x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ომის გამომწვევი მიზეზები
ომი საერთაშორისო პოლიტიკის უმთავრესი პრობლემაა. კარლ ფონ კლაუზევიცი (1780-1831) ამბობს. რომ "ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ოღონდ სხვა საშუალებებით". მთავრობა ყოველთვის აცნობიერებს, რომ დიპლომატია შეიძლება უძლური აღმოჩნდეს და შესაბამისად, ნებისმიერ დროს ატყდეს ომი მეზობელ სახელმწიფოსთან ან სახელმწიფოს შიგნით მოქიშპე ეთნიკურ ან რელიგიურ ჯგუფებს შორის. ცხადია, ნებისმიერი დონის პოლიტიკის ყველაზე დიდი მარცხი გამოიხატება მის უუნარობაში, თავიდან აიცილოს სხვადასხვა ფორმის შეიარაღებული კონფლიქტი. ჩვეულებრივ, როდესაც ომზე საუბრობენ, გულისხმობენ სახელმწიფოთაშორისო ომს _ ომს, რომელშიც ორი ან მეტი ერი-სახელმწიფოა ჩართული. სამოქალაქო ომი ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. თანამედროვე სამყაროში ამ ტიპის ომები უფრო ხშირია, ვიდრე ომები დამოუკიდებელ სახელწიფოებს შორის. პარტიზანული ომი არის ბრძოლის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელსაც ძირითადად მსუბუქად შეიარაღებული მოძრავი შენაერთები აწარმოებენ სოფლებში. პარტიზანები, როგორც წესი, გამიზნულ ძალადობას მიმართავენ არმიის, პოლიციისა და მთავრობის წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს ხელისუფლების შესუსტებას ან დამხობას. ომის მეოთხე კატეგორია _ დაბალი სიხშირის კონფლიქტები, იწყება მაშინ, როდესაც ერთი სახელმწიფო აფინანსებს მეტოქე სახელმწიფოში ძალადობის პერიოდულ ან ხანგრძლივ გამოვლინებას (მაგალითად, დაქირავებული ჯარისკაცების გამოგზავნით ან პარტიზანების დახმარებით).

თუ გავიხსენებთ დაღუპულთა რიცხვს, განადგურებულ ქონებას, დახარჯულ თანხებს, ცხადი გახდება, რომ ომიimage
ადამიანის ყველაზე დამანგრეველი და ფუჭი ქმედებაა. მხოლოდ მეოცე საუკუნეში ომმა 35 მილიონი ადამიანი _ მათ შორის 25 000 000 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა.ომის შესახებ ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია, მაგალითად არისტოტელეს აზრით, ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცე აკეთილშობილებდა ადამიანს, რადგანაც ეს იყო მორალურად სწორი ნაბიჯი სიკვდილის შიშის საპასუხოდ, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ საზოგადოებას, აქცენტი ომის სარგებლობაზე არ ახასიათებს მხოლოდ ძველ ბერძნებს, ან ანტიკურ მწერლებს, თანამედროვე ცივილიზაციაშიც ეთანხმებოდნენ მათ. გერმანელი ფილოსოფოსი ამტკიცებდა რომ `თუ სახელმწიფოები ვერ აღწევენ ურთიერთშეთანხმებას და ვერ ხერხდება მათი სურვილების ჰარმონიზაცია, მაშინ ომი ერთადერთი გამოსავალია~. ამ წინადადებაში არაფერი შოკის მომგვრელი არ არის, თუმცა საკმაოდ პესიმისტურად ჟღერს.

ჰეგელი უფრო შორსაც მიდის და ამტკიცებს, რომ ომი, ფაქტობრივად, ერთადერთი გამოსავალია, რადგან `გაჭიანურებული, რომ არაფერი ვთქვათ მუდმივ მშვიდობაზე, ქვეყნებში კორუფციას უყრის საფუძველს~.მშვიდობის დროს, ჰეგელის აზრით, საზოგადოება დუნდება და ნაწევრდება. `ომი აძლიერებს ერებს, ხოლო ისინი, ვინც მონაწილეობს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში, იცავს მშვიდობას შინ, რისთვისაც იბრძვის საზღვარგარეთ~. ჰეგელი ამბობდა, რომ `მსოფლიო ისტორია არის მსოფლიო სასამართლო~. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჰეგელისათვის საიმედოობის ან გამძლეობის ყველაზე დიდი

გამოცდა არის არა რაღაც ზოგადი მორალური სტანდარტები, არამედ კონკრეტული წარმატება. და რადგანაც მსოფლიო პოლიტიკაში წარმატება ძალაუფლებით და სიდიდით იზომება, გამოდის, რომ ძალა და უფლება სინონიმები ყოფილა.


გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ (1844-1900) მეტი რადიკალიზმი შესძინა ამ იდეას. ნიცშე ზოგადად უარყოფდა პირობით ზნეობრიობას, ხოლო ქრისტიანულ ეთიკასა და ჰუმანურობას განსაკუთრებით ვერ იტანდა და სისუსტედ მიიჩნევდა. ნიცშე ეთაყვანებოდა ძალაუფლების აგრესიულ გამოვლინებას, როგორც ადამიანებში, ასევე ქვეყნებში. იგი ხოტბას ასხამდა ნებისყოფას და ომის, ერთი შეხედვით უსიამოვნო, მაგრამ სასიკეთო გავლენას ერებსა და ცივილიზაციებზე. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ ეს თემა უჩვეულო ძალით გაცოცხლდება ომის მეხოტბე დიქტატორ ადოლფ ჰიტლერის და მისი არანაკლებ აგრესიული მოკავშირის ბენიტო მუსოლინის მიერ. იტალიური ფაშიზმის მამის _ მუსოლონის მიხედვით, `ომი ადამიანის ენერგიის მობილიზაციას ახდენს და განადიდებს იმათ, ვისაც ძალა შესწევს, მას თვალი გაუსწოროს~. იდეალურ სამყაროში ომი არ იქნებოდა, მაგრამ ომი ყოველთვის იყო და არის. ომის საფრთხე იმის იმედთან ერთად არსებობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ომი აღარ იქნება. საუკუნეების განმავლობაში ბევრი მოაზროვნე-პოლიტიკოსი (რომ არაფერი ვთქვათ უტოპისტ მეოცნებეებზე) იმეორებდა, რომ გონი, ან ღმერთი, ან ისტორია მსოფლიოს გაათავისუფლებდა ომის აგონიისგან. მაგრამ ეს ოპტიმისტებიც კი თითქმის ვერასდროს თანხმებოდნენ ისეთ საკითხზე, როგორიცაა ომის გამომწვევი მიზეზები. რასაკვირველია, თუ გვინდა, რომ აღარ იყოს ომი, უპირველეს ყოვლისა მისი გამომწვევი მიზეზები უნდა აღმოვფხვრათ.

ომის გამომწვევი მიზეზები:

რატომ მაინცდამაინც ომი? ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. სხვადასხვა ომის შემთხვევაში, პასუხიც სხვადასხვაა. იგი დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა ცვლადზე, უპირველეს ყოვლისა კი _ დროზე. ცხადია, ომს სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული ფაქტორი იწვევდა. მაგალითად, მეთორმეტე საუკუნის ევროპაში მცხოვრები ნებისმიერი ობიექტური მკლევარი ამ პერიოდის სასტიკ ომებს აუცილებლად რელიგიურ აღტყინებას მიაწერდა. პარადოქსულია, რომ განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ჯვაროსნული ომები, რომლებიც მეთერთმეტე საუკუნის დასასრულს დაიწყო და თითქმის 200 წელს მიმდინარეობდა, იმ რწმენით იყო გამსჭვალული, რომ `ღმერთი ჩვენთანაა~.

რელიგიამ ძალზე სუსტი როლი ითამაშა მეოცე საუკუნის ძირითადი ომების გაჩაღებაში. რელიგიური ფანატიზმი არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა პირველი მსოფლიო ომის საფუძველი. ბევრი დამკვირვებელი ამ ომის დაწყების მიზეზად ნაციონალიზმს მიიჩნევს, რომლის შესახებაც მეოცე საუკუნეში არაფერი იყო ცნობილი. მკლევართა მეორე ნაწილი ომის დაწყებას ევროპული ქვეყნების იარაღებით შეჯიბრს უკავშირებს და ამტკიცებს, რომ სამხედრო მომზადების ტემპმა ევროპა საბოლოოდ ომამდე მიიყვანა. მკვლევართა მესამე ჯგუფი იმპერიალიზმს ადანაშაულებს: მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში კოლონიების დასაპატრონებლად დაწყებული ბრძოლა ომში გადაიზარდა, მაშინ როდესაც დაუპატრონებელი აღარ დარჩა არც ერთი კოლონია აზიასა და აფრიკაში.

რელიგიას არც მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში უთამაშია მთავარი როლი. ნაცვლად ამისა, გადამწყვეტი მიზეზი იყო იდეოლოგია (ნაციონალური სოციალიზმი გერმანიაში, ფაშიზმი _ იტალიაში, ხოლო კომუნიზმი _ საბჭოთა კავშირში).

ზედაპირულად ისე ჩანს, თითქოს ორივე მსოფლიო ომის გამომწვევი მიზეზები რადიკალურად განსხვავდებოდა იმ მიზეზებისგან, რომლებმაც განაპირობა ჯვაროსნული ომების დაწყება. მაგრამ, მიუხედავად სავარაუდო (ან უშუალო) მიზეზებისა (როგორიცაა რელიგიური ფანატიზმი, ნაციონალიზმი და ასე შემდეგ), ნებისმიერი ომი არის

იმაივე ძველი დაავადების გამოვლინება, მიუხედავად იმისა, რომ ამ სენის სიმპტომები და სიმწვავე დროთა განმავლობაში შეიცვალა.

ომის გამომწვევი სამი ძირითადი მიზეზი შეიძლება გამოვკვეთოთ, რომლებიც წინა პლანზე არიან წამოწეულნი პოლიტიკური მოაზროვნეების ნაშრომებში:

ერთ-ერთი აქცენტს ადამიანის ბუნებაზე აკეთებს

მეორე ხაზს უსვამს საზოგადოებას (მთავრობის ჩათვლით)

მესემე კი ყურადღებას ამახვილებს გარემოში არსებულ შუსაბამობაზე (წყლის, მიწის ბუნებრივი რესურსების ნაკლებობაზე)


ადამიანის ბუნება

ისინი, ვინც ომს ადამიანის ბუნების მანკიერ მხარედ მიიჩნევენ, გვთავაზობენ სხვადასხვა ახსნას `ცუდად მოქცევის~ შესახებ.

გავლენიანი თეოლოგის, ნეტარი ავგუსტინეს (354-430) მიხედვით, ომი არის საფასური, რასაც ჩვენ ვიხდით ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო. ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი ომის გამომწვევად ადამიანის მსოფლიო ბატონობისადმი დაუცხრომელ სწრაფვას მიაწერს. `მთავარში~ მაკიაველიმ დაწერა, რომ პოლიტიკური წარმატება და მორალური სიმართლე ხშირად ერთმანეთთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია: რაც უფრო ბინძურ პოლიტიკურ მეთოდს მიმართავს მთავარი საკუთარი მიზნების დასაკმაყოფილებლად, მით უფრო მდიდრდება და წარმატებული ხდება. თუ მკლევართა ერთი ნაწილი რელიგიას, ხოლო მეორე ნაწილი ფილოსოფიას იყენებს აგრესიული ქმედებების ასახსენლად, მკვლევართა მესამე ნაწილი ფსიქოლოგიას იშველიებს. ზიგმუნდ ფროიდს (1856-1939), ფსიქოანალიზის ფუძემდებელს, მიაჩნდა, რომ ადამიანები იბადებიან `სიკვდილის სურვილით~ _ თვითგანადგურების თანდაყოლილი აზრით, რომლის მიმართულების შეცვლასაც ისინი უმეტესწილად ახერხებენ. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ომს გააჩნია თვითდამანგრეველი იმპულსის გამოდევნის ფუნქცია. თუმცა ამ თეორიის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მოსაზრება მხოლოდ სანახევროდაა სწორი _ ის ჯარისკაცები, რომლებიც ჩადიან მკვლელობებს, თავად არ იღებენ გადაწყვეტილებას ომის დაწყების თაობაზე, ხოლო ისინი, ვინც ამის შესახებ იღებენ გადაწყვეტილებას (და ვინც ახერხებს მშვიდად ჯდომასა და საფრთხის თავიდან აცილებას), თავად არ იბრძვიან. ჯარისკაცების უმეტესობა თავის მოვალეობას ასრულებს და გარდა ამისა, მათ არ სურთ თავად იქცნენ მსხვერპლებად და არა იმიტომ, რომ ისინი ბუნებით არიან დაბადებული მოძალადეებად.

თომას ჰობსი (1588-1679) ომის განსხვავებულ, მაგრამ ასევე არანაკლებ უსიამოვნო ახსნას გვთავაზობს. ის მიიჩნევდა, რომ ადამიანები ბუნებით სასტიკები და უგუნურები არიან. ერთადერთი საშუალება ადამიანის ჭეშმარიტი ბუნების გასაგებად არის ცოდნა იმისა, თუ როგორ მოიქცევიან ისინი ცივილური საზოგადოების გარეშე, ბუნებრივ პირობებში. დღესაც მნიშვნელოვანია მის მიერ გაკეთებული დასკვნები.

ჰობსი ომის შესახებ. ჰობსის თანახმად, ბუნებრივ პირობებში ადამიანებს მართავს თვითგადარჩენის ძირითადი ინსტინქტი. მათ ყველაზე უფრო სიკვდილის ეშინიათ და განსაკუთრებით უფრთხიან უეცარი, მოულოდნელ აღსასრულს. თუმცა სიკვდილის შიში მათ კი არ ადუნებთ, არამედ პირიქით, აგრესიულობას და ძალადობას ჰმატებს, რაც ამ პირობებში ნორმად ითვლება. სწორედ ისე, როგორც ბუნებრივ პირობებში ადამიანებს მართავს ძირითადი სურვილები და ინსტინქტები, ამავე ინსტინქტების მქონე ლიდერები მართავენ ერებს. და სწორედ ისე, როგორც ბუნება მოკლებულია მთავრობას, რათა დაიცვას ადამიანები ერთმანე- თისგან, ასევე, საერთაშორისო სისტემას არ გააჩნია მთავრობა, რათა დაიცვას სახელმწიფოები ერთმანეთისგან. ჰობსის აზრით, არსებობს დავის სამი სახე, რომლებიც შეესაბამება ადამიანის ბუნების სამ ნაკლს. ესენია: აგრესიული ომები, რომლებსაც საფუძვლად უდევს კონკურენციის ინსტინქტი; თავდაცვითი ომები, რომლებიც გამოწვეულია შიშით და მესამე, აგონისტური ომები _ გამოწვეული სიამაყით და პატივმოყვარეობით. ამ კომპაქტურად აგებული თეორიით, ჰობსი შეეცადა აეხსნა არა მხოლოდ ის, თუ როგორ მოიქცეოდნენ საზოგადოების და მთავრობის ცივილური გავლენისგან თავისუფალი ადამიანები (რომლებიც კისრებს დაღადრავდნენ ერთმანეთს, რომ არა ხელისუფლების მიერ შემოღებული კანონი და წესრიგი), არამედ რატომ იწყებენ სახელმწიფოები ომს ერთმანეთის წინააღმდეგ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გარეშე მაყურებლისთვის ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.

ჰობსის მემკვიდრეობა: ჰანს მორგენტაუ, ჰობსის მსგავსად, თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ ადამიანები მანკიერები არიან. მორგენტაუმ განსაკუთრებით ნათლად გამოხატა საკუთარი აზრი, როდესაც განაცხადა, რომ `საერთაშორისო პოლიტიკა, ყველა პოლიტიკის მსგავსად, არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის~. რაც არ უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის საბოლოო მიზანი, უშუალო მიზანი მაინც ძალაუფლებაა. `ისევე როგორც მისმა წინამორბედმა ჰობსმა, მორგენტაუმაც უარყო მცდარი (იდეალისტური) მოსაზრება, რომელიც ამტკიცებს, რომ `ადამიანური საწყისი კეთილია, ხოლო ადამიანის ბუნება იოლად დრეკადი და თვინიერი~. მორგენტაუს მიხედვით, ადამიანის ბუნება და განდიდების ინსტინქტი ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, რომელიც კონკურენციასა და კონფლიქტს იწვევს. ამგვარი ანალიზი კაცობრიობას ძალიან უსამოვნო კუთხით წარმოაჩენს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს მოსაზრება არის ერთადერთი სარწმუნო ახსნა იმისა, თუ რატომ ხდება ომები.


საზოგადოება

ყველა პოლიტიკური მოაზროვნე არ მიაწერს ომის არსებობას ადამიანის ფსიქიკას ან ბუნებას. მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ომების გაჩაღებაში ზოგადად თანამედროვე საზოგადოებას ადანაშაულებს, რომლებიც სახელმწიფოს სახით არიან ფორმირებულები.

რუსო: დამნაშავეა ქონება `ადამიანი თავისუფალ ქმნილებადაა დაბადებული, მაგრამ მას მთელი ცხოვრება ბორკილები ადევს~. ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟან-ჟაკ რუსომ (1712-1778) პირდაპირ გააკრიტიკა ჰობსის მოსაზრება ადამიანის მუხთალ და მოძალადე ბუნებასთან დაკავშირებით. რუსომ დასაწყისშივე განაცხადა, რომ ადამიანები `სულელი, მაგრამ მშვიდობიანი~ არსებები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თანაუგრძნონ დაჩაგრულებს. რუსოს სჯეროდა, რომ ეს არის სოციალური ადამიანის და არა პირველყოფილი ადამიანის თვისება. რუსოს სწამდა, რომ საზოგადოება არის ყველანაირი პრობლემის მიზეზი, ომის ჩათვლით. ის განსაკუთრებით ადანაშაულებდა კერძო საკუთრების ინსტიტუტს _ მეოცე საუკუნის ევროპის ძირითად საზრუნავს _ იმ უბედურებებისათვის, რომლებმაც მთელი კაცობრიობა მოიცვა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ცივილიზაციის ყალბ სიამოვნებაზე გაცვალეს პირველყოფილი უმანკოება. საკუთრება განარჩევს ადამიანებს იმით, რომ ქმნის უსარგებლო უთანასწორობას ჯანმრთელობის, სტატუსის და ძალაუფლების მხრივ ერთი ერის მოქალაქეებს და თანდათანობით სახელმწიფოებს შორის: პირველი ადამიანი, რომელმაც შემოღობა მიწის ნაკვეთი, გონებაში ჩაიბეჭდა რომ `ეს მისია~ და იპოვა ადამიანები, რომლებიც იმდენად სულელები აღმოჩნდნენ, რომ ეს დაიჯერეს, იყო სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ფუძემდებელი. რამდენ დანაშაულს, ომს, მკვლელობასა და საშინელებას ასცდებოდა კაცობრიობა, ვინმეს რომ დაეყვირა: ნუ უსმენთ ამ მატყუარას, ინანებთ, თუ დაივიწყებთ, რომ ნაყოფი ყველასია, ხოლო მიწა _ საერთო.

რუსომ ჩამოაყალიბა დებულება, რომ კერძო საკუთრების შექმნამ საფუძველი ჩაუყარა პირველ პოლიტიკურ საზოგადოებას, ხოლო პოლიტიკურმა საზოგადოებამ, თავის მხრივ _ დამატებითი ერი-სახელმწიფოების შექმნას. და გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ერი-სახელმწიფოდან მეორის პირისპირ რჩებოდა, წარმოიშვა დიდი დაძაბულობა, რომელიც შემდგომ `ერთა შორის ომებში, ბრძოლებში, მკველობებში გადაიზარდა, რამაც შეძრა ბუნება და შეარყია გონება~. როგორც რუსო ამბობს, `ადამიანური რასის დაყოფამ სხვადასხვა საზოგადოებებად~ გამოიწვია ის, რომ ადამიანები ყველაზე ღირსეულ საქციელად თანამოძმის მკვლელობას მიიჩნევდნენ. თანდათანობით საქმე იქამდე მივიდა, რომ ადამიანები უმიზნოდ ხოცავდნენ ერთმანეთს. ბრძოლის ერთი დღის განმავლობაში უფრო მეტი მკვლელობა ხდებოდა და ერთი ქალაქის დაპყრობას უფრო მეტი საშინელება მოსდევდა, ვიდრე ეს ბუნებრივ პირობებში მთელი საუკუნის განავლობაში ხდებოდა. მრავლად არიან ისინიც, რომლებიც აღიარებენ რუსოს ზოგად თეორიას, რომ `ადამიანი კარგია, მაგრამ ადამიანები _ ცუდები~.


დამნაშავეა ნაციონალიზმი: ბევრი თანამედროვე მოაზროვნე ამტკიცებს, რომ ომი იმთავითვე არსებობს ცალკეულ საზოგადოებებში დამოუკიდებელი მთავრობებით. ნაციონალიზმი, ჩვეულებრივ, გულისხმობს კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მიერ პატრიტულ გრძნობას სამშობლოს მიმართ. ერთ-ერთი ცნობილი ავტორი ამბობს: `ყველა ერს თავისი ვარდისფერი სარკე აქვს. ამგვარი სარკის განსაკუთრებული თვისებაა გამოსახულების მომხიბვლელად წარმოჩენა.: ის აშორებს უხეშ ხაზებს და ხასიათი და მშვენება პირდაპირ ანათებს! თითოეული ერი საკუთარ თავს მიიჩნევს ყველაზე მართლად... თითოეული ერი დარწმუნებულია რომ ის `ღვთის რჩეული~ერია და `ღვითსგან კურთხეულ მიწაზე~ ცხოვრობს.

გასაკვირი არ არის, რომ ნაციონალიზმს კერპთაყვანისმცემლობას უწოდებენ. შესაძლებელია ნაციონალიზმით მანიპულირება ისე, რომ მან მხარი დაუჭიროს აგრესიულ პოლიტიკას, ხოლო ომი, თავის მხრივ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ნაციონალიზმის გასაძლიერებლად. ურთიერთკავშირი ნაციონალიზმსა და ომს შორის იმდენად მერყევი და ცვალებადია, რომ ბევრი ინტერნაციონალისტი (თეორეტიკოსების ის ნაწილი, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნებს შორის მშვიდობას და თანამშრომლობას მთავრობების აქტიური თანამშრომლობის გზით მსოფლიო ორგანიზაციის მაგვარ სტრუქტურაში) ნაციონალიზმს მსოფლიოს ხალხებს შორის მშვიდობის მიღწევის მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს. იმდენად, რამდენადაც ნაციონალიზმი ხელოვნური გატაცებაა ომების გაჩაღებაში დამნაშავეა პოლიტიკური საზოგადოება.

უილსონი და კანტი: დამნაშავეა ტირანია: ბევრი დამკვირვებელი ნაციონალიზმს თანამედროვე კონფლიქტების უმთავრეს წყაროდ მიიჩნევს, ხოლო მეორე ნაწილი დესპოტიზმს ადანაშაულებს მეოცე საუკუნეში მომხდარი ორი დამანგრეველი ომის გამო. პრეზიდენტი ვუდროუ უილსონი იყო პირველი, რომელმაც წინ წამოწია ეს ცნება. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უილსონი შეეცადა გაეხანგრძლივებინა მშვიდობა მსოფლიოში ქარტიის მეშვეობით, რომელიც თოთხმეტი პრინციპისგან შედგებოდა. უილსონი იმედოვნებდა, რომ ამ პრინციპების დაცვა შესაძლებელს გახდიდა მსოფლიოს მშვიდობიანი გზით მართვას. მის მიერ შემოთავაზებული მსოფლიოს ახალი სისტემის ქვაკუთხედია ეროვნული თვითგანსაზღვრის უფლება ანუ, ადამიანების უფლება აირჩიონ სასურველი მთავრობა. უილსონის აზრით თვითგანსაზღვრის უფლება გახდებოდა დემოკრატიის საფუძველი, რომელიც, ბუნებრივია, მშვიდობის დამკვიდრების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე დიქტატი. მაგრამ რატომ უნდა გაუჩნდეთ დემოკრატიულ სახლემწიფოებს ომის სურვილი დიქტატორულ სახელმწიფოებზე ნაკლებად?მეთვრამეტე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის ემანუელ კანტის (1724 _ 1804) ნაშრომის მიხედვით იმისათვის, რათა სახელმწიფოებმა შეინარჩუნონ სიძლიერე, საჭიროა განავითარონ განათლება, კომერცია და სამოქალაქო თავისუფლება. განათლებას, კანტის აზრით, მოაქვს საერთო განმანათლებლობა, ხოლო კომერცია საშუალებას აძლევს ქვეყანას მოიპოვოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ხოლო ეს ორი ფაქტორი საფუძველს უყრის მშვიდობას. რაც ყველაზე მთავარია, ფართო პოლიტიკური თავისუფლების პირობებში, მოქალაქეები უფრო კომპეტენტურები გახდებოდნენ საზოგადოებრივ საკითხებში. და რადგანაც თავისუფლება ყველაზე უფრო რესპუბლიკურ მოწყობაში გამოიხატება, ამგვარი მთავრობები ბუნებით უფრო მშვიდობის მოყვარენი არიან. მიზეზი მარტივია: რესპუბლიკებში, განსხვავებით მონარქიებისა და არისტოკრატული სახელმწიფოებისაგან, გადაწყვეტილებას ომის წარმოების თაობაზე იღებენ ის ადამიანები, რომლებმაც უნდა იბრძოლონ. როგორც კანტი ამბობს: `რესპუბლიკის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს მშვიდობისმოყვარე საქციელის წახალისებას შემდეგი მიზეზით: თუ ომის დაწყებისთვის საჭიროა იმ ადამიანების თანხმობა, რომლებმაც საკუთარ თავზე უნდა გამოსცადონ ომის მთელი საშინელება, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი ხალისით დათანხმდებიან ამ ბინძურ თამაშში მონაწილეობას. ამგვარი სახელმწიფოებისაგან განსხვავებით ქვეყნები, რომელთა მთავარი საგანი არ არის მოქალაქე, ძალზე იოლად იწყებენ ომებს, როგორც გასართობს და ამისთვის მათ სერიოზული მიზეზი არ სჭირდებათ.~ კანტის მიერ აღმოჩენილი კავშირი რესპუბლიკანიზმსა და მშვიდობას შორის გახდა

უილსონის პოლიტიკური კრედო. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ორივე მიისწრაფვოდა დემოკრატიის, განათლებისა და თავისუფალი ვაჭრობის გლობალური გავრცელებისკენ მშვიდობის მიღწევის და შენარჩუნების მიზნით.უილსონს სჯეროდა, რომ მსოფლიოს ხალხები ლიბერალურ დემოკრატიას და მშვიდობას არჩევდნენ ალტერნატიული მთავრობის არჩევის საშუალება რომ ჰქონოდათ.

ლენინი: დამნაშავეა კაპიტალიზმი: ამ ადამიანებს შორის, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ იმ იდეას, რომ მშვიდობა ემყარებოდა უფრო მეტი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას და დიქტატის აღმოფხვრას, გახლდათ ცნობილი თანამედროვე, რუსული რევოლუციის სულისჩამდგმელი და ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი მმართველი ვ.ი. ლენინი (1870 _ 1924). უილსონი ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი ერი არჩევდა დემოკრატიას არჩევანის შემთხვევაში დემოკრატიასა და სხვა რომელიმე სისტემას შორის. ლენინისათვის როგორც კარლ მარქსის მიმდევარის, აზრით, ომი მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალისტების ინტერესებს ემსახურებოდა. ლენინის აზრით, იმპერიალიზმი იყო იმ დაუნდობელი ბრძოლების ლოგიკური გაგრძელება, რაც ახასიათებს მონოპოლიურ კაპიტალიზმს. ლენინის აზრით, კაპიტალისტები ყოველთვის შეეცდებოდნენ უცხოური ქვეყნების ბაზრების დაპყრობას, რაც მათ საშუალებას მისცემდა განეხორციელებინათ სარფიანი ინვესტიციები ან გაეყიდათ საქონელი. ამგვარად, მონოპოლისტი კაპიტალისტები ცდილობდნენ ომში ჩაეთრიათ საზოგადოება საკუთარი ფინანსური სარგებლის გაზრდის მიზნით. და მაინც, ეს ორი მოსაზრება ერთმანეთს ძირითად საკითხში ემთხვევა: ორივე, უილსონი და ლენინი ამტკიცებდნენ, რომ კონკრეტული დეფექტის მქონე ერი-სახელმწიფოები იწვევენ ომებს. ეს ორი ლიდერი ერთმანეთის თანამედროვეები და ამავდროულად მტრებიც იყვნენ.აზრთა სხვადასხვაობა მათ განაპირა მხარეს აყენებდა მაგრამ, რუსოს მსგავსად, ორივე ფიქრობდა, რომ საზოგადოების მანკიერების აღმოფხვრის შემთხვევაში, მსოფლიოში სამუდამო სიმშვიდე დაისადგურებდა. ეს მანკი უილსონისთვის მთავრობის კონკრეტული ტიპი იყო, ხოლო ლენინისთვის _ ეკონომიკის ტიპი. გადამწყვეტი საკითხია ცვლილება: შეცვალე აგრესიული ერი- სახელმწიფოები და ადამიანები სიმშვიდესა და ჰარმონიაში.


გარემო

ჯონ ლოკის (1632-1704) მოსაზრება: ომები არის გამოძახილი თანდაყოლილი ბუნებისა და არა ადამიანის ბუნების ან საზოგადოების დეფექტებისა. მარტივად რომ ვთქვათ, გარემო პირობები, რომლებიც ადამიანის კონტროლის მიღმა არიან, ხშირად აყენებს ადამიანს სიკვდილსიცოცხლის საკითხის პირისპირ და ამიტომ კონფლიქტებიც გარდაუვალია. მისი წინამორბედი ჰობსის მსგავსად, ლოკიც არ ხუჭავდა თვალს ადამიანის ბუნების მანკი ერებებზე. ადამიანის ბუნების შესწავლამ ლოკი იმ აზრამდე მიიყვანა, რასაც ჰობსიც ემხრობოდა _ ანუ, თვით-გადარჩენა ადამიანის ძირითადი ინსტინქტია. ამ საკითხზე, ამ ორი მოაზროვნის მსჯელობა ერთმანეთს არ ემთხვევა.

ლოკის მიერ დანახული ბუნებრივი მდგომარეობა არ არის ისეთი სასტიკი, როგორიც ეს ჰობს წარმოედგინა ჰობსისგან განსხვავებით ლოკი არ ფიქრობს, რომ თითოეული ადამიანი ერთმანეთის პოტენციური მკვლელია. სიცოცხლისათვის ძირითადი საფრთხე ბუნებრივ მდგომარეობაში არის არა ადამიანებში მკვლელის ტენდენციები, არამედ ის სიღატაკე და გაჭირვება, რაც ახასიათებს ბუნებრივ მდგომარეობას.

ლოკს სწამდა, რომ სიღატაკე და გაჭირვება გარდაუვალია ბუნებრივ მდგომარეობაში, რადგან, როგორც იგი ამბობს, დიდი ძალიხმევაა საჭირო ყოველდღიური სარჩოს მოსაპოვებლად. ამ პირობებშიც კი, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქონება იმ მეზობლებისგან, რომლებიც ისწრაფვიან მისი დაპატრონებისკენ და იმ ადამიანებისგან, რომლებსაც შიათ და ღარიბები არიან. ამგვარად, ლოკი პრობლემას უფრო მწირი რესურსებში (საკვები, მიწა და ა.შ) ხედავდა, ვიდრე შინაგან ბუნებრივ დინებაზე.

თუ პრობლემა უნდა ვეძებოთ საზოგადოებაში, როგორც რუსო და ლენინი თვლიდნენ, მაშინ გამოსავალი მდგომარეობს საზოგადოების (ან სახელმწიფოს) იმგვარად გადაწყობაში, რომ მოშორებულ იქნას აგრესიული ქცევის გამომწვევი ფაქტორები. მაგრამ, თუ პრობლემაა არა ადამიანი ან საზოგადოება, არამედ ბუნება, მაშინ ერთადერთ გამოსავლად ბუნების გარდაქმნა რჩება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბუნების ტრანსფორმაცია იყო ზუსტად ის გზა, რომელსაც ლოკი შიდა საზოგადოებაში კონფლიქტის აღმოფხვრის ინსტრუმენტად მიიჩნევდა. მისი აზრით, სამოქალაქო მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი პირობების დამკვიდრებას, რომლებიც წაახალისებს ეკონომიკურ განვითარებას, რომლის მეშვეობით მნიშვნელოვნად შესუსტდება სოციალური დაძაბულობის ძირითადი მიზეზი _ ადამიანის მდგომარეობის ბუნებრივი `გაჭირვება~.მიუხედავად იმისა, რომ ლოკს არ მოურგია პოლიტიკის შესახებ საკუთარი თეორია საერთაშორისო ურთიერთობებისათვის, მისი მსჯელობა სრულად ერგება ამ საკითხს. მთავრობის გამოგონებამდე ადამიანები ცხოვრობდნენ შიდა ანარქიაში; ამგვარადვე, ეფექტური მსოფლიო მთავრობის არარსებობის პირობებში ერები არსებობენ საერთაშორისო ანარქიაში. საერთაშორისო ბუნებრივი მდგომარეობა, ისევე, როგორც თავდაპირველი ბუნებრივი მდგომარობა, მუდმივად იმყოფება პოტენციურ საომარ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, თითოეული ერი-სახელმწიფო მოქმედებს მტრულ გარემოში საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, სწორედ ისე, როგორც თითოეული ადამიანი მოიქცეოდა ბუნებრივ მდგომარეობაში. ომის ყველაზე უფრო გავრცელებული და ძვირფასი ნადავლი ტერიტორიაა და ისტორიიდან გამომდინარე სწორედ ახალი ტერიტორიების და მიწების _ ლოკის მიხედვით კი ქონების _ დაპატრონების გამო ხდება ომების უმეტესი ნაწილი. ტერიტორიულობა ყოველთვის უკავშირდებოდა და კვლავაც დაუკავშირდება ომს. ლოკი აღნიშნავდა, რომ ადამიანები ჰარმონიულად იცხოვობდნენ, თუ რომელიმე მათგანი არ მოინდომებდა სხვების დაჩაგვრას.

...საერთაშორისო საზოგადოება, რასაკვირველია, არის ომის სისტემის უკიდურესი მაგალითი. კონფლიქტები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სასიცოცხლო ინტერესები მუდმივად რისკის ქვეშაა. ძალაუფლებისა და რესურსების უთანასწორობა უბიძგებს სახელმწიფოებს დაეპატრონონ მეზობელი სახელმწიფოების კუთვნილებას.

სწორედ ისე, როგორც ადამიანები არიან დაუცველნი სხვების ძალადობისგან ბუნებრივ მდგომარეობაში, მტაცებელი ერი-სახელმწიფოები საფრთხეს უქმნიან სხვა ერ-სახელმწიფოებს. სავარაუდოდ თვით-დაინტერესებული და ძალადობისაკენ მიდრეკილი ადამიანური ბუნება არის ის ფაქტორი, რომელიც უბიძგებს სახელმწიფოების ლიდერებს აწარმოონ ომი, ყველა ლიდერი არ არის თვითდაინტერესებული ან მოძალადე. უფრო მეტიც, ყველა ლიდერი არ არის შეზღუდული საკუთარი ხალხის პოლიტიკური და საკანონმდებლო შეზღუდვებით, ან ოპონენტების სამხედრო შესაძლებლობებით, ისინი ერთნაირად თანაბრად აღიქვამენ საშიშროებებსა და რისკებს. და ბოლოს, მაშინ, როდესაც, საკვებისა და სხვა რესურსების სიმცირე ზოგ სახელმწიფოს კონფლიქტისაკენ უბიძგებს, ეს ფაქტორი ხშირად იწვევს საპირისპირო რეაქციას: დახმარების და თანამშრომლობის ძლიერ სურვილს. არ არსებოს ერთი კონკრეტული განმარტება, რომელიც ადეკვატურად ხსნის ომის გამომწვევ მიზეზებს.


პოლიტიკის მიღმა

თუმცა მიზანშეწონილია ვივარაუდოთ, რომ თუ ყველა ადმიანი თანასწორია, ის ერები, რომლებიც ამჟღავნებენ ნაციონალიზმს უფრო მიდრეკილები არიან ომებისაკენ, ვიდრე პოლიტიკურად გულგრილი ერები, ადამიანები იშვიათად არიან თანასწორნი. არისტოტელე, მაგალითად, ფიქრობდა, რომ `ტირანები~ `ომის მკეთებლები არიან~, რომლებიც საკუთარ ხალხებს ომებისკენ უბიძგებდა იმ განზრახვით, რომ `თავიანთი დაქვემდებარებულები მუდამ დაკავებულები ყოფილიყვნენ და ყოველთვის დასჭირვებოდათ ლიდერი.~ ზოგი თანამედროვე პოლიტიკური მწერალი, როგორიცაა ჰანა არდენი, ამტკიცებს, რომ ტოტალიტარული მთავრობები იმთავითვე აგრესიულები არიან. მეოცე საუკუნის ორი ძირითადი კონფლიქტი (მეორე მსოფლიო ომი და კორეის ომი) წამოიწყეს ტოტალიტარმა დიქტატორებმა. უფრო მეტიც, სტალინმა 1930-იან წლებში, ჰიტლერმა _ 1940-იან წლებში, მაომ 1950-იანი წლების დასაწყისში და პოლ პოტმა 1975-1979 წლებში, გააჩაღეს ომი საკუთარ ქვეყნებში სისხლისღვრისა და მასობრივი ხასიათის მკვლელობების სახით. დიქტატორები სრულად აკონტროლებენ შეიარაღებულ ძალებს, პოლიციასა და პროპაგანდის საშუალებებს. ხშირად ისინი ომის გმირები არიან, რომლებმაც სამხედრო გამარჯვებებით გაიკაფეს გზა ძალაუფლებისკენ. ეს წარმატებული ჯარისკაცები, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს სადავეები, იშვიათად ამბობენ უარს ძალის გამოყენებაზე. რამდენად მისაღებიც უნდა იყოს ეს შეხედულებები, ისინი მაინც არ ამტკიცებენ საბოლოოდ, რომ ყოველთვის დესპოტიზმი იწვევს ომებს. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ამგვარი ანალიზის ყველა შემთხვევაზე მორგება მარტივი არ არის. გავიხსენოთ თუნდაც ვიეტნამის ომის მაგალითი. კენედის, ჯონსონის და ნიქსონის ადმინისტრაცია ომის გაჩაღების მიზეზად კომუნისტების აგრესიას ასახელებდა.თუმცა კომუნისტთა აზრით კი აშშ-ის პროვოკაციულმა და გზააბნეულმა ქმედებებმა გომიწვია ეს ყოველივე. ამგვარად, გამომდინარე იქიდან, თუ რომელი მამხილებელი ფაქტორი მიგვაჩნია უფრო მყარად, ვიეტნამის ომი შეიძლება განვიხილოთ იმის მაგალითად, რომ დიქტატურა უფრო მიდრეკილია ომისკენ, ვიდრე დემოკრატიული რეჟიმი, ან დემოკრატიულ ქვეყნებს არანაკლებ დიქტატორულისა, შეუძლიათ გაავრცელონ მილიტარიზმი. საერთოდ, წარმომადგენლობითმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს თვალსაჩინო წარმატებას თავიდან აეცილებინათ ომები. ამ საუკუნეში, მაგალითად, ინდოეთში,

მსოფლიოს უდიდესმა დემოკრატიულმა ქვეყანამ რამდენიმე სისხლისმღვრელი ომი გადაიტანა პაკისტანის წინააღმდგ, ხოლო რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, თუ გავიხსენებთ 1991 წელს ერაყის მიერ წამოწყებულ საომარ მოქმედებებს, ვერ ვიტყვით,

რომ მას სულ მცირე დაინტერესება არ გამოუჩენია.

გარდა ამისა, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტების რაოდენობრივი ანალიზი არ ადასტურებს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვითომცდა დემოკრატიული ქვეყნები ნაკლებად არის ომისკენ მიდრეკილი, ვიდრე ავტორიტარული ან ტოტალიტარული სახელმწიფოები. ზოგი მტკიცებულება ხელს უწყობს იმ მოსაზრებას, რომ დემოკრატიული ქვეყნები შეიძლება უფრო იშვიათად იწყებენ ომებს, მაგრამ უფრო ხშირად უერთდებიან მათ. ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნებს შორის უკვე საუკუნენახევარია არ ყოფილა ომი.აღიარება იმისა, რომ დემოკრატიული ქვეყნები უფრო ხშირად ეომებიან სხვა სახელმწიფოებს და არა ერთიმეორეს, არის დემოკრატიული მშვიდობის პარადოქსი. ერთ-ერთი მრავალმხრივი ახსნის თანახმად: დემოკრატიულ ქვეყნებში ომის მოლოდინი და მასთან დაკავშირებული საშიშროებები უმეტეს შემთხვევებში შემცირებულია ამ ქვეყნების საერთო პოლიტიკური კულტურით, ორმხრივი იდენტობითა და სიმპატიით, ზოგადად ადამიანებსა და ელიტარულ წრეებს შორის არსებული მჭიდრო კავშირებით. დემოკრატიულ ქვეყნებში მთავრობის ძალაუფლება უფრო დანაწევრებული და შეზღუდულია, პოლიტიკური ლიდერები უფრო მიდრეკილები არიან კომპრომისისკენ, როდესაც საქმე კონფრონტაციას ეხება და რომ კონსტიტუციურ დემოკრატიულ ქვეყნებში პატივს სცემენ თითოეული მოქალაქის უფლებას. ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს პოლიტიკური დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას დემოკრატიულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები ებმებიან ომში, ისინი არადემოკრატიული სახელმწიფოების წინააღმდეგ იბრძვიან, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური განსხვავების (ან დაშორების) ხარისხი მთავრობებს შორის, ისევე როგორც ეკონომიკური და კულტურული განსხვავებები, შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. ამგვარი მონაცემები ამყარებენ ვუდრო უილსონის დასკვნას იმის შესახებ, რომ დიქტატორული რეჟიმი დემოკრატიული წყობის დაუძინებელი მტერია და აგრეთვე მხარს უჭერს ლენინის მოსაზრებას კაპიტალისტური და კომუნისტური რეჟიმების შეუთავსებლობის შესახებ. ლენინის თეორია იმის შესახებ, რომ ომები გამოწვეულია ეკონომიკური ფაქტორებით ბუნდოვანია, რადგან ომები უსწრებდნენ წინ როგორც კაპიტალიზმს, ასევე იმპერიალიზმს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კაპიტალიზმი არ არის ომების გამომწვევი ერთადერთი მიზეზი. უფრო მეტიც, არ არსებობს ისტორიული მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს ლენინის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კაპიტალისტური სახელმწიფოები განსაკუთრებით მიდრეკილები არიან ომისა და კონფლიქტისაკენ. ლენინის ეკონომიკური თეორია ძნელად ხსნის იმას, თუ რატომ ამჟღავნებს სოციალისტური ქვეყნების ნაწილი მიდრეკილებას შეიარაღებული აგრესიისადმი.

საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების (1939), ფინეთის (1939), უნგრეთის (1956), ჩეხოსლოვაკიის (1968) და ავღანეთის (1979) დაპყრობა, ჩინეთმა შეტევა მიიტანა ტიბეტზე (1956), ინდოეთსა (1962) და ვიეტნამზე (1979); ვიეტნამმა შეუტია კამბოჯას (1975), საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა ბრძოლა გააჩაღეს ოგადენის თაობაზე (1977) 1945-1967 წლებში მიმდინარე 69 საერთაშორისო კონფლიქტიდან, სოციალისტურმა ქვეყნებმა მონაწილეობა მიიღეს თხუთმეტ მათგანში, რაც საერთო რიცხვის დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს. ეს მონაცემები უნდა შევადაროთ იმ ფაქტს, რომ ქვყენების მხოლოდ 15 პროცენტს ჰქონდა სოციალისტური ეკონომიკა.

ყველაფერი ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური სისტემები არ არის დაკავშირებული ომებთან. მაგალითად, სპარსეთის ყურის ომი, რომელშიც მონაწილეობდა კოალიცია აშშ-ს მეთაურობით, გამოწვეული იყო ეკონომიკური მოტივებით, კერძოდ, არაბეთის უშველებელი სანავთობე მინდვრების დაცვისა და შუა აღმოსავლეთის, აზიისა და ჩრდილო ამერიკის ევროპასთან დამაკავშირებელი სასიცოცხლო არხების სადამ ჰუსეინის კონტროლისგან დასაცავად. მაგრამ მხოლოდ ეკონომიკური მოტივები არაა საკმარისი ომის გასაჩაღებლად. იმის დასადასტურებლად, რომ ეკონომიკური სისტემის ერთი კონკრეტული ტიპი, ან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რომელიმე ფაზა, ან ზოგადად ეკონომიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს ომის გასაჩაღებლად, დამადასტურებელი საბუთები ძალიან მწირია.თუმცა არსებობს დამამტკიცებელი სამხილები იმისა, რომ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები უფრო მიდრეკილები არიან ომისაკენ, ვიდრე ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნები.

კვლევებმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური ლიდერების მიერ გადადგმული ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა ალიანსის შექმნა ომის

საფრთხის შესამცირებლად, ხშირ შემთხვევაში, ხელს უწყობს ომის დაწყების ალბათობის ზრდას. ომის თეორეტიკოსების უმეტესობა დიდი ხანია ამტკიცებს, რომ პატარა სახელმწიფოებთან შედარებით, ძლევამოსილი სახელმწიფოები უფრო მიდრეკილები არიან ომისკენ. ეს ალბათობა ამტკიცებს, რომ სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ საკუთარი თავის რწმენა გამარჯვებისათვის, უფრო იხრებიან ომებისკენ. თუმცა, რომელიმე სახელმწიფოს ძალაუფლების განსაზღვრა რთული საქმეა, პოლიტიკურმა ლიდერებმა შესაძლოა გაანგარიშებაში შეცდომა დაუშვან და გადაჭარბებით შეაფასონ საკუთარი ქვეყნის სიძლიერე ან პირიქით _ სათანადოდ ვერ შეაფასონ მოწინააღმდეგე (ამის თვალსაჩინო მაგალითია ვიეტნამის ომი).ის ქვეყნები, რომლებიც განიცდიან შიდა ძალადობას, უფრო მიილტვიან ომისკენ შემდეგი მიზეზების გამო: ომმა, შესაძლებელია, გააერთიანოს ერი, ან შიდა კონფლიქტებმა, შესაძლებელია იოლ სამიზნედ აქციოს ქვეყანა.ის ქვეყნები, რომლებსაც სათავეში უდგას რისკიანი ლიდერები, უფრო ხშირად ებმებიან ომში. დასკვნის სახით რომ ვთქვათ, დიდი, ძლევამოსილი ქვეყანა სწრაფი ტემპით მზარდი მოსახლეობით და მაღალ დონეზე განვითარებული ტექნოლოგიით, რომელიც ესაზღვრება ისტორიულ მტერს, რომელსაც მართავს რისკის მოყვარული ლიდერი, იქნებოდა აგრესიული ომის პირველი კანდიდატი, განსაკუთრებით მაშინ,

როდესაც ეს ქვეყანა იმყოფება სამოქალაქო მღელვარების ან შეიარაღებული აჯანყების პირობებში. ამერიკელი კომიკოსი უილ როჯერი ამბობდა, რომ მსოფლიოში მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ქვეყნები _ ადამიანების მსგავსად –მოძრაობას შეძლებდნენ; მაგრამ ქვეყნებს არ შეუძლიათ მოძრაობა (თუმცა მოსახლეობას შეუძლია _ ის მიგრირებს _ მოძრაობს). ამერიკელ, ფრანგ და ბრიტანელ ლიდერებს 1930-იან წლებში რეალურად რომ შეეფასებინათ ულტრანაციონალისტების იდეოლოგია, ან ჰიტლერის ჯოჯოხეთური ზახვები ესაძლებელი იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება.

დასკვნა:

ბევრი მცდელობა იქნა მიმართული ომის დაწყების მიზეზების გამოსავლენად. შედეგად, მასთან დაკავშირებული თეორიები შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს:

მეცნიერთა ნაწილი მიზეზს ადამიანის ბუნებაში ხედავს.

თომას ჰობსი ფიქრობდა, რომ ომი არის ადამიანის უკუღმართობის პროდუქტი.
მეორე ნაწილი საზოგადოებას ადანაშაულებს.

ჟან-ჟაკ რუსო მიიჩნევდა, რომ ადამიანი ზოგადად კარგია, მაგრამ საზოგადოება ხდის მას მანკიერს.
ხოლო მესამეს სჯერა, რომ ყველაფერში დამნაშავეა დედა ბუნება (შეუბრალებელი გარემო) ჯონ ლოკის აზრით, ადამიანის აგრესია ბუნებრივი რესურსების სიმცირით არის გამოწვეული.

ერთ ფაქტორზე დაფუძნებული თეორიები ვერ ხსნის ომების გამომწვევ მიზეზებს. ომს განაპირობებს სხვადასხვა _ სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური _ ფაქტორი.

3
5583
4-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
5583
  
2016, 20 მაისი, 14:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 მაისი, 14:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3