x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
გაიღვიძე- ეს შენ გეხება!
ქეთი გაბინაშვილი

დავით გარეჯი დაიკეტა. ამჟამად უკვე სასულიერო პირებსაც აეკრძალათ გადაადგილება. სულ უფრო იზრდება მონასტრის სიახლოვეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რიცხვი. ქართულმა მხარემ კი განაცხადა, რომ დემარკაციის საკითხზე შეხვედრები განახლდება სექტემბრიდან. ერთის მხრივ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც ოკუპანტები გვიწოდა და ბრალად აფხაზეთის დაპყრობა დაგვდო, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს ნაწილი არასდროს ყოფილა, მეორე მხრივ, აზერბაიჯანლები, რომლებიც აქტიურად საუბრობენ, რომ დავით გარეჯი მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ. რაში სჭირდებოდათ მათ წინაპრებს მართლმადიდებლური მონასტერი და რატომ გამოსახავდნენ ფრესკებზე ქართველ მეფეებს, ან ქართულ წარწერებს რისთვის სტოვებდნენ, ამის შესახებ არავინ სვამს კითხვებს. ჩვენი მხრიდან კი, ისე ვართ გართული სავარძლების გადანაწილებისა თუ დაცვისთვის ბრძოლაში, რომ სადაც ჯერ არს, არავის უფიქრია, საქართველოს ისტორიის უხეშ გაყალბებას ხელი შეუშალოს.

აზერბაიჯანი საქართველოს ოკუპაციას ცდილობს, ჩვენ კი ალიევს ძეგლებს ვუდგამთ და სკვერებს უხსნით, მაშინ როცა ნერსე ერისმთავრის ძეგლი არ გვაქვს და, მეტიც, ვინ იცის მოსახლეობის რამდენ პროცენტს არც კი სმენია ნერსეს შესახებ.

ტაო წაიღეს, ახლა თურქეთის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული, გრიგოლის ნაკვალევზე შესვლის უფლებას თუ მოგვცემენ. ჰერეთი გასხვისდა, აფხაზეთი დავკარგეთ, სამაჩაბლო წაგვართვეს, კოდორი, ახალგორი, ახლა დავით გარეჯი.... ეს კიდევ არაფერი, ამოქმედებული ბომბები გვაქვს ეთნიკურად აზერბაიჯანულ და სომხურ დასახლებებში. თავს ვიტყუებთ, როცა საქართველოთი და ქართველობით თავი მოგვაქვს, როცა ჩვენი სისხლით ვამაყობთ. დღეს ჩვენ უუნარო, ლაჩარი ბრბო ვართ, საკუთარ კეთილდღეობაზე მაფიქრალი ხალხი, ჩვენ აღარ გვაქვს სამშობლო, რადგან მამული მიწა კი არაა, მამული ისაა, რაც ტკივილამდე გიყვარს და რისთვისაც სიკვდილი შეგიძლია. სამშობლოს წინაშე ვალდებულებას უნდა ვგრძნობდეთ, უკლებლივ ყველას უნდა გვქონდეს პასუხისმგებლობა რომ ჩვენი წილი საქმე გვაქვს საკეთებელი. მაგრამ არა, დღეს საქართველო ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარგებელს ველით მისგან.


საკმარისია ძილი, საკმარისია ამდენი სიჩუმე, ახლა ეს პოლიტიკა აღარაა, რომელიც გარკვეულ ადამიანებს უნდა მივანდოთ, ეს ჩვენ გვეხება, ეს ყველა ჩვენგანს გვეხება. და თუ სამშობლო მოძველებული ტერმინია და არაფერს ნიშნავს, მაშინ იცოდეთ, რომ ხვალ თქვენამდე მოვლენ. დღეს დავით გარეჯია, ხვალ იქნებ ალავერდისა და სვეტიცხოვლის ჯერიც დადგეს. ხვალ იქ მოვლენ, სადაც შენ ცხოვრობ, იქ, სადაც შენ შვილების გაზრდას აპირებდი. არ იფიქრო, რომ ეს შენ არ გეხება, შენ ხარ სწორად ის მნიშვნელოვანი რგოლი ჯაჭვის, რომელმაც მომაკვდავი საქართველო უნდა გადაარჩინოს. ახლა ყველა, უკლებლივ ყველა საჭირო ვართ. სანამ ჯერ კიდევ ყველაფერი არ დაგვიკარგავს, სანამ ჯერ კიდევ არის შანსი გადარჩენის, უნდა გავიღვიძოთ, უნდა გავიღვიძოთ და გავაღვიძოთ ერთმანეთი. უნდა გამოვფხიზლდეთ - კვდება საქართველო.

ქეთი გაბინაშვილი

2
234
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
234
  
2019, 3 აგვისტო, 0:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 31 ივლისი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2