x
მეტი
  • 21.08.2019
  • სტატია:93747
  • ვიდეო:342192
  • სურათი:455955
"სული" - ნიკო ლორთქიფანიძე

image

1880 წლის 29 სექტემბერს სოფელ ჩუნეშში, იმერეთში დაიბადა დიდი ქართველი პროზაიკოსი, ბრწყინვალე ნოველისტი ნიკო (ნიკოლოზ) მერაბის ძე ლორთქიფანიძე.

მისი პაპა, გიორგი ლორთქიფანიძე დიდი ხელმწიფის, სოლომონ II-ის „ფიცის კაცების" წინამძღოლი ყოფილა. მამულიშვილი, რომელიც არ ჰყიდდა ქართველებს მონებად, როგორც ზოგიერთი სხვა თავადი. ქართველების გამყიდველებს და თურქებს კი ხმალამოღებული ებრძოდა.

მწერლის მამას, მერაბ ლორთქიფანიძეს კი საგლეხო რეფორმამდე გაუთავისუფლებია თავისი ყმები.

აი, ასეთ ოჯახში გაიზარდა მომავალი დიდი მწერალი. ხუთი და და ორი ძმა ჰყავდა.

წერა-კითხვა შინ ისწავლა...

...

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. მერე ვლადიკავკაზში. შემდეგ ხარკოვის უნივერსიტეტში..

მერე ავსტრიაში გაემგზავრა სასწავლებლად, ლეობენის სამთო აკადემიაში. ღირსების დასაცავად, დუელებშიც მონაწილეობდა...

image

...

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1902 წლიდან.

მწერლის თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური“, „საქართველო“, „ივერია“, „თეატრი და ცხოვრება“, „დროება“, „სახალხო გაზეთი“, „თემი“, „კოლხიდა“ და სხვა.

სამშობლოში დაბრუნების მერე თბილისის გიმნაზიაში ასწავლიდა გერმანულს. მერე ქუთაისში ცხოვრობდა, მუშაობდა საადგილმამულო ბანკში. 1925 წლიდან ისევ თბილისში გადმოვიდა. პედაგოგად მუშაობდა ისევ, 1928-40 წლებში - ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1921-24 წლებში ხელოვნების მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე იყო.

რედაქტორობდა ჟურნალ „ცხოვრება და ლიტერატურას“ 1910-1911 წლებში. ეროვნულ-დემოკრატიული გაზეთის „სამშობლოს“ პასუხისმგებელი მდივანი იყო 1917 წლიდან.

მერე იყო ალმანახ „კრებულის“ რედაქტორი.

გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს.

...

ეს არის ძალიან მოკლე ბიოგრაფია დიდი ქართველი მწერლისა, რომლის ნაწარმოებები უკვდავებისთვის იშვნენ...

ნიკო ლორთქიფანიძე ხომ ის კაცი იყო, რომლისთვისაც ყველაფერზე მაღლა ადამიანის ღირსება იდგა.


image

მოდით გავიხსენოთ მისი ერთერთი საუკეთესო ნაწარმოები "სული":

ნიკო ლორთქიფანიძე - სული


შაჰი-შაი ჯიუტი ადამიანი იყო. თუ ერთხელვე ამოიჩემებდა რასმე, უსათუოთ უნდა აესრულებია. როცა მის სურვილს რაიმე წინააღუდგებოდა და სისრულეში მოყვანა შეუძლებელი ხდებოდა, ავად შეიქნებოდა და აქიმები ტყუილა ცთილობდენ მის მორჩენას.

ერთხელ შაჰი-შაიმ იკითხა:

- სად არის ადამიანის სული?

- თავში, - უპასუხეს დიდებულებმა.

- გულში - უპასუხა პოეტმა.

- სტყუით! - განრისხდა შაჰი-შაი. - არ მომწონს თქვენი პასუხი.

რადგან თვის კითხვაზე ყეენმა დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღო, ბოღმა მოერია, დასუსტდა და სახლიდან ვერ გამოდიოდა.

დიდებულნი ცდილობდენ ხმა-ტკბილი ბაიათებით, მგოსანთა ხოტბა-დიდებით, ბანოვანოვანთა ცეკვა-რხევით გაერთოთ ისპაჰანის მბრძანებელი, მაგრამ იგი უფრო და უფრო ყვითლდებოდა. კვნესოდა და გულმოსული ერთი-მეორეზე უსასტიკეს ზნე-ჩვეულებას იჩენდა.

შეძრწუნდა ხალხი.

გადაწყვიტეს ეძებნათ კაცი, რომელიც ამოცანას ახსნიდა და გაბოროტებული შაჰის რისხვისგან იხსნიდა მათ.

ასეთი კაცი აღმოაჩინეს. იგი იყო ტყეთ წასული ვიღაც ბრძენი. სახლი მიეტოვებია: ტანთ თითქმის არ ეცვა. ძვირად თუ ვისმე დაელაპარაკებოდა და მუდამ ცას შეჰყურებდა. მას სულელს უძახდენ. ძვირად თუ ვინმე დაელაპარაკებოდა, მაგრამ უმწვერვალეს გაჭირვების დროს ყოველთვის მას მიმართავდენ.

- გადაგვარჩინე! - შეეხვეწენ მას.

- კარგი, თუკი გინდათ, მაგრამ ღირს კი? შაჰის თუ გადაურჩით, შიმშილი მოგკლავთ, შიმშილს თუ მოერიეთ, ხანი. თვით სიკვდილი კი არაფერი საშიში არ არის. იგი ფერისცვალებაა მხოლოდ. სწორედ ისე, როგორც დღეს ვისაც თეთრი აცვია, ხვალ შავს ჩაიცვამს. ეს რათ უნდა იყოს საშიში და საძაგი? სულ ერთი და იგივეა.


- შენსას ვერაფერს გავიგებთ და შენ ჩვენსას ვერ გაიგებ. დაგვეხმარე ამ საქმეში. გადაგვარჩინე და მერე, რაც გინდა, ის გვითხარი. ჩვენც ყურს მაშინ დაგიგდებთ - ახლა კი მაგის დრო არ არის. ვწყდებით, გვიშველე!

თმა-გაწეწილი, ძონძებში გახვეული, ჭუჭყიანი ბრძენი კინაღამ არ გამოაგდეს სასახლიდან, მაგრამ, როცა გინებას ყური არ ათხოვა, დარტყმაზე გაიცინა და სიკვდილით დასჯით დამუქრებაზე თქვა: „სულ ერთიაო“, მსახურთ გაუკვირდათ და ავადმყოფს შაჰს მიჰგვარეს.

- სადაა ჩემი სული! - დაეკითხა შაჰი ბრძენს, როგორც კი დაინახა ახალი სახე.

- შენ გვირგვინში...

- ამისი? - ხელმეორეთ დაეკითხა შაჰი და მიუთითა მხატვარზე.

- იმ სურათში, რომელსაც ახლა ხატავს.

- მაშ ათასი სული ჰქონია მხატვარს, რადგან ათასი სურათი მაინც დაუხატავს. შეხედე გველეშაპის დასისხლიანებულ თვალებს და, აი, თითქოს ახლა მოსულა ინდოეთიდანო, საკუნტალას. ორივე მისი სულია?

- ჭეშმარიტად! - უპასუხა ბრძენმა.

- ამ ბავშის სული სადღა უნდა იყოს? - შაჰი უფრო და უფრო ბრაზდებოდა. თანაც ცნობის მოყვარეობამ აიტანა. ტახტზე წამოიწია და თვალები ჩააშტერა ბრძენს.

- ვაშლში, რომელსაც ისე ნდომით შეყურებს.

ბავშვი, მართლაც, თვალებით ყლაპავდა ვაშლს, რომლის ერთი მხარე ბროწეულის ყვავილივით წითელი იყო და მეორე კი ქარვასავით ჩაყვითლებოდა.

- შენი კი, შენი? ჩქარა მითხარი ვიღაცა ხარ!

- ჩემი მსოფლიოში, აქ, იქ, ზემოთ - ცაში და ქვემოთ - დედამიწაში, მარადისში და განუსაზღვრელში.

- მე ერთად-ერთი სული მქონია, - ფიქრობდა შაჰი-შაი. - მხატვარს, ბავშვსაც კი, ათასი. ბრძენის სული კი განუსაზღვრელია და მარადისი. ჭეშმარიტად მათთან შედარებით მე საცოდავი ვარ.


და შაჰი-შაის სურდა ან ბრძენი ყოფილიყო, ან მხატვარი და ან ბავშვი მაინც!


და რადგან ეს არ შეეძლო, უფრო და უფრო მძვინვარებდა შაჰი- შაი, რომლის სული მხოლოდ მის გვირგვინში იყო მომწყვდეული.

1912 წ.

0
139
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0