x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94892
  • ვიდეო:342605
  • სურათი:456921
მშობლის დეპრესიის გავლენა ბავშვის განვითარებაზე

image

ბავშვის განვითარებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, იქნება ეს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური, თუ გარემოს ფიზიკური ფაქტორები. ცნობილი ფაქტია, რომ მშობელსა და ბავშვს შორის არსებული ურთიერთობა მცირე ასაკიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანსაღად განვითარებისთვის. ურთიერთობის ტიპი, ხარისხი და ინტენსივობა, უდიდეს გავლენას ახდენს იმაზე, როგორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდება ბავშვს სამყაროს მიმართ, იქნება მიმნდობი, ცნობისმოყვარე, გამბედავი, თუ ფრთხილი, მორცხვი ან გულჩათხრობილი. უდავოა, რომ ბავშვს სოციალური თუ ფიზიკური ადაპტაციის პროცესში ძალიან ეხმარება მშობელი, ის, შეიძლება ითქვას, ერთგვარ ნიადაგს უმზადებს, უადვილებს მას სამყაროს გაცნობის, შეგუების პროცესს და ცდილობს შეძლებისდაგვარად უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას მას. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მშობლის, როგორც ბავშის აღზრდაში ყველაზე აქტიურად ჩართული პიროვნების, ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანსაღად განვითარებისთვის.


მშობელთა დეპრესია საკმაოდ მასიური პრობლემაა მსოფლიო მასშტაბით. იელის მედიცინის კვლევის ცენტრისა და ნიუ ჰავენის მენტალური ჯანმრთელობის ორგანიზაციის დირექტორის, მეგან სმიტის თანამშრომლობის შედეგად, ჩატარდა კვლევა, რომლის მეშვეობითაც დადგინდა, რომ დეპრესია აფერხებს მშობლის შესაძლებლობას იმუშაოს და ფუნქციონირებდეს საზოგადოებაში წარმატებით. დეპრესიის მქონე მშობელს ასევე უჭირს საოჯახო საქმეებთან დამკლავება, ბავშვისთვის სათანადო მშობლობის გაწევა და ა.შ.


იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ გაუგებრობა და ინფორმაციის ბუნდოვანება, საჭიროა ზუსტად განვსაზღვროთ, რა იგულისხმება, როდესაც ვამბობთ, რომ მშობელს აქვს დეპრესია.


დეპრესია ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა, ემოციური აშლილობა, რომელიც მოქმედებს მშობლის ხასიათზე, ძილის ციკლზე, მადასა და ენერგიაზე. დეპრესიის ტიპური სიმტომები მოიცავს მუდმივ სევდას და სხვადასხვა აქტივობებისადმი ინტერესის დაკარგვას, სიამოვნების მიღების შეუძლებლობას, ჭარბ ძილიანობას ან პიქირით, ინსომნიას, ასევე კონცენტრაციის პრობლემებს, მადის ცვლილებებს, ენერგიის უქონლობას და ზოგჯერ სუიციდურ ფიქრებს. ხოლო თუ დეპრესია ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, სუიციდურ გეგმებსა და ქმედებებს.


მშობელთა დეპრესია ბავშვებთან ურთიერთობაში სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვლინდეს. შეიძლება მან არ გამოიჩინოს სათანადო ყურადღება ბავშვის მიმართ, არ დაამყაროს მასთან ემოციური კონტაქტი, ვერ მოახდინოს სწრაფი რეაგირება მის ტირილზე, მოთხოვნილბებზე, ვერ შეუქმნას მას ჰიგიენური გარემო, დროულად არ გამოუცვალოს ტანსაცმელი და ა.შ. უფრო რთულ შემთხვევებში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბავშვის საჭიროებების სრულ იგნორირებას, მის დადანაშაულებას ან უარყოფას.


გასაკვირი არ არის, რომ ეს ყოველივე უარყოფით გავლენას ახდენს და ხშირად მნიშვნელოვნად აფერხებს განვითარების პროცესს. აშშ-ში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დეპრესია არა მხოლოდ მშობლის მიერ სამყაროს აღქმაზე, არამედ ბავშვის გამოცდილებებზეც ახდენს გავლენას. ის უარყოფითად მოქმედებს როგორც ბავშვის განცდებზე, მის ემოციურ მდგომარეობასა თუ ფიქრებზე, ასევე მის ქცევაზე საზოგადოებაში. სკოლის ასაკის ბავშვებში ხშირია პრობლემები აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით. ხშირად, ბავშვები, რომელთა მშობლებსაც დეპრესია აქვთ, იგვიანებენ ან აცდენენ სკოლას, რადგან მათ მშობლებს არ აქვთ საკმარისი ენერგია ან ორგანიზაციული უნარები, რომ დროულად მოამზადონ ისინი სკოლისთვის. მოზარდობის პერიოდში კი, ისინი განციდიან ყურადღების დეფიციტს და ხშირად არ აქვთ მოტივაცია წარმატებას მიაღწიონ აკადემიურ სივრცეში. რის ერთ-ერთ მიზეზადაც შეიძლება ისიც მივიჩნიოთ, რომ ისინი ძალიან იშვიათად იღებენ უკუკავშირს მშობლებისგან. ხშირია ქცევითი პრობლემები, ყურადრების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომები და სხვა.


დადგინდა, რომ მშობლის ფსიქიკური მდგომარეობა დაბადებიდანვე ახდენს ჩვილზე გავლენას. დეპრესიულ დედებს ნაკლები ემოციურობა და ექსპრესია ახასიათებთ ჩვილებთან საუბრისას, ისინი ნაკლებად ამყარებენ თვალით კონტაქტს. მათთვის შეიძლება უჩვეულოდ რთული აღმოჩნდეს ისეთი მარტივი აქტივობების შესრულებაც კი, როგორიც არის ზღაპრის წაკითხვა, დიალოგის გამართვა, კითხვებზე პასუხის გაცემა და ა.შ. ჩვილობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს სენსორულ ან ემოციურ დეპრივაციას, რაც მოზარდობასა და ზრდასრულობაში სხვადასხვა, ემოციური, მოტორული თუ ქცევითი პრობლემის მიზეზად შეიძლება იქცეს.


აღსანიშნავია, რომ მშობლის დეპრესიული მდგომარეობა არა მხოლოდ ემოციურ თუ ინტელექტუალურ განვითარებაზე მოქმედებს უარყოფითად, არამედ ზოგჯერ ფიზიკური დაზიანების საფრთხესაც კი უქმნის მათ. ზოგჯერ მშობლებს, რომლებიც იტანჯებიან დეპრესიით, ავიწყდებათ ან არ აქვთ ენერგია იზრუნონ ისეთ ელემენტარულ უსაფრთხოებაზე, როგორიც არის ბავშვის სპეციალური სკამის ქონა მანქანაში, აცრების გაკეთება, ექიმთან დროულად წაყვანა და სხვა.


აშშ-ს უნივერსიტეტების ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ დეპრესიის მქონე დედების შვილებში დაახლოებით სამჯერ უფრო ხშირად ვლინდება გუნებ-განწყობის აშლილობები, უფრო დიდია კოგნიტური, სოციალური თუ აკადემიური ფუნქციონირების დარღვეები და სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობა.


მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ბავშვი, მაინც სრულყოფილად ახერხებს განვითარებასა და ფუნქციონირებას. ეს დამოკიდებულია მშობლის დეპრესიის ხანგრძილოვაბასა და ხარისზე. ბავშვთა განვითარებასა და ფუნქციონირებაზე განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენს მშობლებს შორის კონფლიქტები, რის მიზეზადაც შეიძლება სწორედ ერთ-ერთი მათგანის დეპრესიული მდგომარეობა დასახელდეს.


როგორც ვხედავთ, მშობლის მენტალური ჯანმრთელობა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ბავშვის წარმატებით განვითარებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია მშობლის მენტალური მდგომარეობის მაქსიმალურად გაუმჯობესება სხვადასხვა საშუალებით. როგორც კვლევები გვიჩვენებს, ფსიქოთერაპია, განსაკუთრებით კი კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, ძალიან ეფექტურია დეპრესიის მკურანალობისას. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ეხმარება ადამიანს შეცვალოს ნეგატიური, არაპროდუქტიული აზრებისა და ქცევების პატერნები და ჩაანაცვლოს ისინი პოზიტიური და პროდუქტიული ფიქრებითა თუ ქცევებით.


ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება, საჭირო გახდეს მშობლისა და შვილის ერთობლივი თერაპია, რომელიც ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ მათ შორის ემოციური კავშირი დამყარდეს ან აღდგეს. თერაპიის ტიპი, თუ ინტენსივობა დაკავშირებულია ბავშვის ასაკზე, სიტუაციის სირთულეზე და სხვა მრავალ ფაქტორზე. რთულ შემთხვევებში, შესაძლოა, საჭირო გახდეს მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც ნევროლოგის ან ფსიქიატრის ჩართულობას გულისხმობს.


პრობლემის დასაძლევად აუცილებელია იმის გააზრებაც, რომ საზოგადოება არ არის საკმარისად ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა არის დეპრესია. ხშირად კიცხავენ და განსჯიან ადამიანებს უსამართლოდ იმის, გამო, რომ სრულყოფილ მშობლობას ვერ უწევენ თავიანთ შვილებს. ამის მიზეზი კი შეიძლება ისეთი სერიოზული პრობლემა იყოს, როგორიც დეპრესიაა და რომლის დროსაც, ხშირად ადამიანს უბრალოდ არ აქვს ენერგია და რესურსი ყოველდღიური, ელემენტარული საქმიანობის განსახორციელებლადაც კი. პირველ რიგში, საჭიროა, რომ მშობელიც და მის გარშემო მყოფი ადამიანების ფლობდნენ მინიმალურ ინფორმაციას მაინც ამ მდგომარეობის შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ მისი იდენტიფიკაცია და მიმართონ სპეციალისტს.



0
15
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ქარელი
თინათინ ქარელი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0