x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98458
  • ვიდეო:343887
  • სურათი:460701
მიზოგინია ანტიკურ სამყაროში
image
ანტიკურ სამყაროში მძფრად იგრძნობა ქალთა მოძულეობა. ათენის კანონმდებლობის მიხედვით, ქალი არ იყო ავტონომიური არსება, იგი არ გახლდათ რეგისტრირებული დემოსის რეესტრში, რომელშიც ათენელი ყველა მამაკაცი იყო აღნუსხული.

მეტიც ორატორთა სიტყვებში და საფლავის წარწერებში იშვიათად მოიხსენიებოდა ქალის სახელი. იგი ქმრის ან მამის სახელის მიხედვით სახელდებოდა, ვინაიდან ოჯახისგან დამოუკიდებლად პიროვნებას არ წარმოადგენდა; მიუხედავად იმისა, რომ ქალი ოჯახის აუცილებელი ნაწილი იყო. ოიკოსის ცხოვრებასთან მისი ფუნქციები პირდაპირ იყო დაკავშირებული; რაც მთავარია, სწორედ ის გახლათ მემკვიდრის ამქვეყნად მომვლენი.

საინტერესოა ისიც, რომ ათენში ქალი ოჯახისგან დამოუკიდებლად არ წარმოადგენდა პიროვნებას, ამიტომაც აუცილებელი იყო მისი ჩართვა ოიკოსის სტრუქტურაში; იგი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უახლოესი მამაკაცი ნათესავის ზედამხედველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო გათხოვებამდე მის მეურვეს მამა წარმოადგენდა, გათხოვების შემდეგ კი - მეუღლე.

კურიოსს ქალის ეკოონომიკურად და სოციალურად უნდა დაეცვა, რაც, ვფიქრობ, დაცვას კი არა სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენდა. ფაქტობრივად არაფრად მიიჩნევდნენ ქალს და ალბათ იმ ნიშნით „უვლიდნენ“, როგორც ჩვენ შინაურ ცხოველებს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათდამი სიყვარული გვამოძრავებს.


აღსანიშნავია ისიც, რომ პოლისში ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქორწინება იყო; გაუთხოვრობა კი უბედურებას წარმოადგენდა. აქაც იმ ნიშნით, რომ სხვა შემთხვევაში ქალი ჭურჭლის მოვალეობას ვერ შეასრულებდა და უფუნქციო იქნებოდა, ათენელს მამაკაცებს კი ნაკლები მემკვიდრე ეყოლებოდათ.

ათენელი ქალის დაქვემდებარების სტატუსს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მას არ შეეძლო საქმრო თავად აერჩია. ამ მოვალეობასაც კი მისი კურიოსი ასრულებდა. იმდროინდელ ქალს, როგორც პაიკს, ისე ათამაშებდნენ, ოღონდ ყოველგვარი თავისუფალი სვლის გამოკლებით.

ათენში ქალს 14-18 წლის ასაკში ათხოვებდნენ, ვინაიდან ბერძნები თვლიდნენ, რომ სექსუალურად მოწიფულ ქალს თავის მოთოკვა არ შეეძლო. ჩემი აზრით კი, ამ წარმოდგენის საფუძველი მამაკაცთა უნებისყოფობა და ქალთა მაცდური ბუნების შიში იყო, რომელსაც ევამ დაუდო სათავე.

როგორც ცნობილია, ათენში გოგონებს 30 წლის მამაკაცებზე ათხოვებდნენ, რითაც, როგორც მათ პიროვნულ, ისე სექსუალურ თავისუფლებასაც ზღუდავდნენ. იმის შიშით, რომ ქალი აუცილებლად ქალიშვილი უნდა ყოფილიყო, ვალის ბარნოვის მსოფლხედვას რომ დავეყრდნოთ, გოგონებს მეძავებად აქცევდნენ. განა ხელის მოწერა ან რაიმე ფორმალობა აკურთხებს ქალ-ვაჟის უსიყვარულოდ ერთად ცხოვრებას?!

ასევე, ათენელი ქალების უფლებათა შეზღუდვად მიმაჩნია ე. წ გამზითვება, რაც ქალის ეკონომიკური დაცვის სარჩულით მის შრომიუნარობას უსვამდა ხაზს; ქმარს კი ცოლის მზითვით გამოხატული თანხის ინვესტირება ევალებოდა, აქედან ამოღებულ თანხას კი ქალი ეკონომიურად უნდა შეენახა. შესაბამისად, ვთვლი, რომ დისკრიმინაციას წარმოადგენს მზითვის ინსტიტუტის მეშვეობით ქალის დაცვის მექანიზმი.

საყურადღებოა, რომ ჰომეროსის ეპოქაში არსებული ლოიალური დამოკიდებულება გაქრა. თუ „ილიადაში“ მოღალატე ელენასთვის მრავალი აქაველი დაიღუპა, კლასიკურ ანტიკურ ხანაში ქალის ადიულტერი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად შეფასდა. კანონი მოითხოვდა, რომ ამ შემთხვევაში ქმარი გაყროდა ცოლს. ქალს კი რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის მიღებასაც კი უკრძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლო, მისთვის ტანსაცმელი საჯაროდ შემოეხია და ფიზიკური შეურაცყოფა მიეყენებინა.

ქალისადმი ამგვარ დამოკიდებულებას მკაფიოდ გვიჩვენებს ლისიასის ცნობილი სიტყვის „ერატოსთენეს მკვლელობის წინააღმდეგ“ ერთ-ერთი პასაჟი:

„აი, მოსამართლენო, რამდენად შემწყნარებელია კანონმდებელი მოძალადის მიმართ მაცდუნებელთან შედარებით. მაცდუნებელს მან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, პირველ კი მიყენებული ზარალისთვის მხოლოდ ფულადი კომპენსაცია დაუდგინა.“

საყურადღებოა ისიც, რომ ქალს არათუ სექსუალური ცხოვრების ნირი, არამედ მისთვის სავალდებულო ნორმები მრავალ საკითხში დაუდგინეს -ისეთიც კი, როგორიც ქუჩაში ქცევის წესები იყო.

სოლონის რეფორმის შედეგად, ქალს მხოლოდ ერთ მამაკაცთან, ქმართან, ჰქონდა სექსუალური ურთიერთობის უფლება; მაშინ, როდესაც ათენელ კაცს შეეძლო, სხვადასხვა კატეგორიის ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა. აღნიშნულ ფაქტში იკვეთება, რომ ათენში ქალის თავმოყვარეობის ქონის თავისუფლებასაც კი უსვამდნენ ხაზს. ალბათ მიაჩნდათ, რომ ეს უკანასკნელი ისევე, როგორც სხვა ღირებულებები, მას უბრალოდ არ გააჩნდა.

საინტერესოა, რომ ქალის მაცდური ბუნებისადმი შიში ჯოისისთანაც ცანს. „ქალს ქონით გაპობილი სახე უბზინავს ბამბაზის თავსახვევიდან“ - წერს იგი. მეტიც, იგი იმასაც კი აღნიშნავს, რომ მონაზონთ უიღბლო სიყვარული ხვდა წილად, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლით ადრე ალექსანდრე დიუმას აქვს გამოხატული რომანში „ქალი კამელიებით“, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქალს ორი გზა აქვს - სიკეთისა და სიყვარულის; რის მიხედვითაც ქალისთვის სიყვარული გარკვეულწილად მაინც გამორიცხავს სიკეთეს. აღნიშნულის საფუძველი, ვფიქრობ, რწმენის დეფიციტი უნდა ყოფილიყო; რადგან ქალისადმი ამგვარი დამოკიდებულება ხაზს უსვამს სიყვარულს და ამ გზით გამოირიცხება ფერისცვალებასაც.

„არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი, რომელიც ამ გზაზე არ დაღვინდება, რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებს, იწყებს შინაგან და გარეგან ფერისცვალებას.“ (შაფაქი).

ფერისცვალებაზე უარის თქმა კი, ჩემი აზრით, ასოცირდება ისეთ სისუსტესთან, რომელსაც რწმენის დეფიციტი ჰქვია.

ყურადღების მიღმა არც ქალთა განცალკევების საკითხი უნდა დაგვრჩეს; ისინი სახლში იყვნენ გამოკეტილნი და გარეთ არ გადიოდნენ, მოახლეთა თანხლებით თუ შეეძლოთ სასეირნოდ სიარული.

საინტერესოა ისიც, რომ სქესთა განცალკევება ათენის არქიტექტურაშიც გამოიხატებოდა; მამაკაცთა ნახევარი ე. წ „ანდრონი“ ორსართულიან სახლში ქვემოთა სართულზე იყო განლაგებული, ერთსართულიანში კი - შემოსასვლელი კარების ახლოს მდებარეობდა. რაც შეეხება გინეკეუმს, ქალთა ნახევარს, უპირატესად ზედა სართულზე ან სახლის კარებიდან ყველაზე დაშორებულ ნაწილში იყო განტავსებული, რაც, ვფიქრობ, ქალისა და მამაკაცის საზოგადოებასთან ურთიერთობის სიმბოლურ გამოსახვას წარმოადგენდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ მოქალაქე ქალი შრომის საკითხშიც ძალზეც შეზრუდულ ჩარჩოებში იყო მოქცეული. საშუალო და საშუალო მაღალი კლასის ქალები სახლში შრომობდნენ. შესაბამისად, მათი შრომა მამაკაცთა საქმიანობაზე ნაკლებად ანაზღაურდებოდა. ამ მხრივ დიდად არც მაღალი კლასის ქალები იყვნენ პრიორიტეტულ მდგომარეობაში, რომლების სახლის მეურნეობას მართავდნენ.

მართალია, ღარიბი ქალები სახსრების მოსაპოვებლად ხშირად გარეთ მუშაობდნენ, თუმცა ამგვარი საქმიანობა კულტურის იდეალს არ შეესაბამებოდა. დემოსთენს ერთ-ერთ სიტყვაში ორატონი ევსქსითეოსი აღიარებს, რომ ქალები არ ცხოვრობდნენ ისე, როგორც სურდათ. სახლის გარეთ მათი საქმიანობა როდი იყო მრავფეროვანი, ისინი ან სავაჭრო სფეროში იყვნენ დასაქმებულნი, ან დაქირავებული მოახლეები.

რაც შეეხებათ არამოქალაქე ქალებს, მათი დიდი ნაწილის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროფესიას მეძაობა წარმოადგენდა. სოლონმა მათთვის საროსკიპოებიც კი დაარსა ათენში, რითაც გათხოვილ ქალთა მეუღლეებს ახალი გასართობანი გაუჩინა.

ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში ქალისადმი დამოკიდებულება მისოგინური იყო. მის წარმოშობილ მიზეზთა შორის მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ მას უნდა აეხსნა და გაემართლებინა ქალის დაქვემდებარებული სტატუსი და მისი ინკორპორაცია საზოგადოებაში.

საინტერესოა ისიც, რომ ბერძნები მამაკაცთა ბუნება/ქალი დაპირისპირების დაუნდობელ ბრძოლაში გამარჯვებას აყენებდნენ ცივივიზაცია/ბუნება გვერდით. მათ ცნობიერებაში სწორედ ქალი იყო დაკავშირებული ბუნებისთვის დამახასიათებელ იმ ირაციონალურ საწყისთან, რაც აისახა კიდეთ ანტიკურ ლიტერატურაში.

აღნიშნულის საუკეთესო გამოვლინებას წარმოადგენს ესქილეს ტრილოგია „ორესტეა“. აქ ესქილე ქალის ერთდადერთ აუცილებელ და მნიშვნელოვან ფუნქციასაც კი, ბავშვის გაჩენას, უკიდურესად ამცირებს. აღნიშნულ ნაწარმოებში აპოლონმა სცადა გამართლება ორესტესისა, რომელმაც დედამისს ორმაგ დანაშაულში, ქმრის მკვლელობასა და საკუთარი შვილების დაობლებაში სდებდა ბრალს;

„იგი, რომელსაც დედად ხმობენ, სულაც არ გახლავთ,

შვილის გამჩენი, მამრის თესლსა აღვივებს მხოლოდ,

ნაყოფს შობს კაცი, ხოლო ქალი, ვით მასპინძელი,

ინახავს სტუმრის მოპოვებულ ძვირფას საჩუქარს.“


ასევე, საყურადღებოა ბერძენთა აზრი იმის შესახებ, რომ ქალებს, როგორც არასრულყოფილ ქმნილებებს, არსებობის შესანარჩუნებლად დასჭირდებოდათ გარკვეული მანკიერი თვისებები. მათი აზრით, ქალს მხოლოდ მოტყუებით, თუ მოწამვლით შეეძლო მტრის დამარცხება, რაც, ასევე, აისახა მათ ლიტერატურაში;

მაგ. ესქილეს „მავედრებელ ქალებში“ ქალები პირველსავე ღამს ხოცავენ ქმრებს. ან თუნდაც ევრიპიდეს „მედეა“ გავიხსენოთ, რომელშიც მედეას სულიერ-ხორციელი აღმაფრენის ძლიერმა ძალამ ყოველგვარ ღირებულებას გადააჭარბა და ცნიერად გაუსწორდა იასონს.

მაშასადამე, შესაძლოა ითქვას, რომ ბერძნებმა ქალის ყველა ასპექტში მამაკაცზე დაბალ საფეხურზე დაყენებით შეძლებს ქალის უარყოფითი სახის შექმნა; თვით ქალის ერთი ბრძნული ფრაზაც ხომ გასაოცარი იყო, როგორც ამას ქსენოფონი „სიმპოსიონში“ აღნიშნავს.

მიუხედავად ყველაფერისა, აღსანიშნავია ისიც, რომ მე-5 საუკუნის ბოლო ათწლეულში ქალისადმი დამოკიდებულების საკითხში კარდინალური ცვლილებები იკვეთება. იმდენადაც კი იცვლება ქალისადმი დამოკიდებულება, უკვე ვხვდებით ქალებს, რომლებიც სხვადასხვაგვარ საზოგადოებრივ ნაგებობებებს აშენებენ და ასევე ქალებს, რომლებიც უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებსაც კი იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ „ჰიპოლიტოსში” ტრაგედიაში არც ერთი მხარე არ იცავს კულტურის ინსტიტუტის - ამ შემთხვევაში ქორწინების - ნორმებსა და ღირებულებებს. ფედრა პოტენციური მოღალატეა მეუღლისა და, შესაბამისად, ქორწინების. მის პიროვნებაში საზოგადოების გაგრძელებისთვის აუცილებელი ეროსი ჭარბადაა წარმოდგენილი. ჰიპოლიტოსი საერთოდ ქორწინების ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოდის. ფედრას ზღვარგადაცილებული სექსუალობის საპირისპიროდ თავისი საქციელით იგი ასექსუალობის, სტერილურობის კრედოს ამტკიცებს. ამასთან, ჰიპოლიტოსი ქორწინების და ქალის გარეშე შთამომავლობის წარმოქმნაზე ოცნებობს. იგი არა მარტო უარს ამბობს კულტურის ამ ერთ კერძო ინსტიტუტზე, არამედ უფრო შორსაც მიდის. ჰიპოლიტოსი თვით ცივილიზაციასთან - დასახლებულ პოლისთან - კავშირს უარყოფს და ბუნების ველურ წიაღსა და ნადირობაში ეძიებს თავშესაფარს. ამდენად, ამ ტრაგედიაში ორივე მხარე უარყოფს კულტურას, ისინი სრულიად განსხვავებულად ველურ და ირაციონალურ ძალებთან ამყარებენ მიმართებას.

ევრიპიდეს „ბაკქი ქალებიც“ ამ ოპოზიციის საინტერესო ანარეკლად წარმოგვიდგება. ქალები ამ ტრაგედიაში კულტურის, ცივილიზაციის, პოლისის წინააღმდეგ მოქმედებენ.

მაშასადამე, მოკლედ მიმოვიხილე ანტიკურ სამყაროში არსებული მიზოგინია და ხაზი გავუსვი საკუთარ დამოკიდებულებასაც.


გამოყენებული ლიტერატურა

ნ. ტონია, ქ. ნადარეიშვილი - პენელოპე ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები, ლოგოსი, თბილისი 2003

ქ. ნადარეიშვილი - ქალი კლასიკურ ათენსა და ბერძნულ ტრაგედიაში

ე. შაფაქი - სიყვარულის ორმოცი წესი

რ. გორდეზიანი - ბერძნული ლიტერატურა, 1988

ულისე


0
100
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ რაქვიაშვილი
მარიამ რაქვიაშვილი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0