x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი მოგზაურების მიერ გაკეთებული გენიალური აღმოჩენები, რომლებმაც მსოფლიოს რუკა რამდენჯერმე შეცვალა

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა მთელი დედამიწა თითქმის ბოლო კუთხე-კუნჭულამდეა შესწავლილი და გამოკვლეული. ფაქტიურად არ არის ადგილი დარჩენილი, სადაც ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. არქტიკის და ანტარქტიდის ყინულებიც კი გაიბზარა მკვლევარების და მოგზაურების ნაფეხურებით, თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. ჩვენი წინაპრებისათვის დედამიწა ამოუცნობ და იდუმალ სამყაროს წარმოადგენდა, სადაც ჰორიზონტს იქეთ იმალებოდა უცხო მხარეები, ეგზოტიკური კუნძულები და ველური ტომები თავიანთი უცნაური ადათ-წესებით.



image



ჩვენი პლანეტის უცნობი ადგილების აღმოჩენასა და შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს ცნობილმა მოგზაურებმა, რომელთა სახელები სამუდამოდ ჩაიწერა დედამიწის ისტორიაში. სწორედ მათ გააკეთეს ყველაზე მნიშვნელოვანი, გენიალური აღმოჩენები, რომელმაც თავდაყირა დააყენა კაცობრიობის წარმოდგენა ჩვენი პლანეტის ფორმასა და ზომებზე. მოდით, გავიხსენოთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მოგზაურები და მკვლევარები, რომლებმაც დედამიწის რუკა რამდენჯერმე შეცვალეს.


ფრენსის დრეიკი



image


ამ მოგზაურის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა სრუტეს ანტარქტიდის კონტინენტსა და ცეცხლოვან მიწას შორის. კალიფორნიაში ასევე არსებობს დრეიკის ყურე.

ერთი უბრალო ფერმერის შვილი, 12 წლის ფრენსის დრეიკი იუნგად მოეწყო ხომალდზე, რომელიც მის შორეულ ნათესავს ეკუთვნოდა. 18 წლის ასაკში ის უკვე ამ გემის კაპიტანი იყო. 1567 წელს დრეიკის ხომალდმა მონაწილეობა მიიღო ექსპედიციაში. ხომალდების კოჰორტას თავს დაესხნენ ესპანელები, მათ ჩაძირეს გემების დიდი ნაწილი. ათეულობით გემიდან მხოლოდ ორი გადარჩა. ერთი მათგანის კაპიტანი დრეიკი იყო. ინგლისელებმა ესპანეთისაგან მოითხოვეს ზარალის ანაზღაურება, თუმცა ესპანეთის მეფემ ამაზე უარი განაცხადა. მაშინ დრეიკმა დაიფიცა, რომ თვითონ წაართმევდა ყველაფერს ესპანეთის მეფეს. მართლაც, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ესპანეთის უძლეველი არმადის დამარცხებაში.

ელისაბედ I-ის მმართველობის ხანაში ინგლისი ესპანეთს ემტერებოდა. ელისაბედი თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ დრეიკი ესპანურ გემებს ძირავდა და ძარცვავდა, რადგან იგი ამას „არაოფიციალურად“ აკეთებდა. დრეიკმა რამდენიმე წარმატებული ცურვა განახორციელა, რომელთა დროს სამხრეთ ამერიკასა და ვესტ-ინდოეთში ესპანეთის კოლონიებიდან განძეულს ეზიდებოდა. დრეიკი თითქმის არაფრით სჯობდა მეკობრეებს, მაგრამ სიმამაცის წყალობით ინგლისში სახელი გაითქვა.

1577 წელს დრეიკი სამწლიან მოგზაურობას შეუდგა, რომელიც არა მხოლოდ კვლევას ისახავდა მიზნად, არამედ ძარცვასაც. მისი ხომალდი ''ოქროს ფურირემი'' ერთადერთი გემი იყო მთელი ფლოტიდან, რომელმაც მოგზაურობა დაასრულა, ხოლო დრეიკი პირველი ინგლისელი გახდა, ვინც მსოფლიოს შემოუარა. სამშობლოში დაბრუნებული დრეიკი ელისაბედ I–მა ''ოქროს ფურირემის'' გემბანზე რაინდად აკურთხა.

1577 წელს ახალგაზრდა კაპიტანმა ამერიკის სანაპიროებისაკენ აიღო კურსი. ოფიციალური ვერსიით, მას უნდა აღმოეჩინა ახალი მიწები, თუმცა სინამდვილეში მოგზაურობის მიზანი გაცილებით პროზაული იყო-ოქრო. დრეიკს უბრალოდ შტორმი დაეხმარა მისი სახელობის სრუტის აღმოჩენაში.



ათანასე ნიკიტინი



image



ცნობილმა რუსმა მოგზაურმა სახელი გაითქვა იმით, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი, რომელიც მოხვდა ინდოეთში. მან გაცილებით ადრე დაადგა ფეხი ინდოეთის მიწაზე, ვიდრე ეს პორტუგალიელმა მოგზაურებმა მოახერხეს, თუმცა ამის ოფიციალურად დადასტურება ვერ მოხერხდა.

ათანასე ნიკიტინი უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა. ის დიდვაჭარი გახლდათ, თუმცა შთამომავლობას დაამახსოვრდა, როგორც ადამიანი, რომელმაც ჩააღწია სპარსეთსა და ინდოეთამდე და ეს მოგზაურობა აღწერა თავის წიგნში: ''მოგზაურობა სამ ზღვას იქეთ". წიგნში მოგზაური მოგვითხრობს აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურასა და პოლიტიკურ მოწყობაზე.



ამერიგო ვესპუჩი



image



ამერიგო ვესპუჩი გახლდათ ფლორენციელი ვაჭარი, მკვლევარი და მოგზაური, რომლის სახელიც მიიღო ამერიკის კონტინენტმა. თავდაპირველად ის სხვა მოგზაურების მიერ მოწყობილ ექსპედიციებს აფინანსებდა, მათ შორის ქრისტეფორე კოლუმბის სამი ექსპედიცია დააფინანსა. 1499 წელს, 45 წლის ასაკში, მან განიზრახა თავად წასულიყო სამოგზაუროდ შორეულ ნაოსნობაში. ვესპუჩი თვლიდა, რომ ნაოსნობა მეტად სარფიანი საქმეა, ამიტომ მზად იყო მთელი მსოფლიო ხელახლა აღმოეჩინა საკუთარი ფინანსების ხარჯზე.

ამერიგო ვესპუჩი 1501 წლის 14 მაისს, ოკეანეში ორი თვის მოგზაურობის შემდეგ, მიადგა ნაყოფიერ, მდიდარ, მცენარეებითა და ცხოველებით მრავალფეროვან მიწას, სადაც ველური მოსახლეობა ცხოვრობდა და მას ''მიწიერი სამოთხე'' უწოდა. მის მიერ აღწერილი ეს სამოთხე წარმოადგენდა დღევანდელ ბრაზილიას. ამერიგო ვესპუჩი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს მიწა უფრო ფართოვდებოდა სამხრეთისაკენ, ვიდრე ეს ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა იგი, რომ აღმოჩენილი მიწა არ იყო კუნძული და ის წარმოადგენდა ახალი კონტინენტის ნაწილს. 1507 წელს მარტინ ვოლდსიმიულერმა ვესპუჩის ანგარიშებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა, სადაც ახალ კონტინენტს მან ამერიკა უწოდა ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად.



ქრისტეფორე კოლუმბი



image


ამ უდიდესი ზღვაოსნის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ბევრი რამ არაა ცნობილი, თუმცა ის, რისი აღმოჩენაც მან შეძლო, უკვე მრავლისმთქმელია. მან პირველმა გადაკვეთა ატლანტის ოკეანე და აღმოაჩინა კარიბის და სარაგოსის ზღვები, პირველმა დაადგა ფეხი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მიწებზე.

გენუელმა, არც ისე მდიდარი ოჯახიდან გამოსულმა ქრისტეფორემ საკმაოდ კარგი განათლება მიიღო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იტალიისა და ესპანეთის 6 ქალაქი ეცილება ერთმანეთს პატივში, თუ რომელი მათგანი არის კოლუმბის მცირე სამშობლო. მომავალი მოგზაური სწავლობდა პავიის უნივერსიტეტში. დაახლოებით 1470 წელს ცოლად შეირთო დონა ფელიპე მონის დე პალესტრელო. დონა ფელიპეს მამა ცნობილი ზღვაოსანი იყო პრინც ენრიკეს დროს. სწორედ მან შთააგონა ახალგაზრდა კოლუმბს ეპოვა ინდოეთამდე მისასვლელი უახლოესი სანაოსნო გზა და ამისაკენ მიემართა მთელი ძალისხმევა. კოლუმბი მთელი არსებით მიეცა ამ გეგმის განხორციელებაზე ფიქრს, თუმცა მის მიერ ჩაფიქრებულ პროექტებს ფინანსური მხარდაჭერა არ ჰქონდა და ჩანასახშივე ჩასაფუშად იყო განწირული, რადგან არც იტალიის, არც პორტუგალიის და არც ესპანეთის ხელისუფლებას არ ჰქონდა სურვილი ესოდენ საეჭვო მოგზაურობა დაეფინანსებინა.

ოცნების განხორციელებაში კოლუმბს ესპანეთის დედოფალი იზაბელა დაეხმარა. სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი ეჭვების მიუხედავად კოლუმბს სამი კარაველა: ''სანტა-მარია'', ''პინტა” და ''ნინია'' გადასცეს. უნდა აღინიშნოს, რომ გადმოცემის მიხედვით, კოლუმბის ეკიპაჟში გემ ''სანტა-მარიაზე'', რომლის კაპიტანი თავად კოლუმბი იყო, იყვნენ ქართველი ძმები მოლაშხიები.

თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგრძლივი და დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კოლუმბის ერთ-ერთი გემიდან მიწა შენიშნეს. 1492 წლის 12 ოქტომბერს (12 ოქტომბერი ამერიკაში დადგენილია, როგორც ამერიკის ხელახლა აღმოჩენის დღე, კოლუმბის ღვაწლის დაფასების მიზნით) 69 დღიანი მოგზაურობის შემდეგ, კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს სან-სალვადორი (წმინდა მაცხოვარი) უწოდა. ესპანეთის “კათოლიკე მეფეების” სახელით კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა კუბა და ჰაიტი. კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომ აზიის განაპირა კუნძულებს ანუ ''ინდიებს'' მიაღწია, ამიტომ ახლად აღმოჩენილ მიწას ვესტ (დასავლეთი) ინდოეთი, ხოლო ადგილობრივ მცხოვრებლებს ინდიელები უწოდა. 1493 წლის გაზაფხულზე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა. მას ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს და “ოკეანის ადმირალის” ტიტული უბოძეს.

1493-1502 წლებში კოლუმბმა კიდევ რამდენჯერმე იმოგზაურა ამერიკაში და აღმოაჩინა კარიბის ზღვის ბევრი კუნძული. მან აღმოაჩინა კუნძული იამაიკა, ანტილიის კუნძულები და სამხრეთ ამერიკის ჩრდილო სანაპირო, მაგრამ კოლუმბის ექსპედიციებმა ესპანეთის სახელმწიფოს ვერ მოუპოვა ზღაპრული სიმდიდრე, ამიტომ მას ჩამოართვეს ყველა ტიტული და თანდათან მიივიწყეს. ყველასაგან მიტოვებული კოლუმბი ისე გარდაიცვალა 1506 წელს სიღარიბესა და მარტოობაში, რომ არც კი იცოდა თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ინდოეთს მიაღწია.



ფერნანდო მაგელანი



image



ფერნანდო მაგელანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც ზღვაოსნობით გაითქვა სახელი. იგი იყო ინიციატორი მოგზაურობის, რომელიც მსოფლიო მოგზაურობაში გადაიზარდა. "ადელანტადო"- ამ ტიტულით მოიხსენიებდნენ დიდ ზღვაოსანს, რაც "კონკისტადორების ლიდერს" ნიშნავდა.

მაგელანის მოგზაურობის უშუალო შედეგი დედამიწის სფერულობის დამტკიცებასთან ერთად ესპანეთის კოლონიების ზრდა, ახალი მიწების აღმოჩენა, ახალი ტოპოგრაფიული სახელების დამკვიდრება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისტორიაში პირველად, პინგვინების აღმოჩენაა. მაგელანის პატივსაცემად პინგვინის ერთ-ერთ სახეობას მისი სახელიც კი დაარქვეს. სწორედ ფერნანდომ პირველმა შენიშნა პინგვინი 1520 წელს, როდესაც ექსპედიცია სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაპირებთან იმყოფებოდა. მაგელანი იყო პირველი ადამიანი, ვინც ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე მიაღწია. ამ დროს აღმოაჩინა მან სრუტე, რომელსაც მისი სახელი ეწოდა.

1498 წელს პორტუგალიელებმა ინდოეთამდე მისასვლელი საზღვაო გზა აღმოაჩინეს, მათ დაიწყეს ხომალდების აგება აღმოსავლეთის დასაპყრობად. ერთ ერთ ხომალდზე იმყოფებოდა მაგელანი, რომელმაც ამ მოგზაურობის შემდეგ განიზრახა ზღვაოსნობის და ახალი მიწების აღმოჩენისათვის მიეყო ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ მაგელანი პორტუგალიელი იყო, 1513 მან ზურგი აქცია პორტუგალიის სამეფო კარს და ესპანეთში გადავიდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ინდოეთიდან სანელებლებით უკან დაბრუნებულ მაგელანს პორტუგალიის მეფე მანუელ I-მა გასამრჯელო არ გადაუხადა, თანაც პორტუგალიის მეფემ მას უარი უთხრა დედამიწის გარშემო მოგზაურობის დაფინანსებაზე. ესპანეთის მეფესთან მრავალრიცხოვანი ვიზიტის შემდეგ მაგელანმა ის, როგორც იქნა, დაითანხმა, რომ მისთვის 5 ხომალდი გამოეყო. მოგზაურობა რთული იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი: სწორედ მისი წყალობით შეძლო ფერნანდომ ეპოვა ორი ოკეანის დამაკავშირებელი სრუტე.

ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, მაგელანმა მოგზაურობისას თვალი მოჰკრა ადგილობრივ ინდიელთა მრავალრიცხოვან კოცონს, სწორედ ამ ადგილს დაერქვა – „ცეცხლოვანი მიწა“.

მაგელანის ხომალდები, ცეცხლოვანი მიწის გავლის შემდეგ, უზარმაზარ ოკეანეში შეცურდნენ, რომელიც მშვიდად გამოიყურებოდა და მეზღვაურებისთვის არავითარ საშიშროებას არ ქმნიდა, ამიტომაც ექსპედიციის კაპიტანმა ოკეანეს პორტუგალიურად “Mar Pacifico” ანუ “წყნარი ოკეანე” უწოდა. მიუხედავად ამისა, იგი არ იყო პირველი ევროპელი, ვინც ოკეანე იხილა და სახელი შეარქვა. 1513 წელს, ესპანელმა კონკისტადორმა, ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ, ევროპაში პირველმა აღმოაჩინა წყნარი ოკეანე და მას “სამხრეთის ზღვა” უწოდა.

521 წლის 27 აპრილს ექსპედიციის წევრები კუნძულ მაქტანზე სისხლისმღვრელ ბრძოლაში ჩაერთნენ ადგილობრივ აბორიგენებთან. დაპირისპირებაში იბრძოდა ექსპედიციის კაპიტანიც, იგი პირადად მაქტანის ბელადმა, ლაპუ-ლაპუმ გამოასალმა სიცოცხლეს.

მიუხედავად მაგელანის სიკვდილისა, ექსპედიცია გაგრძელდა, გემების კაპიტნები ერთმანეთს სწრაფად ცვლიდნენ, საბოლოოდ ბასკი მეზღვაურის, ხუან სებასტიან ელ-კანოს მეთაურობით მოხერხდა ესპანეთში დაბრუნება ერთადერთი გადარჩენილი გემით „ვიქტორია“. მაგელანის მოგზაურობა დასრულდა... ექსპედიციის 265 წევრიდან მხოლოდ 18 გადარჩა ცოცხალი. ელ-კანოს მიერ ესპანეთში ჩატანილმა სანელებლებმა გადაფარა ექსპედიციისთვის გამოყოფილი თანხები. მაგელანის მიერ აღმოჩენილი ტერიტორიები იქცა ესპანეთის გავლენის სფეროებად და კოლონიებად, სადაც გავრცელდა ქრისტიანობა და ესპანური ენა. საფუძველი ჩაეყარა ესპანეთის დომინირებას მსოფლიოზე. იგი გახდა სუპერსახელმწიფო უზარმაზარი ტერიტორიებით, სიმდიდრითა და ფლოტით.

და რაც ყველაზე მთავარია, მაგელანის ექსპედიციის შემდეგ მივიდნენ ადამიანები იმ დასკვნამდე, რომ დედამიწა სფერულია და არა ბრტყელი.



ჯეიმს კუკი



image



ცნობილი შოტლანდიელი მოგზაური ფერმის ღარიბი მუშის ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო და კარგად სწავლობდა, თუმცა 5 კლასის დამთავრების შემდეგ უსახსრობის გამო მშობლებმა სკოლიდან გამოიყვანეს და 13 წლის ბიჭუნამ მამასთან დაიწყო მუშაობა ფერმაში. 15 წლისამ ფერმა მიატოვა და პატარა ხომალდზე იუნგად მოეწყო. კუკი ზღვით მოიხიბლა. საზღვაო მოგზაურობაში წასვლის სურვილი მას ერთი წუთითაც არ ტოვებდა. საკუთარი მიზნის მისაღწევად იგი ყველაფერზე იყო მზად. სულ მალე მან კაპიტნის თანაშემწის წოდებას მიაღწია. თავისუფალ დროს კუკი კითხულობდა წიგნებს, სწავლობდა მათემატიკას, ასტრონომიას, გეოგრაფიასა და განსაკუთრებით ნავიგაციას.

1768 წელს დაიგეგმა წყნარ ოკეანეში ბრიტანეთის სადუმლო სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის მიზანი იყო :„ტერა აუსტრალის ინკოგნიტას“ (სამხრეთის უცნობი მიწა, ასე უწოდებდნენ კონტინენტს, რომელიც ვარაუდით დედამიწის სამხრეთით 40 გრადუსთან ახლოს მდებარეობდა) აღმოჩენა. ევროპაში ვარაუდობდნენ, რომ ეს მიწა უმდიდრესი იყო და ამიტომ ინგლისელებს სურდათ მისი კოლონიად ქცევა, სანამ სხვა დაასწრებდათ. ამის გამო ექსპედიციის ნამდვილი მიზანი გაასადუმლოეს და ოფიციალურ მიზეზად გამოაცხადეს შემდეგი: ექსპედიცია უნდა წასულიყო წყნარი ოკეანის სამხრეთ ნახევარსფეროში და იქედან დაკვირვებოდა ვენერას მოძრაობას მზის დისკოზე, რაც დაეხმარობოდა ინგლისელ ასტრონომებს მზესა და დედამიწას შორის მანძილის დადგენაში. ექსპედიციის მეთაურად და გემის კაპიტნად ჯეიმს კუკი დანიშნეს. ექსპედიცია წარმატებული გამოდგა: კუკმა უამრავი კუნძული, მათ შორის ახალი ზელანდია და ტასმანია აღმოაჩინა. ის იყო პირველი ევროპელი, ვინც ფეხი დაადგა ავსტრალიის კონტინენტზე.

კეთილშობილი და მუდამ გაწონასწორებული ჯეიმს კუკი ცნობილი იყო თავისი შემწყნარებლური და მეგობრული ურთიერთობით, როგორც თავისი ეკიპაჟის წევრებთან (მისი ეშინოდათ, თუმცა ძლიერ უყვარდათ), ისე აბორიგენ მოსახლეობასთან. მიუხედავად ამისა, ის ჰავაის აბორიგენთა მსხვერპლი გახდა, რის გამოც წესიერი საფლავი არ ეღირსა. მართალია, კუკი ვერცერთი კონტინენტის აღმომჩენი ვერ გახდა, თუმცა ის იყო პირველი მოგზაური, რომელმაც, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე დადგა ფეხი. მან მოახდინა ერთგვარი რევოლუცია ზღვაოსნობაში, ისწავლა მაშინ ფართოდ გავრცელებულ საზღვაო დაავადებებთან წარმატებით ბრძოლა, რის შედეგადაც მისი ცურვის დროს ზღვაოსანთა სიკვდილიანობა თითქმის ნულამდე შემცირდა. მოგეხსენებათ, ხანგრძლივი მოგზაურობის დროს მეზღვაურებს სურავანდი უჩნდებოდათ და იღუპებოდნენ. კუკმა პირველმა შეამჩნია, რომ ლიმონი სურავანდის საწინააღმდეგო უებარი საშუალება იყო (სამწუხაროდ, ც ვიტამინის არსებობის შესახებ მაშინ არავინ არაფერი იცოდა ). მართლაც, ლიმონის დახმარებით მისი მეზღვაურები სურავანდისაგან განიკურნენ. ამის შემდეგ ლიმონი შორეულ მოგზაურობაში მიმავალი ყველა გემის სამზარეულოში იკავებდა საპატიო ადგილს.

მიუხედავად იმისა, რომ მას არათუ უმაღლესი განათლება, წესიერად სკოლაშიც კი არ უვლია, კუკიმ თვითგანათლების, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობით და ტიტანური შრომით მიაღწია იმას, რომ თავისი ეპოქის უდიდეს ზღვაოსნად, გეოგრაფად, კარტოგრაფად და ტოპოგრაფად აღიარეს. კუკი იყო პირველი, ვინც კაპიტნის ჩინის გარეშე მიიღო დიდი ექსპედიციის ხელმძღვანელობა. მან პირველმა იმოგზაურა დედამიწის გარშემო მხოლოდ ერთი გემით, რაც გაუგონარი სიმამაცე იყო. კუკმა შეცურა სამხრეთის ოკეანეში და საფუძველი ჩაუყარა მის შესწავლას. მის სახელს ატარებს ოცზე მეტი გეოგრაფიული ობიექტი, მათ შორის 3 ყურე, კუნძულთა 2 ჯგუფი და 2 სრუტე.



ვასკო და გამა



image



ვასკო და გამა გახლდათ ცნობილი პორტუგალიელი ზღვაოსანი, მოგზაური და მკვლევარი, ის იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ფეხი დაადგა ინდოეთის მიწაზე. ის რაინდის ოჯხაში დაიბადა, ახალგაზრდობიდანვე შევიდა სანტიაგოს ორდენში და მონაწილეობას იღებდა საზღვაო ბრძოლებში.

როცა 1492 წელს ფრანგულმა ხომალდებმა დაატყვევეს გვინეიდან პორტუგალიაში მიმავალი ოქროთი სავსე პოტუგალიური კარაველა, პორტუგალიის მეფე ხუან II-მ (1481-1495) დაავალა მას თავს დასხმოდა საფრანგეთის სანაპიროებს და დაეტყვევებინა რეიდზე მდგარი ფრანგული ხომალდები. ახალგაზრდა ვასკომ სწრაფად და ეფექტურად შეასრულა დავალება და ამის შემდეგ საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ს (1483-1498) მოუწია დაებრუნებინა მოტაცებული ხომალდი. ამ ფაქტმა ვასკო და გამას პირველი აღიარება მოუტანა და მას პორტუგალიაში უკვე ყველა იცნობდა.
იმ დროს იტალიელებსა და არაბებს ხმელთაშუა ზღვით შემოჰქონდათ ინდოეთიდან საქონელი, რომელსაც ევროპაში ასაღებდნენ. პორტუგალიელები ამ გზით ვერ სარგებლობდნენ და შურის თვალით უყურებდნენ სხვებს. სწორედ ამ ხანებში ქრისტეფორე კოლუმბმა დასავლეთის გზით მიაღწია, როგორც მაშინ ფიქრობდნენ, ინდოეთს. პორტუგალიელებს აღარაფერი დარჩენოდათ იმის მეტი, რომ აფრიკის გარსშემოვლით მისულიყვნენ ინდოეთში. ამ მიზნის სისრულეში მოსაყვანად ზედიზედ რამდენიმე ექსპედიცია მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ რიგი ექსპედიციებისა მარცხით დამთავრდა, უკან არ იხევდნენ. ერთ-ერთი ექსპედიციის მეთაურად, რომელიც 1497-1498 წლებში განხორციელდა, ვასკო დე გამა დანიშნეს. მოგზაურობა რთული, მაგრამ შედეგიანი აღმოჩნდა. 20 ნოემბერს გემებმა მშვიდობიანად შემოუარეს კეთილი იმედის კონცხს და ინდოეთის ოკეანეში შევიდნენ. იმავე წლის 20 მაისს კი უკვე საკმაოდ შეთხელებული ექსპედიცია კალკუტას მიადგა. შემოვლითი გზა ინდოეთში მისასვლელად ნაპოვნი იყო.
დევიდ ლივინსტონი
image
ის არ გახლდათ მკვლევარი, ის მხოლოდ შოტლანდიელი მისიონერი იყო, თუმცა თავისი საკმაოდ რთული მისიის განხორციელებასთან ერთად, ლივინგსტონი აქტიურად სწავლობდა აფრიკის კონტინენტს და ის მთელ მსოფლიო გააცნო. სწორედ ლივინგსტონი იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ხმა აღიმაღლა მონათვაჭრობის წინააღმდეგ და გახდა შავკანიანთა უფლებების გულმხურვალე დამცველი.
თავისი მოგზაურობის დროს ლივინგსტონმა განსაზღვრა 1000-ზე მეტი პუნქტის მდებარეობა; მან პირველმა შენიშნა სამხრეთ აფრიკის რელიეფის მთავარი თავისებურებები, შეისწავლა მდინარე ზამბეზის სისტემა, საფუძველი ჩაუყარა ნიასისა და ტანგანიკის ტბების მეცნიერულ კვლევას. მან გადალახა კალაჰარის უდაბნო და აფრიკის რთული ლანდშაფტის მიუხედავად, შავ კონტინენტზე ფეხით გაიარა 50 000 კილომეტრზე მეტი. ადგილობრივებმა მას "დიდი ლომი შეარქვეს სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად.
მის სახელს ატარებს ქალაქი ზამბიაში, მთები აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩანჩქერები მდინარე კონგოზე; შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოს მახლობლად, მდებარეობს ლივინგსტონის მემორიალური მუზეუმი.

რუალ ამუნდსენი



image



ის იყო ნორველიელი მოგზაური, რომელმაც დაიპყრო პოლუსი. რუალ ამუნდსენი ცნობილია თავისი პოლარული მოგზაურობებით. მან პირველმა გაიარა კანადის სანაპიროსთან ჩრდილო-დასავლეთის გზით, პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს და კუნძულ შპიცბერგენიდან ჩრდილოეთ პოლუსზე გავლით იფრინა ალიასკამდე. ამუნდსენმა მთელი სიცოცხლე მოანდომა პოლარული ქვეყნების კვლევას, რითაც ბევრჯერ ჩაიგდო სიცოცხლე საფრთხეში და ბოლოს მაინც პოლარულ ყინულებში ჰპოვა სამუდამო სამყოფელი.

1910 წლისთვის ამუნდსენი გეგმავდა ტრანსპოლარულ დრეიფს არქტიკის გავლით, რომელიც უნდა დაწყებულიყო ჩუკოტკის სანაპიროებთან. იგი ფიქრობდა ჩრდილოეთ პოლუსისთვის მიეღწია, რისთვისაც მუშაობა ჯერ კიდევ 1907 წელს დაიწყო. მოიპოვა დაფინანსება და მიიღო ლეგენდარული გემი „ფრამი“ (Fram, ნორვეგიულად წინსვლა; ამ გემმა სახელი გაითქვა ფრიტიოფ ნანსენის მოგზაურობებით), მაგრამ მისი გეგმები ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ჯერ ფრედერიკ კუკმა და მერე რობერტ პირმა განაცხადეს პოლუსის დაპყრობის შესახებ. გეგმა ჩაიშალა, თუმცა აქვე გაჩნდა იდეა სამხრეთ პოლუსის დაპყრობის შესახებ. 1909 წელს „ფრამი“ კაპიტალურად გადააკეთეს ახალი ექსპედიციისათვის, თუმცა ყველაფერი საიდუმლოდ ინახებოდა. დაფინანსება ნორვეგიული წარმოშობის მდიდარი არგენტინელის დონ პედრო კრისტოფერსონის წყალობით გაჩნდა. წასვლის წინ ამუნდსენმა წერილი მისწერა ნორვეგიის მეფეს და პოლარული სამყაროს დიდ მკვლევარს ფრიტოფ ნანსენს, სადაც აღწერილი იყო მისი გეგმა. 1905 წელს ნანსენი თავად გეგმავდა ამას, მაგრამ ცოლის ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. წერილის წაკითხვის შემდეგ კი ამუნდსენი იდეის მოპარვაში დაადანაშაულა.

1911 წლის 13 იანვარს ამუნდსენის ექსპედიციამ ანტარქტიდაზე როსის ნაპირს მიაღწია. ამავე დროს ანტარქტიდაზე იმყოფებოდა ინგლისელი მკვლევარის რობერტ სკოტის ექსპედიციაც, რომელიც მაკ-მერდოს სრუტეში იყო გაჩერებული ამუნდსენისგან 650 კილომეტრით დაშორებით. ნორვეგიელებმა სანაპიროდან 4 კმ -ში ააგეს ბაზა „ფრამჰეიმი“ ერთი ხის სახლით (32 კვ.მ) და მრავალრიცხოვანი ყინულის და თოვლის დამხმარე ნაგებობებით. პირველი მცდელობა პოლუსისკენ წასვლისა ჯერ კიდევ აგვისტოში იყო 1911 წელს, მაგრამ ძალიან ძლიერმა ყინვამ (-56 გრადუსი ცელსიუსით) ხელი ააღებინათ განზრახვაზე. ღამე ძაღლებიც კი ვერ იძინებდნენ ასეთ ყინვაში.

1911 წლის 19 ოქტომბერს 5 ადამიანი ამუნდსენის ხელმძღვანელობით გაემართა სამხრეთ პოლუსისაკენ ოთხი ძაღლებშებმული მარხილით. 14 დეკემბერს მათ პოლუსს მიაღწიეს. დაფარეს რა 1500 კმ მანძილი, პოლუსზე მათ ნორვეგიის დროშა ააფრიალეს. პოლუსზე ამუნდსენმა სკოტს წერილი დაუტოვა, რომელშიც თხოვდა, თუ სამშობლოში ვერ დაბრუნდებოდა, მის შესახებ ეცნობებინა ნორვეგიაში. საბოლოო ჯამში ამ 3000 კმ- ის დაფარვას (წინ და უკან), 3000 მეტრი სიმაღლის სხვაობასა და -40 გრადუს ტემპერატურაში, ძლიერი ქარის თანხლებით 99 დღე დასჭირდა.
1911 წლის 14 დეკემბერს ამუნდსენის ექსპედიციამ პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსამდე და დაბრუნდა უკან, ხოლო სკოტის ბრიგადამ ერთი თვით დააგვიანა და პოლუსს 1912 წლის 17 იანვარს მიაღწია...დაბრუნებისას სკოტი და მისი ექსპედიცია დაიღუპა. მათი დაღუპვის მიზეზი ურთულესი ამინდი გახდა – სკოტი და მისი ბრიგადა გაიყინენ. სწორედ ამასთან დაკავშირებით 1913 წელს ამუნდსენი წერდა: „ყველაფერს გავიღებდი, მათ შორის პოლუსის დაპყრობის პატივსაც, რომ ისინი ახლა ცოცხლები იყვნენ. სკოტის ექსპედიციის დაღუპვამ ჩემი ტრიუმფი დაჩრდილა და უდიდესი ზიანი მომაყენა“.
ამუნდსენი დამთავრებულად თვლიდა თავის კარიერას, რომ ერთმა შემთხვევამ აიძულა იგი გამგზავრებულიყო ჩრდილოეთ პოლუსისაკენ.
1928 წლის 23 მაისს იტალიელმა გენერალმა უმბერტო ნობილემ დირიჟაბლ „იტალიით“ ჩრდილოეთ პოლუსზე გამგზავრება გადაწყვიტა და მოქმედებაც დაიწყო. მისი ექსპედიცია შპიცბერგენიდან დაიძრა და პოლუსამდეც მიაღწია, მაგრამ უკან დასაბრუნებელ გზაზე მათმა დირიჟაბლმა კატასტროფა განიცადა, ხოლო რადიოკავშირი დაიკარგა. ნორვეგიის სამხედრო მინისტრის თხოვნით ამუნდსენი შეუერთდა მათ სამაშველო ოპერაციას. 1928 წლის 18 ივნისს ჰიდროთვითმფრინავ „ლათამ-47“ („Latham“) - ით ფრანგულ ეკიპაჟთან ერთად მოგზაური ქ. ტრომსოდან შპიცბერგენზე მიფრინავდა, ბარენცის ზღვის თავზე იმყოფებოდნენ, როდესაც რადისტმა გადასცა ნისლის შესახებ. ამის შემდეგ კავშირი დაიკარგა. 31 აგვისტო - 1 სექტემბრის ღამეს ტრომსოს მახლობლად იპოვეს თვითმფრინავის ნამსხვრევები, ხოლო ნორვეგიელი მოგზაურის რუალ ამუნდსენის სიკვდილის გარემოება დღემდე დაუდგენელი დარჩა. უმბერტო ნობილეს და მისი ექსპედიციის შვიდ წევრს ამუნდსენის გარდაცვალებიდან 5 დღის შემდეგ მიაგნეს. ამავე წელს ამუნდსენს მიენიჭა ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი ჯილდო - კონგრესის ოქროს მედალი. მოგზაურის პატივსაცემად მისი სახელი დაერქვა ზღვას, მთასა და აშშ-ს სამეცნიერო სადგურს (ამუნდსენ-სკოტი) ანტარქტიდაში, აგრეთვე ყურესა და ქვაბულს ჩრდილო ყინულოვან ოკეანეში.
ერთი იტალიელი ჟურნალისტისთვის კითხვაზე, თუ რამ მოხიბლა ასე ძალიან ის პოლარულ ადგილებში, რუალ ამუნდსენს უპასუხია: „ეჰ, ნეტავ თქვენი თვალით განახათ ოდესმე, თუ რა ზღაპრული სილამაზეა იქ - მხოლოდ იქ ვისურვებდი სიკვდილს“.
5
78
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
22 ივლისი, 19:02
გეთანხმებით, შემეცნებით მასალას აქ სამწუხაროდ ნაკლებად ეტანებიან...
22 ივლისი, 18:58
მაგრამ არა მკითხველის უმეტესი ნაწილის :დ
22 ივლისი, 18:54
სხვათაშორის ჩემიც :)
22 ივლისი, 18:53
მადლობა დადებითი შეფასებისთვის. ასეთი ისტორიები ჩემი საყვარელი თემაა
22 ივლისი, 18:07
საინტერესოა, რადგან უზარმაზარი ისტორიაა ჩადებული, შესაბამისად შემეცნებითია.
ბევრი მოწონება
0 1 5