობებზე, მაშინ როცა ამერიკას ცხარე სავაჭრო ომი აქვს გაჩაღებული ირანთან და 1-ლი ოქტომბრიდან $550 მილიარდის ოდენობის ჩინურ პროდუქციაზე გადასახადები გაიზრდება, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კი
    ღრმავდება?
  • ან როგორ უნდა მივიდნენ ერთ ხედვამდე ამერიკის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი, მაშინ როცა გერმანია გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მშენებლობას აგრძელებს, ქვეყნის ბიუჯეტიდან სამხედრო ხარჯები 2%-ს არ უტოლდება, დონალდ ტრამპს კი ამ თემებზე სრულიად განსხვავებული და საპირისპირო მოსაზრებები აქვს?
  • ან როგორ უნდა შეთანხმდნენ ირანთან დაძაბულობის მოგვარებაზე, მაშინ როცა ისევ და ისევ ამერიკის პრეზიდენტს ძალიან ხისტი პოზიცია აქვს, ევროპის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას უჭერენ მხარს და ირანთან ზომიერი ურთიერთობების შენარჩუნებას ემხრობიან?

ამ თემებზე უკვე დიდი ხანია უთანხმოება არსებობს და ბუნებრივია, ვერც ბიარიცის სამიტზე მიაღწევენ საერთო აზრს.

ალბათ ყველაზე რეზონანსული იყო რუსეთთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები. როგორც ცნობილია, რუსეთი 2014 წელს უკრაინაში განვითარებული მოვლენების, ყირიმის შეერთებისა და ქვეყნის აღმოსავლეთში გაჩაღებული ომის გამო დიდი რვიანის "კლუბიდან" გარიცხეს, მაგრამ მის წევრობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მაინც დაისვა. დონალდ ტრამპმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ვლადიმირ პუტინი, სტუმრის სტატუსით, "დიდი შვიდეულის" მომდევნო შეხვედრაზე მიიპატიჟოს, მომდევნო შეხვედრა კი შეერთებულ შტატებში გაიმართება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ტრამპის ეს განცხადება უბრალო ვარაუდის დონეზე გაკეთდა, ისეთივე დონეზე, როგორც ის აცხადებს ხოლმე კარგ და მეგობრულ ურთიერთობებზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ან ჩინეთის პრეზიდენტთან. ამ განცხადების შემდეგ მკაცრად უარყო "კლუბში" რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობა ევროსაბჭოს პრეზიდეტმა დონალდ ტუსკმა და როგორც აღნიშნა, უფრო მეტი მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ რუსეთი დიდი შვიდეულის გარეთ დარჩეს, ვიდრე დაბრუნდეს. იხილეთ ვრცლად
0
11
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0