x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94858
  • ვიდეო:342595
  • სურათი:456881
ქართული გენია როკვით განფენილი (გრიგოლ რობაქიძის სრული წერილი)

image

ქართული ბალეტი - ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილისა - რომელმაც მსოფლიოში ეგზომ დიდი სახელი მოიხვეჭა, ჟენევასაც ესტუმრა. ოთხ წარმოდგენას დავესწარი. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, დიდი. განა მარტო ჩემზეე? მინდა ეს შთაბეჭდილება თანამემამულეთ გავუზიარო.

მროკავთა დასში არც ერთი ვაჟი არაა ნიჟინსკი, არც ერთი ქალი პავლოვა. ხოლო: ვერა-რომელი ნიჟინსკი იცეკვებს მაგალითად "ქართულს" ისე, როგორც ცეკვავს ამას რომელიმე ვაჟი ამ დასისა - ვერცა-რომელი გაჰყვება მოცეკვავე ვაჟს მაგალითად იმავე "ქართულში" ისე, როგორც ამას ასრულებს რომელიმე ქალი უწყებული დასითგან. ეს იმიტომ რომ ქართული ბალეტი არის ბალეტი ჯიშის, რასსის.

რომ ეს გავიგოთ, საჭიროა ამ ცნებას - "ჯიში": "რასსა"- პირვანდელი აზრი დავუბრუნოთ. ესე იგი: ნამდვილი, არ-წარყვნილი. იდეა "რასსისა" არ გამოუგონია არც ფრანგ დე გობინოს, არც გაავსტრიელებულ პ.ს. ჩემბერლენს, არც გერმანელთ ლუდვიგ ვოლტმანს და ალფრედ როზენბერგს, არც არაბს იბნ-ქალდუნს. (ნოტა ბენე, ეს იბნ-ქალდუნ ის ქრონისტია, რომელიც გვითხრობს დიდგორის გამარჯვებას - 14.8.1121 - მეფეთ მეფისა დავითის: აღმაშენებელის. საკვირველია:ეს ავტორიც - როგორც სხვები ჩამოთვლილნი - უპირატესობას ჩრდილოურ რასსას ანიჭებდა.) იდეა რასსისა ძველთაძველ დროშიც არსებობდა: და: რაც თავიდათავია: ბევრად უფრო ღრმად და ნამდვილად გაგებული ვიდრე დღეს. მოკლედ მისი კონცეპტი. ზორვისას - მსხვერპლის შეწირვის დროს ენიჭება ადამიანს ქმედითი უნარი ქაოტიურში ჩარევისა და მისი მოგვარებისა. ამ გზით იგი ხდება რჩეული: "არია": კეთილშობილი: "თავადი", ჩვენი შესანიშნავი სიტყვით, თუ მას მოვაცილებთ სოციალური ფუნქციის ელფერს. ეს მოპოვებული უნარი თესლზედაც ახდენს გავლენას და სისხლზედაც: იქცევა მემკვიდრეობითად. ოღონდ: ვერც თესლი, ვერც სისხლი ვერ ხდის მემკვიდრეს თავისთავად "არიად". "თავადად" რომ გახდეს, მან "მეორე დაბადება" უნდა განვლოს გონის მხრით.(გონი: "ესპრი", "გაისტ".) მემკვიდრეობა უადვილებს მხოლოდ ამ "დაბადებას" მას. ინდოეთში "არია"-ს მემკვიდრე, სანამ "მეორე დაბადებას" არ გაიარდა, ჯერ კიდევ არ იყო უმდაბლეს კასტაზე: "ჩადრას"": მაღლა მდგომი. ასე ჰგონებდენ ძველთა-ძველ ხანაში ურთიერთ კავშირს უნარისა და სისხლისა. იკლებდა "უნარი" - "სისხლს" ძალა ეცლებოდა. იმავე ინდოეთში ამბობდენ: თუ ვინმეს ზორვაში სიცრუვე შეეპარა, მსხვერპლი ფუჭად იქცევაო. ბოლოსდაბოლოს ეს იმას ნიშნავს, რომ სიცრუვით თვითონ მწირველი მსხვერპლისა "შავდება": ზიანდება. კიდევ უფრო ნათლად ჩანს ეს ირანის ტრადიციაში, როცა მითიურმა მზემეფემ - YIMA-მ - ტყუილები დაიწყო, მას თანდათან მოცილდა "ჰვარენო": შარავანდი. ესე იგი: მიეცა გადაგვარებას. ვხედავთ ამ კონცეპტში:როგორც წარმოშობას თავადობისა, ისე მიზეზს მისი ევენტუალური დეკადანსისა. საქართველოში ეს შეგნება "ჯიშისა" - ღრმა და ნამდვილი - ძვალსა და ლბილში ჰქონდათ გამჯდარი, რის მოწმობასაც გვაძლევს ქართული: ჩვენი უგენიალესი ენა. ვაგინებთ ვინმეს, ვეტყვით: "შე უჯიშო". ვკრულავთ ვინმეს - მივახლით: "შენი ჯიში ამოვარდა!" ამაზე უფრო მეტყველი მოწმობა შეიძლება კიდეევ? კმარა!

ჯიში ამრიგად რჩეულობაა. რჩეულობა კი ყველგან და ყოველთვის თავისებურია: ნაირნაირი. ხოლო:თანაბარ ღირსეული, ფასეული. ვინც საკითხს ასე აყენებს: რომელია რასსებში უმჯობესი - მას რასსის არა გაეგება რა. სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ვთქვი: ქართული ბალეტი არის ბალეტი ჯიშისა. ახლა უნდა დავაზუსტო: ჯიშის ქართულის. ერთი მცირე მაგალითი. დაქადნად ნუ ჩამომართმევთ. ვთქვათ: ჩემ წინ გაუშვეს საროკავად "ქართულისა" ორი ჩემთვის უცნობი მროკავი: მითხრეს მხოლოდ:ერთი ქართველია. მათს პირველ გავლებაშივე გამოვიცნობ, რომელია ქართველი.

ქალთა კადრი დასში.თვითეული: კენარი, ჯავარი. სინაზით ტვირფული. მწყაზარი. მორცხვი. კდემული. ნელი. წყნარი. ნარნარი.ქალწულური სრულიად - მომოხვრაშიაც; როკვა -გოგმანი. გოგმანი -სრიალი. სრიალი - ცორვა. ცორვა - ცურვილი: გედის ცურვილი. ყველანი ერთად: გედები, გედები, თეთრი გედები. ხან ფრონტალურ გამწკრივულნი ჰაეროვნებით. ხან მარაოდ გაშლილნი, რომელიც არეს ცისარტყელად ეფინება: (რა გოგონებია! დაილოცოს ჩვენი დედული!)

ახლა ვაჟები. თვითეული: ყოფის შუაგულითგან გამოსხმული. კვრივი.ნაკვთიერი. ყოველ-ნაკვთში - მზის ჭავლი ხალასი. ასხეპილი ვით ასკილი. დახვეწილი. დაწმენდილი.ხალასით ალესილი. შმაგი, ხანდახან შლეგი. ძალაყრილი. აცეცხლებული, რადგან თვითონ სიცოცხლე: "ცეცხლი" - "ცოცხალი".ხლტომა - "ელან ვიტალ". ავარდნა. გავარდნა. მოვარდნა. შევარდნა. ხედვაში თვალციალი შევარდენის. როკვა: რიტმიული დენის ელვარი. ცქაფი წამახულ ფერხთა :წარმოუსახავი: ითქმის: ზებუნებური. ამავე დროს მთელი ტანი: თითქო უძრავი, ურხევი. "თითქო": რადგან ლხენით ავსილი: ისე, რომ ამის ერთი ცვარიც არ დაექცეს. (მთავარი ხტილი როკვებში.) მოშვილდული. ყოველი სხლეტი - ხვედრა თვითონ .(რა ბიჭებია! დაილოცოს ჩვენი მამული!).

გასაღებს ამ ბალეტის ჯადოქრობის ამოსახსნელად იძლევა ერთი სცენა - საკვირველი. არა როკვა, შეჯიბრი ორი მედოლესი. ერთი ეჯიბრება მეორეს. ტეხნიკა გასაშტერებელი. ორივესი. ხოლო მთავარი აქ სხვა რამაა. (არ ვიცი, მიაქციეს თუ არა ამას ყურადღება). ერთი ეჯიბრება მეორეს - გარნა ამ შეჯიბრში თვითეული მათგანი თავის თავს უფრო ეჯიბრება. უნდა "მეტი და მეტი". ზღვარს ვერ ჰპოულობს, რომ შეჩერდეს. ერთვის და ერთვის უზღვაროს. ამავე დროს ამ "შერთვაში" "მოზომილი და მოქნეული" ერთი-და-იგივეა.უზღვაროს ოსტატი ზღვარში ავლენს, უზომოს ზომით სალტავს. ამაზე შორს ოსტატობა - საერთოდ ხელოვნება - ვერ წავა. მთელი ბალეტი, პირველი როკვითგან უკანასკნელამდე, ამ საოცარი ოსტატობითაა გამართული.

ახლა თვითონ როკვები. რაოდენიმე.

"მხედრული". დიონისიური ზღვარგადალახვა. ისეთი, რომლის მსგავსი იქაც არ მოლანდებიათ, საცა დიონისო წარმოიშვა: თრაკიაში. ყივილი, ხივილი. ყიჟინი. ჩახაჩუხი ხრმალთა და ტკრციალი ნაბერწკალთა. ნამდვილი გრიგალი, თავმოშვებული. ხოლო გრიგალი. გახელებული რიტმებით დაურვებული. ირგვლივ ზათქი, ზანზარი. ეს შეხლა, შეხეთქება არაა ბრძოლა. იგი შეჯიბრია (შეჯიბრი: ვარჯიში) მორკინალთა. მოჯიბრენი თითქო დამხვდურებია, რომლებიც თუ მტრები თავს დაესხენ, შეტევაზე გადავლენ: მომხვდურებს მიწასთან გაასწორებენ. (ეს როკვა უნდა ენახათ: ალექსანდრე მაკედონელს. მეფე ერეკლეს, გიორგი სააკაძეს. რა იქნებოდა!)

"ხანჯლური" (მთიულური).ამ როკვისათვის მე ავირჩევდი სახელად: "მზეური". მზის ახალისება კაცის ტანში - ნამდვილი. მროკავი ვაჟებიც ხომ მზისფერ: მეწამულ ჩოხებშია. რა თვალწარმტაცია სურათი. ნაბდებს რომ მოიხსნიან და წკრივად - "გრძლად წყობით თითო-თითო" (საბა)-ამზეურებულნი იმართებიან! ნელიან ეშვებიან კავკასიის თხემებითგან ჯადო-რიტმები, ქართველურ გართულებულნი და ბრუდამხვევნი. - ბუნებას არ მოუცია ჩემთვის ნიჭი როკვისა - სამაგიეროდ მონიჭებული მაქვს გზნება რიტმიული დენისა ნადირული პირდაპირ ვიტყვი: ვერა რა შეედრება მზის ტანში-ახალისებით "ხანჯლურში" მორღვეულ რიტმს. (ახლაც მივლიან ტანში).იშლებიან ნელიად. იზრდებიან თანდისთან: სულ უფრო და უფრო. თრობა მატულობს და მატულობს. ბოლოს - თითქო ახელებულ ტანებმა სრულიად დააოკეს მათში ატეხილი მზე - მროკავები ერთი მოსხლეტის (რრრაჰ!) წყვეტენ როკვას უეცარი თავშეყენებით: კიდევ უფრო ამზეურებულნი, ერთიმეორეს ძმურად შერთულნი. შეწყვეტა ისეთია, რომ ფანტაზიაში როკვით ატეხილობა გრძელდება. ჰგონებ:მზით-მთვრალებს განზე ბედაურები უცდიან. ხედავ: უფსკრულებისკენ გაფრენილი უზანგებიდან! აგერ უფსკრულიც. ერთი მოძაბვა და : უფსკრულს თავს ევლებიან ვითარ ნადირ-ღმერთები. (ეს როკვა რომ ენახათ:შამილს, სანდრო ყაზბეგს, ვაჟას!რომ ენახა ილო მოსაშვილსაც, რომელსაც ის სწორუპოვარი გაზახილი-შურდული ეკუთვნის! ვეღარ მოითმენდენ: სცენაზე ავარდებოდენ და მროკავებს შეუერთებოდნენ!)

"ბაღდადური".ამის სამშობლო ტფილისია, ძველი ტფილისი. კინტოთა კასტა - მხოლოდ-და-მხოლოდ გახარებისათვის დგენილი: გაიხსენებთ მათს უმაგალითო ლხინს მტკვარზე მოშვებულ ტივზე - არა თუ სხვა მხარეში, საქართველოში რომელიმე სხვა კუთხეშიც წარმოუდგენელია. რა სიმარდე! რა სისწრაფე! რა მოქნილობა! რა სიუხვე გულისა! რა ჰუმორი! ეს განიერი შარვლები! ეს ფრიალი თავსაფრების! ეს ბრუდამხვევი ტრიალი! ეს გახალისებული ბუქნა! ეს ყირამალა! ეს გადაყირავება! რაღა ვთქვა მეტი? "ბაღდადური" ლხინია ტფილისის. (ეს როკვა უნდა ენახა საიათნოვას. უნდა ენახა გრიგოლ ორბელიანს. უნდა ენახა ნიკო ფიროსმანს. უნდა ნახოს, თუ არ უნახავს, სოსო გრიშაშვილმა, ძველი ტფილისის მეტრფემ. უნდა ნახოს, თუ არ უნახავს, ლადო გუდიაშვილმა. ნოტა ბენე. შეიძლება არ იცით: ლადო არა მხოლოდ მხატვარი-მეგობარია კინტოთა - იგი შესანიშნავი მროკავია "ბაღდადურისა".

"შეჯიბრი". მთელი დასი ეფინება სცენას და ჰფენს საქართველოს მზეს. ესაა გვირგვინი მთელი ბალეტის - აპოთეოსი მთელი საქართველოსი. ქალები ახლა მეტი ხიბლით როკავენ. როკვა - გოგმანი. გოგმანი - სრიალი. სრიალი - ცორვა. ცორვა ცურვილი. და ახლა ყოველი ეს თვალმომჭრელი ლივლივი. გედები, თეთრი გედები: ხან ფრონტალურ გამწკრივულნი ჰაეროვნებით, ხან მარაოდ გაშლილნი, რომელიც ვაჟებს ცისარტყელად ეფინებათ. და იწყება დატყვევებული ვაჟების როკვა ცალცალკე. ერთი ცვლის მეორეს. მეორე მესამეს. მესამე მეოთხეს. და ასე ბოლომდე. ყოველი თავისებურ როკავს. თავისებურება თვითეულის - ხალასი შედევრი. არიან მოშურნენი? არა. არიან მოქიშპენი? არა. არიან მეტოქენი? არა. არიან მოცილენი? არა. მაშ? რაინდები, გულისმომგებნი არიან "ცისარტყელისა". ბოლოს: ქორწილური ამზეურება ყველასი: ქალების და ვაჟების. (როცა ამ როკვას ვხედავდი, მაყურებელთა შორის, განზე. ნათელმფენი თამარი მელანდებოდა, გულისფეთქვა ყოველი ქართველისა: და მის გვერდით: მეფე დავით: აღმაშენებელი. მძლეთამძლე. კლდე (რა სიტყვაა:) მიხვდებით, როგორ მელანდებოდენ.)

რომ შემეკითხონ, რომელ ნაწარმოებში უფრო ვგრძნობ ქართველობას, ვიტყვი: გიორგი მერჩულეს აღწერა-გადმოშლაში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა. "უფრო" - ვინათგან აქ ჰაეროვნულ იფინება ზემიწიერი ქართულ მიწაზე. ხოლო, თუ შემეკითხენ, თვითონ მიწას, ქართულ მიწას, რომელ ნაქმში უფრო განვიცდი, ვიტყვი: ვაჟას შაირში "ფშაველი ჯარისკაცის წერილი" და, არ გაგიკვირდეთ, უიარაღოს (თათარაშვილის) "მამელუკის" ბოლო სცენაში. ადამიანის ქმედით თვითცხადებაში სიტყვა ყველაფერზე უდიდეა. ("პირველთა იყო სიტყვა": იოანე.)ხოლო ერთი გაზომვით სიტყვას როკვა უსწრებს წინ - ვინათგან როკვით მთელი ადამიანია აყვანილი, ითქმის: თმის ძირებითგან ფრჩხილების ნუნებამდე. გასაგებია: თუ ძველთაძველ დროში უზენაესის მიმართ აღტყინებულთ სიტყვა აღარ ყოფნიდათ, როკვაში გადადიოდენ. ვუყურებდი როკვას ჩვენი ქალებისა. ჩვენი ვაჟების, ვერთვოდი მათ როკვით შინაგან. ვერთვოდი ისე, რომ ხანდახან გ.რ-ც აღარ ვიყავ. ვიყავ მხოლოდ-და-მხოლოდ ქართველი, ზოგად ქართველი - ოღონდ არა განყენებით, არამედ ნამდვილი: ცოცხალი. (ეს პლატონის გზით გაიგების.)რას განვიცდიდი? ფესვეულ თაურს ქართველობისა:ხალისს ყოფის მიმართ.მერმე რა? ვის არ ეხალისება ყოფა?! არა. მე განსაკუთრებულ ხალისს ვსაზრობ. ხომ შეიძლებოდა, რომ მე - "მე" მაგალითისათვის - სრულიად არ მოვლენიყავ ამ სოფლად არარაობისაგან! და თუ "ვარ", ვარ საჩუქარი გამჩენისაგან ჩემი თავის მომართ! (მაგონდება უღრმესი თქმა პინდარის, კლემენს ალექსანდრიელის მიერ გადმოცემული.)ქართველს სწორედ ეს ახარებს, რომ არის, არის საერთოდ. ეს სიხარული ჩვენში ისეა გამჯდარი, რომ ჩვენ ხშირად ყვავილზე თუ საერთოდ მცენარეზე მაგიერ ამისა :"იზრდება", ვამბობთ: "ხარობს". თანაც სიხარული ჩვენი არაა შემოზღუდული. პირიქით: მცხადებელი "შენ"-ისა "შენ"-ში - ორფეოსი საქართველოში ყოველდღე იბადება. არსად ისე არ ცხადდება ესე როგორც ქართულ ნადიმზე, რომელიც "ქეიფი" კი არა, "კულტია" ნამდვილი. ყოველ ადამიანს - იყოს იგი თუგინდ კუზიანი, და ესე მარტო ფიზიურ, - აქვს ისეთი რამ, რაიცა მარტო მას "ერთხელური", ფასეული, ღირსეული. ქართულ სუფრაზე ამ "რამეს" ვინმე ოსტატურად ამზეურებს: და :"კუზიანი" გახარებით მხრებში იმართება.მოვჭრათ ერთი სიტყვით:გაახარე-გაიხარე. არის ფესვეული თაური ქართველობისა. ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, იგი ქართველთათვის არის, მოკვეთოთ ერთი სიტყვით: უბადო. კიდევ უფრო ხარობს ქართველი, როცა "შენ" უცხოელია. (იმჩნიეთ - "საუცხოვო" ქართულში "უცხო"-საგან მომდინარე!)აქეთგან ჩვენი ფანტასტიური სტუმართმოყვარეობა. დიაღ, ხალისი ყოფისადმი ქართველთა არის ჭეშმარიტად: "გენიუს ლოცი" მათი მიწისა.

რად დამჭირდა ამხელა ექსკურსი?მხოლოდ ამად რომ ეს მეთქვა, რომ განხილული ქართული ბალეტი, მთლიანად აღებული, სწორუპოვარი დითირამბია ყოფის მიმართ, დიაღ: როკვებით განფენილი გაახარე-გაიხარე!

ასეთი ხალისი, ასეთი სიხარული, ასეთი ლხენა - საუკუნოებში ტანჯული საქართველოს წიაღითგან! არაა ეს საკვირველიი? მართლაც რომ საკვირველია! სადღაც უნდა მეთქვას: ყოველი წვეთი სისხლისა, საქართველოს დედულ-მამულისათვის დანთხეული, მზის სხივად ესხმოდა ქართულ მიწას. ახლა ვამბობ:საქართველო დაჭრილი მზეა. (ბახოფენის მოწმობით. მითოლოგიაში ცნობილია "ვნებული მზე.")"დაჭრილი მზე" - მაგრამ მაინც მზე!აქეთგან : მისი ხალისი, ხალისი მაინც: და ასე: უფრო ძალაყრილი.ნიცშეს სიტყვა - "რაც ვერ მძლევს, მხდის უფრო ძლიერ" - საქართველოზე თუა გამოჭრილი!

ვაშა, როკვის ჯადოქარნო: ქალებო და ვაჟებო! ვაშა! ვაშა!

გრიგოლ რობაქიძე (მწიფობისთვე.1962.ჟენევა)

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0