x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508583
ბიპოლარული აშლილობა - ნიშნების, სიმპტომების განხილვა და მკურნალობის გზები
image

ცხოვრებისეულ სიძნელეებთან გამკლავებისას ყოველი ადამიანი განიცდის გუნება-განწყობილების ცვალდებადობას დადებითიდან უარყოფითისაკენ და პირიქით. ასეთი ადამიანებისაგან გასხვავებით, ბიპოლარული აშლილობის მქონე ინდივიდები გუნება-განწყობის ასეთი ცვალებადობით მთელი ცხოვრების განმავლობაში ხასიათდებიან და ეს მუდმივი ციკლი „კარგ“ და „ცუდ“ გუნება-განწყობას შორის მათ ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის.

ბიპოლარული აშლილობა, მანიური დეპრესია, ბიპოლარულ-აფექტური აშლილობა, სამივე ტერმინი ერთი და იმავე მდგომარეობას აღწერს, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს აღენიშნება. ბიპოლარული აშლილობის კლასიკური სიმპტომებია განწყობის პერიოდული ცვალებადობა, რომელიც მერყეობს უკიდურესად ამაღლებულ გუნება-განწყობასა (მანია ან ჰიპომანია) და დეპრესიის პერიოდებს შორის. მანიური სტადიის დროს დამახასიათებელია ენერგიულობა, უსაზღვრო ბედნიერების განცდა და დაუდევარი, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. ხოლო დეპრესიის სტადიის დროს, დამახასიათებელია უიმედობის განცდა, ტირილის უცაბედი სურვილი და ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულება ცხოვრების და საკუთარი თავის მიმართ. ამ დროს ხშირია ჰიპომანია -მანიის უფრო ნაკლებადგავრცელებული ფორმა. ამ დროს გუნება-განწყობა აწეულია, მაგრამ მანიასთან შედარებით უფრო მსუბუქად და მდგრადად, რაც კარგად ყოფნის განცდასა და ამაღლებულ პროდუქტულობაში გამოიხატება.

ბიპოლარული აშლილობის გავრცელების სქესთაშორისი მაჩვენებელი თანაბარია, ეს აშლილობა თანაბრად გვხვდება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ძირითადად სიმპტომები თავს იჩენს 25 წლის ასაკისათვის. არსებობს ბიპოლარული აშლილობის სხვადასხვა ფორმა. ყველაზე ხშირად გვხვდება ბიპოლარული I და ბიპოლარული II აშლილობები, ასევე ციკლოთიმიური აშლილობა.


ბიპოლარული I აშლილობა განისაზღვრება მინიმუმ ერთი მანიური ეპიზოდის გამოვლენით, რომელსაც მოჰყვება ჰიპომანიური ან დიდი დეპრესიული ეპიზოდი. მანიური ეპიზოდები შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს, რომ ის მნიშვნელოვნად უშლის ხელს ინდივიდს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხშირად ფსიქოზსაც იწვევს. ბიპოლარული II აშლილობის შემთხვევაში ადგილი აქვს მინიმუმ ერთ დიდ დეპრესიულ ეპიზოდს, რომელიც გრძელდება მინიმუმ ორი კვირა და მოსდევს ჰიპომანიური ეპიზოდი. ამ დროს მანიური ეპიზოდი არ ფიქსირდება. ციკლოთიმიური აშლილობა ხასიათდება მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ჰიპომანიური და დეპრესიული სიმპტომების მუდმივი მონაცვლეობით.

გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ბიპოლარული აშლილობის სხვადასხვა სტადია, ამ აშლილობის ნიშნები და სიმპტომები განსხვავებულად გვხვდება ინდივიდთაშორის. DSM-5-ის მიხედვით, მანიაკალური ეპიზოდი ხასიათდება პათოლოგიურად ამაღლებული, ექსპანსიური და გაღიზიანებული გუნება-განწყობილება, რომელიც გრძელდება მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. მანიური ეპიზოდის ყველაზე გავრცელებული სიმპოტომებია:

  • გადაჭარბებულად მხიარული, ბედნიერი და ენერგიული გუნება-განწყობილება.
  • უკიდურესი გაღიზიანებადობის შეგრძნება
  • უკიდურესად სწრაფი მეტყველება
  • იდეათა ხტომა და აზრების მოზღვავების სუბიექტური შეგრძნება
  • მოუსვენრობა
  • ყურადღების ადვილად გადანაცვლებადობა
  • ძილის დაქვეითებული მოთხოვნილება
  • დაღლილობის შეგრძნების დაქვეითება
  • გადაჭარბებული თვითშეფასება, შეგრძნება რომ ყველაფერი შეგიძლია.
  • გაზრდილი მიზანმიმართული აქტივობა
  • რეალობისგან გამიჯვნა - ფსიქოზის დროს შესაძლოა გამოვლინდებს ბოდვა და ჰალუცინაცია.
მანიური ეპიზოდის ქცევითი გამოვლინება იმდენად მძიმეა, რომ შეუძლია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი გაუარესება სამსახურეობრივ საქმიანობაში, სოციალურ აქტივობასა და ურთიერთობაში. ასევე შესაძლოა საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული თვითდაზიანება ან სხვებისთვის ზიანის მიყენება.

დეპრესიული ეპიზოდისათვის დამახასიათენელი სიმპტომებია:

  • დაქვეითებული გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში, უიმედობის, სევდის და სიცარიელის შეგრძნება
  • ინტერესების შეზღუდვა და სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება (ანჰედონია)
  • წონის მნიშვნელოვანი კლება ან მომატება
  • ძილის დარღვევები - ინსომნია ან ჰიპერსომნია
  • მოუსვენრობა ან შენელებული მოტორული აქტივობა
  • სუიციდური აზრები, მათ შორის დაგეგმვა და მცდელობა
  • ბრალეულობისა და არასრულფასოვნების შეგრძნება
  • ყურადღების დეფიციტი
  • გადაწყვეტილების მიღების უუნარობა
  • ენერგიის ნაკლებობა
  • ფსიქოზი - ბოდვა და ჰალუცინაცია
  • შფოთვა
  • უკონტროლო ტირილი

მკურნალობის გზები

ფსიქოთერაპია და მედიკამენტები ბიპოლარული აშლილობის ყველაზე გავრცელებული და გამოცდილი გზებია. ყველაზე გავრცელებული მედიკამენტები ამ აშლილობის სამკურნალოდ მოიცავს გუნება-განწყობის სტაბილიზატორებსა და ანტიდეპრესანტებს. ლითიუმი არის ყველაზე გავრცელებული და ეფექტური გუნება-განწყობის სტაბილიზატორი, რომელიც გამოიყენება ბიპოლარული აშლილობების დროს. ხოლო რაც შეეხება ფსიქოთერაპიას, ყველაზე ხშირად მიმართავენ კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას, რომელიც მუშაობს ნეგატიური აზრების და ქცევების შემცირებაზე. ოჯახზე ორიეტირებული თერაპია მოიცავს პაციენტის ოჯახის წევრებსაც და მიმართულია ეფექეტური გამკლავებისა და პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების სწავლებაზე. ფსიქოგანათლება აქტიურად გამოიყენება, რათა ბიპოლარული აშლილობის მქონე ინდივიდებმა ისწავლონ დიაგნოზის მართვა და მასთან ერთად ცხოვრება. ინტერპერსონალური და სოციალური რიტმის თერაპია ასევე გამოიყენება ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზისას. თერაპიის ეს სახე გულისხმობს ყოველდღიური რიტმების - ძილის, ღვიძილისა და საკვების რიტმების სტაბილიზაციას, რომელიც ემსახურება თანმიმდევრული რუტინის დანერგვას, რაც თავის მხრივ, გუნება-განწყობის უკეთესს მართვას ისახავს მიზნად.


0
92
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0