x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზაფხული - ერთი პატარა სიცოცხლე
ზაფხული პატარა სიცოცხლეს ჰგავს, უფრო სწორად-სიცოცხლის ნაწილს და როდესაც სარკმელზე ზაფხულის უკანასკნელი თვე - აგვისტო მოგვიკაკუნებს, ძალაუნებურად გვეძალება ფიქრი იმაზე, რომ ეს, თუნდაც სულ პატარა სიცოცხლე, დასასრულს უახლოვდება. ზაფხულის უკანასკნელი განთიადი და მზის ჩასვლა; მზით, სინათლით და სითბოთი სავსე ბოლო დღეები და მთვარიანი, ყვავილებისა და ფოთლების სურნელით გაჟღენთილი ღამეები... დასასრულს უახლოვდება დრო, როცა მსუბუქი მაისურით და შორტებით ან ლამაზად დაჩითული სარაფნით შეგიძლია იარო და სამყაროს მუქი სათვალეებიდან უყურო.



image



ესაა დრო, როცა ღამით გაღებული ფანჯრებიდან მხიარული სიმღერის და გიტარის ხმა ისმის, განთიადისას კი ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს და გრძნობ სულიერ სიმშვიდეს, გეუფლება უდარდელობის განცდა და ხვდები, რომ სწორედ ზაფხულია ის დრო, როცა შეგიძლია უბრალოდ თავი იგრძნო რომანტიკოსად, მიუხედავად იმისა, რომ ახლობლები ბანალურ, ჩვეულებრივ ადამიანად გთვლიან... როცა საღამოობით სახლში გაჩერება არ გსურს და ლამის გათენებამდე დახეტიალობ მშობლიური ქალაქის თუ სოფლის ქუჩებში: ათვალიერებ მის ლამაზ ხეივნებს, ქუჩებს და ბაღებს არა დღის სინათლეზე, არამედ ბინდბუნდში, ლამპიონების ან სავსე მთვარის შუქზე. ათვალიერებ, თავიდან აღმოაჩენ მის ხიბლსა და ეშხს და ხვდები, თუ რატომ არ გინდა საყვარელი სახლიდან შორს, თუნდაც ათასჯერ ნაოცნებარ უცხო ქალაქში იცხოვრო.



image




კიდევ რაა ზაფხული: ნანატრი შვებულებისა და ოცნებების ახდენის დრო, მთელი წლის ნაოცნებარი ზღვის ხედებით დატკბობა და მზის ჩასვლის ფონზე ტალღების ჩუმი შრიალის მოსმენა, შუაღამისას ზღვის ნაპირას ხეტიალი და უამრავი სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება, ზაფხულის წვიმა-ზოგჯერ ცივი, უფრო ხშირად კი თბილი და სასიამოვნო... წვიმაში დასველებული თმები და უდარდელი, ხალისიანი, შინაარსიანი დღეები...



image



ბავშვობაში, დიდი ხნის წინ, როცა ზაფხულის არდადეგები იწყებოდა და ბებიასთან ჩავდიოდი სტუმრად, რათა იქ გამეტარებინა მთელი ზაფხული, ივნისის პირველ რიცხვებში მეჩვენებოდა, რომ წინ იყო საოცრად დიდი ზაფხული-სიცოცხლესავით გრძელი და უსასრულო; ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ მივრბივარ ფეხშიშველი ცვრიან მინდორზე, თუმცა მინდვრის ბოლომდე ჩარბენასაც კი ვერ ვასწრებდი, რომ ზაფხული უკვე დასრულებული იყო და მხიარული არდადეგები ჩავლილი...



image



და ამის შემდეგ ყოველთვის, როცა აგვისტო დგება, მიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაც დასრულდა - დამთავრდა ერთი პატარა სიცოცხლე და მე უნდა დავბრუნდე სახლში, მაგრამ საკუთარ თავს ვიჭერ იმაში, რომ უკვე ჩემს სახლში ვარ, ზრდასრული და დამოუკიდებელი, შემიძლია შვებულებაც გავიგრძელო და ზაფხულის დღეებიც გავახანგრძლივო: სადღაც შორს, ტროპიკებში ხომ ის უსასრულოდ გრძელდება; არც პირველ სექტემბერს ვარ გასაქცევი სკოლაში-შემიძლია შუადღემდე ვიძინო და არავინ მეტყვის: ჩქარა ადექი, გაკვეთილებზე გაგვიანდებაო....დიახ, ყველაფერი ეს შემიძლია, მაგრამ მაშინ რატომ მაქვს ნოსტალგიის ასეთი უსაშველო შეგრძნება? - უსაზღვრო ნოსტალგია და მონატრება იმ შორეული ზაფხულების, მშობლიური სახლის სურნელის, ბებოს გამომცხვარი ხაჭაპურებიდან ადენილი ოხშივარის, თუთის ხეზე ჩამობმული საქანელის, მინდორში ნაპოვნი ქამა სოკოების, პირველად მოსმენილი საყვარელი სიმღერის, თავისუფლებაში გატარებული უდარდელი დღეების... მეძალება ნოსტალგია და მენატრება ის ფეხშიშველა, ნაწნავებიანი გოგონა, რომელიც ჭალის პირას გარბის წარსული ზაფხულის დასაწევად... გარბის, რომ დაივიწყოს განვლილი თუ გასავლელი წლების სიმძიმე; დარდი და ნაღველი; ზამთრის ცივი, უსახური, ერთფეროვანი დღეები; ცხოვრებაში პირველი და შემდეგ კიდევ უამრავი წყენა თუ წარუმატებლობა; უხეშად ნათქვამი, გულსატკენი სიტყვები; სიცრუე და შური, სიმკაცრე და გაუტანლობა; ზიზღი, სიძულვილი და უამრავი პრობლემა თუ უსიამოვნება, რომელიც მას ცხოვრებაში ელის...



image



დიახ, ზაფხული მთელი სიცოცხლეა-პატარა სიცოცხლე. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, როგორ მივდევდი დედას უკან და ვერ ვეწეოდი. ვცდილობდი სირბილით შემემოკლებინა მანძილი და მას არ ჩამოვრჩენოდი, თუმცა ამას მაინც ვერ ვახერხებდი. ასეა ზაფხულიც: ის თვალის დახამხამებაში გადის და ჩვენ კი ვერასოდეს ვერ ვეწევით, მაგრამ ზაფხული დედა როდია, რომ შემობრუნდეს, გაგვიღიმოს და ხელში აგვიყვანოს, ის არც დაგველოდება და არც უკან მოიხედავს, თავისი გზით წავა და დაგვიტოვებს შემოდგომის ყვითელ ფოთლებს, სუსხიან საღამოებს და ცივ, ნემსებივით მჩხვლეტავ წვიმის წვეთებს...



image



და მაინც არ ღირს მოწყენა და დარდი წარსულ ზაფხულზე: ისევე, როგორც სიყვარულმა არ იცის ასაკი და წელიწადის დრო, ასეა ადამიანის სულიც - ის არ ემორჩილება წელიწადის დროებს და ამინდის პროგნოზებს. წელიწადის ყველა დრო, ყველა თვე, ყველა დღე, ყოველი საათი, წუთი და წამი მშვენიერია და დასაფასებელი იმიტომ, რომ ის აღარასოდეს განმეორდება...აღარასოდეს!

ზაფხული მართლაც რომ პატარა სიცოცხლეა... მაშ გავუფრთხილდეთ ამ სიცოცხლეს, ის ხომ მარადისობის წამიერი გაელვებაა, ღვთის მიერ ნაჩუქარი...



image

6
213
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
213
  
2019, 7 აგვისტო, 22:07
აგვისტო მიყვარს, უბრალოდ სინანული მეუფლება იმის გამო, რომ ზაფხული სრულდება და მასთან ერთად სრულდება ერთი პატარა სიცოცხლე :(
2019, 5 აგვისტო, 22:58
მომწონს მანჩოოო
მე არ მიყვარს აგვისტო :(
2019, 5 აგვისტო, 22:36
მადლობა შეფასებისთვის..როცა შემოდგომა ახლოვდება, მუდამ ასეთი ნოსტალგიური გრძნობა მეუფლება ხოლმე :)
2019, 5 აგვისტო, 22:35
გულით ნათქვამია და იმიტომ :)
2019, 5 აგვისტო, 13:58
კარგი წასაკითხია, სასიამოვნოც და დამაფიქრებელიც. ბევრი მოწონება
2019, 5 აგვისტო, 11:49
შესანიშნავი და ემოციური ჩანახატია..გულგრილად ვერ წაიკითხავს ადამიანი
0 1 6