x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ღამის სამი საათია და ყველაფერი გენიალურად არისო, გვეუბნებიან... არადა, ჩემს ქალაქში ადამიანები დაიკარგნენ!" - თამო კეშა
image

არ ვიცნობ ამ არსებებს, ქალაქში რომ დადიან, მოკლე მეხსიერებით და ბილწი ენით, არ ვიცნობ ამ არსებებს, მხოლოდ ის რომ ადარდებთ, რას ვიფიქრებთ მათზე და თხზავენ ისტორიებს უისტორიო გმირებზე, არ ვიცნობ იმ არსებებს, თვალებში რომ მიყურებენ და ვერ მხედავენ, თვალებში რომ მიყურებენ და მატყუებენ, არ ვიცნობ იმ არსებებს, მარტო მაშინ რომ აღშფოთდებიან, თუ მათ დაუშავეს და არც ახსენდებათ, თავიანთი დანაშაული, არ ვიცნობ იმ არსებებს, თავისი რომ სტკივათ მარტო, თავისი შვილი, თავისი დედა, თავისი სამსახური...
სად არიან ჩემი ადამიანები, ვინ წაიყვანა, როდის გაქრნენ?

სამი საათი ჩამოკრავს მალე და ერთი შეხედვით, ყველაფერი გენიალურადაა...
ნელი დეიდა გავიცანი, 17 ოთახს ალაგებს თვეში 250 ლარად - ყოველ დღე ალაგებს 17 ოთახს და თვის ბოლოს 250 ლარს უხდიან.

- პერსონალი ლუკმას მიყოფს და უსინდისო უნდა ვიყო, კარგად რომ არ დავალაგო, სუფთად რომ არ დავახვედრო, რა მათი ბრალია, რომ ცოტას მიხდიან მე და უფროსის ახლობელს, ჩემზე ნაკლებ სამუშაოში სამჯერ მეტს... - ამბობს და ცისფერ ქუდს დამდნარი თითებით ისწორებს...
ცისფერი ქუდის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად ჩამჯდარი უჩანს, ცისფერი თვალები...
ისეთი სუსტია, ისეთი სუსტია, ისე ჩამქრალი აქვს ღაწვები... წამით თუ თვალს მოაშორებ ადგილს, სადაც ღაწვები ჰქონდა ოდესღაც, დაინახავ, რომ არც კბილი აქვს...
არადა, არც მოხუცია, არც ხანდაზმული, არც უმუშევარი...
და ჩემს ქვეყანაშიც ყველაფერი გენიალურადაა, რომ იკითხო ...
- ვინმეს ვთხოვდი, ჩავრევდი, დავარეკინებდი, მაგრამ მე ახლა იმ ადამიანებს, ვინც ჩაწყობით იღებს მაღალ ხელფასს, ხომ ვლანძღავ? იგივე გავაკეთო? არ მინდა ჩაწყობით და ახლობლობით, სამართლიანად მინდა - მარტო მე კი არ ვარ იქ ასე! ერთს სულაც 200 ლარს უხდიან - ყვება და ცისფერი თვალებით, როგორც მხსნელს ისე მიყურებს.
ვერ ვეუბნები, რომ შეუძლებელს მთხოვს!
შეიძლება მოვახერხო მისი დახმარება, მაგრამ - სამართლიანობის აღდგენა?
არსებებთან - მოკლე მეხსიერებით და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრით თავგამოტენილ არსებებთან ვიპოვნი სამართლიანობას?


როდის დაიკარგნენ ადამიანები, სად დაიკარგნენ, ვინ დაკარგათ, რამ დაკარგათ...

ბევრი ტყუილი მითხრეს, ბევრი უგმირო ისტორია მოვისმინე, ბევრმა ამარიდა თვალი, ბევრმა შემომხედა და ვერ დამინახა, ბევრი ვეღარ ვიცანი, ბევრი ვიცანი და ნეტა არ მეცნო...

რა მნიშვნელობა აქვს? მე დღეს ერთი დაკარგული ადამიანი ვიპოვნე - მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა, მხოლოდ ამას...

ოდესღაც ბევრნი ვიყავით ადამიანები... არ ვიცოდით ყველას სახელი, მაგრამ ბევრნი ვიყავით... ვიღაც კარგად იყო, ვიღაცას შიოდა, ვიღაც ბედნიერი იყო და ვიღაც იღუპებოდა - მაგრამ, ბევრნი ვიყავით და ყველამ ვიცოდით, რომ იმქვეყნად ვერაფერს წაიღებ, ადამიანის გარდა!

ახლა ცოტანი ვართ, იმდენად ცოტანი, სახეზე შეგვიძლია ერთმანეთი ვიცნოთ, სახელების ჩამოთვლა შეგვიძლია...

16 წლის ბიჭი ხარაჩოდან ჩამოვარდა და მიწა შეჭამს მალე...
ბევრად უფრო პატარა ბიჭი, ერთი საგამომცემლო სახლის, შვილობილი კომპანიის, ამოთხრილ ორმოში ჩავარდა, ჯართის ძებნის დროს და დაიღუპა.
რამდენიმე ათასით დააჯარიმეს კომპანია!
ხმა არ გაუღიათ იმ საგამომცემლო სახლის ჟურნალისტებს!
არც ახლა ითხოვენ იმ სამშენებლო კომპანიის დასჯას...
რატომ?
არსებები თავისი კანონებით ცხოვრობენ და იმ კანონით, არ არის დანაშაული ადამიანების მოკვლა, ადამიანების მკვლელობისთვის ფულის გადახდა შეიძლება იმათი კანონით.

ასე დაიკარგნენ ადამიანები...
ასე მოპარეს ადამიანებს არსებებმა სიცოცხლის უფლება...

ღამის ოთხი საათი გახდება მალე და "ერთი შეხედვით, ყველაფერი გენიალურადაა" - დაწერა დოჩანაშვილმა წლების წინ, როცა პირველი არსებები გამოჩნდნენ....

გათენდება მალე ზოგი ადამიანისთვის, ზოგისთვის აღარასოდეს გათენდება, ზოგი მოკლეს, ზოგი დაიკარგა...

გათენდება მალე, ადგება ნელი დეიდა, დაალაგებს 17 ოთახს და დერეფანს, 17 ოთახს, დერეფანს და ტუალეტს დაალაგებს გალეული თითებით, გადაყრის ნაგავს, გაუყოფენ სადილს, რადგან თვის ბოლოს აღებული 250 ლარით, ვერ ისადილებს და ინერვიულებს იმათზე, ვისავ მასზე დაბალი ხელფასი აქვს ..

ღამის ოთხი საათია და ერთი შეხედვით, ყველაფერი გენიალურადაა, მერე რა, რომ ადამიანები დაიკარგნენ!image

0
214
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0