x
მეტი
  • 21.09.2019
  • სტატია:94935
  • ვიდეო:342643
  • სურათი:456964
"სინამდვილეში აი, რა მოხდა" - ნოდარ დუმბაძის თვალით დანახული გალაკტიონის თვითმკვლელობა
image
ყველასათვის საყვარელი მწერალი ნოდარ დუმბაძე, მარტოობის ორდერის კავალერის, გალაკტიონის თვითმკვლელობას სულ სხვაგვარად განიხილავს და ამ ფაქტს თავისებურ, დუმბაძისეულ ახსნას უძებნის.
აი, რას წერს ის:
image


“გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა, ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა…

სინამდვილეში აი რა მოხდა: გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო.
მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია.
იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან! ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.
image

ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად – “ვეფხისტყაოსნად” ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.
რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა:
დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემლჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა.
image

მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.
სად უნდა ვსდიოთ ქარს, რომელიც ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.
გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის “აი, რა მზის სიზმარიას” მსგავსად წაღმა-უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად;
ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც, რაღა თქმა უნდა.
image

ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.
ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს.
ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს.
რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მის დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს:
- კი, ძამიკო, შენმა აჯობაო…
image

სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა,
მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.”
image
2
1115
3-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1115
  
15 სექტემბერი, 8:13
ბატ. დათიკო,
ბედნიერებაა ალბათ ისეთ ადამიანთან შეხვედრა, XX ს-ის ერთ-ერთ უდიდებულეს ქართველთან მოგონება გქონიათ, განსაკუთრებით ბავშვობაში ჩაეჭედება ხოლმე კაცს ასეთები,.. ოღონდაც იგი ყველგან ხაზგასმით ამბობდა, რომ არის გალაკტიონი...
და მე პირადად მჯერა, რომ იგი ან აიძულეს ან "დაეხმარნენ", თორემ "ლურჯა ცხენების" ავტორს, ლოგიკურად, თავი არ უნდა მოეკლა, თუმცა ამას ვინღა გაიგებს...
23 აგვისტო, 2:37
ბატ.გალაქტიონ ტაბიძე 1959-ში იწვა საავადმყოფოში ჭავჭავაძის პროსპექტზე ცკა-ს საავადმყოფოში,იქვე იწვა ბიძაჩემიც,და რომ მივედი ბიძის სანახავად და დავინახე ბატ.გალაქტიონი ვიყავი ბედნიერი,ეს იყო 8 მარტს,მაშინ ვიყავი 11 წლის,და შემდეგ რომ გავიგე ეს უბედურება რომ მოხდა 17 მარტს რომ მოიკლა თავი,გადმოხტა მე-3 სართულის პალატიდან,მთელი თბილისი იყო გულმკვდარი.
0 1 2