x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93876
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456120
ორგანიზაციული კომუნიკაცია

image
ორგანიზაციული კომუნიკაცია არის შეტყობინების გაგზავნა და მიღება კონკრეტულ გარემოში ან დაწესებულებაში ურთიერთდაკავშირებულ ინდივიდებს შორის, რათა მიაღწიონ ინდივიდუალურ ან საერთო მიზნებს. ორგანიზაციებში კომუნიკაციის მიზნებია ორგანიზაციის სტრუქტურის შექმნა და კონტროლი, სამუშაო პროცესების დაგეგმვა და კოორდინირება, ახალი თანამშრომლების წარმატებული ორიენტაცია, თანამშრომელთა ფუნქციების განაწილება, ორგანიზაციის იმიჯზე ზრუნვა - ორგანიზაციის სახელის საზოგადოებაში გავრცელება და მისდამი კეთილგანწყობის მოპოვება, ფინანსური ან ფუნქციონალური კრიზისის თავიდან არიდება.

კომუნიკაცია პროცესუალურ მოვლენას წარმოადგენს და შემდეგი კომპონენტისაგან შედგება: კომუნიკატორი, შეტყობინება, კოდირება, არხი, დეკოდირება, რეციპიენტი და უკუკავშირი.

  • კომუნიკატორი/წყარო – არის კომუნიკაციის პროცესში შეტყობინების მომწოდებელი, რომელიც შეიძლება იყოს ადამიანი, ჯგუფი, ორგანიზაცია. წყაროს სამი ფუნქცია გააჩნია: 1. განსაზღვროს რა მნიშვნელობა უნდა გადასცეს, 2. მოახდინოს კოდირება, ანუ მნიშვნელობა უნდა გადაიტანოს შეტყობინებაში და გადასცეს შტყობინება.
  • შეტყობინება – კომუნიკატორის მიერ მიმღებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. მაგალითად სიტყვები, სახის მიმიკა, სხეულის მოძრაობა, წერილი, ტექსტური შეტყობინება და სხვა. შეტყობინების კოდისა და შინაარსის შერჩევა კომუნიკატორის არჩევანზეა დამოკიდებული.
  • კოდირება – საკომუნიკაციო შეტყობინებისათვის სიმბოლური სახის მიცემა, ანუ დაშიფვრა. მასზე ადამიანების უნარები, შეფასებითი დამოკიდებულებები და კულტურული ფაქტორები ახდენენ გავლენას.
  • არხი – კომუნიკატორის მიერ შეტყობინების მიწოდების წესი, საშუალება. არხი არის კომუნიკაციის წყაროდან ინფორმაციის მიმღებამდე გადამცემი მექანიზმები, რომელიც შეიძლება იყოს ზეპირი მიმართებები ერთმანეთისადმი, სატელეფონო საუბრები, არაფორმალური კავშირები, ჯგუფური შეკრებები და სხვა. ორგანიზაციაში როგორც წესი არხები არიან ადამიანები. მაგ: როგორც წესი, შუა რგოლის მენეჯმენტი არის არხი ტოპ მენეჯმენტსა და ქვედა რგოლის თანამშრომლებს შორის.
  • დეკოდირება – მიმღების მიერ მოსული ინფორმაციის მნიშვნელობის გაგება, ანუ გაშიფვრა. კომუნიკატორის მსგავსად, მიმღები შეტყობინების დეკოდირების პროცესში, თავისი შეფასებითი დამოკიდებულებებით, გამოცდილებით, ცოდნითა და გარკვეული კულტურისადმი მიკუთვნებულობის მახასიათებლებით არის შეზღუდული. იმისათვის, რომ კომუნიკაციის პროცესი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია. ორგანიზაციული კომუნიკაცია 5 დასრულდეს, აუცილებელია, რომ სიგნალი გაიშიფროს და მიმღებმა მოახდინოს სიგნალის ინტერპრეტირება. რაც უფრო ახლოსაა დაშიფრული სიგნალი წყაროს მიერ დადგენილ მიზანთან, მით უფრო ეფექტურია კომუნიკაცია.
  • რეციპიენტი/მიმღები – კომუნიკაციის პროცესში შეტყობინების მიმღები. როდესაც შეტყობინების გამცემი შეტყობინების მიმღების თავისებურებებს არ ითვალისწინებს დიდი შანსია, რომ შეტყობინება დამახინჯდეს და შესაბამისად კომუნიკაცია არ შედგეს. ზოგიერთი კომუნიკატორი რეციპიენტზეა ორიენტირებული, ხოლო ზოგიერთი ძირითად ყურადღებას შეტყობინების არხზე ამახვილებს. მიმღების 3 ფუნქცია არის: წყაროს შეტყობინების მიღება. 2. დეკოდირება 3. შეტყობინებაზე პასუხის გაცემა/უკუკავშირი.
  • უკუკავშირი – ეს არის მიღებულ შეტყობინებაზე რეციპიენტის პასუხი კომუნიკატორს. კომუნიკაციის პროცესში უკუკავშირი მნიშვნელოვანია, რადგნა შესაძლოა კომუნიკაციის წყარო სიგნალს მაღალი სიზუსტიანად აღიქვამდეს, მაგრამ რეალურად ასე არ იყოს. უკუკავშირის დახმარებით ხელმძღვანელს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება კომუნიკაცია, შეუძლია ასევე დაარეგულიროს მომდევნო შეტყობინების შინაარსი, გაზარდოს სიგნალების სიზუსტე მომავალ კომუნიკაციებში და სხვა (შუბლაძე, მღებრიშვილი & წოწკოლაური, 2008).
  • image

    ორგანიზაციის შიგნით ინფორმაცია გადაადგილდება დონიდან დონეზე ვერტიკალური ან ჰორიზონტალური კომუნიკაციის მიმართულებით. ვერტიკალური მიმართულება, თავის მხრივ, იყოფა აღმავალ და დაღმავალ მიმართულებებად.

    აღმავალი მიმართულების შემთხვევაში ორგანიზაციაში კომუნიკაცია მიემართება დაბალი საფეხურებიდან მაღალი საფეხურებისაკენ. იგი გამოიყენება უფროსსა და ხელქვეითს შორის უკუკავშირისათვის, სამუშაო შედეგებისა და მიმდინარე პრობლემების შესახებ ინფორმირების მიზნით. აღმავალი მიმართულება თანამშრომელთა შეხედულებების ხელმძღვანელობამდე მიტანის საშუალებაა. ხელმძღვანელები მოცემულ ინფორმაციას ეყრდნობიან მაშინ, როდესაც აანალიზებენ იმას, თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ საქმის ვითარება ორგანიზაციაში.

    დაღმავალი მიმართულების შემთხვევაში კომუნიკაციის ნაკადი მიემართება ორგანიზაციის უფრო დაბალი დონისაკენ, დაქვემდებარებულისაკენ ან ჯგუფისაკენ. ჯგუფის ხელმძღვანელების მიერ იგი გამოიყენება დავალებების მიცემისას პროცედურებისა და ინფორმაციის შესახებ, პრობლემების იდენტიფიცირებისთვის, პრიორიტებების, ცვლილებების, რეკომენდირებული პროცედურების მიცემისას და სხვა.

    ჰორიზონტალური მიმართულება. როდესაც ურთიერთობა მიმდინარეობს ერთი ჯგუფის წევრებს შორის, ერთი დონის სამუშაო ჯგუფებს შორის, ერთი დონის ხელმძღვანელებს ან შემსრულებელ პერსონალს შორის, მაშინ ასეთ კომუნიკაციურ პროცესს ეწოდება ჰორიზონტალური კომუნიკაცია. ჰორიზონტალური კომუნიკაცია განაპირობებს თანაბარუფლებიანი, თანასწორი ურთიერთობის ფორმირებას. ასეთი ურთიერთობები ორგანიზაციის თანამშრომელთა კმაყოფილების გრძნობის მთავარი პირობაა.

    საკომუნიკაციო ქსელი

    კომუნიკაცია არამატო პროცესუალური მოვლენაა, მას სტრუქტურული მხარეც გააჩნია, რაც მისი მიმდინარეობის მარეგულირებელ ფაქტორს წარმოადგენს. ორგანიზაციაში ინფორმაციის გადაცემის ძირითადი საშუალება საკომუნიკაციო ქსელია.

    საკომუნიკაციო ქსელის რამდენიმე სახე გამოიყოფა: ვარსკვლავური, Y-ის მაგვარი, წრიული, ჯაჭვური და მთლიიანი ქსელი.

    image
    ეს ფორმები ადამიანების მიერ კომუნიკაციის განსხვავებულ შესაძლებლობებეს გულისხმობს. წყვილების ისრებიანი კავშირი ორარხიან კომუნიკაციას გამოხატავს. ვარსკვლავური ქსელი კომუნიკაციის თვალსაზრისით ყველაზე შეზღუდულია, რადგან ინფორმციის გაცვლა არხის ცენტრში მოთავსებულ პიროვნებას და სხვებს შორის მიმდინარეობს. მთლიანი ქსელის შემთხვევაში კომუნიკაცია ყველაზე ნაკლებად შეზრუდულია. ჯგუფის წევრების კმაყოფილების მიხედვით ინდივიდუალური რანგული მაჩვენებელი მარალია, ზოგადი მაჩვენებელი კი მცირეა, რაც გამოწვეულია იმით რომ ქცევის ცენტრში მყოფი ობიექტი ყურადრების გამო კმაყოფილია, დანარჩენებს კი გადაწყვეტილების მირებაში მარგინალური სტატუსი გააჩნიათ (ჩარკვიანი, 2001)

    არსებობს ორგანიზაციული კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური ქსელები. ფორმალურ ქსელში კომუნიკაცია მიყვება იერარქულ სტრუქტურებს, ჩამოყალიბებულ წესებს და ნორმებს. კომუნიკაციის ფორმალური არხი, რომელიც შრომით პროცესთან არის დაკავშირებული, თავად ორგანიზაციის მმართველობის მიერ არის განსაზღვრული და დანერგილი. მისი საშუალებით თანამშრომლებს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, ბრძანებები და უკუკავშირი მიეწოდებათ. სხვა სახის, პიროვნული თუ სოციალური ტიპის ინფორმაცია არაფორმალური ქსელების შედეგად გადაიცემა, ეს არის ძირითადად თანამშრომელთა შორის არაფორმალური ინფორმაციის გაცვლა და ერთმანეთთან ნებაყოფლობითი სახის კომუნიკაცია. არაფორმალური კომუნიკაციების არხით ვრცელდება ჭორები. ვინაიდან ჭორების საშუალებით ინფორმაცია უფრო სწრაფად გადაეცემა, ვიდრე ფორმალური არხებით, ხელმძღვანელები ხშირად იყენებენ მათ, დაგეგმილად, სპეციალურად გარკვეული ინფორმაციის გადინებისა და გავრცელებისათვის.

    შეტყობინების დამახინჯება

    შეტყობინების დამახინჯება ობიექტურად სწორი ინფორმაციის მცდარად ასავას ნიშნავს. ინფორმაციის დამახინჯების 3 ფორმას გამოყოფენ:

    თავსმოხვევა, ანუ ყურადღების გამახვილება, რომელშიც სიტუაციის დადებითი ან უარყოფითი მხარის წინ წამოწევა იგულისხმება.

    გაცრა" ანუ ინფორმაციის დადებითი ან უარყოფითი დეტალებისგან გაფილტვრა.

    დაფარვა, რომელიც ინფორმაციის მთლიანად უგულებელყოფას, მიჩქმალვას გულისხმობს.

    ინფორმაციის დამახინჯება განზრახ ან უნებლიედ შეიძლება მოხდეს. ორგანიზაციაში ერთიდა იგივე ინფორმაცია ძალიან ხშირად სხვადასხვა შრომით ჯგუფებამდე განსხვავებული შინაარსით აღწევს.

    ინფორმაციის დამახინჯების კვლევებმა აჩვენა, რომ კომუნიკატორებს ხელმძღვანელების შესახებ უარყოფითი ინფორმაციის დამალვის, ხოლო მათ შესახებ დადებითი შეტყობინებების ხაზგასმას ცდილობენ. უფროსის ზედმეტად გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით თანამშრომლები ხშირად ინფორმაციის გაცრის ხერხს მიმართავენ. ინფორმაციის განზრახ დამახინჯებას უარყოფითი შედეგები მოაქვს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევის შესახებ ითქმის, როდესაც საქმე მნიშვნელოვან, მაგრამ უარყოფით არასასიამოვნო ინფორმაციასთან გვაქვს და ყურადრება მხოლოდ დადებით მხარეზეა გამახვილებული. ასეთ ვითარებაში ხელძღვანელმა შეიძლება საჭირო ცოდნა ვერ მოიპოვოს და ამის გამო სწორი გადაწყვეტილებაც ვერ მიიღოს.

    გამოყენებული ლიტერატურა:

    ჩარკვიანი, დ. (2001). ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში. თბილისი

    ია კუტალაძე - “ორგანიზაციული კვლევის მეთოდები’’ (READER)

    შუბლაძე, გ. მღებრიშვილი, ბ. & წოწკოლაური, ფ. (2008). მენეჯმენტის საფუძვლები, თბილისი

    0
    10
    შეფასება არ არის
    ავტორი:ანი ბერიძე
    ანი ბერიძე
    10
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0