x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
წყარო
ქეთი გაბინაშვილი

-ქარხანაში უფროსი ხაარ შენა? - მანქანიდან გადმოსულიც არ ვიყავი, რომ ამომიდგა გვერდით პატარა ბიჭი.

-კიი, უფროსი ვარ და შენ საიდან იცი?- გავიკვირვე.

ამ პროვინციაში ორი დღის ჩამოსული ვიყავი, სასტუმროს მეპატრონის გარდა არავინ მიცნობდა და, როგორც მახსოვს, არც მისთვის მითქვამს, რომ ქარხნის ახალი ხელმძღვანელი ვიყავი.


ღიმილით ამომხედა:
-ასეთი მანქანები უმცროსებს არ ჰყავთ, - გამომაჯავრასავით საუბარში.

მეც გამეცინა. პატარა კაცი იყო, ჩამრგვალებული შავტუხა ლოყები ჰქონდა, შუბლზე დაყრილი მუქიჩალისფერი თმა და ქარვისფერი ნათელი თვალები. ასე 9-10 წლის იქნებოდა. სუფთად, მაგრამ დაუდევრად ეცვა, აცა-ბაცა შეეკრა ღილები.

-ტატო!-გამომიწოდა ხელი.

-დემეტრე!- მეც შევაგებე მარჯვენა.

-ანუ დემურა, - თავი გვერდზე გადახარა და ცალი თვალი მოჭუტა.

-არა, დემეტრე, - გამეცინა და თმაზე მივეფერე.

-ჰო, იგივეა რა, - ფეხსაცმლის წვერით მიწა ამოჩიჩქნა და ჯერ თავის შელახულ სანდლებს დახედა, მერე ქურდულად ჩემი ფეხსაცმელისკენ გამოაპარა მზერა. ხელი ჩაიქნიასავით და ზურგი მაქცია.

ტატო მეორე დღეს წყაროსთან შემხვდა. შემომჯდარიყო წყაროს თავზე, ფეხები გადმოეკიდა და ჰაერში ათამაშებდა.

-სალამი, ტატო! - მივესამლე ჩემს ნაცნობს.

-გაუმარჯოს, - ხელი ამიწია და მიწაზე ჩამოხტა.

-აქ რას აკეთებ ამ დილა უთენია?

მხრები აიჩეჩა.

-შენა?

-მე? - დავიბენი. სიცხემ არ დამაძინა, სასეირნოდ გამოვედი და გზა ამებნა. შემრცხვა ამხელა კაცი გამოვტყდომოდი, დავიკარგე-მეთქი და ვიცრუე, - წყლის დასალევად მოვედი.

-ჰო, კარგი წყალია, გემრიელი, - მითხრა და ისევ წყაროს თავზე მოექცა.

-რომელ კლასში ხარ, ტატო?

-მეხუთეში უნდა მივიდე.

-ვა, რა დიდი ბიჭი ყოფილხარ.

-დიდი არა ისეა, - კეფა მოიფხანა.

-დიდი ხარ, აბა რა, უკვე მეხუთეში უნდა მიხვიდე.

-დიდი რომ ვიყო, სკოლაში აღარ ვივლიდი.

-არ გიყვარს სკოლა?- გამომცდელად შევხედე.

-ისე რა.

-რატომ მერე, უნდა ისწავლო. მშობლები გაახარო. აი მე შენი ტოლა რომ ვიყავი, მაშინ ნიშნებს არ გვიწერდნენ, მასწავლებელს ასეთ მომრგვალებულ ქაღალდზე, - ხელისგულზე თითით წრე შემოვხაზე, - ყვავილები და ვაშლები ჰქონდა დახატული. თუ გოგო მოყვებოდა გაკვეთილს კარგად, იმ ყვავილს ამაგრებდა მკერდზე, თუ ბიჭი- ვაშლს. ჰოდა, თავს ვიკლავდი სწავლით, რომ ის ვაშლი მოეცათ და მერე მოვრბოდი სახლში, უბანში შემოვიდოდი თუ არა, ავყვირდებოდი: დედაა, დეეედა... გამოდიოდა დედა ჭიშკართან, გამოდიოდნენ მეზობლებიც. იდგა დედაჩემი ისეთი ამაყი, თავმომწონე. მე კიდე ეს მიხაროდა ყველაზე მეტად, დაიხრებოდა, ლოყაზე მაკოცებდა და ყურში ჩამჩურჩულებდა: ყოჩაღ, ჩემო ბიჭო! დღემდე, აი ახლა ხომ დიდი კაცი ვარ, ყველაზე მეტად ის სიხარული მახსოვს, რასაც მაშინ ვგრძნობდი. ასე რომ, ტატო, შენც უნდა ისწავლო და გაახარო დედა, - ჩემს ოცნებებში ისე გავერთე, მხედველობიდან გამომრჩა, როდის შეწყვიტა ჩემი მოსმენა ტატომ. ახლა ის იჯდა, საკუთარ ხელებს დაჰყურებდა და სადღაც შორს, ძალიან სხვაგან ფიქრობდა.

-ტატო, - არც კი განძრეულა, - ტატოო, არ მისმენ, ბიჭო?

შემომხედა, თვალები ქარვისფერი აღარ ჰქონდა, თითქოს ტატო 10 წლის ბიჭიც აღარ იყო, კაცი იდგა ჩემს წინ, დიდი, სევდისფერი მზერით.

-წყლის დალევა დაგავიწყდათ, - შემეხსენა ჩემი ტყუილი.

-უი, ჰო, - კამკამა წყალი მოდიოდა, პეშვი კი შევუშვირე, მაგრამ გადავღვარე, რაღაც აღარ მწყურია-მეთქი.

ტატო ისევ ჩამოხტა თავისი „საბრძანებლიდან“ და შენი სასტუმროსკენ საქმე მაქვს და ბარემ ერთად წავიდეთო, - ახლა მან იცრუა და მე არ შევიმჩნიე, რომ ტყუილს მივუხვდი.

სამსახურში ბევრი პრობლემა დამხდა და საქმეებში ჩავერთე. ზაფხული მიილია, ქარხნიდან შუაღამემდე ვერ გამოვდიოდი, იქ, სადაც მე ცხოვრება მიწევდა, გასართობი ბევრი არაფერი იყო, ამიტომ საღამოს პირდაპირ სასტუმროში მივდიოდი და ჩემს პატარა ნაცნობს აღარ შევხვედრივარ. ორი თვეც იქნებოდა გასული სოფელში ჩემი მისვლიდან და კბილი ამტკივდა, არ მომასვენა მთელი ღამე, ინათა თუ არა, აფთიაქში წავედი.

ჩემი გასაჭირი მადგა, ტვინში მირტყამდა ტკივილი, თან იმაზე ვფიქრობდი, ამ უპატრონო სოფელში იმედია ნორმალური წამალი მაინც არის-მეთქი და როგორც ჩანს ამ ფიქრებში გართულმა ჩავუარე ტატოს გვერდით და მისი მისალმება ვერც კი გავიგე.

წამალი იქვე დამალევინეს. ცოტა დამშვიდებული გამოვდივარ და კართან დოინჯშემოყრილი ტატო დგას.

-ესე იგი, უფროსები როცა ხდებიან ადამიანები, ბავშვებს ვეღარ სცნობენ!- ისეთი საყვედურით მითხრა, შემრცხვა. მოვუბოდიშე, მოვიკითხე. სკოლაში რატომ არ ხარ-მეთქი. რა ვიციო, დღეს ვერ წავედიო, - მხრები აიჩეჩა. შემოდგომის პირი იყო, ჟინჟღლავდა. თხელი მაისური ეცვა და აბუზული ჰქონდა მხრები, შეციებული ბეღურა გამახსენდა.

-გაცივდები, წადი სახლში.

-იყოს, ვიქნები.

-ოოხ, შე ონავარო, - ცხვირზე წავკიდე ხელი, შატალოზე თუა და ეშინია-მეთქი მშობლების. კბილი გულს მიწვრილებდა ტკივილით და ვიფიქრე, თან შევიფარებ ტატოს და თან იქნება გულიც გადავაყოლო, გავერთო და ტკივილი გადამავიწყდეს-მეთქი.

-არ გინდა ქარხანა დაგათვალიერებინო?- საიდუმლონარევი ხმით ვკითხე. თვალები გაუბრწყინდა. სიხარულით ჩახტა მანქანაში.

ერთად ვისადილეთ, ყველა დანადგარი თავად დავათვალიერებინა. ყველა დაზგასთან მივიყვანე. 150 თანამშრომელი მყავდა, ზოგს კარგად ვიცნობდი, რამდენიმეს სახელი ვიცოდი, უმეტესობა კი მხოლოდ სახეზე თუ მეცნობოდა. გაოცებული დავრჩი, როცა ტატომ ყველა სათითაოდ მოიკითხა, ყველასთან მივიდა, ხელი ჩამოართვა, ზოგს ფეხმძიმე ცოლის ამბავი ჰკითხა, ზოგს დასეტყვილი ვენახის, ჩემს მოადგილეს მოუბოდიშა, გავიგე ბებო რომ მოგიკვდა და ვერ მოვედიო.

-ბიჭო, შენ ყველას როგორ იცნობ?- ვკითხე გაოცებულმა.

-ეს, ბატონო დემეტრე, ჩვენი სოფლის „მაყურებელია“, ამის გარეშე არაფერი ხდება, - მითხრა ბრიგადირმა ვალიკომ.

ტატო მთელ დღეს დარჩა ჩემთან. მითხრა, ძალიან მომეწონა შენი ქარხანა, მაგრამ მე მაინც არ მინდა დირექტორობაო.

-რატომ, ბიჭო, არ მოგწონს ჩემი კაბინეტი?

-იი, - გაეცინა ტატოს, - როგორ არა. ძალიან მაგარია, - შემომცინა და ხელისგული გადაუსვა ტყავის სავარძლებს, - ასეთი არც მინახავს.

-აბა, რატომ არ გინდა დირექტორობა?

-არაფერს აკეთებ და იმიტომ.

-ეე, - ახლა მე ავქაჩე წარბები, - ამას უყურე ერთი! აბა, ამხელა ქარხანა რომ ნახე, ვინ ამუშავებს შენ თუ იცი?

-ვალიკოი, პუნტურაი, მანოი, დათიკაი...- ჩამომითვალა ჩემი მუშების სახელები. წარბები შევჭმუხნე.

-და მერე შენს ვალიკოს, პუნტურას, მანოს, დათიკას რომ არ ვუთხრა რა გააკეთონ, იცი რომ ეს ქარხანა დაიხურება?

-არა მგონია, - მითხრა სერიოზულად. გამეცინა ჩემს პატარა მეგობარზე.

-აჰა, გამოდის, რომ უსაქმური ვარ, - შევხედე გამომცდელად.

-უსაქმური არა, მაგრამ უსაქმურად კი ხარ, - მითხრა დაფიქრებით.

-ჰა ჰა ჰა ჰა, - ახლა მართლა დამავიწყდა კბილის ტკივილი. ეტყობა ჩემმა მხიარულებამ უფრო წაახალისა, წამოდგა, მაგიდასთან დაიხარა, თითები ისე მოიმარჯვა, თითქოს კალამი სჭეროდეს, წარბები შეჭმუხნა და უხილავ ფურცელზე წერა დაიწყო:

-ასე მეც კი ვწერ სკოლაში, მაგრამ გატეხილ მერხთან ვზივარ და არც დირექტორი მქვია, ხელფასს კი არა, სამიანსაც არ მიწერს თათია მასწავლებელი.

-კარგი, ესე იგი ჩემი სამსახური არ მოგწონს, მაშინ მითხარი შენ რა უნდა აკეთო.

-მეხანძრე უნდა გამოვიდე!- დასერიოზულდა უცბად.

-ვაა, შენ რა მამაცი ბიჭი ყოფილხარ!

-მაგარია ხო?- გაუხარდა არჩევანი რომ მოვუწონე.

-კი, ყველაზე კარგი პროფესიაა.

-თუ ყველაზე მაგარია, მაშინ შენც გახდი მეხანძრე!

-მე?- დავიბენი, აღარ ვიცოდი რა მეთქვა.

-შენ არ ხარ მამაცი? - მკითხა გაოცებულმა.

-მგონი ვარ, - და რაღაცნაირად უსუსურად ვიგრძენი თავი. მინდოდა საუბარის შეცვლა, - შენ, რატომ გინდა მეხანძრეობა?

-ყველაზე ძალიან სიკვდილისას ადამიანებს მაშინ სტკივათ, როცა იწვებიან. თუ მაინც უნდა მოკვდეს ვინმე, არ ჯობია, რომ წყალი მიასხა და ჩამქრალი მოკვდეს?

ვააჰ, რა უცნაური ბავშვია, გავიფიქრე და კიდე კარგი, ჩემი მდივანი შემოვიდა, სტუმარი გყავთო და გადამარჩინა. ტატოს მოვუბოდიშე, გარეთ დამელოდე, ამ კაცს დაველაპარაკები და მერე წავიდეთ-მეთქი.

შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა, ექსპორტის თემებზე გვქონდა გარკვეული საკითხები გადასაწყვეტი და რომ გამოვედი კაბინეტიდან, უკვე ბინდი შემომძვრალიყო დერეფანში, ტატოს კი მაგიდაზე ჩამოეყრდნო თავი და ეძინა. გავაღვიძე, მოვუბოდიშე, ხედავ სულაც არ ვარ უსაქმური, იმდენი საქმე გავაკეთე, რომ ძილის გამოცხობაც კი მოგისწვრია-მეთქი.

-წავიდეთ ახლა, სახლში მიგიყვან, დედაშენს უნდა მოვუბოდიშო, რომ ასე შეგაყოვნე, ალბათ შეეშინდებოდა, - მდივანმა დაახველა.

-წყალი ხომ არ გინდა, თამუნა? - შევწუხდი, ისე ახვლებდა. არაო, თავით მანიშნა. მე ისევ ტატოს მივუბრუნდი:

-ბრაზიანი დედა ხომ არ გყავს, ძალიან ხომ არ მეჩხუბება?

თამუნა მიხვდა, რომ ხველებით ვერაფერს გამაგებინებდა:

-ბატონო დემეტრე, ტატოს დედა არ ჰყავს, - ენის ბორძიკით დაასრულა წინადადება. ცივი წყალი გადამასხეს თითქოს. ვიგრძენი, როგორ გამეყინა სხეული.

-ტატო ჩემი მეზობელია, ერთად წავალთ.

არც მახსოვს დავეთანხმე თუ არაფერი მითქვამს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მთელი ღამე არ მძინებია. დილა გათენდა თუ არა და სამსახურში მივედი, თამუნა დავიბარე:

-თამუნა, ერთი ტატოს ამბავი მომიყევი რა.

-ოო, საოცარი ბავშვია ტატო, - გამიღიმა თამუნამ, - დედა რომ დაეღუპა 3-ის იყო, მამამ მიატოვა, ვიღაც ქალს გაედევნა, ეს დარჩა ასე. მთელი სოფელი ვზრდით. ყველა იცნობს. ისეთი ბავშვია, გამორიცხულია რამე გთხოვოს, ან ხელი წაუცდეს, არასდროს არაფერს მოჰკიდებს ხელს, თუ შენ არ შესთავაზე.

-არავინ ჰყავს?

-კი, მოხუცი ბებია, მაგრამ ის საწყალი საკუთარ თავს ძლივს უვლის.

-ვაა, - ძალიან შევწუხდი, - დედას რა დაემართა?

-დაიწვა.

-რა?

-ხანძარი გაუჩნდათ, ბატონო დემეტრე. ისეთი უბედურება იყო. ტატოს მამას საყვარელი ჰყავდა, თითქმის არასდროს იყო სახლში. ერთ ღამეს, ვიღაცამ ბენზინი მიასხა სახლს და ცეცხლი მიუკიდა. ყველას გვეძინა და სანამ გამოვფხიზლდით, უკვე დაგვიანებული იყო. მოხუცს გამოუსწვრია სახლიდან. ელეს და ტატოს მეორე სართულზე სძინებიათ. ამბობენ, კარი დაკეტილი იყო და ელემ ვერ შესძლო გამოსვლაო. რა ვიცი, ცოდვაა დაბრალება, მაგრამ ამბობენ, იმ ქალის ნახელავი იყოო, საყვარლის, კარი ჩაუკეტა გარედან ელეს და ბავშვს და ცეცხლი მისცაო სახლს. ისე წიოდა, ვერაფერს გავხდით. საწყალმა, ფანჯარა გამოგლიჯა და ბავშვი გადმოაგდო. სულ დალეწილი ჰქონდა ძვლები, მაგრამ გადარჩა. ელემ ვეღარ მოასწრო გადმოხტომა. ცოცხლად ჩაიწვა.

ზამთრის ბოლოს დაიხურა ქარხანა. და მას შემდეგ წლები ვცდილობდი დამევიწყებინა ეს ამბავი. ჩემს ყველაზე კოშმარულ სიზმრებში ვხედავდი ცეცხლწაკიდებულ სახლს და ქალის წივილი მესმოდა, რომელსაც გულზე პატარა ჰყავდა მიხუტებული. მანამდე კი სანამ ქარხნის დირექტორი ვიყავი, ტატოს ყოველ დღე ვნახულობდი, ტანსაცმელსა და საჭმელს ვყიდულობდი, ქარხანაში დამყავდა, ასე ვთქვათ ვძმაკაცობდით. მივეჩვიეთ ერთმანეთს. წამოსვლა კი ისე მომიხდა, დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი.ტატოს შორიდან შევუთვალე, აბა შენ იცი, სულ ასეთი კარგი ბიჭი იყავი-მეთქი, თუ რაღაც მსგავსი. აირია აქეთ ამბები, ვინ ვის ესროდა, ვინ საით მხარეს იდგა ვერ გაიგებდი, მოკლედ გადატრიალება იყო, ვის ეცალა ქარხნისთვის, ვისაც როგორ შეგვეძლო, ისე ვიბრძოდით.

მას შემდეგ რა აღარ მოხდა: ჯერ ერთმანეთს დავდევდით გასაჟლეტად, მერე სხვებმა თქვეს, მოგეხმარებითო, კაცო, რა პრობლემააო და ჰა, კი დაგვტოვეს ნახევრის-ნახევარი. მანამდე კიდე დავიჩოქეთ და რა კარგად გცოდნიათ მუხლის მოდრეკა, იყავით ახლა ეგრეო, წამოდგომის უფლება აღარ მოგვცეს.... პური გვენატრებოდა და კუჭზე რომ იწყებ ფიქრს, უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები გავიწყდება ადამიანს. მეც მიმავიწყდა ტატო.

ერთი დღეც არის და, მაშინ ბაზარში ვიდექი, ყველს ვყიდდი. ჩამოიარა, ვიღაც ქალმა, ფასი მკითხა. დღესაც ისე დადიოდა ხალხი, თვალს ახარებდა. ამ ქალსაც ხმაზევე ეტყობოდა, ყველის მყიდველი არ იყო, უხალისოდ გავეპასუხე.

-უიმეე, მამიკვდა თავი, დემეტრე არა ხარ შენა?- შეიცხადა ქალმა.

მე ვარ-მეთქი, კი ვუპასუხე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე, ვინ იყო. თამუნა გამოდგა, ჩემი ყოფილი მდივანი. დაქალებულიყო, გატეხილიყო, ჭაღარა შერეოდა თმაში. მე კიდევ - ბაზარში ვიჯექი და ყველს ვყიდდი, გადამყიდველი ვიყავი, ჰოდა, ვუყურებდით ერთხანს ერთმანეთს თანაგრნობით. მერე ძველი დრო გავიხსენეთ, ვალიკოს ბიჭი მოკლესო იმ ამბებისას და მას შემდეგ, რომ ჩაწვა, აღარ ამდგარაო. ჩვენი დამლაგებელი რომ იყო, ნათელა, საბერძნეთში წავიდა, უგზავნის ფულს ოჯახს, კარგად აეწყვნენო, კოსტამ გოგო გაათხოვაო გასულ კვირაში.... მერე ტატოც წამომაგონდა. როგორ არის-მეთქი, დიდი ბიჭი იქნება უკვე.

-ეეჰ, მაგის ამბები ვერ წავიდა კარგათა. სულ აერია ცხოვრება.

-რას ამბობ, მაგის ცხოვრებას კიდევ არევა უნდოდა?!

-ხომ იცი, როგორ ვპატრონობდით ყველა, მერე ისე აირია ცხოვრება, ყველას საკუთარი თავი გვყავდა გადასარჩენი და ვეღარ მივაქციეთ ყურადღება, თვითონ კიდევ ხომ იცი, როგორი ბავშვი იყო, არ გთხოვდა არაფერს და ან რომც ეთხოვა, ვის რა გვქონდა გასანაწილებელი. წაუცდა, ბატონო დემეტრე, ხელი მაინც. გაძარცვა ნოდარას მაღაზია. განა რამე იყო იმ ოხერში, პური წაუღია, კალბასები და მსხლის ლიმონათი. კვალზე მიჰყვნენ. იმ ღამესვე წამოადგნენ თავზე, ისხდნენ თვითონ და ბებიამისი და იმ მოპარულ კალბასს ჭამდნენ. გაიხეთქა გული ნოდარამ, რომ მცოდნოდა ტატო იყო, როგორ გავაგებინებდიო პოლიციას, მაგრამ აბა ფაქტზე წასწრებულს, ვიღა გამოუშვებდა. იჯდა რამდენიმე წელი, იქაც დაუმატებიათ კი, რა ვიცი აბა რა დააშავა და ეს ბოლო დროა გამოვიდა, მაგრამ ისეთი, ვეღარ იცნობ. დადის, დაწანწალებს ქუჩა-ქუჩა, ვისაც ჩაგრავს ართმევს, ვისაც ვერ ართმევს - პარავს. ამბობენ, ეწევა, რაღაც მაიმუნობებსო. ეჰ, ისეა ხალხი გამწარებული, გაგვიფუჭებს შვილებს, ნეტა მოაშოროსო პოლიციამ.

მერე კიდე რაღაცებს მიყვებოდა თამუნა და აღარ მახსოვს, აღარ გამიგონია. იმ ბავშვზე ვფიქრობდი, მეხანძრე რომ უნდა გამოსულიყო. იმ პატარა, მამაც ბავშვზე.

მხოლოდ ეს ვკითხე, თამუნას კი არა, მგონი უფრო საკუთარ თავს:

-საწყალი ვალიკოს ბიჭი ამ სამართლის მოსაყვანად მოკვდა?

-რა?- ვერ გაიგო თამუნამ.

-არაფერი, არაფერი, ჩემო თამუნა, - ვუთხარი, დახლზევე დავტოვე ყველი და ბაზრის ბინძურ ქუჩას ჩავუყევი, იმ იმედით, რომ იქნება გზა ამრეოდა და იმ წყაროს მივდგომოდი, პატარა ქარვისფერთვალება ბიჭი რომ დარაჯობდა, მაგრამ ასეთ კამკამა წყაროს, მხოლოდ ერთხელ თუ შეხვდება ადამიანი.

ქეთი გაბინაშვილი

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0