x
image
ეკა ლაცკა
“სულ მარტო ვარ, ხელნაკრავი, უარყოფილი”- გოგი ხარაბაძე
image

ცნობილი ქართველი მსახიობი, რეჟისორი და მწერალი - გოგი ხარაბაძე - რომლის შესრულებულ როლებს, წაკითხულ ქართველი პოეტების ლექსებს, გადმოცემულ მათეს, ლუკას, იოანეს და მარკოზის სახარებას - უზღვავი ემოცია მოაქვს და მარადიულ შთაბეჭდილბას უტოვებს მსენელს.

...

ეს კი მისი საოცარი ჩანაწერებია, რომელიც მკითხველს აუცილებლად დაამახსოვრებს თავს:



...

"რა არის ცხოვრება?" აბეზარმა ჟურნალისტებმა იციან ამ შეკითხვის დასმა: რა არის ცხოვრება? ზედიზედ რომ მკითხა რამდენიმემ, დავწერ და გამოგიგზავნით-მეთქი, ვუთხარი და შევასრულე:

"ცხოვრება არის: შვილები, შვილიშვილები, დედ-მამა ანუ სამშობლო! ქალი! მეგობარი! რწმენა! პოეზია! მრავალჟამიერი! ღვინო! ქუჩა, მდინარე, ზღვა, მთა... ჰაერი! და დრო...

კიდევ ჭაბუამ თქვა ჩინებულად: "ცხოვრება არის ის, რაც გახსოვს, დანარჩენი არსებობაა"...

მეც არსებობა გვერდით გადავდე და ცხოვრების ამბის მოყოლა ჩავიფიქრე. ყველა განცდა, ადამიანი, მოგონება ძველია, ჩემი საუკუნის - მეოცე საუკუნის, რომელშიც დავიბადე და რომელსაც ჩემად, მშობლიურად მივიჩნევ, მაგრამ ყოველივე ოცდამეერთეშია ფურცელზე გადმოტანილი.

სისხლიანი, სასტიკი და მძიმე იყო მეოცე.

უფრო მძიმე, გაურკვეველი და გამოუცნობია ოცდამეერთე.

აღმართია გაუთავებელი... აღმართში მიხდება ცხოვრებაც, წერაც... აღმართ-აღმართ მივუყვები გზას! მაგრამ არის ამ აღმართში მწვერვალების წვდომის სურვილიც და კიდევ რაღაც, ღვთიურთან მიახლოებულიც, რომელსაც საქართველოს ბულბულთან - აკაკისთან მივყავარ თითქოს...

ორივე ძვირფასი და ახლობელია ჩემთვის!


image

...

“სულ მარტო ვარ, ხელნაკრავი, უარყოფილი. ვინც მიცნობს, იფიქრებს ასეთ დროს სულ გაბოროტდაო. არა, პირიქით… ტკივილებითაა აღსავსე ჩემი სული, მაგრამ უნაზესი ტკივილებით.

ახლა ერთი საათია გალაკტიონის ერთ ლექსს ვეძებდი, რომელიც მთლიანად გამოხატავდა ჩემი სულის მოძრაობას. ასეთი ლექსი ორია.
ერთი, სადაც წერია: “იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე ამას გევედრები.” და მეორე – “მშვიდობით, მშვიდობით, ამაოდ დაგენდე, ელვარე საღამოვ ალმის საყურეთა.”


image

...

“მთელი ჩემი ცხოვრება სავსეა ჩავარდნებით და აღმასვლებით.

იყო წლები, როცა რუსთაველის თეატრში საერთოდ არაფერი მითამაშია. ბოლო სამი-ოთხი წელია საერთოდ სცენაზე არ გამოვსულვარ. სამაგიეროდ სამი წლის წინ ერთდროულად ვთამაშობდი ტიტუს ანდრონიკუსს, მეფე ლირს და კალდერონის პიესაში მეფე ბასილიოს.

ეს პროცესი, რომელიც ყველა მსახიობის ცხოვრებაში ხდება, მხედველობაში მაქვს პაუზები, მეც, რა თქმა უნდა, მაქვს, მაგრამ ამას დიდად არ განვიცდი. რადგან ახლა ფაქტიურად არ ვიცი ვის და როგორ ველაპარაკო, რა ენაზე ვესაუბრო მაყურებელს.

სცენაზე ტყუილად დგომას კი სჯობს არ იდგე და თუ დასაძახებელი ან დასაყვირი არაფერი გაქვს ხალხისთვის, სჯობს არ იკნავლო.”


image

...

“ადამიანის მთელი ცხოვრება უსაზღვრო ტკივილებითაა აღსავსე, ცდომილებაა.

მთელი ცხოვრება თამაშია, ყველანი ვთამაშობთ.

მთლად ფუფუნებაში ჩაფლულნი და ღარიბ-ღატაკნი სწორედ რომ ერთნაირი საწუხარით არიან, ერთნაირი ტკივილებით ითანგებიან და მაინც… ამ ტკივილ-საწუხრიანი სიცოცხლის მშვენებაა – რამდენიმე წამი ნეტარებისა, რამდენიმე წამი თავდავიწყებისა, რამდენიმე წამი ამაღლებულთან მიახლოვებისა, რამდენიმე წამი ენით უთქმელი, განუმეორებელი და დაუბრუნებელი.

ირაკლი (აბაშიძე) ხომ სვამს ასეთ შეკითხვას: “წუთი სჯობდა თუ საუკუნე?”

რა თქმა უნდა, წუთი.

წუთი კი არა, ხშირად წამიც სჯობს მთელ საუკუნეს.


ამგვარი გაგებით მეც ხუთი-შვიდი წუთი თუ მიცოცხლია დღემდე.”


image

...

“ნებისმიერ ადამიანს რომ კითხო, ფერებს შორის რომელს აძლევ უპირატესობასო, რომელი გიყვარსო – დაუფიქრებლად გიპასუხებს.

ასევე დაუფიქრებლად გიპასუხებს ასეთ ირეალურ შეკითხვებზეც: რა ფერისაა სიყვარული, მარტოობა, მონატრება, შიმშილი, წყურვილი, ტკივილი, სიხარული…

როგორც ჩანს, ყოველივეს არსებითს და უხილავად შეცნობილს თავისი ფერი აქვს, ოღონდ სრულიად სხვადასხვა – სხვადასხვა ადამიანისთვის.

ვფიქრობ, ეს არის სწორედ ეგზისტენციალურობის გამოვლინება (და ნამდვილად არსებობა) ყოველ ადამიანში, ინდივიდში.

ეს არის სწორედ ის, რომ ადამიანია თვითონ სამყაროს არსი.”


0
3022
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
3022
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0