x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჯემალ ღაღანიძის პოლიტიკური მონოლოგი
image“მსახიობების, რეჟისორების ყველაზე დიდი პოლიტიკური იარაღი სცენაა, შენ სცენიდან შეგიძლია ისეთი სიტყვები თქვა, რომელსაც ბევრი ადამიანი გულშიც კი ვერ გაიფიქრებს შიშისგან, მსახიობის ნათქვამს უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო და შეუძლია ყველა ეპოქაში”_ ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბარისას მართლაც გამორჩეული ქართველი ვარსკვლავი, რუსთაველის თეარტის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე.
სხვათაშორის კოლეგებისგან 80 წელს მიღწეული ვარსკვლავი თავის აპოლიტიკურობითაც გამოირჩევა, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამ თემაზე არასოდეს არსად უსაუბრია. მსახიობი “ქართულ სიტყვასთან” ამ ე.წ. ნავსს არღვევს და ქვეყანაში არსებულ საკმაოდ რთულ პოლიტიკურ ვითარებაზე გახსნილად საუბრობს:


ჯემალ ღაღანიძე:


“მე რომ ვამბობ რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არაა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ქვეყნის ბედ-იღბალი არ მაღელვებს, ინტენსიურად ვადევნებ თვალყურს პოლიტიკურ მოვლენებს და ჩემი აზრი გამჩნია, თუმცა არასდროს ვყოფილვარ ბუნებით რევოლუციონერი და ზედმეტად მეამბოხე. შესაძლოა ამიტომაც არავის უთხოვია ამ თემაზე ინტერვიუ. გულწრფელად ვიტყვი, ჩემი პროფესიით გაცილებით ბევრი შეიძლება ვთქა, მათ შორის პოლიტიკური გზავნილიც გავაკეთო სცენიდან. ხომ ამბობენ თეატრი ცხოვრების სარკეაო, ნამდვილად ასეა. მას მართლაც უდიდესი წვლილი შეაქვს საზოგადოების ცნობიერებაში. თეატრი კი მოგეხსენებად მსახიობი და რეჟისორია, ამიტომ ეს ორი ფიგურა ყოველ ეპოქაში იყო ძალაუნებურად პოლიტიკოსი. მითუმეტეს როდესაც საუბარია რუსთაველის თეატრზე. პოლიტიკურ გზავნილადად შეფასებულა ჩვენი სპეკტაკლები მრავალჯერ და არაერთხელ მოუხსნიათ ჩვენი დასის დადგმა. მარტო “ყვარყვერე თუთაბერი” რად ღირს?! ყველა კლუბში იდგმებოდა კაკაბაძის ეს პიესა, მაგრამ რუსთაველში ისე იყო სპექტაკლი გაკეთებული, რომ 13 გასინჯვა გაიარა. ანტისბჭოთა სპეკტაკლად გამოცხადდა, მოსკოვში რომ ჩავიტანეთ საქართველოდან იყო ანონიმური წერილები, რომ პოლიტიკური სპექტაკლი ჩამოიტანესო. რეჟისორი და მსახიობები მუდმივ ბრძოლაში ვიყავით, მაგრამ ვამაყობდით, რომ მაყურებლამდე მიგვქონდა სცენიდან სიმართლე. ამიტომ გინდა თუ არ გინდა, მსახიობიც ეხვევი პოლიტიკაში, ახლაც ასეა ჩვენი სპექტაკლებით ჩვენ პოლიტიკის ნაწილი ვართ.
რატომღაც ახლა გამოყვეს თითქოს ოპოზიციური თეატრია რუსთაველი . არადა ყოველთვის ასე იყო, რატომ იყო რობიკოს სპექტაკლები ასეთი გენიალური და მოთხოვნადი? იმიტომ რომ სცენიდან ითქმებოდა ის, რასაც ადამიანები ფიქრობდნენ სხვადასხვა დროს ხელისუფალზე, მაყურებელი თავის გულისტკივილს სცენიდან ისმენდა.
რობიკოს როგორც რეჟისორს ვერ შეეხნენ, მისი დადგმის სტილს იტანდენ, ტაშს უკრავდნენ, მის პერსონაჟებში ბევრს დაუნახავს თავის თავი, მაგრამ არ გამოუხატავთ გაღიზიანება, მის სიტყვებს კი იმხელა რეაქცია მიეცა, რომ კაცი ვიმსხვერპლეთგენიოსი. ამით წააგო თეატრმა და ქვეყანამ. რობერტ სტურუას წასვლამ რუსთაველის თეატრიდან მსახიობები კიდევ უფრო მეტად ჩაგვრთო პოლიტიკაში.
ერთი რამე მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ მსვლელობებში არასდროს მიმიღია მონაწილეობა აქტიურად, თუ რამე ხდებოდა თეატრის წინ გავდიოდით და ეგ იყო სულ, მაგრამ ჩემი ოპოზიციური განწყობა პირველად ხმამაღლა მაშინ გამოვხატე როცა რობიკოს შეეხნენ, გამოვედი აქციაზე, ყველანაირად ვცადეთ გადაფარება, სხვანაირად არ შემეძლო. “


ჯემალ ღაღანიძე პოლიტიკურ მსვლელობაში მეორედ 27 მაისს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა, თუმცა როგორც აღნიშნავს, პოლიტიკურ საკითხებზე ორატორობა მისთვის შედარებით უჩვეულოა და ამ როლში თავი ვერ წარმოუდგენია: “ვთვლი, რომ ამას სხვა ნიჭი სწირდება. ჩემ ზოგ კოლეგას ეს მეორადი ნიჭი აღმოაჩნდა, ისინი პოლიტიკაში აქტიურობენ. მე პატივს ვცემ იმ ხალს ვინც ამას აკეთებს სამშობლოსა და ქვეყნის სიყვარულის გამო. ეს ღირსეული საქციელია, სადაც ჭირდები სამშობლოს იქ უნდა იდგე და ვდგევარ კიდეც..
რაც შეეხება ივანიშვილს მე ამ კაცს ვეძახი ღმერთისგან მოვლენილ კაცს, სიკეთისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე ეს ადამიანი. ჩემს მაგალითზეც გეტყვით, 8 სული ვართ ოჯახში, ყველა უმაღლეს დამთავრებულია, მაგრამ მხოლოდ 2 ვმუშაობთ, ძალიან რთულ სიტუაციაში ვიყავით, ამ დროს გამოჩნდა ადამიანი რომელმაც მსახიობებს გაგვიათმაგა ხელფასი, პირდაპირ ამოგვასუნთქა. საერთოდ არ მიყვარს დაუნახავი ადამიანები, მაგრამ აქციაზე მხოლოდ მადლიერების გამო არ მივსულვარ, ამით მოქალაქეობრივი პოზიცია გამოვხატე. მისი პოლიტიკაში შემოსვლაც მისასალმებელია, ძალიან რთულ ბრძოლაში ჩაება, წინ დიდი ბრძოლა ელის და მინდა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს. ივანიშვილის მხარდამჭერ აქციებზე თვალნათლივ გამოჩნდა, რომ საზოგადოებამ გაბედულად დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთია რამაა კიდევ თუ რეგიონებში, სოფლებში ადამიანი ვერ მიიღებს ინფორმაციას, სრულ წარმოდგენას რა ხდება ქვეყანაში, მაშინ ის თავის პოზიციიდან შეიძლება მართალიც კი იყოს როცა მას ხელისუფლება ურჩევნია, რადგან ალტერნატიული ინფორმაცია არ აქვს.”



მოსაზრებას, რომ რუსთაველის თეატრის დასჯა გრძელდება მსახიობი ნაწილობრივ ეთანხმება და სინანულით იხსენებს დროს, როცა თეატრი ხელშეუხებლად ითვლებოდა:
“მართლა რაღაც უცნაური ხდება, ფაქტიურად დასი ჩამოგვაცილეს დიდ სცენას. ადრე ყველაფერს ქონდა თავის ადგილი, თავისი პროფილი. მაგალითს მოგიყვებით, აკაკი ხორავა ცოცხალი იყო, როცა ერთხელ იტალიელი მომღერალი მარენო მარინი ჩამოვიდა და მას დაუთმეს რუსთაველის თეატრის სცენა, ხორავას არ სცოდნია ეს ამბავი, შეკრებილები ვიყავით, რომ მოვიდა დაგვინახა და იკითხა რა ხდებაო? როცა გაიგო ესტრადის მომღერალს დაუთმეს რუსთაველი თეატრიო გადაირია, ლამის დაანგრია იქაურობა. რადგან მაშინ თეატრში სხვა მიდგომა იყო, მეტი მოწიწება თეატრის მიმართ. სამწუხაროა, რობიკოს წასვლის შემდეგ იშვიათად გვიწევს ამ სცენაზე თამაში. ერთიცაა, მაქსიმალურად ცდილობენ შემოსავლიანი გახადონ თეატრი, რადგან როგორც რობიკოს დროს იყო ანშლაგები და გადავსებული დარბაზი, ახლა ისე ნამდვილად აღარაა, ალბათ ფინანსურად მომგებიანია სატელევიზიო შოუების გამართვა ჩვენს სცენაზე. “
ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავი იმედით ელოდება დროს, როცა ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს, მანამდე კი ქვეყნის მძიმე აწმყოთი წუხს:
“ რთული სიტუაციია ქვეყანაში, დაძაბულობა, ზოგი არ იმჩნევს შესაძლოა, მაგრამ ყველა ვნერვიულობთ. გვეშინია რამე სერიოზული არ მოხდეს, დარბევის მაგალითები ხომ ბლომად გვაქვს. აღარ მინდა ასეთი ფაქტები განმეორდეს, თუმცა ძალიან ღია და საშიში დაპირისპირებაა პოზიციასა და ოპოზიციას შორის, რაც მოსახლეობაზე ცუდად აისახება.
მე სხვა სფეროზე ვერ ვისაუბრებ და ისევ იმაზე ვიტყვი რაც ვიცი. იცით რაშია საქმეე? ღია ტყუილს ვერ ვეგუები, როცა ვხედავ რომ თვალში ნაცარს მაყრიან ესაა ყველაზე დიდი საშინელება, ახლა ამტკიცებენ, რომ რუსთაველის თეატრი უხარისხოდ არის რესტავრირებული, შეიძლება ასეთი რამის თქმა?! რუსთაველის თეატრში ყველა კუნჭული ზეპირად ვიცი და ჩვენ გვასწავლიან უხარისხოა თუ არა? საძირკველი არაა გამაგრებულიო, ეს ხომ სრული აფსურდია ჯერ კიდევ 5-8 წლის წინ “ გვირაბმშენმა” გაამაგრა ისეთ დონეზე, რომ მთელი რკინიგზა იყო გაყვანილი თეატრის ძირში და როცა გარემონტდა მას ნამდვილად აღარ ესაჭიროებოდა საფუძვლის გამაგრება. ოპერაზეც იგივე თქვეს. გამოდის, რაღამც ივანიშვილის აშენებულია, სამებაც თავზე უნდა დაგვენგრეს?! აქამდე ჯერ არ მისულან და იმედია ამის თქმასაც არ იკადრებენ. ასეთი გამოსვლები არაა მოსაწონი, ადამიანს სიკეთე არ უნდა დაუკარგო.
კიდევ ამ მთავრობის ლოგიკა ვერ გავიგე, სულ ბოდიშს იხდიდნენ თეატრებთან, ვერ გაძლევთ იმდენ ანაზღაურებას რასაც იმსახურებთო. კაცი გამოვიდა, თქვა, თქვენ ნუ დარდობთ მე მივცემო და გააკეთა კიდეც, რამდენიმე წელია მსახიობებს სული მისი წყალობით გვიდგას, როცა გვითხრეს ხელფასი გაგვიათმაგდებოდა თავი სიზმარში გვეგონა. ახლა კი ესეც უნდათ წაგვართვან. მოსყიდვათ უთვლიან მრავალწლიან ქველმოქმედებას.
არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გულით და სულით მინდა სიმშვიდე იყოს საქართველოში, ყველაფერი დალაგდეს ბოლოსდაბოლოს. როცა სამშობლოს ეხება საქმე თუ საჭიროა მომთხოვნიც უნდა გახდე და ლმობიერებას გადააბიჯო.


რაც შეეხება ხელისუფლებათან ურთიერთობას “მოხიცი ჯამბაზი” ერთ მხიარულ ისტორიას იხსენებს, როგორც აღმოჩნდა მსახიობს კინოში, თეატრსა და ესტრადაზე 20-მე პოლიციელის, როლი აქვს შესრულებული. ერთხელ მსახიობი "ვანოს ჯავახიშვილის შოუში" მიიწვიეს, გადაცემის წამყვანთან ერთად ამ თემაზე და "კავკასიურის" რეკორდზე ისაუბრა. ამ გადაცემაში ჯემალ ღაღანიძე მეორედაც მიიწვიეს და ვანო ჯავახიშვილმა ისევ მილიციელის როლებზე ჩამოაგდო საუბარი. ჯემალს უთქვამს, ორი გადაცემა ამაზე ხომ არ ვისაუბრებთ, თემა შევცვალოთო. ისე, მე იმდენჯერ მითამაშია სამართალდამცავების როლები, ეს რომ "იმ ვანომ" იცოდეს, ერთ "ბათინკს" მაინც მაჩუქებდნენო. გადაცემის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში ჯემალ ღაღანიძის ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა - გამარჯობა, დავალებული გვაქვს, რომ მაიორის კოსტიუმი შეგიკეროთო. მსახიობს ეს ხუმრობა ეგონა, ჯერ უცნობის ხმა კახი კავსაძის ხმისთვის მიუმსგავსებია, მერე "ამრევი" არც თუ ისე ზრდილობიან კონტექსტში მოუხსენიებია, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ იუმორი არაფერ შუაში იყო. მეორე დღეს თეატრში მისულს კიდევ დაურეკეს, ზომების ასაღებად მოგაკითხეს და თუ შეიძლება შეეგებეთო. მართლაც, თეატრის წინ მსახიობს ორი ადამიანი ელოდა. ლენტის "მეტრიანით" "შეიარაღებულმა" გოგონამ მსახიობს ზომები აუღო და ერთი კვირის თავზე მიართვეს ბათინკი, მაიორის საზაფხულო და საზამთრო კოსტიუმი და ახალი მობილური, რომელზეც 100 ლარი იყო ჩარიცხული.
“ეტყობა იუმორი აქვს მერაბიშვილს, სხვათაშორის მინდოდა მაიორის ფორმაში სურათები გადამეღო და გვერდით იმ პერსონაჟი “მილიციელების” სურათები მიმეწყო გვერდით რომელიც ვითამაშე, ისიც მინდოდა მეთქვა, რომ ყველა როლში კეთილი და კარგი პოლიციელი ვიყავი, ამასვე ვუსურვებდი ჩვენს პოლიციასაც”_ აღნიშნავს მსახიობი.
“ ყველანაირად ვცდილობ კარგიც დავინახო, თუ რას ცდილობს ერთი მხარე და რას მეორე. 40 ქვეყანა მაქვს მოვლილი გასტროლებით და რაც ჩვენ საზღვარგარეთ გვიკვირდა და ცხოველებივით მივჩერებოდით, ახლა ისე წავიდა აქაც ცხოვრება, რომ რაც მაშინ იქ გვაკვირვებდა უკვე აქაცაა. აღმშენებლობას ვგულისხმობ. ვერ დავეთანხმები იმ ადამიანებს რომლებიც ამბობენ, რომ საერთოდ არაფერი გაკეტებულა, ამის არდანახვა შეუძლებელია.”
მაკა დეკანოსიძე
გაზეთი "ქართული სიტყვა"

2
73
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
73
  
2012, 27 ივლისი, 16:37
მადლობა
0 1 2