x
არისტოტელეს, ჰორაციუსისა და ბუალოს ხელოვნების თეორიათა ანალიზი

დიდი ბერძენი ფილოსოფოსი-არისტოტელე(ძვ.წ.384-322), ჰორაციუსი - რომაელი
პოეტი(ძვ.წ.65-8) და ფრანგი პოეტი, კლასიციზმის თეორეტიკოსი ნიკოლა ბუალო დეპრეო (
XVII ს.) მიუხედავად იმისა, რომ სამ განსხვავებულ ეპოქას მიეკუთვნებიან, მათ შორის
შეინიშნება იდეური შინაარსის მემკვიდრეობა. ეს სამი დიდი მოაზროვნე ერთი
სახელწოდების ტრაქტატს ქმნის: არისტოტელეს „პოეტიკა“, ჰორაციუსის „პოეტიკა ანუ
მიმართვა პიზონებისადმი“ და ბუალოს „პოეტიკა“ . საინტერესოა ამ სამი „პოეტიკის“
შედარებით – ისტორიული ანალიზი.



ცნობილია, პოეზიის და ზოგადად, ხელოვნების რამდენად მნიშვნელოვან და საკვანძო
საკითხებს განიხილავს არისტოტელე თავის ტრაქტატში, რომელიც დღემდე
სახელმძღვანელოა ჩვენთვის. თუკი პლატონისთვის რეალობა იდეათა სამყაროში
იყო, არისტოტელესთვის ის ფიზიკურ, მატერიალურ სამყაროშია.იზიარებდა პლატონის
აზრს, რომ პოეზია ბაძვაა, თუმცა ამას უარყოფითად არ მოიაზრებდა, მიბაძვის ნიჭს
აფასებდა.მეტიც, პოეტის ღირსებას მიაწერდა. არისტოტელე მიბაძვის ცნებას არ უარყოფს,
თუმცა მისი აზრით, პოეტები სწორედ რეალურს ბაძავენ, რომ შექმნან ახალი, პოტენციური
რეალობა. არისტოტელემ ერთმანეთისგან გამიჯნა რეალობა და რეალისტურობა, პოეტი
ბაძავს რეალობას, თუმცა მისი მიზანი სულაც არ არის რეალისტური სურათის შექმნა.
არისტოტელეს „პოეტიკის“ შინაარსი მოკლედ ასე შეიძლება იქნეს წარმოგდენილი:
ხელოვნება არ არის ფილოსოფიის ანტაგონისტი, პირიქით, თავისი ბუნებით ხელოვნება
ენათესავება ფილოსოფიას, ვინაიდან იგი არც ცნებებს აბნელებს და არც ზნეობას რყვნის.
ხელოვნების ამგვარ გაგებას ორი მყარი საყრდენი აქვს – „მიმეზისის“ („ბაძვის“) და
„კათრზისის“ („განწმენდის“) ცნებები. ეს ორი ცნება შეადგენს პოეტიკის დედაბოძს. „ბაძვის“
ცნება გამოყენებული ჰქონდა უკვე პლატონს, როგორც ხელოვნების არსებითი ნიშანი. მაგრამ
არისტოტელემ გადაამუშავა „ბაძვის“ თეორია და აღმოაჩინა, რომ „ბაძვა“, როგორც
შემოქმედებითი პროცესი, არის „ტიპიზაცია“. რაც შეეხება „განწმენდის“ ცნებას, პლატონი
ხმარობს ტერმინს „კათარზისი“, ეთიკური მნიშვნელობით.არისტოტელემ კი ამ ცნებას
ესთეტიკური მნიშვნელობა მისცა და დაუკავშირა „ბაძვის“ ცნებას, რათა ეჩვენებინა, რომ
„კათარზისი“, რომელიც ხორციელდება ხელოვნებაში, ხელოვნების შინაგანი ბუნების
შედეგია. გამოყოფს, რომ პოეტის მიზანი არ არის ისტორიული ფაქტების აღწერა, მისი
მიზანია ალბათობის გადმოცემა, რა მოხდებოდა, ან რა შეიძლება მომხდარიყო. ამით
განსხვავდება ისტორია და ლიტერატურა.პოეტური ბაძვის პროცესი არ არის რეალობის
მექანიკური კოპირება, ის – მისი შემოქმედებითი გარდასახვაა.არისტოტელეს აზრით,
პოეზია დიქოტომიას ეფუძვნება, ამ შემთხვევაში კი ასეთი
სახით: რეალური/შემოქმედებითი, სადაც რეალური – მატერიალურის
სინონიმია, შემოქმედებითი – პოეტის მიერ შემოქმედებითად გარდასახული
რეალობის. „პოეტიკის“ მიხედვით, პოეტის მიერ შექმნილი სამყარო ჰორიზონტია,
რეალურსა და ფანტაზიას შორის.განიხილავს ბერძნულ ტრაგედიას და მის ბუნებას. არისტოტელემ ტრაგედია უმაღლეს მიბაძვად განიხილა, სადაც ყველაფერი მწყობრი
მოქმედებებით გადმოიცემა, ანუ ბაძვა ხორციელდება მოქმედებით. მისი აზრით, ტრაგედია
არის მნიშვნელოვანი და დასრულებული მოქმედების მიბაძვა, რომელსაც აქვს
განსაზღვრული მოცულობა. აქ ჩანს “სამთა ერთიანობის’’ იმ პრინციპის ჩანასახი, რომელიც
წამოაყენა ფრანგულმა კლასიციზმმა. მაგრამ სამი ერთიანობიდან – დროის, ადგილის და
მოქმედების – არისტოტელეს გათვალისწინებული აქვს მხოლოდ მოქმედების ერთიანობა.



image





ჰორაციუსის „პოეტური ხელოვნება“ თავისი ხასიათით განსხვავდება არისტოტელეს
„პოეტიკისგან“.

არისტოტელეს თხზულება ფილოსოფიურ – თეორიული გამოკვლევაა, ჰორაციუსის
ნაწარმოები კი, ღრმა ფილოსოფიურ საფუძველს არ ეყრდნობა. მას უფრო მეტად პრაქტიკული
დანიშნულება აქვს და ამიტომ იგი ნორმატიულ ტრაქტატს წარმოადგენს. ჰორაციუსი
რომაული ანტიკურობის პოზიციიდან იძლევა პოეტურ ხელოვნებასთან დაკავშირებულ
ნორმატიული ხასიათის წესებს და ლიტერატურულ პროგრამას. ტრაქტატში თემატიკა
შემდეგნაირადაა განლაგებული: პოეზია საერთოდ, პოეტური თხზულება, პოეტი –
შემოქმედი. ძირითადი თეორიული საკითხები, რომელთაც ჰორაციუსი თავის ტრაქტატში
აყენებს, შემდეგია: როგორი უნდა იყოს პოეტური თხზულება, რით უნდა იყოს აღჭურვილი
პოეტი და რა მოეთხოვება მას, რა დოზით შეიძლება წინამორბედთა ნაღვაწის გამოყენება.
“საქმე ისაა, რასაც ქმნი, იყოს მარტივი და მთლიანი! ‘’_ წერს პოეტი.


ამ ეპისტოლეს ადრესატების ვინაობა ნათელია არაა, თუმცა ერთ-ერთი კომენტატორი ასახელებს ძვ.წ. 15 წელს კონსულად მყოფ ლუციუს პიზონს და მის 2 ვაჟს, ასე თუ ისე, მათ მჭიდრო კავშირი ჰქონდათ მწერლობასთან.

ჰორაციუსი ვერ იძლევა ტრაგედიის ისეთ ანალიზს, როგორსაც არისტოტელე გვთავაზობს.
იგი არც „კათარზისის“ საკითხს ეხება, მაგრამ აყალიბებს დრამის ნორმატიულ პოეტიკას. მისი
აზრით, დრამატულ თხზულებაში მტკიცედ უნდა იყოს დაცული მოქმედებათა და მოქმედ
პირთა რაოდენობა, ასევე უნდა განისაზღვროს გუნდის როლი – „თუ დრამატულ თხზულებას
მიზნად დაუსახავს მაყურებელი ჰყავდეს, იგი ხუთ მოქმედებაზე არც მეტი და არც ნაკლები
არ უნდა იყოს. მოსაუბრე პირი ოთხი არ უნდა იყოს. მეოთხე მოქმედ პირს გუნდი უნდა
შეენაცვლოს და მისი წილი ადგილი მან დაიკავოს.განსაკუთრებული ყურადღება უნდა
მიექცეს ტრაგედიის და კომედიის საშუალო ჟანრს – სატირულ დრამას. დრამის უმთავრეს
საზომად ჰორაციუსი თვლის იამბურ ტრიმეტრიას, რომელსაც არისტოტელე კომედიის
საზომად მიიჩნევდა.



image







რაც შეეხება ბუალოს, ბუალო ცდილობს მოგვცეს სინამდვილე თავისთავად აღებული,
რომელიც უნდა გახდეს ჩვენთვის ნამდვილი.
ბუალო ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია, როგორც ფრანგული კლასიციზმის
კანონმდებელი და ანტიკური იდეალების აღორძინებისათვის მზრუნველი.


ბუალოს „პოეტურ ხელოვნებას“ საფუძვლად უდევს არისტოტელესა და ჰორაციუსის
შეხედულებები პოეტური ხელოვნების შესახებ. თავის მხრივ, ჰორაციუსის „პოეტიკამაც“
განიცადა არისტოტელეს გავლენა, მაგრამ ეს გავლენა შეეხო მხოლოდ ხელოვნების
ინტეგრაციას და არა ხელოვნების კლასიფიკაციას, ანუ იგი ხელოვნების დარგებს შორის
მსგავსებას უფრო ეძებს, ვიდრე განსხვავებას.კლასიციზმის ახალი თაობა ბუალოს
მეთაურობით, ებრძოდა კლასიციზმის ფალსიფიკატორებს, თავადაზნაურულ მანჭიაობას და
პედანტების ცრუ შეხედულებებს. მათზე გამარჯვების შედეგი იყო სწორედ ანტიკური
კლასიციზმის რენესანსი, ახალი მხატვრული იდეებით და ფორმებით, რამაც ხელი შეუწყო ფრანგული ენისა და ლიტერატურის განვითარებას. ბუალოს დებულებაში გატარებულია
მკაცრი მოთხოვნა – პოეტმა შეისწავლოს სასახლე და ქალაქი. ეს იყო, მისი აზრით,
ხელოვნების თემატიკური საგანი.


ბუალო თავს თვლიდა ჰორაციუსის და იუვენალისის შემცვლელად, ამავე დროს, იგი
ავითარებდა ფრანგული რაციონალიზმის იდეებს დეკარტეს ფილოსოფიის ნიშნით. მისი
„პოეტური ხელოვნება“, ერთის მხრივ, ამ იდეების, მეორეს მხრივ, ჰორაციუსის „პოეტიკის“ და
არისტოტელეს კათარზისის თეორიის სინთეზს წარმოადგენს. ბუალოს „პოეტური
ხელოვნება“ არაა მარტო კლასიცისტური პოეზიის თეორია. მასში მოცემულია ის ელემენტები,
რომლებიც საზოგადოდ პოეზიის სახელმძღვანელო დებულებას წარმოადგენენ, ასეთია:
ლექსის სიფაქიზე, ფრაზის ჩამოქნილობა და სიზუსტე, რითმის ჰარმონიულობა, შინაარსისა
და ფორმის შესაბამისობა, დრამაში ფაბულის წესიერი და ზომიერი განვითარება. ბუალოს
ტრაქტატი არა მარტო პოეზიის თეორიაა, არამედ ის თავადაა პოეტური
ნაწარმოები.არისტოტელეს და ჰორაციუსის „პოეტიკების“ დებულებების საფუძველზე
ბუალო განიხილავს ეპიკურ პოეზიას და კომედიას.ბუალოს ტრაგედიის ჩონჩხად სამი
პრინციპის ერთიანობა მიაჩნია. დროისა და ადგილის ერთიანობა დამოკიდებულია
მოქმედების ერთიანობაზე. ტრაგედია უნდა აღვიძებდეს მაყურებელში საშიშროებას და
შებრალებას. არისტოტელე ამბობს, რომ ტრაგედია შიშისა და თანაგრძნობის მეოხებით
ასუფთავებს ამავე გვარის განცდებს. იმისთვის, რომ „ამაქვითინოთ, თვითონ უნდა
სტიროდეთ“. ბუალო მოითხოვს პიესაში შინაარსობრივ წესრიგს – ე.ი. პიესის
სიმეტრიულობას და ჰარმონიას.



ბუალო სწორად განსაზღვრავს კლასიკურ დრამას. იგი სასტიკად აფრთხილებს ფრანგ
ავტორებს, ანტიკური სიუჟეტების და გმირების დახატვისას არ მისცენ მათ ფრანგული სული
და ფორმა. აქილევსს, აგამენონს უნდა შერჩეთ ის სული და ხასიათი, როგორიც ანტიკურ
სინამდვილეში ჰქონდათ. მაგრამ ეს პირობა არაა საკმარისი დრამატურგიისათვის, აქ საჭიროა
განცდების ოსტატურად გადმოცემა. სცენაზე საჭიროა ფსიქიკური განცდების ზუსტად და
დამაჯაერებლად გადმოცემა. აუცილებელია მუსიკა მოსდევდეს განცდებს და მოქმედების
სვლას.

ეს დებულებები საფუძვლად დაედო არა მარტო XVII საუკუნის დრამას, არამედ იგი უფრო
გვიან გამოიყენეს რომანტიკოსებმაც.





image

ეპიკურ პოეზიაზე საუბრისას ხოტბას ასხამს ანტიკურ კლასიკოსებს.კომედიის წარმოშობა –
განვითარების მოკლე განხილვის შემდეგ, ბუალო მიმართავს პოეტებს რჩევით: კომედიის
ტიპი უნდა იყოს განზოგადებული. მწერალმა ძუნწის ან პატიოსნის ტიპი რომ მოგვცეს,
ამისთვის საჭიროა, ის ჩასწვდეს ადამიანის გულის საიდუმლოს. სწორედ ამიტომ
წარმოადგენს მისთვის აუცილებელ საჭიროებას სასახლის და ქალაქის შესწავლა. კომედიის
ფაბულა უნდა იყოს სახუმარო, მაგრამ ხუმრობა უნდა იყოს კეთილშობილი, „რათა მისი
კვანძები იხსნებოდეს ადვილად“. ყოველი სიტყვა უნდა იყოს ენამახვილობით შემკობილი.
კომედიაში არ შეიძლება ტრაგედიის ელემენტების შეტანა.ბუალო ასწავლის ეპიკოსებს, ამბის
მოყოლაში იყვნენ სიტყვაძუნწნი, მაგრამ უხვნი და მდიდარნი – აღწერაში. მწერალი ჯერ
ცოტას უნდა დაგვპირდეს, რომ ბევრი მოგვცესო. იგივეს ამბობს ჰორაციუსიც.ბუალო,
მართალია, ავითარებს რაციონალიზმის იდეას, აღიარებს გონების კულტს, მაგრამ არანაკლებ
მნიშვნელობას ანიჭებს, ბუნებრივ პოეტურ ნიჭს, ურომლისოდაც მას ჭეშმარიტი პოეზია ვერ
წარმოუდგენია. ეს აზრი ჯერ კიდევ არისტოტელეს აქვს გამოთქმული თავის „პოეტიკაში“:
„პოეტური შემოქმედება არის ან ბუნებისგან კარგად დაჯილდოებული კაცის საქმე, ან
გადარეულის’’. ბუალო პეოზიაში არჩევს ნიჭიერების სამ ხარისხს. მისი აზრით, არსებობს
სუსტი, საშუალო და კარგი პოეტი. თუ პოეტს ნიჭი ხელს არ უწყობს და კარგ ლექსებს ვერ
წერს, უმჯობესია, თავი დაანებოს პოეტობას. ბუალოს „პოეტური ხელოვნების“ მეოთხე
სიმღერა, რომელშიც განხილულია პოეტის ნიჭის რაობა და კლასიფიკაცია, განსაკუთრებით
განიცდის ჰორაციუსის გავლენას. საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბუალოს ეს ტრაქტატი
მთლიანად ჰორაციუსის გავლენით არის დაწერილი, მაგრამ ნაწარმოების ამ ნაწილში, ბუალო
თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს მის აზრს. ჰორაციუსის მსგავსად, ბუალოც მოითხოვს,
რომ პოეტმა ნაწარმოები აუცილებლად წააკითხოს მცოდნე პირს და კრიტიკაც მიიღოს.
ჭეშმარიტი პოეზიის ამოცანაა, ერთდროულად იყოს გასართობიც და სასარგებლოც. იგივეს
ამბობს ჰორაციუსიც.





ამრიგად, არისტოტელეს (IV ს. ძვ. წ.), ჰორაციუსის (I ს. ძვ. წ.) და ბუალოს (XVII ს.)
ნაწარმოებების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ თეორიულ ტრაქტატებს მხატვრულ –
შემოქმედებითი პროცესის თავისებურებათა შესახებ, შემთხვევით არ ეწოდათ ერთი სახელი
„პოეტიკა“. მათ შორის შეინიშნება ის სააზროვნო მემკვიდრეობითი ხაზი, რომელსაც
საუკუნეების დაშორიშორება ვერ არღვევს. ხელოვნების, როგორც აზრისა და გრძნობების
ერთიანობის შედეგის, მთელი არისტოტელესეული გააზრება მემკვიდრეობით გადადის
ჰორაციუსის შეხედულებებში, იქედან კი, ბუალოს ნააზრევში.


თათია ბუღათრიშვილი, თსუ-ს მე-3 კურსის სტუდენტი

0
438
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0