x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველი რომი – როგორ გახდა სოფლის ტიპის დასახლება «ნახევარი მსოფლიო»

2 ათასი წლის წინ, რომი ნახევარი მსოფლიო იყო, ხოლო მანამდე, კიდევ ათასი წლის წინ, – ლათინოსების სოფლის ტიპის დასახლება, ლაციოში (რეგიონი იტალიის დას. ნაწილში), მდ. ტიბრის სანაპიროზე.


image


რომი, ძვ. წ. აღრ. VIII ს-ში, პალატინის ბორცვზე, ტყუპმა ძმამ – რომულუსმა და რემუსმა დაარსეს. მოგვიანებით, ძმებმა იჩხუბეს, რომულუსმა რემუსი მოკლა და რომის 7 მეფედან, პირველი მეფე (ძვ. წ. აღრ. 753–715 წწ.) გახდა.

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილზე, ქალაქის გაჩენამდე, პატარ-პატარა დასახლების პუნქტები იყო, რომლებშიც საგვარეულო ტომები ცხოვრობდნენ. რომულუსმა 30-მდე ასეთი დასახლება გააერთიანა (დაახლოებით, 300 გვარი) და ფედერაციას რომი დაარქვა (რომულუსი ლათინურიდან თარგმანში – «რომაულს» ნიშნავს). რომის ტერიტორიების გაზრდა კი, მეზობელი ტომების ხარჯზე ხდებოდა, რომლებსაც მეფე იპყრობდა. სამეფო გვარდიაში მხოლოდ 300 მეომრი (celeres) მსახურობდა. თუმცა, ქალაქის საზღვრების გასაფართოვებლად, ესეც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ქალაქი იზრდებოდა, მაგრამ რომულუსის ტირანული ზნე საგვარეულოების უხუცესებს არ მოსწონდათ და ის მოკლეს.


image


რომის მეორე მეფე ნუმა პომპილუსი (ძვ. წ. აღრ. 715–673 წწ.) რომულუსის საწინაღმდეგო, – მშვიდობის მოყვარე პიროვნება იყო. მან დაითხოვა გვარდია, რომელსაც პირველი ფეფე აღმერთებდა, დააწესა ღმერთების კულტები და შექმნა ხელოსნების და ქურუმების კოლეგიები. მანვე დააწესა სავაჭრო დღეები, – ნუნდინები, რომლის დროსაც, დიდი ბაზრობები იმართებოდა.

რომის II მეფის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე ტულუს ჰოსტილიუსი ავიდა (ძვ. წ. აღრ. 673–641 წწ.). ის დიდად არ განსხვავდებოდა რომულუსისგან – მეზობლებს არბევდა, მოსახლეობას კი რომში «ერეკებოდა» და მასაც რომის I მეფის ბედი ეწია.

IV მეფე, ანკუს მარციუსი (ძვ. წ. აღრ. 641–616 წწ.), წარმატებული მეომარი და მთავარსარდალი იყო და მისი მეფობის პერიოდში რომის საზღვრები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ მან ააშენა პირველი ხიდი მდ. ტიბრზე და მდინარის შესართავთან, პირველი რომაული კოლონია – ოსტია, დაარსა.

რომის შემდეგი მეფე, ლუციუს პრისკუს ტარკვინიუსი (Priscus, ძვ. წ. აღრ. 616–578 წწ.) წარმოშობით ეტრუსკი იყო და სახელი სამშენებლო მოღვაწეობით გაითქვა. მის დროს დაიწყო რომის ფორუმის მშენებლობა, აიგო ტაძრები, დააშრეს ჭაობები და გაიყვანეს კანალიზაციის სისტემა, კაპიტოლიუმის ბორცვზე, იუპიტერის ტაძრის ასაშენებლად, მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო (მეფის გრანდიოზული ჩანაფიქრის მისმა შვილიშვილმა განახორციელა).

ტარკვინიუსის შემდეგ, ტახტზე მისი სიძე სერვიუს ტულიუსი (ძვ. წ. აღრ. 578–534 წწ.) ავიდა. ის მეფის შვილობილი იყო და მისგან ბევრი რამ ისწავლა. მისი მმართველობის დროს, რომის ფართობი კიდევ უფრო გაიზარდა (ძირითადად, ეტრუსკული ქალაქების ხარჯზე) და სახელმწიფოს მართვისთვის მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.

და ბოლოს, რომის უკანასკნელი მეფე, სერვიუსის სიძე – ლუციუს სუპერბუს ტარკვინიუსი ამაყი (Superbus, ძვ. წ. აღრ. 534–510 წწ.) იყო, რომელიც ტახტზე სიმამრის მკვლელობის შემდეგ ავიდა. ის გაუმაძღარი ადამიანი იყო, გამუდმებით დაპყრობით ომებს აწარმოებდა, ხოლო ქვეყნის შიგნით, ტირანია დაამკვიდრა. იმას აკეთებდა, რაც მოესურვებოდა და ხმის ამომღები არავინ იყო. მაგრამ, როგორც ამბობენ, ადრე, თუ გვიან, ყველაფერი სრულდება... რომაელებმა ვეღარ აიტანეს მეფის უზნეო საქციელი და ქალაქიდან განდევნეს. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ის რომში ვეღარ დაბრუნდა.

ძვ. წ. აღრ. 509 წ. რომაელებმა მონარქია დაამხეს და რესპუბლიკური (ლათ. res publica – «საერთო მონაპოვარი») მართვის ფორმა დაამკვიდრეს. ქვეყანაში არჩევნები ყოველწლიურად ტარდებოდა და მოქალაქეები ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებაში საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევდნენ. ქვეყანას სენატი მართავდა.


image


რომში რესპუბლიკური მმართველობის ეპოქა საკმაოდ ხანგრძლივი იყო (ძვ. წ. აღრ. 510–30 წწ.). ამიტომ ისტორიკოსებმა ის, 2 ნაწილად გაყვეს: ადრეული რომის რესპუბლიკა (ძვ. წ. აღრ. 509-265 წწ.) და გვიანდელი რომის რესპუბლიკა (ძვ. წ. აღრ. 264-27 წწ.).

ძვ. წ. აღრ. III ს. I ნახევარში რომმა აპენინის ნახევარკუნძული მთლიანად დაიპყრო და იტალიის სრულფასოვანი მფლობელი გახდა. იმ დროს ქვეყანას 2 კონსული მართავდა პატრიციების კასტიდან. ასეთი მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა და პლებეებმა ამბოხება მოაწყეს. ისინი ისეთივე უფლებებს ითხოვდნენ, რაც პატრიციებს ჰქონდათ.

ძველ რომში პატრიციებს დაბადებიდანვე მაღალი კასტის პრივილეგიები ენიჭებოდათ, ხოლო პლებეები, მართალია, თავისუფალი ადამიანები იყვნენ, მაგრამ კანონიერი ქორწინების და იარაღის ტარების უფლებაც კი არ ჰქონდათ...

და ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. მან პლებეების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და იგივე უფლებები მიანიჭა რაც «უმაღლეს კასტას» ჰქონდა. მაგრამ, არა იმიტომ, რომ პლებეების ხილვა უნდოდა სენატში... კანონის მიხედვით, თუ ადამიანი ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობდა, მას სამხედრო ვალდებულებაც ეკისრებოდა და პლებეების ხარჯზე, მეომრების რაოდენობის გაზრდა და ქვეყნის სამხედრო გაძლიერება იქნებოდა შესაძლებელი.

და ასეც მოხდა, პატრიციების და პლებეების გათანაბრების შემდეგ, რომში სიმშვიდემ დაისადგურა და ხელისუფლებამ ისევ იმპერიის გაფართოვებაზე, უფრო სწორედ, ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობაზე დაიწყო ფიქრი.

ომი რომსა და კართაგენს შორის ძვ. წ. აღრ. 264 წ. დაიწყო და საუკუნის ბოლომდე, პერმანენტული ბრძოლების სახით გაგრძელდა. რომის არმიას, ყველა დროის, ერთ-ერთი უძლიერესი მხედართმთავარი, ჰანიბალი (ძვ. წ. აღრ. 275 – 187 წწ.) უპირისპირდებოდა. ყველაზე დიდი ბრძოლა, დაპირისპირებულ სახელმწიფოს შორის, კანეს (იტალია) მახლობლად გაიმართა და ჰანიბალის არმიის გამარჯვებით დასრულდა. კართაგენთან ომი იმდენად ხანგრძლივი იყო (თითქმის 60 წელი გრძელდებოდა), რომ სენატორი მარკუს პორციუს კატონი (უფროსი), თავის ყველა გამოსვლას, ერთი და იგივე ფრაზით: «კართაგენი უნდა დაინგრეს» (ლათ. Carthago delenda est) ამთავრებდა.

კართაგენთან ომის პარალელურად, რომი ცდილობდა რა, მტრის შესუსტებას, კართაგენის მოკავშირე ქვეყნებსაც ეომებოდა. ძვ. წ. აღრ. 146 წ. კორინთის (საბერძნეთი) ბრძოლიის შემდეგ, ალ. მაკედონელის ელინისტური იმპერია რომს შეუერთდა.

ბრძოლებში მოპოვებული უამრავი გამარჯვების მიუხედავად, ბოლოს კართაგენი მაინც დამარცხდა და რომის საკუთრებაში ჩრდ. აფრიკაც გადავიდა.

image

ძვ. წ. აღრ. III – II სს–ში რომმა ყველა მეზობელი დაამარცხა და მთელს ევროპაში უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მაგრამ, თავად რომში პოლიტიკური კრიზისი მწიფდებოდა...

შედარებითი სიმშვიდე, ყოველ შემთხვევაში, რომის ფარგლებში, რომელიც ომის პერიოდში იყო, დიდ ხანს ვეღარ გაგრძელდებოდა და რესპუბლიკაში სამოქალაქო ომი (ძვ. წ. აღრ. 49-45 წწ.) დაიწყო, რომელის მიზეზი უსამართლო ეკონომიკა და კლასებს შორის უთანაბრობა გახდა: მდიდრდები იაფად იძენდნენ სახნავ მიწებს, ხოლო სამოქალაქო ტრიბუნალი ამ მიწების გადანაწილებას მოითხოვდა. სენატმა ამ მოთხოვნას ძალა დაუპირისპირა, რამაც ათასობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.


image


დაპირისპირება გამწვავდა და ორი სახელოვანი გენერალი, გნეუს პომპეუს მაგნუსი და გაიუს იულიუს კეისარი, რომელიც წარსულში თანამოაზრე იყო, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდა. მათ შორის გადამწყვეტი ბრძლა ფარსალოსთან, თესალიაში (საბერძნეთი) ძვ. წ. აღრ. 48 წ. გაიმართა. კეისარმა თავისი ლეგიონით მდ. რუბიკონი გადალახა და ქალაქი აიღი. ხოლო, სენატმა მას დიქტატორის სტატუსი მიანიჭა. კეისარი რომს ერთპიროვნული მმართველ გახდა. მაგრამ, სენატის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც სამოქალაქო ომის შემდეგ, კეისარმა შეიწყალა (კოჰაბიტაცია გამოაცხადა), მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყეს და ძვ. წ. აღრ. 44 წლის 15 მარტს, პირდაპირ პომპეუს ბიუსტთან, მოკლეს.


image


კეისრის სიკვდილის შემდეგ, მისი ადგილი გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსმა (ძვ. წ. აღრ. 63 – 14 წწ) დაიკავა, რომელიც კეისრის ნათესავი და შვილობილი იყო.

ოქტავიანეს ძალისხმევით, ძვ. წ. აღრ. 30 წლისთვის, რესპუბლიკის ყველა მიწა, რომეიც მანამდე სუვერენული სტატუსით სარგებლობდა, ერთიან სახელმწიფოში გაერთიანდა და ძვ. წ. აღრ. 27 წელს რომის რესპუბლიკამ იმპერიის სტატუსი მიიღო. ხოლო, ოქტავიანე მისი პირველი იმპერატორი და იულიუს – კლავდიუსების დინასტიის (ძვ. წ. აღრ. 27 – ახ. წ. აღრ 68 წწ.) დამფუძნებელი იყო. ამ დინასტიის სასტიკი მმართველობის მიუხედავად, ის პერიოდი რომის ისტორიაში, ავგუსტუსტუსების სიმშვიდის (Pax Augusti) სახელით შევიდა. 100 წელზე მეტი ხნის მანძილზე, რომში არ მომხდარა სამოქალაქო ომი და დაპირისპირება. ამის მიზეზი ის იყო, რომ ოქტავიანემ ძმები გრაკქუსების (რეფორმების ავტორები ძველ რომში, ძვ. წ. აღრ. II ს.) ნაშრომები შეისწავლა და ის გაიგო, რაც შეიძლება, არც სენატორებს და არც მომავალში, მის ადგილზე მოსულ იმპერატორებს არ სცოდნოდათ: იმისთვის რომ სახელმწიფო ეფექტურად მართო, ხალხი შენს მხარეზე უნდა იყოს. უკიდურეს შემთხვევაში, შენი ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკურ ვნებათაღელვაში გარევის სურვილი რომ არ გაუჩნდეთ, მათთვის პური და სანახაობაა საჭირო.


image

imageimageimageimageimageimageimage





1
267
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
267
  
15 აგვისტო, 1:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1