x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რეალური და სახალისო ისტორია, თუ როგორ მოვატყუე მეზობელი ტელევიზორის შეკეთებისას

image ბავშვობიდანვე მიყვარდა ფიზიკა, უკრაინაში ცხოვრებისას კარის მეზობელი მთელ ხარკოვში ცნობილი ტელევიზორების ხელოსანი იყო და ხშირად სკოლიდან თავისუფალ დღეს სამსახურში მივყავდი, სადაც ვსწავლობდი მისგან ტელევიზორების შეკეთებას, თან ხშირად მჩუქნიდა ჟურნალ "რადიომოყვარულს", სადაც ბევრი საინტერესო მასალა იყო ელექტრონული ბლოკების და სქემების სახლის პირობებში გასაკეთებლად.
ასე იყო თუ ისე ბიძია ვიტალის დახმარებით და რჩევებით ბევრი რამ ვისწავლე, რაც სამხედრო-საინჟინრო სასწავლებელში და სამხედრო-საინჟინრო ინსტიტუტში სწავლისას ძალიან წამადგა.
თუმცა ახლა ამაზე არ მექნება საუბარი, არამედ საუბარი მექნება სოფლის მეზობელზე ბატონ შალვაზე, რომელიც არა მარტო უბანში, არამედ მთელ სოფელში ენაკვიმატობით და იუმორის უზარმაზარი გრძნობით იყო ცნობილი და პოპულარული.
ერთხელ წაბლის ხეზე ასულს ნახევარი ვედრო დარჩეული წაბლი ისე "მომპარა" ვერც კი შევამჩნიე. საღამოს დამიძახა და მეუბნება მოხარშული წაბლი მაქვს, გადმოდი და ნარდიც ვითამაშოთო. ნარდის თამაშში მისი მომგები მე კი არა არავინაა უბანში, მაგრამ ერთხელ თვალი შევასწარი თუ როგორ იკავებდა სასურველი ციფრების კომბინაციით კამათელს და მას შემდეგ ჭიქით ვაგორებინებდი ნარდს და რამდენიმეჯერ მოვუგე, ცალკე ეჭვი მღრღნიდა "ქურდმა" წაბლი წაიღო და ვედრო რატომ დატოვა მეთქი, ბატონი შალვა ხეზე ამსვლელი ნამდვილად არ იყო და წაბლის შეგროვებითაც დიდად არ შეიწუხებდა თავს. გადავედი მასთან და რას ვხედავ, მოხარშული წაბლი ზუსტად ჩვენი ეზოს წაბლის ჯიშისაა, ვითამაშეთ ნარდი და ჭიქით გაგორების მიუხედავად მაინც მომიგო. მივირთვით წაბლი და ამ დროს მისი მეუღლის ხმა გვესმის: რაღა ახლა გაფუჭდა ეს დასაწვავი ტელევიზორიო!
შევედით სახლში, ტელევიზორის ეკრანი არ ანათებს, ჩავხედე უკანა მხარეს ეკრანის ქურა განათებულია, გავხსენი ტელევიზორის უკანა პანელი, მაღალი ძაბვა შევამოწმე და ვნახე, რომ მაღალი ძაბვაც მიეწოდებოდა. დასკვნა და დიაგნოზი ერთი იყო-ეკრანი იყო გამოსული მწყობრიდან. წავედი სახლში, მაგრამ წაბლის თაობაზე არავისთვის მითქვამს. მეორე დილით დამიძახა ბატონმა შალვამ და ახალი ეკრანის მოსატანად წავედით. მოვიტანეთ მის სახლში და ისე შევუდექი მუშაობას ტანსაცმელი არც კი გამომიცვლია, სწორედ მაშინ მომაფიქრდა ეშმაკური გეგმა-რამენაირად ამეღო "აბაროტი" წაბლის გამო.
ჩავდგი ახალი ეკრანი ტელევიზორში სწორად, მაგრამ ეკრანის ქურაზე წამოცმული მაგნიტი და სპილენძის ხვია საპირისპირო მხარეს შემოვაბრუნე.
ჩავრთეთ ტელევიზორი და გამოსახულება თავდაღმაა, გადაირია შალვა, ეს რა უბედურებააო?
რა არის და ეკრანია წუნიანი, რა უჭირს დადგი თავდაღმა და ეგაა მეთქი!
ასეც მოიქცა, წავედი სახლში გამოვიცვალე ტანსაცმელი და მოვიარე ლამის მთელი უბანი, ასე და ასე გავუკეთე შალვას და საღამოს მოდით და მასთან შევიკრიბოთ ფეხბურთის საყურებლად მეთქი.
მივედი საღამოს დაა ასე 8-9 მეზობელია თავმოყრილი და ფეხბურთის დაწყებას ელოდებიან, თან მეზობელს, რომელიც სურსათის მაღაზიის დირექტორი იყო ყუთით ლუდი მოუტანია და სვამენ ჩაციებულ ლუდს ნება-ნება.
ჩართეს ტელევიზორი და ატყდა სიცილ-ხარხარი, რაა შალვა ეს თავდაღმა, რომ გიდევს ტელევიზორიო!
შალვამ ეგრევე "დაამხეცა" ეკრანი იყო წუნიანი და იმისი ბრალიაო, ამაზე უარესი ხორხოცი ატყდა. მიყურებს შალვა გაფაციცებით, მაგრამ ისე შევკარი წარბები ღიმილის ნასახი არაა ჩემს სახეზე.
დამთავრდა ფეხბურთი, გამოიტანა შალვას მეუღლემ სუფრაზე სანოვაგე და ამ დროს ვეკითხები შალვას, შალვა ბიძია გუშინ წაბლი, რომ მომპარე ისე, როგორ მოხვედი ან წახვედი, რომ ვერ გნახე მეთქი! გაშრა კაცი, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა. ცას, რომ უყურებდი დბლა ჩამოგეხედაო. ჰოდა უყურე ახლა ამობრუნებულ ტელევიზორს მეთქი და ატყდა ხარხარი, შალვა ნახე გუჯამ რა "გაგიჩალიჩაო"!
მე მაინც არ ვსვამდი, გადავაბრუნეთ ტელევიზორი, შემოვაბრუნე სპილენძის ხვია და მაგნიტი და დავხურე ტელევიზორი და ისევ ჩავრთე, ტელევიზორმა ბუნებრივია ჩვეულებრივად დაიწყო ჩვენება. ის დღე იყო და ის დღე, მას შემდეგ ჩემთან მიმართებაში შალვა ბიძიას ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დასცდენია.

0
107
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
107