x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მელანქლაინები
მელანქლაინები - იბერო-კავკასიური ტომი


მელანქლაინები ერთ-ერთი იბერო-კავკასიური მოდგმის ტომი იყო. ფსევდოსკილაქსის პერიპლუსში რამდენიმე ტომია ჩამოთვლილი ერთმანეთის მიჯრით განსახლებულნი, ესენია: ტორეტები, აქაიები, ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლაინები და გელონები. სავარაუდოა, რომ ერთ-ერთ ამ ტომთაგანს უნდა შეესატყვისებოდეს სტრაბონისეული მოსხები, რომელსაც ის ამ ტერიტორიაზე ასახელებს. სტრაბონის იმავე პარაგრაფის მიხედვით, კერკეტების, მოსხებისა და კოლხების ზემოთ, ანუ მთებში ფთიროფაგები ანუ გირჩისმჭამელები და სოანები ცხოვრობენ (სტრაბონი, XI, II, 14).


მეორე მხრივ, ფლავიუს არიანეს "პერიპლუსის" თანახმად, პიტიუნტის დასავლეთით ძველად მცხოვრები გირჩისმჭამელთა "სკვითური" ტომი (აღსანიშნავია, რომ სკვითურად შეცდომით მოიხსენიებდნენ ბერძნები იმ ტომებსაც, რომელთა წარმომავლობა მათთვის გაურკვეველი იყო), რომელსაც ჰეროდოტე სკვითების ქვეყნის აღწერისას მოიხსენიებდა, ხოლო ჰეროდოტეს "ისტორიიდან" ვიგებთ, რომ ელინების მიერ გელონებთან მცდარად გაიგივებული ბუდინებიც ფთიროფაგებად ანუ გირჩისმჭამელებად იყვნენ მიჩნეულნი. (ჰეროდოტე, IV, 109).


ფლავიუს არიანესა და ჰეროდოტეს მონაცემთა შუქზე, შესაძლებლობა გვეძლევა ერთმანეთს დავუკავშიროთ ფსევდოსიკლაქსის გელონები, რომლებიც მელანქლაინებისა და კოლხების მეზობლები იყვნენ, სტრაბონის მიერ მოხსენიებულ ფთიროფაგებს, რომლებიც მისი ცნობით, კერკეტების, მოსხებისა და კოლხების ზემოთ (ანუ მთებში) ცხოვრობდნენ. ეს დამთხვევა უნდა მიგვანიშნებდეს ასევე მათი მეზობლების, ფსევდოსიკლაქსის პერიპლუსის მელანქალინებისა და სტრაბონის ცნობის მოსხების იგივეობაზეც.



ფსევდოსკილაქსის მელანქლაინებიც და სტრაბონის მოსხებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში არიან ლოკალიზებულნი (შდრ. XI, II, 14). აქვე უნდა ყოფილიყო პომპონიუს მელას "მელანქლენა" (პომპონიუს მელა, I, 19, 110). და პლინიუსისა და ახ.წ. მე-5 საუკუნის ანონიმური "პერიპლუსის" მელანქლაინების საბინადრო. (ანონ. პერ. XLII, 3, 18; პლინიუსი, ნ.ჰ. VI, 15).


კოლხები


ბევრად უფრო შორს, ჩრდილოეთით ჩანს მელანქლაინთა საცხოვრისი ჰეროდოტეს (ჰერ. IV, 20), დიონისოს პერიეგეტისა (დიონ. 309), კლავდიოს პტოლემაიოსის (კლავდ. პტოლ. III, V, 10). და სხვათა ცნობების თანახმად. კლავდიოს პტოლემაიოსის ტექტსტის სხვა ფრაგმენტის მიხედვით, ისინი ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობდნენ (კლავდიოს პტოლემაიოსი, V, VIII, 21), ჰეკატეოსი მათ სკვითებად თვლის (ჰეკ. 154). ჰეროდოტე კი შენიშნავს, რომ ისინი (მელანქლაინები), მიუხედავად მათი სკვითური ცხოვრების წესისა, სკვითები არ ყოფილან (შდრ. ჰეროდოტე, IV, 20, 107).


საყურადღებოა, რომ მათი მეზობლები, როგორც აზოვის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე მხარეში, ასევე ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთშიც არიან გელონები (ჰეროდოტე, IV, 102; დიონ. პერიპლუსი, გვ.309-310; ფსევდო-სკილაქსი, გვ.80). ანონიმურ პერიპლუსში მელანქლაინებსა და კოლხებს შორის დასახელებულნი არიან მაქელონები (ანონ. პერიპ. XLII, გვ.18), აქაც, ისევე, როგორც ფსევდოსკილაქსის პერიპლუსში, ერთმანეთის შემდეგ არიან ჩამოთვლილნი: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, (ნაცვლად ფსევდოსკილაქსის კოლებისა), მელანქლაინები, მაქელონები (ნაცვლად გელონებისა) და კოლხები. სავარაუდოა, რომ გელონების სახელს ანონიმის ტექსტში დამატებული აქვს ქართველურ ენობრივ გარემოში შეძენილი ეთნონიმთა მაწარმოებელი "მა" პრეფიქსი. არც ისაა გამორიცხული, რომ სტრაბონისეულ მოსხებს, მელანქლაინების შესატყვისი ქართველური ფორმა დასდებოდა საფუძვლად. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ჰეკატეოსის, ჰეროდოტესა და სხვა ძველ ავტორთა ცნობით, მელანქლაინებს თავიანთი სახელწოდება შეერქვათ შავი ფერის ტანსაცმლის ტარების გამო (ჰეკატეოსი, გვ.154; ჰეროდოტე, IV, გვ.107) ბერძნულად მათი სახელი ნიშნავს შავს, მუქი ფერისას, ხოლო სვანურ ენაში იგივე მნიშვნელობა აქვს სიტყვას - მეშხე.

(წყარო: გ. ქავთარაძე - ანატოლია-კავკასიის მიჯნის ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი. ნაწილი 8)





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. მეცნიერება

10. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0