x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
შიში

image
გრძნობები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი გვაქცევენ იმად ვინც ვართ. ამ გრძნობებს შორის ზოგი სასიამოვნოა, ზოგზე ფიქრიც კი უსიამოვნებას იწვევს ჩვენში. ერთ-ერთი ასეთი გრძნობაა შიში, რომელიც, ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანში უარყოფით ასოციაციებს იწვევს. თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს, აქვს მეორე მხარეც და შიშიც შეგვიძლია განვიხილოთ დადებით ემოციად ჩვენს ცხოვრებაში.

შიში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოციაა, რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს.

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის მიხედვით, ნებისმიერი პროცესი შეიძლება აღიწეროს ენერგიის დახარჯვის (გამოთავისუფლების) ან იმ ძალის ტერმინებში, რომელიც აკავებს ამ ენერგიის გამოსვლას და ხარჯვას. ენერგიის შეკავებაც გარკვეულ ძალას მოითხოვს. ხშირია შემთხვევები, როდესაც იდს, სუპერეგოს და გარემოს მოთხოვნებს შორის გართულებული ურთიერთმიმართებების გამო ეგოს უკვე აღარ შეუძლია სათანადო კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება. ამ დროს ფსიქიკურ ინსტანციებს შორის ჩნდება წონასწორობის დარღვევის სხვადასხვა ფორმა, რომელიც შიშის, შფოთვის განცდას იწვევს.

შიშს ახლავს შფოთვითი რეაქცია გარკვეული საფრთხის დროს. შფოთვა არის მტკივნეული ემოციური განცდა, რომელიც ამცნობს პიროვნებას საფრთხის შესახებ. შფოთვა მე-სთვის საფრთხის სიგნალია, რომელიც ამ საფრთხის ასაცილებელი ქცევისკენ უბიძგებს მას.

შიში ორი სახისაა: ბიოქიმიური ან ემოციური. ბიოქიმიურის რეაქცია უნივერსალურია, ხოლო ემოციურის-ინდივიდუალური. ბიოქიმიური რეაქცია ესაა ავტომატური რეაგირება გადარჩენისთვის. საფრთხის წინაშე აღმოჩენის დროს ჩვენი ორგანოები რეაგირებენ და ეძებენ გამოსავლის კონკრეტულ გზებს. შიშის ფიზიკური რეაქციაა გაზრდილი გულისცემა, ოფლიანობა, ადრენალინის მაღალი დონე.

შფოთვის მიზეზი არის ის ტრავმული განცდები, რომელიც ადამიანმა ოდესღაც განიცადა და რომელმაც მას ვნება და ზიანი მიაყენა. შფოთვა არის იგივე ტრავმული განცდის განმეორება, ოღონდ შერბილებული, მსუბუქი ფორმით.

გამოყოფენ შფოთვის სამ სახეს:

ობიექტური (რეალური) შფოთვა უკავშირდება ობიექტურ ან წარმოსახვით საფრთხეს, რომელიც გარე სამყაროში არსებულმა ობიექტმა შეიძლება გამოიწვიოს. მათი დაძლევა მოითხოვს ცნობიერ, რეალობის პრინციპზე დაფუძნებულ მოქმედებებს.

ნევროტული შფოთვის შემთხვევაში შიში ჩნდება იმ შედეგების გამო, რაც ლტოლვების დაკმაყოფილებას შეიძლება მოყვეს. ლტოლვა არაცნობიერშია, მაგრამ აქტიური რჩება და გავლენას ახდენს განცდებსა და ქცევაზე.

მორალური შფოთვა - როცა ეგო იდის სურვილებს “ემორჩილება“ მორალური შფოთვა ჩნდება, რომელსაც თან სდევს სინდისის ქენჯნა და დანაშაულის განცდა.

შიშის გამო ფსიქიკური ჰომეოსტაზის აღსადგენად ირთვება დაცვითი მექანიზმები. ესაა არაცნობიერი ფსიქიკური სტრატეგიები, რომელთა გამოყენებით ინდივიდი ინარჩუნებს მე-ს როგორც თავისთვის, ისე სოციალურად მისაღებ ხატს. ეგოს დაცვის ეს ძირითადი მექანიზმებია:

რეპრესია/განდევნა - ითვლება დაცვის ყველაზე ძირეულ მექანიზმად. ესაა სახიფათო ან მტკივნეული გამოცდილების, მიუღებელი აზრებისა და იმპლუსების განდევნა ცნობიერიდან. განდევნილი ელემენტი კვლავ ფსიქიკის ნაწილად რჩება.

რაციონალიზაცია - დაუშვებელი და მიუღებელი აზრებისა და ქმედებებისათვის დაშვებული მიზეზების ძიების პროცესი, რომლითაც ადამიანი პოულობს ლოგიკურად ან ეთიკურად და სოციალურად მისაღებ ახსნასა და ქცევის გამართლებას.

უარყოფა - მე-ს დაცვა არასასიამოვნო რეალობისგან მის აღქმაზე უარის თქმით.

რეაქციის ფორმაცია - მიუღებელი და სახიფათო ქცევებისა და გრძნობების შეჩერება რადიკალურად საწინააღმდეგო ქცევების განხორციელებით.

პროექცია - სხვა ვინმესთვის ან რაიმესთვის იმ თვისებების, გრძნობების ან განზრახვების მიწერა, რომელიც თავად ადამიანში არსებობს. საკუთარი აკრძალული სურვილების სხვებისთვის მიკუთვნება.

რეგრესია - განვითარების უფრო ადრეულ ეტაპზე ან გამოხატვის უფრო მარტივ, ბავშვურ გზაზე დაბრუნება. რეგრესია შფოთვის შემცირების ხერხია რეალურ აზროვნებაზე უარის თქმის გზით იმ მოქმედებათა სასარგებლოდ, რომლებიც წარსულში ამცირებდნენ შფოთვას.

იზოლაცია - შფოთვის გამომწვევი ასპექტების განცალკევება დანარჩენი ფსიქიკიდან. დანაწევრების ოპერაცია, როცა საზიანო სიტუაციიდან ემოციური მუხტის მოშორება ან შეუთავსებელი დამოკიდებულებების ლოგიკურად დაკავშირებულ ნაწილებად დანაწევრება ხდება. იზოლირებულ პრობლემებზე საუბრისას ადამიანი შეიძლება მათ ყოველგვარი გრძნობების გარეშე აღწერდეს ისე, თითქოს ეს ყველაფერი ვიღაც მესამე პირს გადახდა თავს.

ჩანაცვლება - მიუღებელი იმპულსებისა და სახიფათო ობიექტის შედარებით უფრო მისაღები და ნაკლებად სახიფათო ობიექტით შეცვლა.

სუბლიმაცია - აგრესიული და სექსუალური ლტოლვების სოციალურად სასურველ და ღირებულ (ხშირად მხატვრული, ინტელექტუალური ან კულტურული ხასიათის) ქმედებებად გარდაქმნა. სუბლიმაცია “წარმატებული დაცვის მექნიზმის” სახელით არის ცნობილი. სხვა დაცვის მექანიზმებისგან განსხვავებით, ის რეალურად ხსნის და მთლიანად აქრობს დაძაბულობას.

მართალია ეს მექანიზმები წონასწორობის აღდგენაში გვეხმარება, მაგრამ ისინი რეალობას ამახინჯებენ ან უარყოფენ რეალობას.

აქედან გამომდინარე შიში ნეგატიური, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი გრძნობაა. იგი გარკვეულწილად სასიგნალო ფუნქციას ასრულებს და საფრთხის აცილებისაკენ გვიბიძგებს. იგი ბუნებრივი ემოციაა, მთავარია არ იყოს დაუძლეველი. ეს უკვებო ფობიაა, რაც არარაციონალურ შიშს გულისხმობს.

შიშთან გამკლავების ერთ-ერთი გზაა იმ სიტუაციასთან განმეორებით შეჯახებაა, რომელიც გვაშფოთებს. ამ დროს უკვე ვიცით მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რაც ამცირებს შფოთვას.

ასევე კარგი საშუალებაა ყურადღების გადატანა საკუთარ სუნთქვაზე. საშიშროების დროს ღრმა და რიტმულ სუნთქვაზე ფიქრი და მცდელობა სიმშვიდის შენარჩუნებაში, სიტუაციის გაკონტროლებაში, კონცენტრირებაში გვეხმარება.

მისი დაძლევის კარგი საშუალებაა იმის გააზრება, რომ შიში მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს. მისი კონტროლი ჩვენს ხელშია.

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0