x
რენესანსი და მისი ძირითადი მახასიათებლები

image

მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად იტალიაში მაინც ვითარდება კულტურა, რომელმაც აპოგეას მიაღწია XV საუკუნისთვის. ამ ეპოქას, ფრიდრიხ ენგელსის თქმით იტალიელები ეძახიან „ Rinascimento“, რომელიც პირველად იტალიური მხატვრობის ისტორიკოსმა ჯორჯო ვაზარიმ იხმარა, როგორც აღორძინება, ხოლო ეს მეტაფორა შემდგომში სიტყვად აქცია ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ და დღეს ამ ეპოქას „რენესანსს“ უწოდებენ. ვოლტერმა იტალიური რენესანსი განსაზღვრა, როგორც კულტურაში მნიშვნელოვანი მიღწევების ეპოქა. XIX საუკუნეში ჟიულ მიშლემ და იაკობ ბურკჰარდტმა შემოიტანეს და გაავრცელეს აღორძინების გაგება როგორც განსაკუთრებული ისტორიული პერიოდისა, რომელმაც განაპირობა თანამედროვე საუკუნე და დაიწყო ინდივიდუალობის ამაღლება, სამეცნიერო და გეოგრაფიული კვლევების ზრდა, საერო ფასეულობების (სეკულარიზაციის) მნიშვნელობის გაძლიერება. თავისი არსით აღორძინება წარმოადგენდა ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე გარდამავალი ეპოქის კულტურას, რომლის შემქმნელები იყვნენ სხვადასხვა სოციალური ფენა, მსხვილ ვაჭართა წარმომადგენლები, ფეოდალები, ქალაქის პატრიციატი, XVI საუკუნის ბოლოდან სხვა ევროპული სახელმწიფოები და ბოლოს პაპობა. ენგელსი საზოგადოების განვითარების ამ პერიოდს უწოდებს უდიდესი გადატრიალების ხანას.



აღორძინებამ განვლო განვითარების სამი დიდი ეტაპი: ტრეჩენტო, კვატროჩენტო, და ჩინკვეჩენტო რაც შინაარსობრივად შეესაბამებოდა ადრეულ აღორძინებას, მაღალ აღორძინებას და გვიანდელ აღორძინებას. XIII საუკუნის მეორე ნახევარი არის- დუჩენტო, რენესანსის გარიჟრაჟი. აღორძინების პირველი ეტაპი - XIV საუკუნე ტრეჩენტო- პოლიტიკური ცხოვრების სფეროში წარმოადგენდა პოპოლანების დემოკრატიისა და რესპუბლიკური ცხოვრების პერიოდს, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით - მანუფაქტურების გაჩენის, ადრეკაპიტალისტური ექსპლუატაციისა და კლასობრივი წინააღმდეგობების ეპოქას; კვატროჩენტო XV საუკუნე-აღორძინების მეორე ეტაპი წარმოადგენდა ოლიგარქიიდან დაწყებული ტირანიით დამთავრებულ პოლიტიკას, კულტურის სფეროში კვატროჩენტო მხატვრობის განვითარებით გამოიხატა. მესამე ეტაპი კი ჩინკვეჩენტო- XVI საუკუნე, ხელოვნების არნახული განვითარებით ხასიათდება, პოლიტიკურ ცხოვრებაში კი სრული დაცემითა და კრიზისით. მთავარ მიზანს ახალი ეპოქის ადამიანის შექმნა წარმოადგენდა.



აღორძინების ეპოქისთვის, დამახასიათებელი იყო ხუთი ძირითადი ნიშანი: 1) ანტიკურობის აღორძინება; 2) რაციონალიზმი და კულტურის საერთო ხასიათი; 3) ინდივიდუალიზმი-პიროვნების კულტი და ბურჟუაზიული არისტოკრატიზმი; 4) რეალიზმი ლიტერატურასა და ხელოვნებაში; 5) ეროვნული გრძნობის პატრიოტიზმის ჩასახვა. პირველი ნიშანი როგორც აღვნიშნეთ ანტიკურობის აღორძინებაა. რენესანსში იგულისხმება ანტიკური კულტურის, კერძოდ კი ბერძნული ხელოვნების აღორძინება, და სწორედ იტალიაში რენესანსის განვითარებას სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გარდა, ხელი შეუწყო იმან რომ იტალია წარმოადგენდა ძველი რომის იმპერიის ცენტრს, სადაც დამარხული იყო ანტიკური კულტურის ტრადიციები. გეოგრაფიულადაც ყველაზე ახლოს მდებარეობდა ბიზანტიის იმპერიასთან, სადაც შენარჩუნებული იყო ანტიკური ტრადიციები, თუმცა კონსტანტინე კაპანელი აღნიშნავს, რომ რენესანსის პერიოდში გვაქვს არა ელინიზმის გამოცოცხლება, არამედ ელინური კულტურისა და ევროპული ქალაქური კულტურის მსგავსს თვისებათა თანხვედრა, სულიერი ნათესაობა.


ასევე რენესანსის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლათინურმა ენამ რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკის ოფიაციალურ ენას წარმოადგენდა.
მეორე ნიშანი იყო რაციონალიზმი და კულტურის საერთო ხასიათი; ახალი კულტურისა და ახალი მსოფლხმედველობის განვითარებისთვის დიდი მნიშნელობა ჰქონდა რაციონალიზმის განვითარებას. XIV-XV საუკუნეში სამრეწველო და საფინანსო ორგანიზაცია აგებულ იქნა ანგარიშიანობის პრინციპზე, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა მათემატიკას. XIV საუკუნის რატუშაზე კი გაჩნდა საათები და ახალმა დამოკიდებულებამ დროის მიმართ არქიტექტურაშიც იჩინა თავი. რენესანსის ეპოქის შენობები განსაზღვრულ ვადებსა და განსაზღვრული გეგმით შენდებოდა, ასევე იგი განვითარდა მხატვრობაშიც.
როგორც აღვნიშნეთ, ამ კულტურის მესამე ნიშანი იყო ინდივიდუალიზმი, რომელიც რეალიზმთან მჭიდროდ არის კავშირში. ჰუმანისტებმა სამყაროს ცენტრში დააყენეს ადამიანი თავისი პიროვნული ღირსებებით და არა წოდებრივი იერარქიით. ჰუმანიზმი იყო მიმდინარეობა ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში რენესანსის პერიოდში, რომელიც ყველაფერზე მაღლა ადამიანსა და ადამიანურ ფასეულობებს აყენებს. ფლორენციელი ჰუმანისტი პოჯო ბრაჩოლინი ამბობს, რომ კეთილშობილებას წარმოშობა კი არ აძლევს ადამიანს, არამედ ნიჭი და პირადი ღირსებები. ჰუმანისტების მიერ შექმნილი პიროვნების კულტი დაკავშირებული იყო ინდივიდუალიზმთან. ცნობილი ჰუმანისტები იყვნენ კალუჩო სალუტატი, ლეონარდო ბრუნი, ფრანჩესკო გვიჩარდინი და ა.შ
რენესანსის მეოთხე ნიშანი იყო რეალიზმი ლიტერატურასა და ხელოვნებაში.



შუა საუკუნეების ხელოვნება განმსჭვალული იყო სიმბოლიზმით, არ არსებობდა პორტრეტული გამოსახულება, თუმცა რენესანსის მხატვრობაში გაჩნდა პერსპექტივა, რომელიც თავიდან ხაზობრივი იყო. მხატვრები წმინდანების გარდა ხატავდნენ ადამიანებს, შეიქმნა პორტრეტული ჟანრი. ფერწერაში იტალიური აღორძინების მესაძირკვლედ შეიძლება მივიჩნიოთ დანტეს თანამედროვე ჯოტო. თავის ნახატებში, რომელიც ძირითადად რელიგიურ სიუჟეტებზეა აგებული, ის დიდი სიფხიზლით გამოხატავდა ცოცხალ ადამიანებს მათი სიხარულითა და მწუხარებით, მოხერხებულად და ბუნებრივად აძლევდა მათ პოზებს, ჟესტებს დასახის გამოსახვას. განსაკუთრებულ მწვერვალებს კი მიაღწიეს თავიანთ შემოქმედებაში ე.წ მაღალი რენესანსის დიდოსტატებმა-ლეონარდო და ვინჩიმ, რაფაელმა და მიქელანჯელომ. ლეონარდო და ვინჩი ყველა დროის უდიდესი მხატვარი იყო მას ეკუთვნის „ჯოკონდა“, „საიდუმლო სერობა“, „მადონა ყვავილით“ და ა.შ; რაფაელ სანტი მთელი თავისი შემოქმედებით ამკვიდრებდა სულიერად და ფიზიკურად მშვენიერი, ამასთან ჭკვიანი და გონიერი ადამიანის იდეალს მისი შექმნილია „სიქსტეს მადონა“, რაც შეეხება, მიქელანჯელოს მთლიანად მისი შემოქმედება კაცობრიობის კუთვნილი საგანძურია. რეალიზმმა გაიმარჯვა ასევე ლიტერატურასა და ისტორიაშიც. მაგალითად, ბოკაჩოს „დეკამერონში“ არის აღწერილი იტალიის რეალური ცხოვრება. დიდი ადგილი დაიკავა ასევე ბუნების სიმშვენიერის გამოსახვამ.



რაც შეეხება რენესანსის მეხუთე ნიშანს, სწორედ ამ ეპოქაში იწყება ეროვნული გრძნობის ჩასახვა, რაც ვაჭართა კლასის ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ბურჟუაზიას სჭირდებოდა ერთიანი სახელმწიფო საერთო ფულისა და ზომა-წონის ერთეულით, სადაც არ ექნებოდათ ქალაქიდან ქალაქში შესვლაზე ბაჟი გადასახადი და ასევე დაცული იქნებოდა უსაფრთხოება. ჰუმანისტების უდიდესი როლი გამოიხატება საერთო, ეროვნული ლიტერატურული ენის შექმნაში. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით დანტეს, პეტრარკასა და ბოკაჩოს.
თანამედროვე ისტორიკოსები რენესანსის მოდერნულობას სკეპტიციზმით უყურებენ, თვლიან რა რენესანსს როგორც ჰუმანიზმზე და კლასიკურობაზე დამყარებულ კულტურულ პროგრამას ან მიმდინარეობას, ვიდრე სრულიად ისტორიულ ეპოქას. რთულია იმის განსაზღვრა, თუ როდის დაიწყო რენესანსი, ხოლო თითქმის შეუძლებელია მისი დასასრულის გარკვევა. ასეთ თარიღად ზოგი მეცნიერი ასახელებს 1520-იან წლებს, სხვები 1600, 1620, 1630 და უფრო გვიანდელ პერიოდსაც. საერთოდ ძნელია, ამა თუ იმ მოძრაობის დასასრულის დადგენა; მით უფრო მაშინ როცა მასში მრავალი ქვეყანა და ხელოვნების დარგი მონაწილეობს.


0
2213
შეფასება არ არის
ავტორი:შენგელია ნანა
შენგელია ნანა
2213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0