x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ქართველ საზოგადო მოღვაწეთა თვალით დანახული მიხეილ ვორონცოვი

image

მიხეილ ვორონცოვი ძველი თავადური გვარის წარმომადგენელი და ინგლისში რუსეთის ელჩის შვილი გახლდათ. ის 1782 წელს დაიბადა, ბავშვობა და სიყმაწვილე ლონდონში გაატარა და ლორდის საკადრისი აღზრდა-განათლება მიიღო. 1803 წელს ვორონცოვი საკუთარი სურვილით გაემგზავრა კავკასიაში თავადის პავლე ციციანოვის არმიაში. იბრძოდა თურქებისა და სპარსელების წინააღმდეგ, პავლე ციციანოვის წარდგენით დაჯილდოვდა წმინდა გიორგის სახელობის მე-4 ხარისხის ორდენით. როდესაც 1805 წელს 22 წლი ვორონცოვი კავკასიას ტოვებდა ვერც კი წარმოედგინა, რომ ორმოცი წლის შემდეგ ისევ მოუწევდა დაბრუნება, ოღონდ ამჯერად მეფისნაცვლის რანგში.

დიდი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა წიგნში „კავკასია“ წერდა, რომ იმპერატორმა ვორონცოვი კავკასიაში მისი „დიდებული წარმომავლობის, უზარმაზარი პოპულარობისა და არისტოკრატიული აღნაგობის გამო წარგზავნა. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ერთ-ერთი იმ რუს სახელმწიფო მოღვაწეთაგან, რომლებიც, მიუხედავად მაღალ თანამდებობაზე მუშაობისა, მაინც ახერხებდნენ გარკვეული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, სამმა მიზეზმა მოუტანა მას ეს დამოუკიდებლობა : სიმდიდრემ, განათლებამ და ხასიათმა...“

ვორონცოვის მოღვაწეობასა და საქმიანობას არაერთგვაროვნად შეხვდნენ ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები.მაგალითისთვის ალექსანდრე ორბელიანი სიცოცხლის ბოლომდე უკმაყოფილო იყო ვორონცოვის მმართველობით, მას სწამდა, რომ მეფის ამ ბობოლა მოხელეს „ცბიერად სურდა ჩვენი წახდენა“. ა.ორბელიანი ახალი ცხოვრებით გართულ თავადაზნაურობას აფრთხილებდა, რომ მმართველობისადმი კრიტიკული თვალით შეეხედათ, „თუ ჩვენ“- წერდა ორბეიანი-„ვორონცოვის მმართველობას გავყვებით, ისეთ მდგომარეობამდე მივალთ, რომ ბოლოს იტყვიან „ერთ დროს აქ ამ ქვეყანაში ქართველები ცხობვრობდნენ“. ა. ორბელიანი ამ სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ქართველი თავადაზნაურობა მოხიბლული იყო ვორონცოვის პოლიტიკით და მრავალი მათგანი მის მიმართ უდიდეს ერთგულებას იჩენდა.


აკაკი წერეთელს „ჩემ თავგადასავალში“ მოყვანილი ჰყავს ერთი ეპიზოდი ალექსანდრე ორბელიანისა და ვორონცოვის გზების გადაკვეთისა. ალექსანდრემ „ერთხელ თურმე შამილს მისწერა „ამა და ამ დროს ჩამოდიო“, მტრებმა დაიჭირეს ის წერილი და მთავარმართებელს გადასცეს. მთავარმართებლად მაშინ ვორონცოვი იყო. საიდუმლოდ დაიბარა ა. ორბელიანი და სთხოვა „ეს მოუწეია ვიღაც ქართველს და შინაარსი მითარგმნეი!“- ვორონცოვმა ჩამოართვა სიტყვა „მეორედ ნუღარ იზამ ამისთანა საქმესო! თუ უკმაყოფილო ხარ რამეში, მე მითხარიო და ეს შემთხვევაც ჩვენში დარჩესო“ მას შემდეგ ორბელიანს სიფრთხილით ლაპარაკი დასჩემებია, მაგრამ მაინც სიცოცხლის ბოლოომდე გულში ღრმად სწამდა, რომ ვორონცოვი ქართველებს პირფერობით დაღუპვამდეც მიიყვანდა.

თუმცა მეორე მხარეს იდგა დიდი ნაწილი ქართველ საზოგადო მოღვაწეთა, რომლებიც მოხიბლულნი იყვნენ ვორონცოვის მმართველობით, პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ვორონცოვის ბრძანებით დაინიშნა მთავარმართებლის სამართველოს აღმასრულებელ დირექტორად. დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობითა და დამოკიდებულებით ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ვორონცოვი და მისი ერთგულებიდან გამომდინარე, ყოველთვის გამოხატავდა სიმპატიას ქართველი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერისადმი. დიმიტრი ყიფიანიც ალექსანდრე ორბელიანისგან განსხვავებით დადებითად იყო განწყობილი ვორონცოვის პოლიტიკის მიმართ. მან ვორონცოვის მმართველობა დადებითად გამოიყენა დაიხმარა ვორონცოვი ქართული თეატრისა და ჟურნალის დაარსების საქმეში, რაც იმთავითვე უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს ეროვნული და კულტურული განვითარებისათვის. ასევე მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ვორონცოვთან გიორგი ერისთავს. თავად ვორონცოვიც აღიარებს, რომ თეატრის რეალური დამაარსებელი მაინც გიორგი ერისთავია „ვისაც ჩვენ უნდა ვუმადლოდეთ ქართული თეატრის არსებობას და რომლის კომედიებმაც სამართლიანად მოუპოვეს მას ქართველი მოლიერის სახელი“ (აქტები 1885; 882) გიორგი ერისთავმაც ბოლომდე გაუმართლა იმედები ვორონცოვს, თეატრს ფაქტობრივად არ სჭირდებოდა ცენზორი და სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტიც, რომ გიორგის ჩააბარეს „ცისკარიც“. მეფისნაცვალმა იცოდა, რომ ერისთავი იმედებს არ გაუცრუებდა და „პრობლემებსაც“ ნაკლებად შექმნიდა.

დადებითად აფასებს ვორონცოვის მოღვაწეობას მიხეილ თუმანიშვილიც და ვორონცოვის ქმედებაში პირფერულ წადილს ვერ ხედავს, იგი ჟურნალ „კავკაზიაში“ წერს: „ თავადი მეფისნაცვალი დარწმუნდა, რომ ქართული თეატრის დაარსებას საუკუნო მნიშვნელობა ექნებოდა ხალხისთვის... იმისი აზრით, თუ რუსული წარმოდგენები სჭირო იყო საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, ქართულ ენაზე გამართული წარმოდგენები იმათზე უფრო საჭირო იყო, რომ საზოგადოების უმეტესობა განთავისუფლებულიყო ამ ამაოთმორწმუნეობისაგან, რომელშიც ხალხი განისვენებდა, ამის გამო ვორონცოვმა განიზრახა დაეწესებინა თბილისში ქართული თეატრი“ („კავკაზი“ 1852, 310-11).

აღსანიშნავია, რომ ვორონცოვი ქართველთა მოგონებების მიხედვით ხშირად დადიოდა ქართველ გამორჩეულ საზოგადო მოღვაწეებთან სტუმრად, ხშირად სტუმრობდა გიორგიუ ერისთავსაც და თეატრის რეპეტიციებს პირადად ადევნებდა თვალს. ვორონცოვის პიროვნება განსაკუთრებულად გაიაზრა აკაკი წერეთელმა, მან პოემაც კი მიუძღვნა ვორონცოვს, მართალია ეს პოემა მაღალმხატვრულობით არ გამოირჩევა, მაგრამ საგულისხმოა აკაკის დამოკიდებულების გამო, რომელსაც ის საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის ანალიზისას იჩენს. პოემაში აკაკი წერეთელი წარმოგვიდგენს ძმების ვახტანგ და ალექსანდრე ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და დიმიტრი ყიფიანის სახეებს, რომლებიც ბჭობენ საქართველოს მომავალზე და ფაქტობრივად აკაკი აჯამებს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა თვალით დანახული ვორონცოვის შეფასებებს.

(დიმიტრი)

„გავიცანი ახალი

მე მთავარმართებელი,

მისგან ჩვენი ქვეყნისთვის

ბევრ კეთილს გამოველი“

პოეტს არ ავიწყდება ვორონცოვის მოღვაწეობის ადრეული წლებიც :

„ჩვენში ადრეც ყოფილა

და უყვარს საქართველო,

მაშინ ყვავილოვანი

დღეს კი დამჭკნარი მდელო“

ამ პოემაში აკაკი ხაზს უსვამს იმასაც თუ როგორ იმედით შეჰყურებს დიმიტრი ყიფიანი ვორონცოვის საქართელოში ჩამოსვლას

„მჯერა, რომ საქართველოს.

ასე დასნეულებულს

ნელ-ნელა განკურნავს

და მოუბრუნებს ის გულს“

აკაკის არც თვალით დანახული საქართველო გამორჩენია, რომელიც თითქოს დაფიქრებული შეჰყურებს ნაცარქექიებად ქცეულ გმირებს და ასე შეცვლილ საქართველოს. აკაკიმ მოგვიანებით კიდევ ერთი ლექსი უძღვნა ვორონცოვის ხსოვნას და ეს ლექსი ვორონცოვის ძეგლთან წაიკითხა, ლექსში აკაკი ადიდებს ვორონცოვის ღვაწლს და შეჩვენებას უქადი მას ვინც ვორონცოვის გზიდან გადაუხვევს. ეს პოემა და ლექსი დღესაც არ კარგავს აქტუალობას და არაერთგზის ხდება განსჯის საგანი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ლექსები 1840-იანი წლების შემდეგ აღარ შეუტანიათ აკაკის ტომებში.

კ ავკასიაში ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 72 წლის ვორონცოვმა ტფილისი დატოვა და ოდესაში დასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც „კავკაზია“ კი იუწყებოდა, რომ მისმა გარდაცვალებამ მთელი ტფილისი დაამწუხრა, თითქოს ღვიძლი ნათესავი დაეკარგათო“.

საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, ერთი ფრიად გასათვალისწინებელი ობიექტური ფაქტი, მიუხედავად საზოგადო მოღვაწეთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა ვორონცოვის მიმართ. საქართველოში რუსეთის თვითმპყრობელურმა მმართველობამ ვორონცოვამდე უაღრესად გაუსაძლისი მდგომარეობა შექმნა. 1844 წლამდე რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდა აგრესიულ პოლიტიკას, რუსეთი კი ნელ-ნელახვდებოდა, რომ ამ პოლიტიკით შეიძლებოდა მას დაეკარგა მთელი კავკასია, შამილივ აქტიურდებოდა და საქართველოც გამოფხიზლების გზაზე იდგა, მპოაზროვნეთა პროგრესული ნაწილი უკვე გრძნობდა საკუთარ ეროვნულ თავისუფლების ფასს და ღირსების შენარჩუნების გზას. სწორედ ამიტომ, რუსეთს უნდა შეეცვალა ის პოლიტიკა, საქართველოს მიმართ, უნდა გამხდარიყო ლოალური, სწორედ ვორონცოვის დანიშვნა იყო სტრატეგიული გეგმა რუსეთისა, ა. ორბელიანიც სწორად შენიშნავდა: „მაშინ ისეთი დრო იყო საქართველოში, რომ თუ ვორონცოვი არ მოსულიყო და ასე მდაბლად არ მოქცეულიყო, ყველასთან ესეები არ ექნა საქართველოს დაჰკარგავდა რუსეთი, ისე გაძლიერდებოდა მთებში შამილი“ (ალ. ორბელიანი 1999: 56 ).

თავად ვორონცოვის მიზანიც, ალბათ, სწორედ ეს იყო მისივე სიტყვებით, რომ ვთქვათ ქართველებს დედინაცვალი მშრომელ დედაზე მეტად უნდა შეყვარებოდათ. ვორონცოვი როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველ საზოგადო მოღვაწეებს გვვერდში უდგას და ისინიც დიდი პატივისცემით არიან განმსჭვალული გრაფის მიმართ, მაგრამ რუსეთის მიზანი მაიც ერთი იყო, მათ სურდათ საქართველოში წინააღმდეგობის კერების ჩახშობა და ლოიალურ მფარველად თავის მოჩვენება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საქართველოს კულტურული განვითარებისთვის. ამის ნათელი მაგალითია თავად დიმიტრი ყიფიანის მიმართ უსამართლო მოპყრობის ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ყიფიანი ვორონცოვის პოლიტიკის მომხრე იყო, მაინც გადაასახლეს ციმბირში და სასტიკად მოკლეს „ის ტვინი, რომლითაც სამშობლოზე ფიქრობდა თავზე გადაანთხიეს“-წერდა აკაკი წერეთელი.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ვორონცოვის დროს ერთბაშად დაიწყო ქართული საზოგადოებრივი და კულტურული გამოცოცხლება, დაარსდა ქართული თეატრი და ჟურნალი, მაინც ეს იყო რუსეთის პოლიტიკის ნაწილი და როგორც ტუჩევის ერთი ცნობილი გამოთქმა მიუთითებს „ რუსეთის გონებით გაგება ძალიან რთულია“.

ბოლოს, კი საუკეთესო ვარიანტი იქნება ამ თემაზე მსჯელობა რუსთაველის ფრაზით დავსრულოთ, რომელიც ილიამ თავის ცნობილ წერილს „ქვათა ღაღადსაც „ წაუმძღვარა „ ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს, მოყვარესა მტერსა ვუფრთხი მემოყვრება, მოცინარობს“.




გამოყენებული ლიტერატურა

    • ორბელიანი ალ., „სიტყვა მამულის ტრაპესზედ“, სერიიდან: „რჩეულთა ბიბლიოთეკა“# 32, შემდგენელი ნ. ვახანია, გამომცემლობა „ლომისი“, თბ., 1999.
    • მამუკა ცუხიშვილი- „მიხეილ ვორონცოვი XIX საუკუნის საქართველოს აღმაშენებელი“
    • მიხეილ თუმანიშვილი („კავკაზი“ 1852, #10-11)
    • აქტები 1885 :Акты. собранные Кавказской археографической комиссиею, Отчесть княза М. С. Воронцова за 1849-1851 годы (ст. 111). Тф.: 1885;

ნინო გრიგალაშვილი


0
296
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო გრიგალაშვილი
ნინო გრიგალაშვილი
296