x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93875
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
საიდან გაჩნდა და რას აღნიშნავს ჩვენთვის კარგად ნაცნობი გამონათქვამები
"ხელები დამიბანია", "ძაღლის თავია დამარხული", "შიოს მარანი", ''კაკას ხიდზე გავიდა", "თვალი დაადგა" - ალბათ ბევრი თქვენგანი საუბარში ხშირად იყენებს ამგვარ გამოთქმებს, რომელთაც დაკარგული აქვთ პირდაპირი მნიშვნელობა და გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება. მათ ხატოვანი სიტყვა–თქმანი, ფრთიანი გამოთქმები, უცხო ტერმინით – იდიომები, ზოგჯერ კი ფიგურალური გამოთქმები ეწოდება.
ხშირად ხდება ხატოვანი გამონათქვამების გამოყენება ისე, რომ არც კი ვიცით, რას ნიშნავს ის ან რატომ ვამბობთ ასე. იდიომები სხვადასხვა წარმოშობისაა. ზოგი ბიბლიიდან მომდინარეობს, ზოგი – ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას ეფუძნება. ძალიან ბევრი კი ანტიკური მითებიდან თუ სხვადასხვა ლეგენდიდან იღებს სათავეს.
image
გაეცანით რამდენიმე ხატოვანი გამონათქვამის წარმოშობის ისტორიას:

პური და სანახაობა - ძველ რომში ეს გამონათქვამი – "პური და სანახაობები" – სახელმწიფო მოღვაწეთა პოლიტიკის დასახასიათებლად გამოიყენებოდა, რომლებიც პლებეებს რომ მოისყიდდნენ ფულის და პროდუქტების დარიგებით, ცირკისმიერი (გლადიატორული ბრძოლები) სანახაობებითაც იპყრობდნენ მათ კეთილგანწყობას და ინარჩუნებდენ ხელისუფლებას.
თანამედროვე პოლიტიკაში ეს გამოთქმა ნეგატიური აზრით გამოიყენება – არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის და პოპულიზმის გაგებით.


ხელები დამიბანია - სახარების მიხედვით, პილატეს არ სურდა იესოს სიკვდილით დასჯა. მან მღვდელმთავრებს განუცხადა, რომ ვერ ხედავს დანაშაულს მის ქმედებებში, თუმცა ხალხი მტკიცედ მოთხოვდა ქრისტეს ჯვარცმას. პილატე ცდილობდა გადაერწმუნებინა ისინი და შეახსენა, რომ პასექის დღესასწაულის გამო მას ისედაც უნდა შეეწყალებინა ერთი დამნაშავე. პასუხად, ხალხმა ქრისტეს ნაცვლად ვინმე ყაჩაღ ბარაბას გათავისუფლება მოითხოვა. საბოლოოდ პრეფექტი დაჰყვა შეკრებილთა ნებას, თუმცა თვითონ აიღო თასი და წყლით ხელები დაიბანა, თან განუცხადა მათ: უბრალო ვარ ამ მართალის სისხლისგან, თქვენ იცით.


აკრძალული ხილი – იყენებენ ისეთი რამის აღსანიშნავად, რაც სასურველი, მიმზიდველი, სახარბიელო და მაცდუნებელია, მაგრამ ადვილი მისაწვდომი როდია. ბიბლიის მიხედვით ღმერთმა ადამი და ევა თავიანთ ნებაზე მიუშვა სამოთხეში, ერთი რამ აუკრძალა მხოლოდ - არ შეხებოდნენ ნაყოფს ''ხისა ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა''. ეშმაკის ჩაგონებით, სწორედ ეს ნაყოფი იგემა ევამ და ადამსაც აგემა ის და ამისათვის ისინი ღმერთმა განდევნა სამოთხიდან.


აქილევსის ქუსლი - ადამიანის ყველაზე სუსტი ადგილის სინონიმია. ბერძნული მითოლოგიის საყვარელი გმირის, აქილევსის მოკვლა ძნელი საქმე იყო იმიტომ რომ, როცა ის დაიბადა, დედამისმა ზღვის ქალღმერთმა თეტიდამ მას ქუსლში ჩაავლო ხელი და ქვესკნელის სამეფოს ჯადოსნურ მდინარე სტიქსში ამოავლო. მითის თანახმად სტიქსის წყალი ადამიანის სხეულს უვნებელს ხდიდა და მისი მოკვლა არავის და არაფერს არ შეეძლო. აქილევსის სხეულიც უვნებელი გახდა გარდა იმ ქუსლისა, რომელშიც დედამ ჩაავლო ხელი და რომელსაც წყალი არ მიჰკარებია. ამ სუსტ ადგილში სტყორცნა ტროას მეფის ვაჟმა პარისმა ისარი, მოკლა და აიღო თავისი ძმის ჰექტორის სისხლი, რომელიც აქილევსმა მოკლა.~


კვაჭი-გაიძვერა, გაქნილი, მოხერხებული ადამიანის სინონიმია. ეს სიტყვა პირველად იხმარა მიხეილ ჯავახიშვილმა რომანში "კვაჭი კვაჭანტირაძე", რომლის მთავარი გმირი კვაჭი გაიძვერა, ეშმაკი და მატყუარა კაცია. თავისი მოხერხებულობის წყალობთ ის ყველა მიზანს აღწევს.


ბურთი და მოედანი - გადატანით ამ ფრაზაში იგულისხმება ისეთი სარბიელი, ხელსაყრელი პირობები და საშუალებები, როცა ადამიანს სრული შესაძლებლობა ექმნება გამოავლინოს თავის სიმამაცე, ცოდნა, ნიჭი, უნარი და საერთოდ საგმირო საქმეები.


''მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან-არაფერს''- "მიცვალებულებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, სიმართლის გარდა"- სპარტელი პოლიტიკოსის და პოეტის ჰილონის ( ცხოვრობდა VI საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ეს ფრთიანი ფრაზა პირველად ისტორიკოს დიოგენეს აქვს მოხსენიებული თავის თხზულებაში "ცხოვრება, სწავლებები და აზრები ცნობილი ფილოსოფოსებისა".


"თავის ჭიას ახარებსო"- ისეთ ადამიანზე იტყვიან, ვინც მხოლოდ თავისი თავის საკეთილდღეოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობს.


ბაყაყური მოუსვი - ნიშნავს: თავიდან მომწყდი, გამეცალე. ბაყაყი წყალში ძალიან სწრაფად ცურავს, ის ამ დროს ოთხივე ფეხს ამოძრავებს. ამიტომ ბაყაყური ჰქვია ცურვის წესს, როცა მოცურავე ოთხივე კიდურს იშველიებს. აქედან გამოთქმა -ბაყაყური მოუსვიო, სწრაფად წადი აქედანო.


''სიყვარულმა ასაკი არ იცის"- ციტატა პუშკინის ცნობილი პოემიდან "ევგენი ონეგინი" ძალიან ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამართლებს რა ასაკოვანი ადამიანების გრძნობებს ან იმ შემთხვევას, როცა შეყვარებულებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, თუმცა საკმარისია სტროფი მთლიანად წავიკითხოთ, ნათელი გახდება, რომ პუშკინს ამ ფრაზის დაწერისას სულ სხვა რამ ჰქონდა მხედველობაში:

''Любви все возрасты покорны;
Но юным, девственным сердцам
Её порывы благотворны,
Как бури вешние полям..''


გამარჯვებულებს არ ასამართლებენ – გამოთქმა დაკავშირებულია რუსი მხედართმთავრის სუვოროვის სახელთან. ის იყო გამოირჩეული ხასიათის ადამიანი და არასოდეს ემორჩილებოდა შაბლონებსა და დადგენილ წესებს. 1773 წლის მაისში სუვოროვმა განიზრახა აეღო მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარე პატარა ქალაქი ტურტუკაი, მაგრამ თურქებმა დროზე შეამჩნიეს რუსები და იერიში მოიგერიეს. სუვოროვმა სარდლობისაგან ბრძანება მიიღო თავი შეეკავებინა ხელმეორედ გალაშქრებისაგან, რადგან სარდლობას გამაგრებული ქალაქის მცირე რაზმით აღება უაზრო საქმედ მიაჩნდა, მან კი 22 მაისს სწრაფი დარტყმით აიღო ქალაქი, ბრძოლის დამთავრებისთანავე მიუჯდა დოლს და ასეთი გალექსილი პატაკი დაწერა "სლავა ბოგუ, სლავა ვამ, ტურტუკაი ვზიატ ი ია ტამ". მთავარსარდალი რუმიანცევი აღაშფოთა სუვოროვის თვითნებობამ და ის პასუხისგებაში მისცა, სამხედრო კოლეგიამ მას სიკვდილი მიუსაჯა, თუმცა იმპერატორმა ეკატერინე II – მ არ გაიზიარა კოლეგიის აზრი და ასე წააწერა განაჩენს: “გამარჯვებულებს არ ასამართლებენ”.


შიოს მარანი – ულეველი სიმდიდრისა და უხვი დოვლათის სინონიმია. მცხეთის რაიონში სოფელ ძეგვის პირდაპირ მდინარე მტკვრის გაღმა მთებში შიო მღვიმის მონასტერი მდებარეობს, გადმოცემის თანახმად იგი წმინდა შიომ ააგო VI საუკუნეში და თვითონვე გახდა მისი წინამძღვარი. მონასტერთან მარანიც ყოფილა და გულუხვი ბერი ღვინით უმასპინძლდებოდა მლოცველებს. გადმოცემით ქვევრებში ღვინო ულეველი ყოფილა, რადგან დღის განმავლობაში დანაკლულებული ქვევრები ზენაარის მადლით დილით პირთამდე სავსე ხვდებოდა წმინდა ბერს.


სწავლა სიბერემდეო-ესაა ძალიან ცნობილი გამონათქვამი, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვესმის და რომელსაც შეცდომით მიაწერენ ლენინს. სინამდვილეში ფრაზის ავტორია რომაელი ფილოსოფოსი სენეკა (დაბადებული ძვ. წ. 4 წ. – გარდაცვლილი ახ. წ. 65 წ.) და თავდაპირველად ის ასე ჟღერდა: "სიბერემდე ისწავლე ის, თუ როგორ უნდა იცხოვრო".


მიზანი ამართლებს საშუალებას- ამ ფრაზის მნიშვნელობა ბევრს არასწორად ესმის. პირდაპირი გაგებით ის ნიშნავს იმას, რომ მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამართლებულია, თუნდაც ეს გზა სხვის განადგურებას იწვევდეს. სინამდვილეში თავდაპირველად ფრაზა, რომლის ავტორი გახლდათ იეზუიტების ორდენის დამაარსებელი იგნატი დე ლოიოლა, შემდეგნაირად გამოითქმებოდა: "თუ მიზანი-სულის გადარჩენაა, მაშინ მიზანი ამართლებს საშუალებას".


ბეწვის ხიდზე გაიარა- ბიბლიური გადმოცემის მიხედვით, ვიდრე ადამიანი სამოთხეში ან ჯოჯოხეთში შევა, მან ადუღებული კუპრის ზღვაზე გადებული ბეწვივით წვრილი და ფაქიზი ხიდი უნდა გაიაროს. თუ ცოდვილია, ხიდი ჩატყდება, ადამიანი ადუღებულ კუპრში ჩავარდება და იქ დარჩება სამუდამოდ; ხოლო თუ კეთილია და უცოდველი, თავისი კეთილი საქმეები მხარში შეუდგება და მშვიდობიანად გაიყვანს მეორე ნაპირზე. აქედან იქცა ბეწვის ხიდი ძნელი საქმის, გასაჭირის გადალახვის სიმბოლოდ.


ძაღლის თავია ჩამარხული – რაიმე გაუგებარი საკითხის გამოცნობის შემთხვევაში ხმარობენ ამ გამოთქმას შემდეგი მნიშვნელობით: აი რაში ყოფილა საქმე! გადმოცემით ეს გამოთქმა გერმანიაში წარმოიშვა XVI საუკუნეში: ვინმე მხედარს საყვარელი ძაღლი მოუკვდა, რომელმაც ერთ დროს სიკვდილისაგან იხსნა, მადლიერმა პატრონმა თავის საყვარელ ძაღლს ძეგლი აუგო საფლავზე, ცნობას ამის შესახებ შორეულ რაიონებამდე მიუღწევია, ძეგლის სანახავად შორიდან მოსულნი ადგილობრივებს ეკითხებოდნენ სად არის ძაღლი ჩამარხულიო და ისე იკვლევდნენ ძეგლისაკენ გზას.


"ღვინოშია ჭეშმარიტება" -პლინიუსის ამ ცნობილ გამონათქვამს "ჭეშმარიტება ღვინოშია" აქვს გაგრძელება :«In vino veritas, in aqua sanitas» ანუ ფრაზა სრულად ასე ჟღერს: "ჭეშმარიტება ღვინოშია, ხოლო ჯანმრთელობა წყალში"


კაკას ხიდის გავლა- ეს ხატოვანი გამონათქვამი უკვალოდ დაკარგვას, მოუსავლიეთში წასვლას, სამუდამოდ გაქრობას ნიშნავს. " კაკას ხიდი გაიარაო"-ასე ამბობენ იმერეთში, როცა საქმე გაფუჭდება ან საქონელი დაიკარგება, ან ვინმე გარდაიცვლება. ის წარმოიშვა მაშინ, როცა საქართველოში ფეხი მოიკიდა ოსმალებზე ქართველი ტყვეების გაყიდვამ. გურია-სამგრელოდან ტყვეები გაჰყავდათ შავი ზღვით, ქვემო იმერეთიდან -კაკას ხიდით, ხოლო ზემო იმერეთიდან - სააბაშიოს გზით. კაკას ხიდი რქმევია მიუვალ კლდეზე აშენებულ ციხეს ფერსათთან. თუ მოტაცებულ ტყვეს მდევარი კაკას ხიდამდე დაეწეოდა, კიდევ იყო იმედი მისი წართმევის და უკან დაბრუნების, ხოლო თუ მომტაცებელი ტყვითურთ კაკას ხიდს გასცდებოდა, ის უკვე დაკარგული იყო და პოვნის იმედიც გადაწურული.


ყურებზე ხახვი არ დამაჭრას - ნიშნავს ვერაფერს ვერ მიზამს, ვერაფერს დამაკლებსო... ძველად ომში მოპოვებულ ტყვეებს მონობის ნიშნად ყურს ჭრიდნენ, ხოლო ჭრილობის დეზინფექციის და სისხლის შეჩერების მიზნით (მონა რომ არ მომკვდარიყო და მის პატრონს ზარალი არ ენახა) ჭრილობაზე ხახვს ან ნიორს უსვამდნენ. სწორედ აქედან წარმოიშვა ეს გამოთქმაც.


გორდიას კვანძი - გადაუჭრელი, რთული, დაუძლეველი საქმის ან პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრის შემთხვევაში ამბობენ, გადაჭრა გორდიას კვანძიო. გორდია გლეხი იყო. ის თავისთვის მიდიოდა გზაზე ურმით და მოულოდნელად მეფედ აირჩიეს. თურმე მანამდე წინასწარმეტყველს უთქვამს, ამ გზაზე პირველგამვლელი უნდა გაამეფოთო. გლეხმა მადლობის ნიშნად ზევსს მიუძღვნა თავისი ურემი. საჩუქარი ისეთი კვანძით მიაბა, რომ საუკუნეების განმავლობაში ვერავინ გახსნა. მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელმა მოახერხა მისი გადაჭრა მახვილით.

რელიგია ხალხის ოპიუმია- ათეისტებისათვის საყვარელი ეს ფრაზა ამოვარდნილია თავდაპირველი კონტექსტიდან. გამონათქვამს, რომელიც პირველად მარკიზ დე სადმა იხმარა, კარლ მაქსი ასე განმარტავს "ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკის" შესავალში: "რელიგია-ჰაერია დამცირებული არსებისათვის; გულია - უგულო სამყაროში; სულია - უსულო სიტუაციაში. იმის მსგავსად, რომ ის უსულო წესრიგის სულია, ოპიუმია ხალხისათვის". ანუ ამ ფრაზით კარლ მარქსს უნდოდა იმის თქმა, რომ რელიგია ამცირებს საზოგადოებრივი ყოფის ტკივილს უსულო საზოგადოებაში.


ურწმუნო თომა – იტყვიან ისეთ მიუნდობელ ადამიანზე რომელსაც ადვილად ვერაფერში დააჯერებ. სახარების თანახმად ქრისტეს აღდგომა არ დაიჯერა მისმა ერთერთმა მოციქულმა თომამ, სანამ პირადად არ ნახა იგი და არ გაუსინჯა ჯვარზე მილურსმვის დროს მიღებული ჭრილობები.


პროკრუსტეს სარეცელი – გამოთქმას ხმარობენ ამა თუ იმ საქმის და მოვლენისათვის გამოუსადეგარი, მავნე და შეუფერებელი საზომის აღსანიშნავად. ბერძნულად პროკრუსტე მაწამებელს ნიშნავს. ბერძნული მითით ყაჩაღი პოლიპერნონე სახლში შეიპატიჟებდა მგზავრს, გაუმასპინძლდებოდა, ლოგინზე დააწვენდა მოსასვენებლად. თუ სტუმარი საწოლში ვერ ეტეოდა ფეხებს მიაჭრიდა, ხოლო თუ საწოლზე მოკლე იყო, ჭიმავდა და ასე კლავდა. პროკრუსტე ბოლოს მოკლა თეზევსმა.


პანიკური შიში – თავზარდამცემი შიშის სიმბოლოა. ძველ საბერძნეთში უამრავ ღმერთებს შორის ტყის, ჯოგისა და მწყემსების მფარველი ღმერთიც იყო, სახელად პანი, რომელიც იყო ვაჭრობა – მოგზაურობის ღმერთ ჰერმესის და ნიმფა დიოპეს შვილი, რომელიც გრძელწვერა და თხისფეხება დაიბადა. დედამ მიატოვა, მამამ კი ღმერთებს წარუდგინა, რომლებიც გაამხიარულა და სახელად პანი – ყველა დაარქვეს და მწყემსების და ტყის მფარველ ღმერთად გახადეს. პანი არკადიაში ცხოვრობდა, მას ტყეში უყვარდა განმარტოება და თუ ვინმე შეაწუხებდა, თავის მრისხანე ხმით თავზარს სცემდა მათ. გადმოცემით მან თავზარი დასცა სპარსელებს, რომლებიც საბერძნეთში შემოიჭრნენ.


ანკესზე წამოგება - მოტყუება, ვისიმე ხრიკების მსხვერპლად გახდომა, მახეში გაბმა

ოლიმპიური სიმშვიდე-ეს გამოთქმა მაშინ გამოიყენება, როცა კონკრეტული ადამიანი გასაოცარ და შესაშურ სიმშვიდეს იჩენს. ხატოვან თქმას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ღმერთები იმყოფებოდნენ ოლიმპოს მთაზე (ჩრდილოეთ საბერძნეთში), სადაც მუდამ სიმშვიდე სუფევდა. ოლიმპოს მთავარ ღმერთს ზევსი ერქვა.

დამოკლეს მახვილი-ერთ თავხედ მმართველს, დამოკლეს, დიონისემ- ღვინის ღმერთმა ასეთი განსაცდელი მოუვლინა: საზეიმო სუფრაზე ერთი დღით თამადად აირჩია, მის თავზე კი ცხენის ძუით ორლესული მახვილი დაკიდა იმის ნიშნად, რომ ადამიანის სიცოცხლეც ბეწვზეა დაკიდებული და არავინ იცის, როდის „ჩამოწყდება მახვილი", როდის დასრულდება სიცოცხლე. ასე ასწავლა ჭკუა დიონისემ დამოკლეს და მიახვედრა, რომ ხანმოკლე სიცოცხლის „დახარჯვა" ცუდ საქმეებზე არ ღირს!
ადამის ხნის არის - ანუ ძველისძველია, ძალიან დიდი ხნისააო. ადამი, ბიბლიის დაბადების თავის მიხედვით, ამ ქვეყნად გაჩენილი პირველი ადამიანის სახელია. როცა გვინდა ვინმეს ხნოვანება ან ღრმად მოხუცებულობა ხატოვნად აღვწეროთ, ვიტყვით "ადამის ხნის" ან "ადამის ჟამის" არისო.
იანუსის სახე აქვს- ანუ ორპირიაო, არასანდო ადამიანზე იტყვიან. იანუსი ძველი რომაელების ღვთაება იყო. სახავდნენ ორსახოვან არსებად, ერთ სხეულზე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მიმართული ადამიანის ორ სახედ. ერთი იყო ჭაბუკის, მეორე - მოხუცის სახე. სიმბოლურად ჭაბუკის სახე მომავალს, მოხუცის წარსულს ნიშნავდა, განვლილ დროს. იანუსს ხელში სკიპტრა და დიდი გასაღები ეჭირა, ითვლებოდა კარების, ყოველგვარი საქმის დასაწყისის და დასასრულის ღვთაებად, რომში მის სახელზე ტაძარიც იყო აგებული. როდესაც რომი ომში ჩაებმებოდა. ტაძარს გააღებდნენ და დამთავრებამდე ასე იყო. ამას ადგილი ორჯერ ჰქონდა :პირველად ძვ. წ. 325 წელს და მეორედ ძვ. წ. 29 წელს. თანამედროვე გაგებით ეს გამოთქმა ნიშნავს ორპირობას.
აბუჩად აგდება -უპატივცემულობას, მასხარად აგდებას ნიშნავს. ძველ ქართულში დაუპატიჟებელ სტუმარს აბუჩი ერქვა. სავარაუდოდ აქედან წარმოდგა ეს ხატოვანი გამოთქმაც.

(სტატიაში გამოყენებულია კოტე იანტბელიძის კარიკატურა)


5
82
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
82
  
20 ივლისი, 22:23
არა კოჭლს კაჭას ეძახიან :)
20 ივლისი, 16:35
კვანჭალა :დ
მსმენია , მაგრამ მეგონა კოჭლს ნიშნავდა :)
20 ივლისი, 16:35
მადლობა..ბევრი ვიმუშავე ამაზე მართლაც.
20 ივლისი, 12:39
საინტერესო სტატიაა, მოცულობითიც და საინტერესოც/ კვაჭიჭს ეძახიან გურულები კვაჭი, სამეგრელოში კვანჭალას ეძახიან. :)
20 ივლისი, 8:54
კარგი იყო
0 1 5