x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლონგიუს გამოქვაბულები – აღმოჩენა, რომლის არსებობა საღ აზრს ეწინააღმდეგება

image


1992 წელს ბუ ანაიმ სოფ. შიანი ბეიკუნში (ლონგიუს ოლქი, ჯეძიანის პროვინცია, ჩინეთი), მეტისმეტი ცნობისმოყვარეობის გამო, მღვიმიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყო. ადგილობრივების თქმით, წყალსაცავი უძირო იყო და ის გრუნტის წყლებს უერთდებოდა. თუმცა, ბუ ანაი ასე არ ფიქრობდა და შემოწმება გადაწყვიტა. მან რამდენიმე თანასოფლელი დაარწმუნა, რომ სოფლის მახლობლად მდებარე ჭა უბრალო წყალსაცავი არ უნდა ყოფილიყო და «განძის» მაძიებლებმა, წყლის ამოსატუმბი მოწყობილობის შესაძენად, ფული შეაგროვეს. ასე დაიწყო ლონგიუს გამოქვაბულების (Longyou Caves – მცურავი დრაკონის გამოქვაბულ) თანამედროვე ისტორია და ძველი ცივილიზაციების საიდუმლოებების ნუსხას კიდევ ერთი ობიექტი შეემატა.


image


17 დღიანი ამოტუმბვითი სამუშაოების შემდეგ, წყლის დონემ იმდენად დაიწია, რომ გამოქვაბულში შესასვლელი გამოჩნდა. ბუ ანაის ვარაუდი გამართლდა და დღეს ხელოვნურად შექმნილ კომპლექსს, ადგილმდებარეობის მიხედვით, ლონგიუს გამოქვაბულს ეძახიან და ის ყველაზე მასშთაბური ნაგებობაა, დღემდე აღმოჩენილ, უძველესი დროის მიწისქვეშა ნაგებობებს შორის.


image


იმის მტკიცებულებად, რომ გამოქვაბული მართლაც ხელოვნურად არის შექმნილი, მეცნიერებს კედლებზე აღბეჭდილი სატეხი ხელსაწყოს კვალი მოჰყავთ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კედლებზე ასახული კვალი, ზუსტად ემთხვევა თიხის ჭურჭელზე აღბეჭდილ კვალს (ღარები, დახრის მიმართულება, დამუშავების ტექნიკა), რომელიც გამოქვაბულის მახლობლად მდებარე მუზეუმის ექსპონატია და ძვ. წ. აღრ. 500 — 800 წწ. არის დათარიღებული. სავარაუდოდ, ორივე შემთხვევაში, ერთნაირი ხელსაწყოა გამოყენებული. მაგრამ, გამოქვაბულის შემთხვევაში, უფრო დიდი და მასიური.

ლონგიუს გამოქვაბულების მიწისქვეშე კომპლექსი 30-ზე მეტი ხელოვნური გამოქვაბულისგან შესდგება. თითოეული გამოქვაბულის ფართობი, საშუალოდ, 1000 კვ. მ-ს შეადგენს. ხოლო, ჭერის სიმაღლე, – თითქმის, 30 მეტრია. კომპლექსის საერთო ფართობი – 30000 კვ. მ-დეა და ამჟამად, ტურისტებისთვის მხოლოს 5 გამოქვაბულია გახსნილი. ყველა გამოქვაბულში შესასვლელი ძალიან ვიწროა, მაგრამ შიგნით უზარმაზარი დარბაზები იხსნება.

თითოეულ დარბაზში, 3 კედელი ვერტიკალურია, ხოლო მეოთხე 45 გრადუსით არის დახრილი. ჭერი 3-3 სვეტს უჭირავს, რომლებზეც, ხელსაწყოს მიერ დატოვებული კვალის გარდა, ფიგურებიც არის ამოტვიფრული.


image


ექსპერტების შეფასებით, ლონგიუს გამოქვაბულები ჩვენს ერამდეა შექმნილი და უხეში გამოთვლებით, 1 მლნ. კუბური მეტრი ქანი იყო ჩამომტვრეული. პროიქტი იმდენად მასშტაბური იყო, რომ მეცნიერები და ტურისტები, რომლებსაც ამ გამოქვაბულების ნახვის ბედნიერება ხვდათ წილად, განცვიფრებულები არიან, თუ როგორ ვერ მოხვდა უძველესი ცივილიზაციის ეს ქმნილება ძველ ჩინურ წყაროებში ან მოგზაურების ჩანაწერებში.

და მართლაც, აღნიშნული გამოქვაბულების შესახებ არსად არაფერია ნათქვამი. თუმცა, არ შეიძლება იმ შესაძლებლობის გამორიცხვა, რომ გამოქვაბულების შემქმნელები, თაობიდან – თაობამდე, უკვე არსებულ ბუნებრივ გამოქვაბულებს აფართოვებდნენ. ამ შემთხვევაში, ბევრი კითხვა ავტომატურად იხსნება, მაგრამ მთავარი საიდუმლო ისევ ამოუხსნელი რჩება – როგორ შეძლეს მიწის ქვეშ ასეთი გრანდიოზული დარბაზების შექმნა, ან რისთვის იყო საჭირო? აშკარაა, რომ ეს არც თავშესაფარი უნდა ყოფილიყო და არც სამალავი, მტრის შემოსევის შემთხვევისთვის.

არქეოლოგები გამოქვაბულების შექმნის დასაწყისად, ცინის იმპერიის პერიოდს, ძვ. წ. აღრ. 221 წ. ასახელებენ. თუმცა, ამ აზრს ბევრი არ ეთანხმება, რადგან თარიღის დადგენას საფუძვლად, სტალაქტიტების შრეების ანალიზი დაედო, რაც მისი წარმოქმნის გარემოების გათვალისწინებით, ზუსტი პერიოდის მაჩვენებელი ვერ იქნება. მეცნიერებს შორის დაპირისპირების და კამათის კიდევ ერთი მიზეზი, კედლების დამუშავების ტექნოლოგია გახდა – გამოქვაბულის შიდა ფასადი მთლიანად პარალელური ზოლებით არის დაფარული, თან ზოლებს შორის დაშორება იმდენად ზუსტია (მილიმეტრებში ემთხვევა), – რთული დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი, უბრალო ღოჯით (რკინის ბრტყელბოლოანი, სოლისებური ხელსაწყო) და ჩაქუჩით არის შექმნილი.


image


და ეს იმ ფონზე, რომ ქანი, რომელშიც გამოქვაბულებია გამოჭრილი, საკმაოდ რთულად დასამუშავებელი ალევროლითია (გაქვავებული ალევრიტი). ჩვენს დროში ისეთ კვალს, როგორიც ლონგიუს გამოქვაბულების კედლებზეა, დანალექი ქანების დასამუშავებლად გამოიყენებული, სპეციალური მანქანები ტოვებენ.


image


P.S. ასე მოიპოვებენ მარილს, იტალიის მაღაროებში. მაგრამ, 2 ათასი წლის წინ, ასეთი მანქანები სად იყო?

თუ, იყო?!


imageimageimageimageimageimageimageimage











0
1684
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1684
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0