x
image
მანანა თურმანიძე
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო
image

სოციალურ ქსელში გავრცელდა სტატუსი ფოტოთი, რომელმაც დაიპყრო სრულიად ქართული ფეისბუქ-სივრცე. ავტორი წერს, რომ ფოტო, ფრინველის გამოსახულებით, რომელსაც ბრჭყალებში ბორჯღალი უპყრია, ბარელიეფური გამოსახულებაა გერგეთის სამების ერთ-ერთ კედელში... თუმცა, იყო, მაგრამ აღარ არის. ფოტო 2015 წელსაა გადაღებული. ფოტოს ავტორის თქმით, ის ახლა აღარ იძებნება ძეგლზე. აი კონკრეტულად რას წერს იგი: „..ვეძებ რამდენი წელია და თავი უკვე იდიოტი მეგონა. ორი დღეა გადავაბრუნე არქივები და ვიპოვე - ბერები ამბობენ არ გვახსოვსო, არადა აწერია ფოტოს, 2015 წლის აგვისტოა. შემოდგომაზე ერთმა ძლივს გაიხსენა, რაღაც ქვა აჩუქაო მამაომ რუსეთიდან თუ უკრაინიდან მრევლით ჩამოსულ რომელიღაც წინამძღვარს, მაგრამ რა და როგორ, არაფერი უთქვამს ზუსტად, მგონიო, დააყოლა. მიდი და ეძიე ახლა სად აორთქლდა ეს ქვა.“


ამის წაკითხვისას თვალწინ დამიდგა XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ეს უნიკალური ძეგლი, რომელიც მისი არაამქვეყნიური მშვენიერებით არა მხოლოდ ქრისტიანებს, ნებისმიერს აჯადოებს. 80-ან წლებში, ყაზბეგში მოგზაურობისას პირველად ვიხილე გერგეთის სამება და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. გრძელი გზის შემდეგ, ჩასვლისთანავე, მეგობრებთან ერთად, სასტუმროში მოვთავსდით და სადილამდე საწოლზე წამოვწექი დასასვენებლად. ნისლიანი დღე იყო და ფანჯრიდან პეიზაჟი კარგად არ ჩანდა. ნელ-ნელა ჩამობნელდა, მოსაღამოვდა და უეცრად ზემოთ, ჰორიზონტზე, ცაში აელვარდა ულამაზესი ტაძარი, მისი უმშვენიერესი გუმბათით. ნისლიან ცაზე განათებული ეკლესია ისეთ არაამქვეყნიურ ეფექტს ქმნიდა, რომ თავდაპირველად ვერ დავიჯერე, რომ ეს ცაზე აკიაფებული ტაძარი ღვთიური გამოცხადება არ იყო და რეალობას ასახავდა. ასეთი სილამაზე მანამდე არ მენახა. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი მსმენია აღფრთოვანებული ტურისტებისგან თუ ადგილობრივებისგან, ქრისტიანებისგან და არაქრისტიანებისგანაც ყაზბეგის გერგეთის სამების მშვენიერებაზე და ხშირად მიფიქრია, ნუთუ მათაც უნახავთ ნისლში ჩაძირული, ცაში გამოკიდებული, გასხივოსნებული ტაძარი, რომელიც მისტიურ ზმანებას უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს?


ამასთან ერთად სტატუსმა გიორგი ლეონიძის კლასიკად ქცეული, გენიალური ნაწარმოები -„ნატვრის ხე“ გამახსენა. პროლოგში ვკითხულობთ: „ამ წიგნს ვუძღვნი ძვირფას დედას, რომელმაც მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული“. ნეტავ დოქსოპულოებს დედა არ ჰყავთ, არავინ ასწავლა საკუთარი მიწა-წყლის სიყვარული? რატომ უნდა ექცეოდე შენს ისტორიულ მიწა-წყალს და მის კულტურულ საგანძურს უგულოდ, უდიერად, როგორც ბოროტი დედინაცვალი გერს?! სოციალურ ქსელში იმდენი გაბოროტებული, სიძულვილით აღვსილი სტატუსები და კომენტარები შეგხვდება, დაფიქრდები, ამას მართლა ადამიანები წერენ, თუ რობოტები? ალბათ სოფლის მღვდელი - ზირაქის პერსონაჟის შეგონება ახსოვთ მავანთ: „ ნათქვამია, ეშმაკი რომ სახლს აგებდეს, ერთი ქვა შენც დაადეო!“ ალბათ ამიტომაც სახლში ეზიდებიან ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ, როგორც ზირაქი ტაძრის ქვას.



ღვთის მადლით ეს სტატუსი, ისევე, როგორც ბევრი სხვა, სიცრუე აღმოჩნდა. სინამდვილეში ეს არის ქვემო ნიჩბისის ეკლესიის დასავლეთი ფასადის რელიეფი XVII ს. ქვაზე აღბეჭდილი ფრინველი კი არწივია, რომელსაც ბორჯღალო უპყრია კლანჭებით. რამდენადაც ვიცი ერთიც და მეორეც სიძლიერის სიმბოლოებია. ბორჯღალა, როგორც ძველ მსოფლიო მითოლოგიაში, ასევე ქართულ ტოპონიმიკაში არის მარადისობის სიმბოლო, ეს არის სიცოცხლის მარადიული წრე-ბრუნვის ნიშანი. ის მზის კულტთანაა ასოცირებული. საქართველოში გავრცელებული შვიდქიმიანი ბორჯღალა, რომელიც წარმართულ ქართულ ეპოსში სიმბოლურად განასახიერებდა კოსმოსს, შვიდი წმინდა მნათობის ხატოვან ნიმუშს წარმოადგენს, სადაც სხივები მნათობებია და ღმერთის სავანის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.


არწივი თავისი ბუნებით ძლიერი, გულადი და ქედმაღალი ფრინველია, რის გამოც ის დამსახურებულად ატარებს ფრინველთა მეფის მაღალ წოდებას. დიდი ვაჟა თავის ლექსში არწივის მეფურ ბუნებას აღიარებს და მას ადგილს მიუჩენს ფრინველთა სამეფო ტახტრევანზე:

„ნუცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავს ლომისა!

ნუმც მინახია არწივი შნო აღარ ჰქონდეს ომისა!

ლომს ტახტი უდგა მხეცებში, არწივს-ფრინველთა შორისა”


ვაჟას შემოქმედებაში არწივს მართლაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. ბავშვმაც კი იცის, რომ მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ლექსში, არწივი ჩვენი სამშობლოს, ბედკრული საქართველოს ალეგორიად აღიქმება:

„არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა,
ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,
გულისპირს სისხლი სცხებოდა.
ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,
თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს
გაშლილს, გაფანტულს ველადა!“


როცა წმიდა დავით გარეჯელმა იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა, რამდენიმე ძმასთან ერთად წმინდა ქალაქისკენ გაეშურა. მიაღწიეს ადგილს, რომელსაც მადლის ქედი ეწოდება და საიდანაც მთელი იერუსალიმი მოსჩანს. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ ჩათვალა და ვიდრე მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმინდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო და უკან, გარეჯისკენ გამობრუნდა.



იმავე ღამეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა იერუსალიმის პატრიარქ ელიას და აუწყა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. პატრიარქმა ილიამ უფლის შეგონების თანახმად მსრბოლელი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება – ერთი ქვა წაეღო, ხოლო ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს. წმიდა დავითი დაემხო მიწაზე და მადლობა შესწირა უფალს. ის აღარ მიბრუნდა იერუსალიმში, დაბრუნდა გარეჯში, სადაც მიაბრძანა ერთი ქვა - მადლი იერუსალიმისა. ამ ქვას ეწოდა მადლის ქვა, რომელიც, როგორც ამბობენ, დღესაც კურნავს რწმენით მავედრებელთ.



"ჩორეხი თვალნათლივ ხედავდა საქართველოს ჭრილობებს, თითქოს ხელს ურევს ამ წყლულებში და იქიდან იღებს გამოულეველ ძალას ბრძოლისას" ... ვფიქრობ, ჩვენ ალბათ ბევრი ჩორეხი გვჭირდება, თუნდაც „სოფლის გიჟების“ სტატუსით, რომ ჯანსაღი თაობა აღიზარდოს, ისწავლონ სამშობლოს სიყვარული და მისი ერთგულება. აღზრდილთაგან ყველა გიორგი ლეონიძე თუ არ გამოვა, ათასში ერთი გენიოსი ხომ გამოერევა, დანარჩენები კი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცები თუ იქნებიან, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია ერის, მისი სულიერების გადასარჩენად.


  • „მეცოდება ჩემი სამშობლო - საქართველო, ნაქარალი, ნაქორალი, გაგლეჯილ-გამოგლეჯილი, დაჭრილი არწივი, ვეფხვი უსულოდ დანარცხებული!"
  • "ვაი, მამულო, ნაჭირნახულევო, სისხლით შეღებილო, აკლებულო, დამწვარო, ტყვექმნილო, იავარქმნილო, ვაი, ძნელბედო, ვაი, მამულო, გამესამედებულო!"
  • "შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი, რაღა ამოიყვანს?"
  • "რათ დაჩუმებულა საქართველოს წიაღი, რათ?"
  • "აღსდექ საქართველო!"


ერთხელ ერთმა ახალგაზრდა თანამემამულე პოლიტიკოსმა ბრძანა - პატრონი რად უნდა ქვეყანას, სტალინის დრო ხომ არ არისო! სტალინის მსგავსი პატრონი ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ პატრონი ყველას და ყველაფერს სჭირდება, თუ არა და უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონებიანო, ბრძენ წინაპარს უბრძანებია. სწორედ უპატრონობით და ნებაზე მიშვებით დაგვიკარგავს და ვკარგავთ ბევრს და ალბათ მომავალშიც დავკარგავთ, თუ გონს არ მოვეგეთ. არადა, სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა"! როგორც დიდი რუსთაველი ბრძანებდა:

„თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!

სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!“



0
227
3-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0