x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბარიერები კომუნიკაციაში: რა შეცდომებს ვუშვებთ ყოველდღიურ ურთიერთობაში ადამიანებთან კომუნიკაციისას?
კომუკაცია

ყოველდღიურ კომუნიკაციაში არსებობს ბარიერები, იგივე ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებიც სრულიად კანონზომიერია და ამავე დროს, უამრავ სირთულეს ქმნის ურთიერთობაში. ამ ბარიერების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან თუ გვეცოდინება რას ვაკეთებთ არასწორად, შეგვეძლება ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სხვებთან. ეს ბარიერები სხვადასხვა სახისაა, მე შევეცდები განვიხილო ისინი:


(1) მითითება, ბრძანება, მოთხოვნა -> იგულისხმება მიმართვები „შენ უნდა...“, „შენ ვალდებული ხარ...“ და ა.შ. ასეთ ბრძანებებსა და მითითებებს ადამიანში შიშის, წინააღმდეგობის გამოწვევა შეუძლია, ჯიბრში ჩადგომის სურვილის აღძვრაც. ამიტომ, ასეთი კომუნიკაციის დროს ჩნდება პროტესტის გრძნობა და სამაგიეროს გადახდის სურვილი.


(2) გაფრთხილება, მუქარა, შეხსენება -> მიმართებები „თუ არ დამეთანხმები, მაშინ....“, „ჯობია, თორემ....“ აჩვენებს, თუ რა მოელის ადამიანს გარკვეული ქცევის ან მოქმედების შეუსრულებლობის შემთხვევაში და ეს მასში შიშა და მორჩილებას ბადებს, რაც არ არის ეფექტური ურთიერთობის პირობა. ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა გაღიზიანება, აღშფოთება და პროტესტი გამოიწვიოს.



(3) მორალის წაკითხვა, ნამუსზე აგდება -> „შენი ბრალია, რომ...“, „ეს ესე არ უნდა გაგეკეთებინა“ და ა.შ. ადამიანს უჩნდება უხერხულობის, დანაშაულის გრძნობა, ამ დროს კი, შესაძლოა, თავდაცვითი პოზიცია დაიკავოს და აგრესიაც გამოამჟღავნოს.


(4) რჩევის მიცემა, მზა გადაწყვეტილების შეთავაზება -> „მოდი, სცადე ესე....“, „შენს ადგილას მე ესე მოვიქცეოდი...“, „ვიცი რაც უნდა გააკეთო“ და ა.შ. ასეთი წინადადებების ფარული შინაარსი გულისხმობს, რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი პრობლემების განსაზღვრა, მათი გადაჭრის გზების გაანალიზება და სწორი არჩევანის გაკეთება. ეს შეიძლება ადამიანში იწვევდეს პროტესტის გრძნობას.


(5) ჭკუის სწავლება, „ლექციის წაკითხვა“, ლოგიკური არგუმენტები -> ეს არის ადამიანზე გავლენის მოხდენის მცდელობა ფაქტების, არგუმენტების, ინფორმაციის ან საკუთარი მოსაზრებების მეშვეობით. იგულისხმება მიმართვები „ფაქტები მეტყველებენ, რომ....“, „ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ....“ და ა.შ. ასეთ დროს, ადამიანმა საპასუხოდ შეიძლება, უბრალოდ „გამორთოს“ თავისი ყურადღება და აღარ მოგისმინოთ. ასეთი კომუნიკაცია კი არასრულფასოვნების განცდას ბადებს.


(6) კრიტიკა, განსჯა, წინააღმდეგობა -> ადამიანი ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, როდესაც მისი შეფასება, კრიტიკა, ან მისი საქციელის განსჯა ხდება. დამოკიდებულება, რომ „შენ ვერ ხვდები...“, „გამოუსწორებელი ხარ...“, ნიშნავს, რომ ადამიანი არ არის კომპეტენტური ან სულელია. სწორედ ამიტომ, ბევრი გაურბის ამგვარ კომუნიკაციას. ზოგიერთი მორჩილად იღებს კრიტიკას, ეთანხმება ნეგატიურ შეფასებას და ამით დიდ ზიანს აყენებს საკუთარ თვითშეფასებას.


(7) შექება, დათანხმება, პირფერობა -> დადებითი შეფასება - „ძალიან მაგარი ხარ“, „აბსოლუტურად მართალი ხარ“, „შეუდარებელი ხარ“ და ა.შ. - ადამიანის მიმართ მაღალი მოლოდინების არსებობას გულისხმობს და თითქოს მის შექება/წახალისებას ემსახურება, მაგრამ ამის ნაცვლად ადამიანს შფოთვის განცდა უჩნდება, რადგან გრძნობს, რომ გამოთქმულ აღფრთოვანებას არ შეესაბამება. ასეთი შეფასებები ხშირად განიხილება, როგორც ერთგვარი პირფერობა ან პიროვნებით მანიპულირება მისგან სასურველი ქცევის მისაღებად.


(8) შერცხვენა, მასხრად აგდება -> ზოგჯერ ურთიერთოებებში ადგილი აქვს ადამიანთან ხუმრობის, მისი მასხრად აგდების ან შერცხვენის, „იარლიყის მიკერების“ მცდელობას. ასეთი მიმართვები ადამიანს ატყობინებს, რომ ის სრულიად უსარგებლოა, იგნორირებულია და არ იმსახურებს პატივისცემას. შესაბამისად, ამგვარი კომუნიკაცია დამანგრეველია ადამიანის თვითშეფასებისთვის და მასში იმედგაცრუებას, ზოგჯერ საპასუხოდ აგრესიას იწვევს.


(9) ინტერპრეტირება, ანალიზი -> თუ ადამიანს ვუხსნით მის მოტივებს, ვუანალიზებთ ქცევას ან საუბარს, ვატყობინებთ, რომ, მაგალითად, „შენი სუსტი მხარე იმაშია, რომ...“, „შენი პრობლემა ნათელია“, „შენ უბრალოდ გადაიღალე...“ - ასეთი კომუნიკაცია უნაყოფოა და შესაძლოა ზოგჯერ მუქარის მატარებელიც კი იყოს. ამ დროს პიროვნება, ფაქტობრივად, ბლოკირებულია. იგი განიცდის, რომ მის მიმართ ინტერესი მცირეა, რადგან მისი გრძნობები უკვე „გაშიშვლებულია“. ადამიანს უჩნდება სურვილი, გაექცეს ამგვარ კომუნიკაციას.


(10) დარწმუნება, მხარდაჭერის გამოხატვა, ნუგეში -> ზოგჯერ, მცდელობა, გამოუკეთო ადამიანს განწყობილება, ესაუბრო მისი ემოციებისგან დაცლის მიზნით, სრულდება მისი გრძნობების სიძლიერის უარყოფით. ამით ადამიანს უჩნდება განცდა, რომ მისი სრულიად არ ესმით. შესაძლოა ასეთი ურთიერთობით მასში გამოვიწვიოთ მტრული განწყობა.


(11) კითხვების დასმა -> ზოგჯერ, იმის ნაცვლად, რომ ყური დაგვიგდოს, მოსაუბრე ცდილობს ჩვენგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას, თითქოს და ჩვენი პროვლემის მოგვარების მიზნით. ის არკვევს მიზეზებს, მოტივებს, ეძიება დეტალებში: „რატომ...“, „ვინ...“, „შენ რა გააკეთე..., „მერე რა მოხდა..“ და ა.შ. ადამიანები, როგორც წესი, გაურბიან ასეთ კითხვებს, რადგან ეშინიათ, რომ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას დამატებითი კითხვები, კრიტიკა და შეფასება მოჰყვება.


(12) ყურადღების გადატანა, პრობლემის შემსუბუქება -> არის სიტუაციები, როდესაც ვცდილობთ, ადამიანი პრობლემას მოვაშოროთ, ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინოთ. „მოდი, სასიამოვნო რამეზე ვისაუბროთ...“, „ვის არ მოსვლია...“ და ა.შ. ამით ვცდილობთ შევუმსუბუქოთ ადამიანს მდგომარეობა, ვსთავაზობთ, რომ თავი აარიდოს სირთულეებს და მარტივად შეხედოს ვითარევას, მაგრამ მან შესაძლოა აღიქვას ეს ყველაფერი, როგორც მისი პრობლემის უგულებელყოფა და საკუთარ თავში ჩაიკეტოს.



ასე რომ, როგორც ვხედავთ, უბრალო წინადადებაც კი, რომელსაც ყოველდღიურ ურთიერთობებში ვიყენებთ, შესაძლოა ბარიერის შემცველი აღმოჩნდეს. ამიტომ საჭიროა კარგად გავიაზროთ ეს დაბრკოლებები ურთიერთობაში და ვიმუშავოთ მათ შედარებით პოზიტიურ ფორმულირებაზე.

0
188
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქუთათელი
ნინო ქუთათელი
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0