x
image
მანჩო 777
ადამიანი, რომელმაც სიკვდილს ''დასცინა''
ეს მოხდა 30 წლის წინ: ძალითა და ენერგიით სავსე ჟურნალისტი, გამოცემა «Seturday Revue»-ს მთავარი რედაქტორი ნორმან კაზინსი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. მას უმიზეზოდ მისცა მაღალი ტემპერატურა, დაეწყო ტკივილი და მტვრევა სახსრებში და შეეზღუდა მოძრაობის თავისუფლება. ნორმანმა იფიქრა, რომ ეს უბრალო გაციების ბრალი იყო, თუმცა გრიპის წამლების მიღების მიუხედავად მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და ერთი კვირის შემდეგ მას უკვე ელემენტარული მოძრაობაც გაუჭირდა. უბრალო ხელის აწევა და კისრის შემობრუნება ახალგაზრდა კაცს საშინელ ტანჯვასა და ტკივილს ჰგვრიდა. ჟურნალისტი იძულებული გახდა, კლინიკაში დაწოლილიყო და გამოკვლევა ჩაეტარებინა. ექიმებმა მას მწუხარებით აუწყეს, რომ საკმაოდ სერიოზული ავადმყოფობა - კოლაგენოზი-აუტოიმუნური დაავადება ჰქონდა. ეს არის ვერაგი დაავადება, რომელიც მთელ ორგანიზმს ანადგურებს. ამ დროს იმუნური სისტემა ავლენს აგრესიას საკუთარი სხეულის შემაერთებელი ქსოვილების მიმართ.



image



კაზინსის სხეული დღითიდღე უფრო და უფრო უმოძრაო ხდებოდა. ის გაჭირვებით ამოძრავებდა ხელებს და ფეხებს და დამოუკიდებლად ლოგინში გადაბრუნებაც კი უჭირდა. დადგა ის დროც, როცა ნორმანს ყბების გახსნაც კი გაუჭირდა, საკვები რომ მიეღო. შიშმა, დარდმა, უმწეობის განცდამ და ბედის უსამართლობაზე ფიქრებმა მოიცვა მისი სული. კაზინსიმ შეწყვიტა ადამიანებთან ურთიერთობა, დაითხოვა ოჯახის წევრები და მთელ დროს საწოლში, კედლისკენ გადაბრუნებული ატარებდა საშინელ ფიქრებში. ნორმანის მკურნალი ექიმი დოქტორი ჰიტციგი, როგორც შეეძლო, ისე ამხნევებდა მას. იწვევდა საუკეთესო სპეციალისტებს, აძლევდა უახლეს, ყველაზე ეფექტურ წამლებს, თუმცა ავადმყოფობა მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ. ერთხელაც ნორმანმა ექიმს პირდაპირ დაუსვა კითხვა, თუ რა შანსი ჰქონდა მას გადარჩენის ან რამდენ ხანს იცოცხლებდა?- პასუხმა ჟურნალისტი შეძრა: "კოლაგენოზით დაავადებული 1000 ადამიანიდან მხოლოდ ერთი შეიძლება გამოჯანმრთელდეს, ისიც რაღაც სასწაულის წყალობით." ასე რომ, ექიმებმა კაზინსის პირდაპირ, ყოველგვარი დაფარვის გარეშე გამოუწერეს სასიკვდილო განაჩენი.

ამ საუბრის შემდეგ ნორმანს მთელი ღამე არ სძინებია. ''-ექიმები ჩემზე ზრუნავენ, მეხმარებიან რითიც შეუძლიათ, მაგრამ ამან არ მიშველა, - ფიქრობდა ის, - გამოდის, რომ თუ მინდა ცოცხალი გადავრჩე, ამისათვის თავად უნდა ვიზრუნო საკუთარ თავზე და რადგან ექიმები და წამლები უძლურნი არიან ჩემი ავადმყოფობის წინაშე, მე უნდა ვიპოვო განკურნების სხვა გზა, მე არ მსურს სიკვდილი".


ნორმანმა გაიხსენა დოქტორ ჰიტციგის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ორგანიზმი მობილიზებას აკეთებს ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუკი მისი ენდოკრინული სისტემა მთელი დატვირთვით მუშაობს, ხოლო შიში, დარდი და ნაღველი, უიმედობა და სასოწარკვეთა ანადგურებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას - ასე თვლიან მეცნიერები. ამ ნეგატიური ემოციების ფონზე ის გამოყოფს სტრესის ჰორმონებს – ადრენალინსა და ნორადრენალინს, რომლებიც სისხლის გავლით მთელ სხეულში ვრცელდებიან. როცა ეს ჰორმონი ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება, ეს პროცესი ორგანიზმზე დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს.


ამ ფიქრებმა ნორმან კაზინსი მიიყვანა შემდეგ აზრამდე: ყველა უარყოფითი ემოცია წარმოადგენს დაავადებების პროვოკატორს, დადებითი ემოციები კი პირიქით, შეიძლება გახდნენ ორგანიზმის გამოჯანმრთელების სტიმულატორები. გამოდის, რომ ყველა ადამიანი ფლობს განკურნების ყველაზე იაფ და ხელმისაწვდომ საშუალებას - ესაა სიცილი.

ამ აზრებმა ნორმანს იმედი ჩაუსახა – მან დაიწყო ცნობილი მედიკოსების და მეცნიერების შრომების შესწავლა და საკმაოდ სწრაფად იპოვა ის, რასაც ეძებდა. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი მკვლევარი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დადებით ემოციებს. ინგლისელი ექიმი და მეცნიერი რიჰარდ ბარტონი, რომელიც VII საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, თავის წიგნში " მელანქოლიის ანატომია", წერდა: ''სიცილი ასუფთავებს სისხლს, აახალგაზრდავებს სხეულს, შველის გულის დაავადებებს". ბარტონი ამტკიცებდა, რომ სიცილს თითქმის ყველა დაავადებისგან განკურნება შეეძლო.

ემანუელ კანტი ამტკიცებდა, რომ სიცილი ააქტიურებს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს.

ზიგმუნდ ფროიდი იუმორს უწოდებდა ადამიანის ფსიქიკის მნიშვნელოვან გამოვლინებას, ხოლო სიცილს - მკურნალობის უნივერსალურ მეთოდს.

თანამედროვე ამერიკელმა მეცნიერმა უილიამ ფრეიმ ცდების საშუალებით დაამტკიცა, რომ სიცილი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, სისხლის წარმოქმნის და სუნთქვის პროცესებზე და ორგანიზმის ზოგად კუნთოვან ტონუსზე.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიცილის მოქმედების შედეგად ტვინში გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც ძალიან ჰგავს მორფიუმს. ის ხდება თავისებური შინაგანი ანესთეზიოლოგი, ეხმარება ორგანიზმს მოდუნებაში და და ამავდროულად აძლევს მას ძალას ამა თუ იმ დაავადებასთან საბრძოლველად.

როცა კაზინსი გაეცნო ყველა ხელმისაწვდომ ლიტერატურას, რომლებშიც აღწერილი იყო ადამიანის ემოციების ზეგავლენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ის მივიდა დასკვნამდე: თუ სიცოცხლე გსურს, გულხედაკრეფილი არ უნდა იჯდე და ელოდო სიკვდილს. კაზინსიმ გადაწყვიტა სიცილით ემკურნალა საკუთარი თავისათვის და გამოწვევა გაეგზავნა სიკვდილისთვის, რომელიც სულ ახლოს იყო ჩასაფრებული.

ეს იოლი არ იყო: როცა წევხარ გაუნძრევლად, მიჯაჭვული ხარ საწოლს და სხეულის ყველა კუნთი გაუსაძლისად გტკივა, სულაც არა ხარ სიცილის ხასიათზე. თუმცა ნორმანმა მკაცრად გადაწყვიტა არჩეულ მეთოდს მიჰყოლოდა და შეადგინა მკურნალობის გეგმა.

მიუხედავად ექიმების პროტესტისა, რომლებიც კაზინსის უიმედო ავადმყოფად თვლიდნენ, ნორმანი საავადმყოფოდან გამოეწერა და გადავიდა სასტუმროს ნომერში, სადაც მას არაფერი არ შეახსენებდა ავადმყოფობას. მასთან დარჩა მხოლოდ ექიმი ჰიტციგი, რომელიც უკვე კაზინსის ახლო მეგობარი გამხდარიყო. ნომერში მოიტანეს კინოპროექტორი, აგრეთვე ყველაზე კომიკური და მხიარული ფილმების ჩანაწერები და წიგნები.

ნორმანმა თავი უბედნიერეს ადამიანად იგრძნო, როცა ათწუთიანი (თუნდაც ნაძალადევი) სიცილის შემდეგ მან შვება იგრძნო, რამაც მას საშუალება მისცა, ორი საათი სძინებოდა ტკივილის გარეშე.

მას შემდეგ, რაც სიცილის ანესთეზიური მოქმედება დასრულდა, ჰიტციგმა ხელახლა ჩართო კინოპროექტორი. როცა ფილმი მთავრდებოდა, ექიმი ავადმყოფს სახალისო, კომედიურ წიგნებს უკითხავდა... ასე გავიდა რამდენიმე დღე. მტანჯველი ტკივილები კაზინსის უკვე აღარ აწუხებდა. სიცილის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი უკვე დამტკიცებული იყო. ახლა საჭირო იყო დამტკიცება იმისა, თუ როგორ იმოქმედებდა სიცილი ენდოკრინულ სისტემაზე და შემცირდებოდა თუ არა ანთებითი პროცესი კუნთებში. ამის დასადგენად ჰიტციგმა კაზინსს სისხლის ანალიზი აუღო უშუალოდ სიცილის დაწყების წინ და მის შემდეგ. ანალიზებმა აჩვენა, რომ ანთებითი პროცესი სიცილის შემდეგ კლებისკენ მიდიოდა. ავადმყოფი თითქოს ფრთაშესხმული იყო. ძველისძველი გამოთქმა : ''სიცილი საუკეთესო მკურნალია" მას დაეხმარა ტკივილის დამარცხებაში.

"სიცილოთერაპია" კი მთელი სისრულით შევიდა ძალაში. კაზინსი დღეში მინიმუმ 6 საათს იცინოდა. მას თვალები დასიებული ჰქონდა სიცილით გამოწვეული ცრემლებისაგან, მაგრამ ეს იყო გამოჯანმრთელებისა და იმედის ცრემლები. ავადმყოფმა ნელ-ნელა შეამცირა, ბოლოს კი სულ უარყო ტკივილგამაყუჩებელი და ძილის წამლების მიღება-მას დაუბრუნდა ძილი.

ერთი თვის შემდეგ კაზინსიმ შეძლო, ტკივილის გარეშე აემოძრავებინა ხელის თითები. ის საკუთარ თვალებს არ უჯერებდა: სხეულზე არსებული კვანძები და შესივებული, გაქვავებული ადგილები ნელ-ნელა ქრებოდა. კიდევ ერთი თვის შემდეგ ავადმყოფმა შეძლო თავისუფლად გადაბრუნებულიყო საწოლში და ბოლოს დადგა ის სანატრელი დღეც, როცა კაზინსი ფეხზე წამოდგა. თუმცა კიდევ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ მას წიგნის ხელში დაჭერა შესძლებოდა. ნორმანს მუხლები უკანკალებდა და ფეხები ეკვეთებოდა სიარულის დროს, თუმცა ის ფარ-ხმალს არ ყრიდა. უიმედო ავადმყოფი იმდენად მომჯობინდა, რომ სამუშაოსაც კი დაუბრუნდა. ეს უკვე ნამდვილი სასწაული იყო.

კაზინსის თვიდან თვემდე ნელ-ნელა უბრუნდებოდა მოძრაობის უნარი. ტკივილი სავსებით გაქრა, დარჩა მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები მუხლებსა და მხრებში. თითები კვლავ მგრძნობიარედ დასრიალებდა ორღანის კლავიშებზე - კაზინსიმ კვლავ შეძლო მისი საყვარელი ბახის ფუგების დაკვრა. მან დაიწყო ჩოგბურთის თამაში და ცხენზე ჯირითი ისე, რომ სრულებითაც არ ეშინოდა ძირს ჩამოვარდნის. ის უკვე თავისუფლად ატრიალებდა კისერს სხვადასხვა მხარეს ექიმების დიაგნოზის საწინააღმდეგოდ, რომლებმაც მას ხერხემლის სრული უმოძრაობა უწინასწარმერტყველეს.

ათი წლის შემდეგ კაზინსი შემთხვევით შეხვდა იმ ექიმს, რომელმაც მას სრული უმოძრაობის და ტანჯვით სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. ექიმს გაოცებისაგან ენა ჩაუვარდა, როცა ყოფილი პაციენტი ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელი იხილა. ნორმანმა მას ისე ძლიერად ჩამოართვა ხელი, რომ ექიმი ტკივილისაგან შეხტა. სწორედ ეს ხელის ჩამორთმევა ნიშნავდა გაცილებით მეტს, ვიდრე სიტყვებით ახსნილი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასიკვდილოდ განწირული პაციენტისა.



image


1976 წელს ნორმან კაზინსიმ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი "ავადმყოფობის ანატომია", რომელიც გამოსვლისთანავე სენსაციად იქცა. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ავტორმა გვიჩვენა, თუ როგორ შეუძლია დადებით ემოციებს ყველაზე მძიმე ავადმყოფობისგან განკურნება.





3
466
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
466
  
2019, 12 დეკემბერი, 23:10
ხდება, მაგრამ მართლაც იშვიათად.
თუნდაც ჩემი შემთხვევა-3 მილიმეტრით მარცხნივ, რომ მომხვედროდა ნაღმის ნამსხვრევი ფეხის კუნთის მთავარ მაგისტრალს გაგლეჯდდა და გამორიცხული იყო ჩემი გადარჩენა.
2019, 12 დეკემბერი, 23:02
რა ვიცი, ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ამქვეყნად სასწაულები ხდება. ალბათ მართლა ხდება, მაგრამ იშვიათად.
2019, 12 დეკემბერი, 14:09
მაგარია, მსგავს პიროვნებას ვიცნობ მეოთხე სტადიის სიმსივნე დაამარცხა, ქიმიოთერაპიას კი არ გაუკეთებია, მირჩევნია ისეთივე მოვკვდე, როგორიც ვარო. სულ პოზიტიურ განწყობაზე იყო და არის დღესაც.
კაჟივითაა, ბოსტნეულის გარდა ყველაფრის მიღება აუკრძალა თავს და რამ უშველა არავინ იცის.
0 1 3