x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
11 წელი სამაჩაბლოს გარეშე

ქეთი გაბინაშვილი

11 წელი გავიდა. საქართველოს გულში შემოაღწია მტერმა და თრომბივით გაიჭედა. სუნთქვა ჭირს. ნახევარკაცს დამსგავსებია ქვეყანა. ათასობით ადამიანი ასანთისკოლოფების დასახლებებში ცხოვრობს. ცხოვრობს მოლოდინით, რომ დაბრუნდება. იბადებიან თაობები, სულაც რომ არ იციან, რა დაკარგეს. იზრებიან ომში დაღუპული გმირების შვილები, ცხოვრებას უძლებენ შვილმკვდარი დედები.... ვნახეთ ომი. ის ტყვიები, საქართველოს გულში რომ უმიზნებდნენ, ჩვენ არ მოგვხვედრია, მაგრამ მაინც წაიყოლა წლებიცა და სისხლიც, თითქოს რაღაც ახალი დაიწყო, ახალი ცხოვრება, ხსოვნით, თბილისიდან 60 კილომეტრში აფრიალებული რუსული დროშით, დაკარგული ტერიტორიებით, ნაწამები ადამიანებით, მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი საფლავებით....

მიუხედავად ამისა, 11 წლის შემდეგ, საფრთხილო ხდება, თქვა „რუსეთი ოკუპანტია“, შეთხვევით ვინმემ ყოფილი მმართველი გუნდის წევრად არ შეგრაცხოს. „რუსეთი მტერიას“ ხშირად მოსდევს კონტრარგუმენტები, რომ ომის გამომწვევი იმ დროინდელი ხელისუფლება იყო და მთელი რიგი ჩამონათვალი: ვინ ვის „ლილიპუტინი“ უწოდა, ვინ სად და რატომ აღმართა ქართული დროში, რომელმა მინისტრამ გადარიცხა საზღვარგარეთის ბანკში ფული, რომელმა დეპუტატებმა შვილებს თვითმფრინავის ბილეთი უყიდა, ვინ სავარძელი შეინარჩუნა, ვინ დევნილებისათვის გამოყოფილი მილიონები „შეჭამა“. და თუნდაც ასე იყოს, ეს არ ცვლის მთავარს: რუსეთი მტერია!! რუსეთი ოკუპანტია!!! რუსული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, დახოცეს ქართველი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, გადაწვეს სოფლები, დაანგრიეს სახლები, მოაწყეს ეთნიკური წმენდა, წაგვართვეს ტერიტორიები... ნებისმიერი ძალა, რომელიც ეცდება, რუსეთს მტრის სტატუსი მოხსნას, ცდილობს დაგვავიწყოს, ცდილობს უარი გვათქმევინოს საკუთარ მიწაზე. (ეს თუ უძღვოდა წინ ტაო-კლარჯეთის ანექსიასაც, როცა ჩვენ თურქეთს მტრის ნაცვლად მეგობარი ვუწოდეთ! )

რაც შეეხება ქართველი პოლიტიკოსების დანაშაულებრივ ქმედებებს აგვისტოს ომში, ამ საკითხით მუდმივად კი არ უნდა ვაპელიერებდეთ და ვარღვევდეთ უდანაშაულობის პრეზოლუციას, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის კი არ უნდა ვიყენებდეთ საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას, სიმართლე უნდა ვიპოვნოთ. სხვა, უფრო განვითარებულ სახელმწიფოში, გამოძიება ჩატარდებოდა და დამნაშავეები (თუ ასეთები არსებობენ) დაისჯებოდნენ. მაგრამ ეს საქართველოა, აქ პოლიტიკურ ძალებს დაუსჯელობის სინდრომი აქვთ, აქ შეიძლება გეპატიოს პუტჩი, გეპატიოს სახელმწიფოს გაქურდვა, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, ადამიანის მკვლელობაც შეიძლება შეგრჩეს, თამამად შეიძლება გაათეთრო ფული, გააყალბო საბუთები, გაყიდო მიწები.... ეს საქართველოა, სადაც კანონზე მაღლა ნაცნობ-მეგობრები დგანან, რომელთა დანაშაულზე თვალის დახუჭვა „კაცობად“ მიიჩნევა.... ეს საქართველოა -სადაც ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რუსული „ბორშჩი და ნაშები“ რომ ენატრებათ, მერე რა თუ საქართველოს მიწაზე ცისფერჩაფხუტიანები დგანან! და ალბათ, ვერასდროს დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, სანამ ასეთები იქნებიან (მით უფრო კაბინეტებში), სანამ არ გვეტკინება სხვების გაგლეჯილი მკერდები, სხვის შვილებს არ დავიტირებთ, სხვის მიწასთან გასწორებულ სახლებს არ ვიგლოვებთ, სანამ არ მივხვდებით, რომ ეს ჩვენი ომი იყო, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები (განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა მიკუთვნებულებისა) ნებისმიერი მოქალაქის ომი, ჩვენ ყველა დაგვჭრეს 11 წლის წინ, ჩვენ ყველას, უკლებლივ ყველას გვბომბავდა რუსეთი!


#რუსეთიოკუპანტია!

ქეთი გაბინაშვილი

1
59
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
59
  
2019, 15 აგვისტო, 1:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1