x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"მამაჩემი ადგილზე ჩაცხრილეს, 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, დედა დაჭრეს, ჩემი ძმა კი .."
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ, იმედა ლომაიას ისტორიას.


იმედა ლომაია, 44 წლის, გალის რაიონი, სოფელი განახლება


„როცა აფხაზეთი დავკარგეთ და გამარჯვებული აფხაზები საზღვართან მოვიდნენ, დევნილებად ნათესავის ოჯახში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიაში აღმოვჩნდით. ჩვენი უბედურებაც აქედან დაიწყო.


გალის რაიონში ამ ადგილს „დაბალ ზონას“ ეძახდნენ, თითქოს სამშვიდობო ტერიტორია იყო, ხალხი გადადიოდა, ახალგაზრდები - არა, ძირითადად, ასაკოვანი ხალხი შედიოდა თავის სახლ-კარში და თუ რამე საჭმელი დარჩა, მოჰქონდათ. აქეთაც ხომ გვჭირდებოდა კვება?!.. დედაჩემი იქ იყო, როცა გავიგეთ, რომ აფხაზები შემოვიდნენ და დაიწყო ე.წ. „აჩისტკა, “ იმ ტერიტორიის გაწმენდა. მამაჩემი წავიდა ჩემს ძმასთან ერთად, სოფელში ჩარჩენილი ხალხი რომ გამოეყვანათ. ჩემი ძმა მაშინ 24 წლის იყო. თითქოს არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მაინც გაჰყვა მამაჩემს... აქეთ რომ გადმოდიოდნენ, საზღვართან დახვდნენ აფხაზები, მამაჩემი ადგილზე ჩაცხრილეს, 14 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, დედა დაჭრეს, ჩემი ძმაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა.



დედაჩემი, რომელიც იქ იყო და ჭრილობის გამო მარჯვენა ხელი ჰქონდა მოტეხილი, იხსენებს, რომ იქ ერთი აფხაზი ბიჭი იყო, ჩემი ძმისთვის ჩაი მოუდუღებია, სიგარეტი მიუცია და ეუბნებოდა, ნუ გეშინია, მამაშენს როცა წაასვენებენ, შენც გაგიშვებთო, ამხნევებდა. მაგრამ როგორც კი სხვებმა, დაქირავებულმა ჩეჩენმა და კაზაკმა მებრძოლებმა დაინახეს, რომ ასეთი ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდა იმ ახალგაზრდას ჩემი ძმისა და ქართველების მიმართ, მის მერე თვალით აღარ გვინახავსო. ჩემს ძმასთან ერთად, კიდე ოთხი ადამიანი იყო იქ. ორი დღის შემდეგ, ის და ერთი ახალგაზრდა ბიჭი ჯერ აწამეს და მერე საკონტროლო გასროლით მოკლეს. დანარჩენებს მიწა გაათხრევინეს, ჩემი ძმა და ის ბიჭი რომ ჩაასვენეს, ზედ წააკლეს და მათაც მიწა მიაყარეს, თურმე მიწა ფეთქავდა... იქ ქალებიც იყვნენ დაჭერილი, სამეზობლოდან. ეს ქალები გამოუშვეს და დააბარეს, ვინმე მოვიდეს, დაჭრილები წაიყვანონ და მკვდარი წაასვენონო. ვინ უნდა წასულიყო, ტყვიების წვიმა მოდიოდა.


მამაჩემი ჩვენს ეზოში დაასვენეს, იქვე შეკრეს ჩასასვენებლი ოთხი ფიცრისგან და დაკრძალეს. თუ რამე წამლები ჰქონდათ სოფელში, შეაგროვა ხალხმა დედაჩემისთვის, ხელი რომ არ დალპობოდა. ჩემს ძმაზე გვეუბნებოდნენ, რომ დაჭრილი იყო, უვლიდნენ და გამოსასყიდს ითხოვდნენ. თურმე 11 თებერვალს მოუკლავთ და ასე გვაწვალებდნენ 25 თებერვლამდე... მერე გაირკვა, რომ მკვდარი იყო, გამოსასყიდი შეგროვდა, ზოგი ოქროთი, ზოგი ფულით. ასე გამოვისყიდეთ და დავკრძალეთ.


ზუგდიდში, საავადმყოფოში რომ ვიყავი, დერეფანშიც არ იყო დასაჯდომი ადგილი. სვანეთის მთებით გადმოსული ხალხი მოდიოდა მოყინული ხელ-ფეხით. ოპერაცია ოპერაციაზე ტარდებოდა. დედაჩემს ხელი თავიდან დაუმტვრიეს, ცხრა დღის განმავლობაში, ძვალი არასწორად ჰქონდა შეზრდილი, ოპერაცია გაუკეთეს. ის გადარჩა და ხელიც გადაურჩა, მაგრამ მეუღლე იქ მოუკლეს, შვილიც.


დედაჩემმა სწავლა არ მიმატოვებინა, პირველ კურსზე ვიყავი მაშინ, ეს ამბავი რომ მოხდა. ვისწავლე, იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე, ადვოკატი გავხდი და ჩავები ცხოვრების ფერხულში. სტუდენტობის პერიოდში თბილისში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი 3-4 წელი, შემდეგ გადავედი ზუგდიდში და ამ პერიოდში შევქმენი ოჯახი. რთული ორსულობები მქონდა, ერთი, მეორე... სამსახურის მიტოვება მომიწია, წოლითი რეჟიმით ადვოკატად ვერ იმუშავებ. ბიჭი შემეძინა. მეორეზე ვიყავი ორსულად, პირველ შვილს რომ ჩუტყვავილა შეეყარა, შემდეგ გადაედო მამამისს, ვერ მიხვდნენ ექიმები, პნევმონიაში გადაუვიდა და ერთ კვირაში დავკარგეთ ისე, რომ ვერც გავერკვიეთ. რვა თვის მერე გამიჩნდა გოგო. ტკივილს სიხარული ცვლიდა, სიხარულს - ტკივილი.


ამის მერე 7 წელი გავიდა, სამსახურს მოვწყდი. ადვილი არ არის, რომ სამი წელი არ იმუშაო, შემდეგ დაუბრუნდე სამსახურს და იმუშაო ჩვეულებრივად ასეთი გონებით და ტკივილით. ვიფიქრე, დროებით ბავშვებს გავზრდი, სანამ უჩემოდ შეძლებენ ცხოვრებას, ჩაცმას, ჭამას... ასე ჩავიქნიე ხელი რაღაც მომენტში კარიერასა და სამსახურზე, სურვილიც რომ არ გაქვს, თუნდაც თმა შეიჭრა, თავს მიხედო. მარტო იმაზე ფიქრობ, ბავშვები როგორ დააყენო ფეხზე.


ბავშვებს ვზრდი, კი გვიჭირს, მაგრამ დედამთილი, მული, დედაჩემიც მეხმარებიან. ეს წლები მხოლოდ ბავშვების სიყვარულზე ვიფიქრე, რომ მარტო არ ყოფილიყვნენ, ძიძა არ მინდოდა, მამა არ ჰყავდათ და დედის სითბო რომ არ მოკლებოდათ. ახლა უკვე ვხვდები, რომ სიყვარულის გარდა ბევრი რამე სჭირდებათ. ნაქირავებში ვცხოვრობთ, სახელმწიფოსგან ველოდები დახმარებას და თუ ბინის ამბავი გამოვიდა და მოგვაკუთვნეს, ბავშვების სწავლისა და ლუკმაპურის ფულს კი ვიშოვნი. ჩემი კოლეგები მეუბნებიან, მოდი, დაბრუნდი სამსახურშიო, მაგრამ ჯერჯერობით ვერა, თუ არ მეცოდინება, რომ ბავშვები უსაფრთხოდ არიან ვიღაცასთან. ეს ისეთი რაღაცაა, რომ ამ ეტაპზე მატერიალურ მხარეს ვერ ვამჯობინებ. ჯერჯერობით ასე ვუმკლავდები და მომავლის იმედი მაქვს. ვნახოთ“.

ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური


imageimageimage


0
137
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0