x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
სხეულის ენა

image
კომუნიკაცია ინფორმაციის მიწოდებისა და მისი მნიშვნელობის გაგების პროცესს ნიშნავს. ეფექტური კომუნიკაციისთვის საწყისი და ბოლო ინფორმაცია მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს. ამისთვის მოსაუბრე უნდა შეეცადოს, რომ მის მიერ გაცემული შეტყობინება იყოს კარგად სტრუქტურირებული, აზრიანი, ლაკონური. ხოლო მსმენელი, თავის მხრივ, იყოს მაქსიმალურად ორიენტირებული მოსაუბრეზე, რათა ადექვატურად აღიქვას მიწოდებული შეტყობინება.

ვერბალური სიმბოლოები ანუ სიტყვები იდეების კოდირების ძირითადი საშუალებაა, თუმცა შეტყობინებათა გადასაცემად ასევე ვიყენებთ არავერბალურ სიმბოლოებსაც. არავერბალურ კომუნიკაციაში ნებისმიერი სიმბოლო გამოიყენება, გარდა სიტყვებისა. ხშირად არავერბალური კომუნიკაცია მიმდინარეობს ვერბალურთან ერთად და შეიძლება გააძლიეროს ან შეცვალოს სიტყვების აზრი. სიტყვების აზრი შეიძლება იცვლებოდეს მისი წარმოთქმის მანერიდან გამომდინარე. სხვადასხვა მკვლევარის თანახმად, შეტყობინებების 55% აღიქმება სახის გამომეტყველებით, ჟესტებითა და პოზებით, ხოლო 38% - ინტონაციითა და ხმის მოდულაციით (წიფურია, 2017).

ზოგჯერ სხეულის ენა გაცილებით მეტყველი და ინფორმაციულია, ვიდრე ვერბალურად გადმოცემული ინფორმაცია. არავერბალური კომუნიკაცია საშუალებას გვაძლევს უკეთ გადავცეთ აზრი და მსმენელმაც სწორად აღიქვას ეს ინფორმაცია, მისი საშუალებით შეგვიძლია იმის გაგება თუ რას ფიქრობს ადამიანი ამა თუ იმ საკითხზე, ასევე ავლენს სხვის ჩვენდამი დამოკიდებულებასაც.

სხეულის ენა პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ემოციებს. ჩვენი გრძნობები, ემოციები აისახება ჩვენივე გამომეტყველებაზე, მოძრაობებზე და ა.შ. ბაზისური ემოციები (ბედნიერება, მწუხარება, გაკვირვება, შიში, გაბრაზება და ზიზღი) სხვადასხვა კულტურაშიც კი ერთნაირად გამოიხარება სახეზე და შესაბამისად მათი გამოცნობის უნარიც უნივერსალურია (ზიმბარდო, 2009).

სხეულის ენამ ხუთი ტიპის ფუნქცია შეიძლება შეასრულოს. ეს ტიპებია: ემბლემები, ილუსტრატორები, გრძნობის მაჩვენებლები, რეგულატორები და ადაპტორები.

  • ემბლემები იხმარება სიტყვების ნაცვლად. მაგალითად, თავის დაქნევა „კი“-ს წარმოთქმის ნაცვლად.
  • ილუსტრატორები ვერბალური შინაარსი უფრო ნათელად წარმოდგენის საშუალებაა, რომელიც წარმოთქმული სიტყვების ილუსტრაციას გულისხმობს. მაგალითად, თითის მოძრაობა სხეულისკენ სიტყვისთან „მოდი”.
  • გრძნობების მაჩვენებლებად გამომეტყველების გამოყენება ითვლება. სახის მეშვეობით ხდება სიხარულისა და მწუხარების, გაოცებისა და ინტერესის გამოხატვა.
  • რეგულატორები მოსაუბრის მეტყველებას აკონტროლებს. რეგულატორები მოსაუბრეს მიანიშნებენ გვსურს თუ არა კიდევ რაიმეს გაგება თუ მიგვაჩნია, რომ თემა უკვე ამოწურულია.
  • ადაპტორები ჩვეულებრივ ავტომატური, გაუცნობიერებელი ქმედებები, რომლებიც ადამიანის რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. მაგალითად, სასიამოვნო ადამიანის გამოჩენისას მასთან მიახლოება (სუმბაძე, 2010).

არსებობს ჟესტები, რომლებიც დადები­თად განაწყობს ადამიანს და სოციალურ ღიაობაზე მიანიშნებს, ესენია: თვალებით კონტაქტი, ღიმილი, ხელების გამოყენება საუბრისას და გარკვეული ჟესტიკულაციით მინიშნება გარკვეულ აზრზე, თავის დაკვრა საუბრის დროს.

მზერით მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემაა შესაძლებელი. მზერის ხანგრძლივობა, მიმართულება და ხარისხი მის შინაარსს განსაზღვრავს. ყველა კულტურაში არსებობს დაუწერელი ნორმები მზერის ხანგრძლივობის თაობაზე. მიღებულია, რომ მზერა 3 წამი, ურთიერთ თვალებში ყურება კი 1.20 წამი უნდა გრძელდებოდეს. ამ ნორმებზე უფრო ხანმოკლე მზერა ინტერესის არ ქონად, ხოლო უფრო ხანგრძლივი ზედმეტი ინტერესის გამოხატულებად აღიქმება. ასევე მიღებულია, რომ სახეზე მიმართული მზერა უნდა იცვლებოდეს სხვა მიმართულებით და რაიმე საგანსა და სახეს შორის თანმიმდევრულად უნდა მონაცვლეობდეს. საპირისპირო შემთხვევებში სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლევა გავაკეთოთ დასკვნა, რომ მოსაუბრე ღელავს ან მეტად/ნაკლებად დაინტერესებულია თქვენდამი და ა.შ. ის, თუ რამდენად ფართოვდება ან მცირდება თვალის გუგა, ასევე მეტყველებს ინტერესზე, გაოცებაზე, შიშზე ან ზიზღზე. გაფართოებული გუგები მიუთითებენ დიდ ინტერესზე, შიშსა და გაოცებაზე, ხოლო შემცირებული ზიზღზე. თვალის არიდება ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. იგი ხშირად იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს სხვის საქმეში ჩარევა არ სურს.image

თვალით კონტაქტი მრავალ ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს. იგი შეიძლება ემსახურებოდეს:

  • მოსაუბრისყურადღების მიქცევის მცდელობას. ურთიერთობისას ჩვენ თვალებში ვუყურებთ მოსაუბრეს, რათა მივიპყროთ მისი ყურადღება.
  • საუბრისრეგულაციას. ჩვენ მზერით ვანიშნებთ მოსაუბრეს, რომ დავასრულეთ სათქმელი და ახლა მისი პასუხის დროა.
  • ურთიერთობისრაგვარობის ხაზგასმას. მზერით ხდება მოსაუბრისადმი დამოკიდებულების, დადებითის ან უარყოფითის მინიშნება, ასევე რომანტიკული დამოკიდებულების გამჟღავნება.
  • აგრესიულიდამოკიდებულების გამჟღავნებას. ზედმეტად ხანგრძლივი მზერა ხშირად აგრესიის მანიშნებლად აღიქმება (სუმბაძე, 2010).

თავის ორიენტაციაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. მაღლა აწეული თავი წინ წამოწეული ნიკაპით, თვითრწმენას, სიმამაცესა და შეუპოვრობაზე მეტყველებს. საუბრისას თანხმობის ნიშნად თავის ნელა დაქნევა, მხარდაჭერის ნიშანია. იგი მიგვანიშნებს, რომ მსმენელი დაინტერესებულია იმით, რასაც ისმენს. ეს კი, თავის მხრივ, ინფორმაციის გამცემისთვის საუბრის გაგრძელების მოტივაციას ზრდის. თავის სწრაფად დაქნევა კი საპირისპიროს მაჩვენებელია. იგი მიუთითებს იმაზე, რომ მსმენელმა უკვე მიიღო მისთვის საჭირო ინფორმაცია და დროა მოსაუბრე გაჩერდეს.

ხელები სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით ყველაზე მეტად არიან დაკავშირებული ტვინთან. ჯდომისას გადაჯვარედინებული, ზემოთ აწეული ხელები შფოთვაზე, უარყოფით დამოკიდებულებასა და დაძაბულობაზე მიუთითებენ. სიარულისას უკან დაწყობილი ხელები კი თავის ძალაუფლებაზე, მასში დარწმუნებულობას გამოხატავს. სახეზე ხელების შეხება ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ახდენს გაგონილის შეფასებას, ფიქრობს ან იღებს გადაწყვეტილებას. ინტერესი ასევე აისახება ხელის ლოყასთან, ხოლო საჩვენებელი თითის თვალთან განთავსებით. image
შეერთებული ხელები სახესთან სამკუთხედისებურად საკუთარ პოზიციაში დარწმუნებულობას გამოხატავს.

რაც უფრო შორ მანძილზეა სხეულის ნაწილი ტვინისგან, მით უფრო ნაკლებად აკონტროლებს მას ადამიანი. ამის გამო იმ ინფორმაციის გადაცემა, რომლის გამჟღავნებაც ადამიანს არ სურს, სახესა და თვალებზე მეტად სხეულის სხვა ნაწილებით ხდება. ფეხები, როგორც ტვინისგან ყველაზე დიდ მანძილზე განლაგებული სხეულის ნაწილები, ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება ადამიანის კონტროლს. სწორად, გვერდიგვერდ განლაგებული ფეხები მიუთითებენ იმაზე, რომ ადამიანი ყურადღებით უსმენს მოსაუბრეს. დგომა გაშლილი ფეხებით გამოხატავს ძალაუფლებას, რომ ადამიანი მყარად დგას მიწაზე. გადაჯვარედინებული ფეხებით დგომა საკუთარ თავში დაურწმუნებლობის და დაბნეულობის ნიშანია. ამ პოზას ხშირად ირჩევენ ადამიანები უცხო ადამიანების. მუხლში მოხრილი და წინ გაწეული ცალი, ხოლო მეორე გაშლილი ფეხი მოქმედების მზაობაზე ანდა იმ ადამიანისადმი ინტერესზე მიუთითებს ვინც მოხრილი ფეხის მიმართულებით დგას. დოინჯით დგომა მიუთითებს ადამიანის მზაობაზე, დაიცვას საკუთარი პოზიცია. image
ჯდომისას ფეხების გადაჯვარედინება კი საკუთარ თავში ჩაკეტვაზე და ურთიერთობის სურვილის არ ქონაზე მიუთითებს. ამის კიდევ უფრო ძლიერი გამოსახვაა ფეხებთან ერთად მკლავების გადაჯვარედინება. ჯდომისას კოჭებთან გადაჯვარედინებული ფეხებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანი ცდილობს უარყოფითი ემოციების, თვითრწმენის ნაკლებობის, შიშის ან ზოგადად საუბრისას აღძრული გრძნობების ან დამოკიდებულებების დაფარვას.

აღსანიშნავია ის, რომ ჟესტს მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა დამკვირვებელს და მონაწილეს ესმით კონტქესტი.image

მართალია, არავერბალურ კომუნიკაცია უნარია, რომელიც სწავლას, გავარჯიშებას ექვემდებარება და ამის გამო შეიძლება შეცდომაშიც შევიდეთ, თუმცა ბუნებრივი ემოციების კონტროლი საკმაოდ რთულია და მიუხედავად მცდელობისა მაინც იჩენს თავს მცირე დეტალებში. ამიტომაც მასზე დაკვირვებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაა შესაძლებელი.

0
146
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ბერიძე
ანი ბერიძე
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0