x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
ჩემი სკოლის კონცეფცია
ჩემს მიერ შექმნილ კონცეფციაში განსაზღვრულია, თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლე ჩემს სკოლაში და რომელი უნარები უნდა განუვითარდეთ მათ.სკოლის კონცეფცია ავაგე თანამედროვე განთლების თეორიების დახმარებით.

სკოლა არის ადგილი, სადაც ადამიანი თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდს ატარებს. ადგილი, სადაც ის პიროვნებად ყალიბდება, იღებს ისეთ ზოგად განათლებას, რომელიც ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება.სწავლობს არჩევანის გაკეთებას, ივითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და იღებს ისეთ ცოდნას, რომელიც სრულყოფს მას, როგორც ჰარმონიულ პიროვნებას.

სკოლამ უნდა აღზარდოს თავისუფლად მოაზროვნე პიროვნება.მან ხელი უნდა შეუწყოს ადამიანური თვითშეგნების ჩამოყალიბებას და რწმენა უნდა შემატოს ადამიანურ არსებობას(ეგზისტენციალიზმი).მისი ამოცანა უნდა იყოს ადამიანთა ცივილიზება, რომელიც მიიღწევა ცოდნის, ინტელექტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის სრულყოფით.სასწავლო კურის ყურადღებას უნდა ამახვილებდეს საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველ პერიოდულ თემებზე.იგი უნდა უზრუნველყოფდეს სწავლების რაციონალურ და ზნეობრივ მხარეებს(პერენიალიზმი).სასწავლო პროგრამა უნდა პასუხობდეს მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს და იცვლებოდეს ბავშვის ბუნებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად(პროგრესივიზმი).

მოსწავლემ სკოლაში ისეთი განათლება უნდა მიიღოს, რომ ინდივიდუალურად შეძლოს სწრაფი და ემოციური რეაგირება სამყაროზე, მოვლენებსა და ადამიანებზე.განათლების პროცესი მიმართული უნდა იყოს პიროვნული პასუხიმგებლობისა და პიროვნული არჩევანის სრულყოფისკენ.სკოლის მთავარ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს რაციონალური, წიგნიერი და კომპეტენტური პიროვნების აღზრდა, ინდივიდის საკუთარი ინტერესების და მოთხოვნილებების შესაბამისად.ისეთი პიროვნების რომელიც შეძლებს საზოგადოების გარდაქმნას(რეკონსტრუქციონიზმი).


სასწავლო საგნები ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ განავითაროს, როგორც სოციალური, ასევე შემეცნებითი უნარები.მნიშვნელოვანია სკოლაში იყოს ისეთი არჩევითი საგნები, სხვდასხვა მიმართულებით, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესოდ დაანახვებს მოსწავლეებს მოვლენებს და მისცემს კონკრეტული მიმართულებით მეტ ცოდნას.გარემო უნდა იყოს თბილი, არსებობდეს მოსასვენებელი კუთხე, ინვენტარი და ყველა საჭირო რესურსი, რომელიც მოსწავლეს თავს კომფორტულად აგრძნობინებს.ბიბლიოთეკა აღჭურვილი უნდა იყოს საინტერესო წიგნებით, რომლებიც გათვლილი იქნება ყველა ასაკის და შესაძლებლობების ადამიანისთვის.

გარემო უნდა იყოს ადაპტირებული და მორგებული მოსწავლეების მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე.სკოლას უნდა ჰყავდეს ფსიქოლოგები, რომლებიც შესაბამის კონსულტაციებს გაუწევენ მოსწავლეებს პრობლემების არსებობის შემთხვევაში.

სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვი სიხარულით წავა, არავინ დაჩაგრავს, არავინ დასცინებს და რაც მთავრია, იქნება თავისუფალი და ბედნიერი.

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ხატია გოცაძე
ხატია გოცაძე
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0