x
მეტი
  • 24.08.2019
  • სტატია:93874
  • ვიდეო:342249
  • სურათი:456119
"მათ ბევრი არაფერი სჭირდებათ ჩვენგან, მხოლოდ ის, რომ ჩვენი მოწამლული ფსიქიკა არ გადავდოთ და" - ჯემალ ქარჩხაძის გენიალური წერილი, როგორ "ვუშველოთ მომავალ თაობას"

image



..."მე არ ვიცი, არის თუ არა დღეს ჩვენს შორის ღვთისმშობლის მადლი და სიყვარული, მაგრამ მოდით ერთი წუთით პატარა რელიგიური სასწაული წარმოვიდგინოთ: ღვთისმშობელმა “თავისი” ქვეყნის ხილვა მოისურვა.

რას ნახავს?

*ნახავს მონობის სენით შეპყრობილ კერპთაყვანისმცემლებს, რომელთაც თავისუფლება ბატონის გამოცვლა ჰგონიათ;

*ნახავს მდიდარ ფარისევლებს, რომლებიც საჩვენებელ და გამოყენებით ქველმოქმედებას ეწევიან იმ დროს, როდესაც მათ გვერდით ნამდვილი ადამიანები ნამდვილი სიკვდილით ნამდვილად იხოცებიან;

*ნახავს სიხარბისგან სახედაკარგულ კაცუნებს, რომლებისთვისაც სიხარბე უკვე იმ ზომის იდეალისტური თვითმიზანია – რომ შეეძლოთ ორ-ორ საფლავში ჩაწვებიან;

*ნახავს ცრუ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურობანას თამაშობენ და, რაკი რწმენის ორგანო ატროფირებული აქვთ, რწმენაც აღებ-მიცემობის საგნად უქცევიათ, როგორც ფართალი, როგორც სპილენძი, როგორც სინდისი, როგორც პოლიტიკა, როგორც მოყვასის ბედი.

წმინდა ღვთისმშობელი ასეთ ქვეყანაზე, გარწმუნებთ, უარს იტყვის. ლეგენდაც დამთავრდება და სიმბოლოც წაიშლება.

სულიერი სიჯანსაღე უწინარესად თავისუფლებისაკენ ლტოლვაა და თუკი საერთოდ გვინდა სულიერად ჯანსაღები ვიყოთ (მონობა დიდი ცდუნებაა), ისე უნდა მოვიქცეთ, ვითომ გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი და, თუ ჩავაბარებთ, ღვთისმშობლის წილხვედრი შევიქნებით.

ამისათვის კი საჭიროა განვითარების სტიქიური კალაპოტიდან, სადაც დღემდე ვიმყოფებით, ცნობიერ კალაპოტში გადავინაცვლოთ.

პირველ რიგში, ობიექტურად და უშიშრად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი დღევანდელი სულიერი დონე, ვინაიდან ცნობიერი განვითარება სწორედ ამით იწყება.

უნდა განვსაზღვროთ რეალურად. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენ ბუნებით შემოქმედი ხალხი ვართ და რეალობას და წარმოსახვას ადვილად ვურევთ ერთმანეთში.

ვიდრე თავს არ დავაღწევთ ილუზიას და არ შევიგნებთ, რომ ჩვენს მრავალ ისტორიულ ნაკლს უკანასკნელ ათწლეულებში სერიოზული სენიც დაერთო, მანამ ადგილიდან ვერ დავიძვრებით.

ამიტომ დიდი სიფხიზლე და ნებისყოფის დიდი დაძაბვა გვმართებს. საკუთარი თავის წინააღმდეგ გმირული ბრძოლა გვმართებს, რასაც ალბათ კიდევ უფრო გააძნელებს ის გარემოება, რომ მალე ეტყობა შიმშილის ერა დამთავრდება, სიმაძღრე კი ჩვენი სულიერი განვითარების ძლიერი შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.


ვიპოვით ასეთ ვითარებაში საკუთარ თავში ბრძოლისათვის საჭირო ძალას?

კომუნიზმის მეტასტაზებს, როგორც აღმოჩნდა ძალზე ღრმად გაუდგამს ფესვი ჩვენს ეროვნულ სხეულში.

დღეს მოქმედ თაობებს, მე ვფიქრობ, აღარაფერი ეშველება (ცხადია, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ). ისინი განწირული თაობებია.

ხსნის ერთადერთი იმედი კი ისაა, რომ ჩვენი მრავალწახნაგოვანი სენი გენეტიკურ კოდში – ჯერჯერობით მაინც – არაა ჩადებული და მემკვიდრეობით არ გადაეცემა. ამიტომ ჩვენი ბავშვები – ვთქვათ ათი წლის ასაკამდე – სუფთა და ჯანმრთელნი არიან და მათი დასნეულება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია.

ჩვენვე შეგვიძლია – ოღონდ ეს ძნელია – დასნეულებისაგან დაცვა. ასე რომ, თუ განწირული თაობები იპოვიან ძალას, თავგანწირულ თაობებად იქცნენ, საქართველო ოც-ოცდაათ წელიწადში ისეთი გახდება, როგორიც საუკეთესო ოცნებებში გვიხილავს.



მაგრამ ვიპოვით ძალას, რომ საკუთარი თავი უარვყოთ?

თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც ვმალავთ ცოდვებს, როგორ “ვიუმჯობესებთ” ბიოგრაფიებს და როგორ ვაყრით მიწას საკუთარ წარსულს, საფიქრებელია.

ძალიან გვიჭირს თვალთმაქცობაზე უარის თქმა, ძალიან გვეშინია თავისუფლების ნემსის და შესაბამისად, ქვეყნის ხვალინდელ დღესაც თავზე დიდი და ეჭვიანი კითხვის ნიშანი ჰკიდია.

არადა, სხვა საშველი არ არის.

ერთადერთი საშველი ისაა, მომავალ თაობას ვუშველოთ.

მათ ბევრი არაფერი სჭირდებათ ჩვენგან, მხოლოდ ის, რომ ჩვენი მოწამლული ფსიქიკა არ გადავდოთ და ჩვენი მღვრიე სული არ ჩავუდგათ.

დანარჩენს თვითონ იზამენ, ვინაიდან მრავალი ძარღვი (მათ შორის ნიჭი) ჯერ კიდევ ცოცხალი და ჯანსაღი გვაქვს.

მაგრამ ვიპოვით კია ჩვენ – ძალიან ხარბები, ძალიან ფარისევლები, ძალიან უგუნურები და ძალიან მორჩილები – საჭირო ძალას?

არ ვიცი…"

ჯემალ ქარჩხაძე

1
127
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
127
  
ყველა აქცენტი უსწორესადაა დასმული... მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იყო პერიოდი(თანაც საუკუნეზე მეტი), როდესაც მაშინდელი ქართველები ერთმანეთს ძაღლებზე ცვლიდდნენ, იტაცებდნენ და ჰყიდდნენ, ამას თუ "გადავურჩით", იმედი მაქვს დღევანდელ "მონურ" სენსაც დავაღწევთ თავს, ოღონდაც, მხოლოდ ახალი თაობა.(ისე, ის ძველებიც მაგ სენის გამო იყვნენ მასე)...
აქვე ერთიც მინდა დავამატო - "კომუნიზმის მეტასტაზების" შესახებ ვიტყოდი, რომ ჩვენთან სსსრკ-ს გამო ძალიან ათვალწუნებულია, თორემ სკანდინავიის ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იმ კომუნიზმის კარიბჭესთან დგანან, საბჭოთა ბელადებისა და სსსრკს პლენუმების მოხსენებებიდან რომ გვპირდებოდნენ:)) არა მართლაც, შვედეთისა თუ ფინეთის, ნორვეგიისა თუ დანიის ეკონომიკაზე დაკვირვებით, ეგენი მინიმუმ, თუ სოციალიზმის მწვერვალზე არ დგანან, მაშინ არც ჩინეთი ყოფილა ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა.
0 1 1