x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ევრიპიდეს "მედეა" და გრიგოლ რობაქიძის "მეგი ქართველი გოგონა"
image

ტრაგედია იყო რელიგიურ-სატირული სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა თხის მსხვერპლად შეწირვის დროს დიონისესადმი მიძღვნილ დღესასწაულებზე წელიწადში 4-ჯერ). იგი, როგორც დრამის ჟანრის ერთ-ერთი სახე, ანტიკურ საბერძნეთში წარმოიშვა ძვ. წ. VI საუკუნის მეორე ნახევარში, საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფორმა, თავისი კლასიკური სახე მან ძვ.წ. V საუკუნეში მიიღო გენიოსი ათენელების ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს შემოქმედებაში. ტრაგედია შედგება შესავალი, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან, რომლებიც მწყობრად, ლოგიკურად უკავშირდება ერთმანეთს და ქმნის სისტემატიზებულ ფორმას, ხოლო ტრაგედიის გმირი არის „ის, ვინც დიდს პატივისცემაში და ბედნიერებაში მყოფთაგან განირჩევა არა სათნოებითა და სიმართლით, და ვინც უბედურებაში ვარდება არა სიავისა და სიმდაბლისათვის, არამედ რაღაც შეცდომის გამო, როგორც მაგალითად ოიდიპუსი და თიესტესი და ამგვარად გამოჩენილი მამაკაცები“ (არისტოტელე 1944: 27). ამგვარი პათოსი მაყურებელში იწვევს შიშსა და სიბრალულს, რაც საკმაოდ ადეკვატური რეაქციაა და ის არსებითად უკავშირდება კათარსისის მიღწევის შესაძლებლობას, რაც მაყურებლის განწმენდას ემსახურება. შესაბამისად, ტრაგედიის აღქმის პროცესი განსხვავებულ ემოციურ ტალღაზე მიმდინარეობს. რისმაგ გორდეზიანი აღნიშნავს, რომ ტრაგიკოსები საკმაოდ სწორად იქცეოდნენ, როდესაც სიუჟეტებს და სახეებს მითოლოგიიდან იღებდნენ, „რადგანაც მითი წარმოგვიდგენს ისეთ მოვლენებსა და სახეებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი მნიშვნელობით, ტრაგიკული კონფლიქტი მაყურებელზე დიდ ეფექტს ახდენს, სწორედ იმით, რომ ამა თუ იმ დრამაში წარმოდგენილი უბედურება თავს ატყდება არა უბრალოდ ადამიანს, ქვეყანას ან ქალაქს, არამედ მათ, რომელთა სახელების შემონახვა ჩვენმა მეხსიერებამ აუცილებლად ჩათვალა, თუკი ტრაგიკული კოლიზიის წინაშე ისინიც კი უძლურები აღმოჩნდნენ, მაშინ რა ელის ჩვეულებრივ მოკდავს?! შესაბამისად იმის განცდა, რომ ის, რაც დაითმინა ტრაგედიის გმირმა, შეიძლება დაითმინოს ადამიანმა, ე.ი. თითოეულმა ჩვენგანმა, ზრდის ტრაგედიის კათარსისისეულ ზემოქმედებას“(რისმაგ გორდეზიანი „მითების სიბრძნე“ 2005: 215-216).

ტრაგედიის განმარტებაში არისტოტელემ სტრუქტურული ფორმის იდეაც ჩადო „მაშ, აუცილებელია, რომ ტრაგედიის ნაწილები იყოს ექვსი, რის მიხედვითაც ტრაგედიას აქვს რაიმე გარკვეული ბუნება. ეს ნაწილებია: ამბავი/მითოსი, ხასიათი, განსჯა, სამზერი, სათქმელი და საგალობელი“ (არისტოტელე 1944: 15).


ხშირად ტრაგედიები ერთი და იმავე მითზე იქმნებოდა, თუმცა რასაკვირველია განსხვავებული ინტერპრეტაციებითა და ინოვაციებით, რაც უკვე თავად ტრაგიკოსთა ფანტაზიასა და ნიჭზე იყო დამოკიდებული. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ მარტო ათენის დიონისეს თეატრში ყოველწლიურად ტრაგიკოსები 9ტრაგედიასა და 3 სატირულ დრამას წარმოადგენდნენ. მარტო ერთი საუკუნის განმავლობაში 900 ტრაგედიისა და 300 სატირული დრამის პრემიერა შემდგარა. სწორედ ამიტომ, „კლასიკურმა ბერძნულმა დრამამ მსოფლიოს შესთავაზა ერთი და იმავე ციკლის მითების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია, პრინციპები, ამასთან, მრავალ შემთხვევაში ეს ნაწარმოებები იყო ტრაგედია-პარადიგმები“ (რისმაგ გორდეზიანი „მითების სიბრძნე“ 2005 :215). სწორედ ამიტომ, ხშირად, ანტიკური ლიტერატურის შესწავლისას ეყრდნობიან ანტიკურ ტრაგედიაში დადასტურებულ ვერსიებს, მაშინაც კი, როდესაც ტრადიციულ ამბავში სიუჟეტური ინტონაცია ტრაგიკოსებმა შეიტანეს. რ.გორდეზიანი წერს, რომ „მედეაც შვილების მკვლელად ევრიპიდემ აქცია და მიუხედავად აიეტის ასულის „რეაბილიტაციის“ არა ერთი ცდისა, მედეას მითის ევრიპიდესეულ ვერსიას სხვა ვერცერთმა გაუწია კონკურენცია“(„მითების სიბრძნე“ 2005 :215).


ევრიპიდეს „მედეა“ არაერთგზის დაიდგა ანტიკურ თეატრში და ყოველ ჯერზე უდიდესი წარმატება ხვდა წილად. მედეას გმირი ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა და მნიშვნელოვანი, ვინაიდან მას საქართველოსთან დაკავშირებული ვერც ერთი ლიტერატურული პერსონაჟი ვერ გაუტოლდება. კოლხი ასული ანტიკური სამყაროდან მოყოლებული დღემდე, მსოფლიო ლიტერატურის ეპიცენტრშია. ლიტერატურათმცოდნეობაში მის გმირზე ბევრს მსჯელობენ და კიდევ არაერთგზის იმსჯელებენ, შემოქმედთათვის კი ის მუდამ დარჩება ახალი ფანტაზიებისა და ინტერპრეტაციების დაუშრეტელ წყაროდ.

„როცა კოლხეთის მიწაზე პირველმა ბერძენმა დაადგა ფეხი და მორიდებით ითხოვა თავშესაფარი, ზღვამაც სწორედ ამ დღეს გაბედა და პირველი ნაბიჯი გადადგა უკან, მთავარი პირველი ნაბიჯის გადადგმა იყო, მერე ყველაფერი თავისით მოხდებოდა ან ვინ გაბედავდა შეჩერებას... ზღვამ ისინი რაღაც დიდი ცოდვის გამო მიატოვა“ (ო.ჭილაძე „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“). ამ ნაწარმოებით ოთარ ჭილაძემ, ფაქტობრივად ყველაზე მეტად ღრმააზროვნებითა და მაღალი სიტყვიერი ხელოვნებით გაიაზრა იმ „დიდი ცოდვის“ არსი, რამაც იმჟამინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო დეგრადაციის უფსკრულში გადაჩეხა. თუკი ევრიპიდემ არგონავტებს გაყოლილი მედეას ტრაგედია აღწერა უცხო მიწაზე, ჭილაძემ „ზურგს უკან დარჩენილი ქვეყნის ტკივილი“ გამოხატა, ამ მხრივ „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ უაღრესად საინტერესო და ღრმა ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელიც ზედმიწევნით დაკვირვებით წაკითხვას მოითხოვს.

კოლხი მედეას თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი უაღრესად საინტერესო ნაწარმოები, რომელიც გრიგოლ რობაქიძის ხელიდან გამოვიდა არის „მეგი-ქართველი გოგონა“, რომლის თავდაპირველი სახელწოდება „მედეას ნაწნავები“ ყოფილა. რომანის მთელი რიგი ეპიზოდები მჭიდრო კავშირს ავლენს ევრიპიდეს ტრაგედიასთან.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედება უცვლელად მიმდინარეობს სამეგრელოს ე.წ. ფაზისის ტერიტორიაზე ანუ მოქმედება იშლება ისევ და ისევ კოლხეთში. რაც შეეხება მის მთავარ გმირს მეგის, იგი ძალიან ჰგავს და ხშირად ემოციებით ზუსტი ასლია მედეასი. მეგის ტრაგედია იწყება მაშინ, როცა პირველად ხვდება აფხაზეთიდან მოსულ ვაჟს, ხოლო მედეასი მაშინ, როდესაც პირველად დადგამს იასონი ფეხს კოლხთა მიწაზე. მედეასა და მეგის გზები ერთმანეთთან გადახლართულია „ის მაცდური ქალი, სიყვარულის ნიჭით უხვად დაჯილდოებული კოლხი მედეა განა ახლა ამ გოგონაში არ გაცოცხლებულიყო?“- წერს თავად რობაქიძე. თითქოს, მათი ცხოვრება ერთ ქარგაში მიმდინარეობს ბედისწერა კი ორივეს ცხოვრებას ტრაგედიად აქცევს. მეგის „შინაგანი ხმა ეუბნებოდა, რომ მუქარაშემართული ბედისწერა უხმოდ მოემართებოდა მისკენ“, მედეაც ხომ გრძნობდა, რომ ღმერთთა ნება მასზე ძლიერი იყო“ მედეას არსება დაბნეულობამ შეიპყრო, ეროსმა კი მაღალჭერიან სახლს კისკისით გადაუფრინა“ (როდოსელი „არგონავტიკა“). თუმცა უნდა ითქვას, რომ მეგისა და მედეას გმირი ერთმანეთს ყველაზე მეტად მას შემდეგ კვეთს, როცა მეგი იგებს, რომ აფხაზი ცოლს ირთავს, ხოლო ევრიპიდეს „მედეა“ პირდაპირ ამ ცნობით იწყება, რომ იასონს კორინთოს მეფის ასული მოჰყავს ცოლად. გრიგოლ რობაქიძემ მართალია ნაწარმოებს შეუცვალა სახელი, მაგრამ ერთ-ერთი თავი „მედეას ნაწნავების“ სახელითაა შესული. ამ თავში განვითარებული, მოვლენები კი, ფაქტობრივად ანალოგია ევრიპიდეს ტრაგედიისა. მეგი მრისხანეა, მძვინვარებს, თავში ათასგვარი აზრი უტრიალებს და შურისძიებაზე ფიქრობს, სწორედ ამიტომ აფხაზს უგზავნის „საქორწილო საჩუქრად“ „შვილის ცხედარს“ . მედეაც მრისხანეა „ვერ დაიოკებს მძვინვარებას, სანამ არ შეიწირავს ვინმეს“ (ევრიპიდე „მედეა“ : 110-111) და უგზავნის იასონის საცოლეს მოჯადოებულ გვირგვინსა და მოსასხამს. ასტამურისთვისაც და იასონისთვისაც ეს საჩუქრები გამანადგურებელი, დამანგრეველი შედეგის მომტანია. რაც შეეხება შვილების სიკვდილს აქ ცოტა განსხვავებული ვითარება გვაქვს, თუკი მედეა განზრახული აქვს შვილების გაწირვა, მეგი არ ფიქრობს შვილის სიკვდილზე ეს წუთიერი აფექტის შედეგი იყო „იმ წუთს მეგი არაადამიანურმა, ველურმა, პირველყოფილმა მძვინარებამ შეიპყრო; მარჯვენა ხელი ნაწნავს ჩასჭიდა და ბავშვს ყელზე მიაჭირა მერე კი, საშინელი სიძულვილით აღსავსემ, მისი პაწია თავი მკერდზე მიიკრა“ შემდეგ კი მთელი არსებით „ბავშვის გადარჩენას ნატრობდა და უფალს მთელი არსებით შესთხოვდა ამას“

მედეამ იცის, რომ იგი ბარბაროსია, სამშობლოდან გადახვეწილი, უცხო მიწაზე მცხოვრები და სამშობლოში დასაბრუნებელი გზაც მოკვეთილი აქვს, მეგი კი უცხო მხარეში ხეტიალის შემდეგ შინ დაბრუნებული ხვდება, რომ მშობლიური სახლ-კარი მისთვის სამუდამოდ გადაიკეტა და ამის შემდეგ „მიხვდა, რომ სამყარო თავზე დამხობოდა და თანაც სამუდამოდ“.

მედეას და მეგის გარემოებებმა შეუწყეს ხელი, რომ სრულიად გარდაქმნილიყვნენ. მათ სულებში მუდმივად ერთი არსება მეორეს ებრძვის და ამ მარადიული ჭიდილის ფონზე იბადება სრულიად განსხვავებული პიროვნება. ქალბატონი ქეთევან ნადარეიშვილი, მედეას შემთხვევაში, ამგვარი გარდაქმნის რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

ა) მედეა, როგორც სიტყვისადმი შეუსმენელი

ბ) ბოროტების ვერ დამთმენი

გ) აღშფოთებული ტყუილებისა და შეუსრულებელი დაპირებების გამო

დ) გლოვაში ზღვარგადაცილებული

ეს გარემოებები კი თითქმის ესადაგება მეგის პერსონაჟსაც, რაც მეგისა და მედეას სიახლოვეს კიდევ უფრო აშკარას ხდის.

საინტერესოა, აფხაზი ასტამურისა და ბერძენი იასონის შედარებაც. იასონი მსგავსად ასტამურისა უცხო მხარეში ეჯახება საკუთარ ბედისწერას, თუმცა სამართლიანი იქნება ვთქვათ, რომ ასტამურს მთელი რიგი გარემოებები აბრკოლებს მეგისთან ურთიერთობის გარკვევაში, ხათუნას შერთვაც გადაწყვეტილი არ ჰქონია თითქოს მეგის სიყავული აბრკოლებდა და „რაღაც ეწეოდა უკან, ვერ გადაეწყვიტა, ეთხოვა თუ არა ხათუნას ხელი“-წერს რობაქიძე. იასონს კი მისგან განსხვავებით, საკმაოდ გადაჭრით და გააზრებულად აქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ცოლად უნდა შეირთოს მეფის ასული.

ბოლოს, უნდა აღვნიშნოთ ძიძის პასაჟი როგორც ევრიპიდესთან, ისე რობაქიძესთანაც. ორივე პერსონაჟს მჭიდრო კავშირი აქვს მეგისთან და მედეასთან. ორივე გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს და ერთი შეხვედით სწვდება საიდუმლოს არსს.ისინი ცდილობენ თავიდან ააცილონ გმირებს მოსალოდნელი უბედურება, თუმცა ბედისწერის წინაშე ისინიც, ისევე როგორც ყველა, უძლურნი არიან.

„კაცთა ბედ-იღბალს ოლიმპოზე წყვეტს მხოლოდ ზევსი,

ბედისწერა კი განაგებს ყოველს,

რასაც მოველით, არ მოხდება, მოულოდნელს კი

ხშირად ღვთის რისხვად თავს დაგვატეხს განგების ნება,

ასეთია მოკვდავთა ხვედრი“ (ევრიპიდე „მედეა“)



გამოყენებული ლიტერატურა

  • არისტოტელე 1944: არისტოტელე, პოეტიკა, წინასიტყვაობა. თბილისი. 1944
  • ლიტერატურათმცოდნეობის შესავალი: ირმა რატიანი „ფაბულა და სიუჟეტი“. თბილისი. 2012
  • რისმაგ გორდეზიანი „მითების სიბრძნე“. თბილისი, 2005
  • ქეთევან ნადარეიშვილი „ქალი კლასიკურ ათენსა და ბერძნულ ტრაგედიაში“ თბილისი. 2008

ნინო გრიგალაშვილი

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო გრიგალაშვილი
ნინო გრიგალაშვილი
136