x
მეტი
  • 19.08.2019
  • სტატია:93656
  • ვიდეო:342157
  • სურათი:455882
მშრალი, «გამომცხვარი»  და სამკურნალო მურაბები (10 რეცეპტი)

წლის ცივ სეზონზე განსაკუთრებით გვიყვარს ცხელი ჩაი და სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რასთან უკეთესია ჩაის მირთმევა? ბევრი ამ სეზონისთვის, ჯერ კიდევ ზაფხულში ემზადება და სხავდასხვა სახის მურაბებს ამზადებს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, თუ რომელ მურაბას რა სარგებლობა მოაქვს.


image


ნებისმიერი სახის მურაბა ძალიან სასარგებლო პროდუქტია ორგანიზმისთვის – ნატურალური კენკრის, შაქრის და წყლის ნაზავი В ჯგუფის ვიტამინების ნაკრებს, PP და Е ვიტამინებს შეიცავს. თერმული დამუშავების შემდეგ, რა თქმა უნდა, ცოცხალ ხილში და კენკრაში არსებული ბეტა-კაროტინი და ასკორბინის მჟავა არ ინახება, სამაგიეროდ, ინახება სხვა ვიტამინები. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ის მთელი კენკრის ან ხილის სახით არის და არა ჯემისებური.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტკბილი პროდუქტი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებაც შეიცავს და მისი ბოროტად გამოყენება არ შეიძლება. თუ გადაწყვიტეთ ჩაის მურაბით მირთმევა, მაშინ შაქარი აღარ უნდა დაუმატოთ. ხოლო, თუ მურაბას თეთრ პურზე გადაუსვამთ და ისე მიირთმევთ, მაშინ – ნახშირწყლებს+ნახშირწყლები გამოვა, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, სასარგებლო არ არის.

საერთოდ, ყველაზე სასარგებლოა მხოლოდ მურაბის და ჩაის კომბინაცია: ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ეხმარება ორგანიზმს სერატონინის გამომუშავებაში, და თუ ადამიანი, გარკვეული მიზეზის გამო, შოკოლადზე ამბობს უარს, – შეუძლია მურაბა მიირთვას, ოღონდ ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე. და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტი სახლში მომზადებული მურაბა არის.
რაც შეეხება მურაბის მოხარშვის წესს, ზოგადად, იმის თქმა შეიძლება, რომ ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგი ის მურაბაა, რომელიც მთელი ხილის ან კენკრით არის მოხარშული. მაგ., თუ ეს ალუბალი, ბალი ან ქლიავია – კურკიანად უნდა მოიხარშოს, რადგან კურკებიც შეიცავს გარკვეულ ნივთიერებებს, რომლებიც კარგად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე და ამავდროულად, კურკა შეიცავს მიკროელემენტებს, რომლებიც თერმული დამუშავების დროს, არ იკარგება.

ამასთან, ზოგიერთი მურაბა მხოლოდ სასარგებლო და გემრიელი კი არა, კარგი სამკურნალო საშუალებაც არის. აქ სწორედ «წამალი» მურაბების სიას და მომზადების წესებს წარმოგიდგენთ:



ჟოლოს მურაბა


საუკეთესო წამალი არის გაციების და გრიპის დროს. გამოიყენება სიცხის დამწევ და ოფლმდენ საშუალებად. სასარგებლოა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს, აუნჯობესებს გულის მუშაობას და ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას. ჟოლოს მურაბას აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და შარმდენი თვისებები.


რეცეპტი:


ჟოლლო — 1 კგ.

შაქარი — 1, 5 კგ.


კენკრა მოათავსეთ ემალირებულ თასში 1-2 ფენად > დააყარეთ შაქარი და მაცივარში შედგით 8-10 საათი > ამის შემდეგ, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ადუღეთ 20 წუთი.



ბაბუაწვერას მურაბა


სასარგებლოა ჰეპატიტის, ქოლეცესტიტის და შარდ-კენჭოვანი დაავადება დროს. ის აღადგენს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაზიანებულ უჯრედებს და კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ასთმის და ბრონქიტის დროს.


რეცეპტი:


მოაგროვეთ 360-400 გრამი ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილი, ყვავილსაჯდომიანად, მაგრამ ღერო ძირში უნდა იყოს მოჭრილი > ყვავილები გარეცხეთ > დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და 2 წუთი ადუღეთ > თუშფალანგი დადგით ემალირებულ თასზე > ზემოდან დააფინეთ მარლა > გადაწურეთ ნახარში, ხოლო მარლაზე დარჩენილი ყვავილები კარგად გაწურეთ (გადაყარეთ) > ნახარში ჩაყარეთ 7 ჭიქა შაქარი > დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ადუღების მომენტიდან, 7 წუთი ადუღეთ.



შავი მოცხარის მურაბა


ეს მურაბა მინერალების, ვიტამინების და ანტიოქსიდების ნამდვილი საკუჭნაოა. თუ მურაბა სწორედ არის მომზადებული, ის სასარგებლო თვისებებს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს.


რეცეპტი:


მოცხარი — 1 კგ.

შაქარი — 1, 5 კგ.

წყალი — 1, 5 ჭიქა


გარეცხეთ მოცხარი > გააშრეთ > ჩაყარეთ მდუღარე სიროფში > ხარშეთ მხოლოდ 5 წუთი.



ძახველას მურაბა


ძალიან სასარგებლოა გაცივების პირველი ნიშნების დროს. ასევე, კარგ შედეგს იძლევა კანთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში – აქრობს ანთებას და შველის აკნეს.


რეცეპტი:


ძახველას ნაყოფი მოაცილეთ ტოტებს და გარეცხეთ > მოათავსეთ თუშფალანგში და გადაავლეთ მდუღარე წყალი > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, კურკებთან ერთად > შეურიეთ შაქარს, გემოვნების მიხედვით და შეინახეთ მაცივარში.

შენიშვნა: კენკრა მწარე არის და ამიტომ, ის პირველი ყინვის შემდეგ უნდა მოიკრიფოს. ყინვა რომ მოხვდება, სიმწარე შემცირდება და უფრო გემრიელი იქნება.



ცირცველის მურაბა


არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს არტერიულ წნევას. სასარგებლოა ათეროსკლეროზის, სისხლის შედედების დარღვევის, რევმატიზმის, ალერგიის და შაქრიანი დიაბეტის დროს. აუმჯობესებს ღვიძლის და ენდოკრინული სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს.


რეცეპტი:


ცირცველი — 1 კგ.

შაქარი — 1, 5 კგ.


კენკრა გარეცხეთ > დაალბეთ მდუღარე წყალში 6-8 წუთი > გადაწურეთ წყალი და დაასხით ცხელი სიროფი (1 კგ შაქარი 1 ლ. წყალზე) > გააჩერეთ 2 საათი > დადგით ცეცხლზე და როდესაც ადუღდება, ხარშეთ, დაბალ ცეცხლზე, 10 წუთი > გააჩერეთ 6-9 საათი > დააყარეთ 500 გრ. შაქარი და კიდევ 10 წუთი ხარშეთ.



ქაცვის მურაბა


იმუნიტეტს აძლიერებს, მაგრამ მისი ყოველდღე მირთმევა არ შეიძლება. რადგან, გაჯერებულია ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმისთვის რთულად მოსანელებელი არის.


რეცეპტი:


ქაცვი — 1 კგ.

შაქარი — 1, 2 კგ.

ოდნავ მოუმწიფებელი კენკრა გარეცხეთ > დააყარეთ შაქარი > 5-6 საათი დადგით გრილ ადგილზე > ქაცვის მიერ გამოშვებული წვენი დადგით ცეცხლზე > ქაფს რომ მოხდით, წვენი სტერილიზებულ ცხელ ქილებში გადაანაწილეთ > 0, 5 ლ. ქილები 15 წუთი ადუღეთ, ხოლო 1 ლ. – 20 წთ > მოხუფეთ.



მარწყვის მურაბა


რაც შეეხება ხენდროს (მას შეცდომით მარწყვს ვეძახით) მურაბას, ის სასარგებლოა თირკმელების დაავადებების დროს – დადებითად მოქმედებს თირკმელების ფილტრაციის ფუნქციაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მურაბას შარმდენის ფუუნქცია აქვს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხენდროს და მარწყვის ფოთლებს, შარმდენის გარდა, უროსეპტიკური თვისებებიც გააჩნია და ამ ფოთლებით გემრიელი და სასარგებლო ჩაის მომზადება შეიძლება.



იმის თქმა, თუ რომელი მურაბა არის ყველაზე სასარგებლო, მართლაც რომ რთულია. რადგან თითოეულ მათგანს თავისი, უნიკალური, სასარგებლო თვისებები გააჩნია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის «ხუთწუთიანია».



«ხუთწუთიანი» მურაბა


1 კგ. ხილზე – 0, 8-1, 5 კგ. შაქარი არის საჭირო. თუმცა, პროპორციებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს და შაქარი შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაამატოთ. ამ ტექნოლოგიით ნებისმიერი სახის ხილით შეიძლება მურაბის მომზადება. თუ ხილი დიდი ზომის არის, ქერქი, კურკა და სხვა ნაწილები მოაცილეთ და რბილობი 2-3 სმ. სიდიდის ნაჭრებად დაჭერით.


I. გამზადებული ხილი (კენკრა) მოათავსეთ თასში და შაქარი დააყარეთ > ვიდრე წვენი გამოუვა, გრილ ადგილზე დადგით > დაელოდეთ შაქრის დადნობას. მაგრამ, არაუგვიანეს 12 საათისა.

II. მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე > მოაცილეთ ქაფი, თან ფრთხილად ურიეთ, რომ შაქარი არ მიიწვას და არც ხილი დაზიანდეს > ხარშეთ 5 წუთი.

III. გააჩერეთ ასე 4-8 საათი > შემდეგ, დადგით ცეცხლზე და კიდევ 5 წთ. ადუღეთ.

IV. საერთო ჯამში, იგივე წესით (4 სთ. გაგრილება, 5 წუთი დუღილი), 3-4-ჯერ უნდა წამოადუღოდ, ვიდრე მურაბა არ გასქელდება. ბოლო წამოდუღების წინ, გაასტერილეთ ქილები და თუნუქის სახურავები > როდესაც მომზადებას დაასრულებთ, მაშინვე ქილებში ჩაასხით, დაახურეთ თავსახურები და მოხუფეთ.


შენიშვნა: ცხელი მურაბის ჩასხმის დროს, ქილა რომ არ გასკდეს, ვიდრე მურაბას ჩაასხავთ, გადმობრუნებილი ქილა, ცოტა ხნით, მურაბის ორთქლზე გააჩერეთ.


ტრადიციული მოხარშული მურაბების გარდა, არსებობს მშრალი მურაბები, რომლებიც საგემოვნო თვისებებით და არომატით, მოხარშულ მურაბას ნამდვილად არ ჩამოუვარდება. თან, მშრალი მურაბის მომზადება რთული არ არის და დიდ დროსაც არ საჭიროებს.


ინგრედიენტები:


ვაშლი – 1 კგ.
შაქარი – 300 გრ.
დარიჩინი – 1 ს. კ.
ლიმონის მჟავა – 1 ჩ. კ.


მომზადება:


ამ დახვეწილი დესერტის მოსამზადებლად, საუკეთესო ვარიანტია მომჟავო-ტკბილი ან ტკბილი გემოს მქონე ვაშლის ჯიშის გამოყენება არის.


I. ვაშლი კარგად გარეცხეთ > გაამშრალეთ > ამოაჭერით კურკიანი გული > დაჭერით თხელ ნაჭრებად.

II. დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები თუნუქის ფირფიტაზე ერთ ფენად, ერთმანეთის გვერდიგვერდ.

III. შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, ლიმონის მჟავა და დარიჩინი > მოაყარეთ ვაშლსის ფენას ზემოდან.

IV. მოათავსეთ ვაშლი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით.

V. პერგამენტის ქაღალდს მოაყარეთ ცოტა შაქარი > ზემოდან გაანაწილეთ ვაშლი > ასე დატოვეთ 2–3 დღე, რომ კარგად გაშრეს.

ამ წესით მომზადებული მურაბა შეგიძლიათ შეინახოთ მინის ქილით, ოთახის ტემპერატურაზე.



ღუმელში «გამომცხვარი» მურაბა


ინგრედიენტები:


ვაშლი, მსხალი ან ქლიავი — 1 კგ.

შაქარი — ხილის სიტკბოს მიხედვით, 2-7 ს. კ.

ლიმონი — ნახევარი

საცხობი ფორმა — ნებისმიერი



მომზადება:


I. გარეცხეთ და დაჭერით ხილი, თუ ქლიავია, მოაცილეთ კურკა და ორად გაყავით.

II. მოათავსეთ დაჭრილი ხილი საცხობ ფორმაში (ქლიავი კანით ქვევით) > ზემოდან მოაყარეთ შაქარი > მოახეხეთ ლიმონი ქერქიანად (სურველის შემთხვევაში, ლიმონის გარეშეც შეიძლება).

III. გამზადებული საცხობი ფორმა შედგით 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 30 წუთით > გამოიღეთ, მოურიეთ და სისქე შეამოწმეთ. თუ თხელია, ისევ ღუმელში შეაბრუნეთ (რაც უფრო დიდ ხანს იქნება ღუმელში, მით უფრო სქელი იქნება მურაბა).

IV. ღუმელიდან გამოღების შემდეგ, ცხელი მურაბა ქილებში გაანაწილეთ და მოხუფეთ.

მურაბის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე შეგიძლიათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წესით მომზადებულ მურაბას განსხვავებული გემო აქვს!



P. S. გამზადებული მურაბის შეძენისას, დიდი სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ პროდუქტის შემადგენლობა და თუ აღნიშნული იქნება, რომ მასში მხოლოდ ხილი, შაქარი და წყალი შედის, თქვენს წინაშე კარგი მურაბაა. ხოლო, თუ მის შემადგენლობაში საღებავი, Е ჯგუფის კონსერვანტები ან სხვა დანამატებია, მაშეი ასეთი მურაბის ყიდვა არ შეიძლება!

imageimageimageimageimageimageimage







0
228
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0