x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
ლაზების ისტორია, რელიგია და კულტურა

image

თანამედროვე ლაზების წარმოშობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ლეგენდარული კოლხეთის სამეფოსთან.ისტორიულ კოლხეთში ძირითად მოსახლეობას წარმოადგენდა ქართველური მოდგმის ურთიერთმონათესავე ტომი- ლაზ-ჭანები და მანრიალ-მაკრონები (მეგრელები). ენობრივად ლაზები იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. IV საუკუნეში ლაზების ჰეგემონობით, აფშილების, აბაზგების და სანიგების გაერთიანებით დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა ლაზეთის სამეფო. მას ეკავა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვანი ნაწილი.

თავდაპირველად ლაზური სახელმწიფოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში მეფე იდგა. IV-VII საუკუნეებში ლაზებს ევალებოდათ ჩრდილოეთის საზღვრები გაემაგრებინა და მტრებისგან დაეცვა ბიზანტიის სამფლობელო. გვიან შუასაუკუნეებამდე ლაზეთს უხდებოდა თავგანწირული ბრძოლა ძირითადად ბიზანტიისა და ირანის წინააღმდეგ. VIII-XII საუკუნეებში ლაზეთი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებთან.

როდესაც ჯვაროსნებმა ბიზანტია დაშალეს ლაზეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ტრაპიზონის იმპერია, მაგრამ მომავალში ოსმალებმა დაიპყრეს ტრაპიზონი. ოსმალებთან ბრძოლაში სახელი გაითქვა ლაზეთის მმართველმა კახაბერმა და მას დღესაც სცემენ პატივს. ოსმალებმა კახაბერი მოკლეს და შეძლეს ლაზეთის დაპყრობა. მათ წინააღმდეგ ბრძლა XIX საუკუნემდე გრძელდებოდა. 1878 წელს ბერლინის ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა ლაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი. 1923 წლიდან კი ლაზეთი სრულად მოექცა თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში.

აქ პირველივე საუკუნეებში გავრცელდა ქრისტიანობა, რაც იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. დღეს თურქეთში მცხოვრები ყველა ლაზი სუნიტი მაჰმადიანია, თუმცა ლაზებში ახლაც მოიპოვებიან ქრისტიანები, რომლებიც სტამბოლში ბერძენ პატრიარქს ექვემდებარებიან. ისინი ბერძნულად მეტყველებენ და საკუთარ თავს ბერძნებად თვლიან, მაგრამ ახსოვთ ლაზური წარმომავლობა. ლაზისტანი ძველთაგანვე თაფლის ქვეყანა იყო. წმინდა სანთელსაც ბევრს ამზადებდნენ და გაჰქონდათ საქართველოში, საბერძნეთში და რუსეთში. ყველაზე ადრე სანთლისგან არაყიც მათ გამოუხდიათ. ისინი თეთრ და შავ ღვინოსაც უხვად აყენებდნენ. აქაური ღვინო ბიზანტიაში გაჰქონდათ, თუმცა გამაჰმადიანების შემდენ ოსმალებმა ლაზებს აუკრძალეს მეღვინეობა.

1931 წლიდან თურქეთის ხელისუფლებამ, როგორც სხვა ხალხებს, ასევე ლაზებსაც ლაზური გვარების ტარება აუკრძალა. ისინი დღეს თავიანთ ტერიტორიაზე, საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში ვერ იღებენ მშობლიურ ენაზე განათლებას. ის ფაქტი, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საშუალო განათლების მიღება მხოლოდ თურქულ ენაზეა შესაძლებელი, ლაზურს უპირატესად სოფლის ენად აქცევს. 2014 წლიდან თურქეთის რესპუბლიკაში მიღებულმა კანონმა ლაზურ ენას მიანიჭა სახელმწიფო სკოლებში შესასწავლი უცხო ენის სტატუსი, შედეგად ტრაპიზონში, ათინასა და რიზეში ლაზ ბავშვებს სკოლებში მშობლიური ენის შესწავლის საშუალება მიეცათ.

მრავლად არიან ლაზური წარმომავლობის პირები თურქეთის რესპუბლიკის პოლიტიკაში, ბიზნესში, მეცნიერების, განათლების კულტურის თუ სპორტის სფეროებში. ცნობილი ლაზი მოღვაწეები არიან: თურქულენოვანი ლაზი მწერალი, ჟურნალის გამომცემელი სელმა კოჩივა, პოეტი და მხატვარი- ჰასან ჰელიმიში, თურქეთის განათლების სამინისტროს მრჩეველი ბენერ ჯორდანი (ჟორდანია), სტამბოლის უნივერსიტეტის პროფესორი თოხთამიშ ათეში, ლაზი პოეტი- სინან ბადიში, მომღერალი, მუსიკოსი ქაზიმ ქოინჯუ, რომელიც ლაზურ მუსიკალურ ფოლკლოსრსაც იკვლევდა. მის სახელის ხსენებასთან ერთად შეუძლებელია არ გაგვახსენდეს საოცრად შესრულებული „დიდოუ ნანა“ და ასევე სხვები.

თუ საქართველოში მყოფ ლაზს ჰკითხავ თავის იდენტობას, ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ქართველია. ხოლო თუ იგივე კითხვას თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ ლაზს დაუსვამთ, ის გეტყვის, რომ ლაზია, ხოლო მისი მშობლიური ენა ლაზურია.



1
179
1-ს მოსწონს
ავტორი:შენგელია ნანა
შენგელია ნანა
179
  
25 აგვისტო, 2:58
იმ მყრალ ნაძირალა სტალინს შეეძლო რომ დაებრუნებინა ქართული მიწები ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი მე-2 მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ,მაგრამ სულ არ ადარდებდა საქართველოს ბედ-იღბალი.
0 1 1