x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
«ეშმაკის ადიუტანტი» – ადამიანი, რომელმაც ჰიტლერის გვამი დაწვა

ოტო გუნშე (Otto Günsche, 1917-2003) 1943 წ. 12 იანვრიდან ადოლფ ჰიტლერის პირადი ადიუტანტი (შტაბის ოფიცერი) იყო. 1945 წ. 30 აპრილს მან პირადად ფიურერისგან მიიღო დავალება, რომ თვითმკვლელობის შემდეგ, მისი და ევა ბრაუნის გვამები დაეწვა.

ოტო გუნშემ სრული სიმართლე იცოდა ჰიტლერის ცხოვრების უკანასკნელი წლის და გარდაცვალების შესახებ. თუმცა, მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, მემუარების დაწერაზე უარი თქვა.


image
გიუნშეს, ახალგაზრდა ოფიცერს ნამდვილი არიელის გარეგნობით, SS («დაცვის რაზმი»)-ში წარმატებული კარიერა ჰქონდა. ხოლო, ფიურერის განსაკუთრებული ნდობა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც 1944 წ. 20 ივლის, ჰიტლერზე თავდასხმის დროს, მის გვერდით აღმოჩნდა და დიქტატორი გადაარჩინა. სწორედ ის დაეხმარა ჰიტლერს ნანგრევებიდან თავის დაღწევაში. იმ დღის შემდეგ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, ოტო გუნშე ჰიტლერს გვერდიდან არ მოშორებია. «ის ყოველდღიურად, წელში სულ უფრო მეტად იხრებოდა, სუნთქვა კი მძიმე და წყვეტადი გაუხდა, სისხლი სახეზე ხშირად აწვებოდა, ხოლო ფართოდ გახელილი თვალების მზერა მუდამ გაყინული ჰქონდა. მას არაერთხელ უთქვამდ, რომ ომი წაგებული იყო, მაგრამ ბერლინს არ დატოვებდა — მირჩევნია შუბლში ტყვია დავიხალოო — გამუდმებით იმეორებდა», — Spiegel-ის ჟურნალისტთან საუბრისას გაიხსენა ყოფილამ ადიუტანტმა.

ფიურერის გიუნშესადმი დიდ ნდობაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ სწორედ მას სთხოვა ჰიტლერმა მისი უკანასკნელი სურვილის შესრულება. დიქტატორს ძალიან ეშინოდა სტალინის ხელში ჩავარდნის... და მნიშვნელობა არ ჰქონდა, იმ მომენტისტვის ცოცხალი იქნებოდა, თუ მკვდარი. ის ამბობდა, რომ არ სურდა საბჭოთა ცვილის ფიგურების მუზეუმის ექსპონატი გამხდარიყო. ამას ისიც დაემატა, რომ თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მან მუსოლინის მკვლელობის და მისი გვამის საქვეყნოდ გამომზეურების შესახებ შეიტყვო, რამაც უფრო განუმტკიცა გადაწყვეტილება, რომ სიკვდილის შემდეგ, საკუთარი თავისგან არაფერი დაეტოვებინა მოკავშირეებისთვის.
ჰიტლერის ბიოგრაფის იანა კერშოუს ინფორმაციით, თვითმკვლელობის საბოლოო გადაწყვეტილება დიქტატორმა უშუალოდ 30 აპრილს მიიღო. მან ამის შესახებ თავის ადიუტანტს აცნობა და სთხოვა, იმდენი საწვავი მიეტანა, რაც 2 გვამის დასაწვავად იქნებოდა საჭირო და გიუნშეს თხოვნით, ბენზინი ჰიტლერის პირადმა მძღოლმა ერიხ კემპკმა მიიტანა.

1945 წლის 30 აპრილს, სადილის შემდეგ, დიქტატორმა რეიხსკანცელარიის ბუნკერის ბინადრებს გამოუცხადა, სიკვდილის დრო მოვიდაო და ყველას კალიუმის ციანიდის ამპულები ჩამოურიგა. ის გამოემშვიდობა გებელსს, ბორმანს და სხვა თანამოაზრეებს, ხელი ჩამოართვა გიუნშეს და ამერიკელების ან ბრიტანელების ხელში მოხვედრა უსურვა. ამის შემდეგ, ფიურერი ევა ბრაუნთან ერთად, რომელსაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ჰიტლერის საყვარელი კაბა ეცვა, ცალკე ოთახში განმარტოვდა. გიუნშემ ოთახის კარი მიხურა და სადარაჯოდ, იქვე დადგა...
შემდეგ მომხდარის შესახებ, გიუნშეს მოგონებები, ჰიტლერის ყოფილმა მდივანმა ტრაუდლ იუნგემ (Gertraud «Traudl» Junge) მოიყვანა თავის მემუარებში. «ყველაფერი, ალბათ, 10 წუთს გრძელდებოდა, ვიდრე სიჩუმე გასროლის ხმამ არ დაარღვია. ფიურერმა პირში ისროლა, ხოლო მანამდე, საწამლავის ამპულა დაღეჭა. მისი თავის ქალა ორ ნაწილად გაიყო და საშინლად გამოიყურებოდა. ევა ბრაუნს საკუთარი პისტოლეტით არ უსარგებლია, – მხოლოდ შხამი მიიღო. ჩვენ ორივე გვამი პარკში გავიტანეთ და ბუნკერის შესასვლელთან ახლოს, ბომბის აფეთქების შემდეგ წარმოქმნილ ორმოში მოვათავსეთ. შემდეგ, ბენზინი გადავასხით და ბუნკერის შესასვლელიდან ცეცხლმოკიდებული ჩვარი ვესროლე. ორივე გვამი იმ წუთშივე ცეცხლის ალში გაეხვია», — ყვებოდა ადიუტანტი.

გვამები ისე დანახშირდა, რომ დიქტატორის და მისი მეუღლის ამოცნობა შეუძლებელი იყო. ჰიტლერის დაცვის წევრებმა ისინი ბუნკერის ეზოში დამარხეს და ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად გააკეთეს, რამდენადაც შესაძლებელი იყო – საბჭოთა ჯარი რეიხსკანცელარიიდან ნახევარ კილომეტრში იყო. ამის შემდეგ, ბუნკერი ყველამ დატოვა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ.

გიუნშე და ჰიტლერის ერთ-ერთი მდივანი გერდა კრისტიანი (Gerda Christian) მიწისქვეშა კომუნიკაციებით და მეტროს გვირაბით, ფრიდრიხშტრასეს სადგურამდე მივიდნენ და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. გერდამ ბავარიაში ჩასვლა შეძლო და ამერიკელებს ჩაბარდა. ხოლო, გიუნშემ ბერლინიდან ვერ გააღწია და საბჭოთა ჯარისკაცების ხელში აღმოჩნდა.
სტალინს აკვიატებული იდეა ჰქონდა, თითქოს ბუნკერის ეზოში აღმოჩენილი გვამი ჰიტლერს არ ეკუთვნოდა და რომ ნაცისტების ლიდერმა სამხრეთ ამერიკაში შეძლო გაქცევა. ამიტომ, გამოძიება დაიწყო, ხოლო ფიურერის ყოფილი ადიუტანტი, ამ საქმეში, მთავარი მოწმე იყო. გიუნშეს და ჰიტლერის პირად მსახურს ლინგრეს, დაკითხვების დროს აწამებდნენ და ფიურერის ადგილსამყოფელის შესახებ, მათგან აღიარებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, ყოფილი ადიუტანტი ყვებოდა, რომ ხელ-ფეხ შეკრულს, შოლტით ურტყავდნენ, ხოლო გამომძიებელი მის ირგვლივ დარბოდა და ყვიროდა: «ჰიტლერი ცოცხალია! ჰიტლერი ცოცხალიაო!». ხოლო, მთავარი მოწმე, ტრაუდლ იუნგეს მემუარებში მოყვანილ ისტორიას იმეორებდა.
1956 წელს გერმანიის კანცლერმა ადენაუერმა სსრ კავშირთან, სამხაედრო ტყვეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, შეთანხმებას მიაღწია და ყოფილმა ადიუტანტმაც სამშობლოში დაბრუნებ შეძლო. ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელის, კურტ შრიმას განცხადებით, ოტო გუნშეს წინააღმდეგ საქმე აღძრული არ ყოფილა. ჰიტლერის ექს-ადიუტანტი ქ. ლომარში (ჩრდ. რაინ-ვესტფალის მხარე) დასახლდა, ბიზნესი წამოიწყო, დაქორწინდა და შვილების და შვილიშვილების აღზრდით იყო დაკავებული.
ის, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას, ყოველთვის თავს არიდებდა ინტერვიუზე იშვიათად თანხმნებოდა და არც ხალხმრავალ ადგილებში ჩნდებოდა. თუმცა, თავის ყოფილ თანამშრომლებთან SS-იდან, კავშირი არ გაუწყვეტია.
წარსულში ჰიტლერთან დაახლოებული პირები, დრო და დრო, წიგნის დაწერის შესახებ, მომგებიან შეთავაზებებს იღებდნენ, როგორც ეს ტრაუდლ იუნგემ გააკეთა. მაგრამ, გიუნშე მსგავს წინადადებაზე ყოველთვის უარს ამბობდა. ის ცდილობდა, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენილიყო და შესაძლოა, სწორედ ეს იყო მემუარების დაწერაზე უარის თქმის მიზეზი. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ყოფილი ადიუტანტი, თავისი უფროსის სიკვდილის შემდეგაც, მისი ერთგული დარჩა.

გავიდა დრო და ისევ გაჩნდა ვერსია, რომ დამწვარი გვამები ჰიტლერს და მის მეუღლეს არ ეკუთვნოდა. ხოლო, ოტო გუნშე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა და ჰიტლერის გარდაცვალების საიდუმლოც თან წაიღო...

imageimageimageimageimageimageimage







1
2286
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2286
  
2019, 28 აგვისტო, 1:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1