x
image
beko777
Mediator image
ჩემს მეუღლეს ასაკი კი არ ემატება, აკლდება. 42 წლის არის და 22 წლის გოგოს ჰგავს
image- ბატონო ბესო, ქართულ მედიაში გასული საუკუნის 90-იანი წლებში გამოჩნდით. როგორ გახსენდებათ ის წლები, როცა თქვენი პირველი გაზეთი გამოუშვით?
- 1992 წელს დავაარსე პირველი დამოუკიდებელი ახალგაზრდული გაზეთი "კოქტეილი". შემდეგ იყო გაზეთი "ვარსკვლავები", რომელიც 1996 წლის 24 მაისს გამოვიდა. ამ ყველაფერს ჰყავდა წინამორბედი - 1988 წელს გამოვეცი ხელნაწერი ჟურნალები, რომელიც მაშინდელ არაფორმალურ საზოგადოებებს ჰქონდათ გამოწერილი. ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ის წლები საკმაოდ საინტერესოდ მახსენდება, იმიტომ, რომ იყო რთული. ჩემთვის კი სირთულეები ყველაზე საინტერესოა.

- რა სირთულეები შეგხვდათ?
- რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ, ყველანაირი - ადამიანური რესურსებიდან დაწყებული ფინანსებით დამთავრებული.

- როგორი სიტუაცია იყო მაშინდელ შოუ-ბიზნესში, რა ხდებოდა ქართულ ესტრადაზე?
- მაშინ შოუ-ბიზნესი არ იყო, შოუ-ბიზნესის შექმნა დავიწყეთ ჩვენ! შემდეგ ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელი "ვარსკვლავები", რომლებიც ჩვენ დავარქვით მათ, მართლა ეკუთვნოდათ. ვისაც ჩავაცვით, მან გახდა რომ დაგვიწყო, მივხვდით, არასწორად ვიქცეოდით. მერე ქართულ შოუ-ბიზნესში რამდენიმე "მიწისძვრა" მოხდა, როგორიც იყო, მაგალითად, "არტ იმედი", რომელმაც დაიწყო ჩვენ მიერ აშენებული ქართული სახელოვნებო ინდუსტრიის ნგრევა.

- ახლა ისევ "ვარსკლავებს" მიუბრუნდით, ოღონდ ამჯერად უკვე სხვა ფორმატით.
- დიახ. ჩვენ ავამუშავეთ ტელეკომპანია "ვარსკვლავები". ეს არის სახელოვნებო ინტერნეტ-ტელევიზია, რომელიც აშუქებს ქართულ კულტურაში მიმდინარე მოვლენებს.


- ასევე ყოველ წელს ატარებთ დაჯილდოების ცერემონიალ "მეგას", რომლის დამფუძნებელიც თქვენ ხართ. როგორია მისი დაარსების ისტორია?
- "მეგა" 1999 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთი წელიც არ ჩაგვიგდია, ყოველ წელიწადს ტარდება. წელს, დეკემბერში გაიმართება მე-20 საიუბილეო დაჯილდოების ცერემონია. ისეთი მასშტაბები აღარ გვაქვს, როგორიც ადრე. მასშტაბების შემცირებამ კი, ცერემონიის ნომინაციათა რიცხვის შემცირებაც გამოიწვია. "მეგამ" თავისი სათქმელი დროულად თქვა და თავის სიტყვას დღესაც ამბობს. ჩვენთვის ღირებული ის არის, რომ ღირებულ ადამიანებს მადლობა საჯაროდ გადავუხადოთ.
მთელ საქართველოში დავდივართ, თითქმის ყველა რაიონში, ყველა სოფელში, სადაც კი რამე კულტურული ღონისძიება ტარდება და ვაკვირდებით ხალხს, ვაწარმოებთ მონიტორინგს, "ვზომავთ" ადამიანების განწყობას კონკრეტული მოვლენებისადმი და ამის შემდეგ ვანიჭებთ შესაბამის ნომინაციებს ადამიანებს. ვისაც "მეგას" კომიტეტი ჩათვლის ღირსად, რომ დადგეს "მეგას" სცენაზე, ჯილდოს მას ვაძლევთ.

- საქართველოში 15 აპრილს სიყვარულის დღეს აღნიშნავენ. ბევრი ხუმრობს, ბესო ჩუბინიძის დაბადების დღეს აღვნიშნავთო. რატომ მაინცდამაინც 15 აპრილი, მართლა თქვენი დაბადების დღის მიხედვით აირჩიეთ ეს თვე და რიცხვი?
- არა. 1993 წელს ქართველ ხალხს შევთავაზე, რომ სიყვარულის დღისთვის ერთი დღე გვქონოდა. ეს იდეა ხალხს გაზეთ "კოქტეილის" საშუალებით გავაცანი და მაშინდელი პრესის ბევრმა წარმომადგენელმა აიტაცა. გამოვაცხადე, ხალხო, იდეები რიცხვთა კომბინაცია მოგვაწოდეთ-მეთქი. ბევრი წერილი მივიღეთ, თავიანთ იდეებს გვთავაზობდნენ.
ერთ დღეს მოვიდა "პირველი არხის" ხანშიშესული თანამშრომელი, ბატონი გიგა მახვილაძე, რომელმაც გვითხრა, 15 აპრილი იყოსო. როცა ჩვენი კომიტეტის წევრებმა ჰკითხეს, მაინცდამაინც 15 აპრილი რატომო, ძალიან მარტივად ახსნა. ეს არის გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვი და, საბედნიეროდ, ეს დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს, ასევე ალა პუგაჩოვას, ვანო მერაბიშვილის, ლეონარდო დავინჩის დაბადების დღეს და კიდევ ბევრი ადამიანის (იციის)
15 აპრილი 1994 წლიდან ოფიციალურად გამოცხადდა სიყვარულის დღედ. ჩვენ ეს წარდგენა გავაკეთეთ პარლამენტში შევარდნაძის სახელზე. მთელი საქართველოდან ასიათასობით ხელმოწერა მივუტანეთ, სადაც ხალხს ვეკითხებოდით, სურდათ თუ არა ეს. ასე დემოკრატიულად, მთელი საქართველოს გადაწყვეტილებით - დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული კახეთით, ყველამ მიიღო ამ უდიდესი არქივის შექმნაში მონაწილეობა. ასე გახდა 15 აპრილი, გაზაფხულის შუა თვის შუა რიცხვი, საქართველოში სიყვარულის დღე.

- თქვენს ოჯახში როგორ აღნიშნავთ სიყვარულის დღეს?
- 25 წელია ამ დღეს საორგანიზაციო ღონისძიებებში ვარ ჩართული და ან სცენაზე აღვნიშნავ, ან ტელეკომპანიაში. 25 წელია დაბადების დღეს ან 16 აპრილს ვიხდი, ან 12-ში, ან 13-ში.

image- როგორია თქვენი სიყვარულის, ოჯახის შექმნის ამბავი, სად შეხვდით ცხოვრების თანამგზავრს?

- ჩემი მომავალი მეუღლე 1993 წლის 6 ნოემბერს გავიცანი ტელეფონით. 4 დღის შემდეგ ჩემს რედაქციაში შევხვდი. თითქმის ერთი წლის შემდეგ ცოლად მოვიყვანე. 1995 წლის 26 აგვისტოს შეგვეძინა ძალიან მაგარი ბიჭი - ბაჩო. ვართ ისეთები, როგორებიც ადრე ვიყავით, უბრალოდ მე იმდენი თმა აღარ მაქვს თავზე, როგორც ადრე. ჩემგან განსხვავებით, ჩემს მეუღლეს ასაკი კი არ ემატება, აკლდება. 42 წლის არის და 22 წლის გოგოს ჰგავს (იცინის), ენერგიულები ვართ, ვსწავლობთ, ვჩხუბობთ, ვიცავთ იმას, რაც შეგვიქმნია და 100 წელი ვაპირებთ ასე გაგრძელებას.

- როგორი მამა და ქმარი ხართ, შეგიძლიათ თქვენი თავი დაახასიათოთ?
- იმავეს გავიმეორებ, რაც ჩემმა მეუღლემ ერთხელ გია ჯაჯანიძის შოუში თქვა: თურმე მე ვარ კარგი ქმარი და უკეთესი - მამა. ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში ასეთი დასკვნა გამოიტანა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამას იტყოდა.

- როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ოჯახში ჰარმონიის შენარჩუნებისთვის?
- ამ ყველაფრის ძალიან მარტივი წამალი არის ურთიერთგაგება, რომელიც არც აფთიაქში იყიდება და არც სუპერმარკეტში. იცით, ამ ურთიერთგაგებაში რა შედის? დათმობის ფენომენი, ასევე - ბოდიშის მოხდის, მადლობის გადახდის, მოულოდნელი სიხარულის მინიჭების. ეს ყველაფერი ძალიან ამარტივებს იმ ძვრებს, რომელიც წინ გელოდება.

- თქვენ თუ ხართ დამთმობი, იცავთ ურთიერთგაგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს "კომპონენტს"?
- დამთმობიც ვარ და ჯიუტიც, მაგრამ ვიცი, ვის უნდა დავუთმო, რა დროს და სად უნდა. ეს ძალიან რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის.

- შვილთანაც დამთმობი ხართ თუ სიმკაცრეს იჩენთ?
- მე ვეკუთვნი იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც 21-ე საუკუნეშიც ითვალისწინებენ ბავშვის აღზრდის ძალიან ღირებულ მეთოდებს. მაგალითად, მტრად გაზარდე და მოყვარედ გამოგადგებაო, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. ბაჩოს მიმართ ყოველთვის მკაცრი ვიყავი და ახლაც მკაცრი ვარ. თუმცა 24 წლის კაცია და აქეთ დამარიგებს და მასწავლის ჭკუას, იმიტომ, რომ მას გაცილებით მეტი ცოდნა აქვს, ვიდე მე, ის კარგი დიპლომატია. მე რომ ავტომატი მომცე და გამიშვა, შეიძლება მარტომ დავიბრუნო აფხაზეთი, მაგრამ ბაჩოს, მაგალითად, შეუძლია ეს საუბრით გააკეთოს.

- ახლა სად არის, რას საქმიანობს?
- ამ წუთში, ახლა მე თქვენ რომ გელაპარაკებით, ის ბრიუსელში ზის, რაღაც კონფერენცია აქვს. ვარშავის დიპლომატიური აკადემიის მაგისტრი გახდა. ივნისის ბოლოს საერთაშორისო მაგისტრის დოპლომი ექნება. თბილისში 2 თვით ჩამოდის, შემდეგ ისევ ვარშავაში მიდის სამუშაოდ.

image- როგორც ამბობენ, ბიჭის მამობა საკმაოდ რთულია. რაში ზღუდავდით შვილს, კონკრეტულად როდის იჩენდით სიმკაცრეს?
- დავაკონკრეტებ - კარგი ბიჭის მამობა გაცილებით რთულია. ბაჩოს მიმართ ერთადერთი თხოვნა მქონდა, რომ მცოდნოდა, სად იყო, სხვა არაფერი. რასაც აკეთებს და სადაც აკეთებს, დარწმუნებული ვარ, რომ აკეთებს საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, ქვეყნისთვის და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არც ოჯახს შეარცხვენს და არც ქვეყანას.

- ძალიან ხშირად გიწვევიან ისეთ შოუებში, სადაც ქვეყნისთვის სენსიტიურ თემებზეა საუბარი და თქვენი გამოსვლა ყოველთვის ძალიან ემოციურია. მაინც რას ნიშნავს თქვენთვის პატრიოტიზმი?
- ჩემთვის პატრიოტიზმი არის ის, რომ 17 წლის ასაკში ომის წინა ხაზზე ვიდექი და ვიბრძოდი. 2008 წლის ომის დროს ჩემს მოვალეობას ვასრულებდი იქ, სადაც საჭირო ოყო; პატრიოტიზმი ჩემთვის არის ის, რომ დაიცვა ის ადამიანები, რომლებიც შენ გვერდით არიან, დაიცა ყველასგან და ყველაფრისგან, იმ საფრთხეებისგან, რაც მათ ემუქრებათ; პატრიოტიზმია, როცა ქუჩაში მოხუცს, სხვის ბავშვებს მიეხმარები; პატრიოტიზმია ის, რომ ვიღაცას მადლობას გადაუხდი, ვიღაცებს სიყვარულს ასწავლი. მე მთელი ცხოვრებაა, ამას ვაკეთებ. ძალიან ბევრი ემიგრანტი ჩემზე მაგარი პატრიოტია, რადგან სადაც არიან, იქ ისეთ პატრიოტულ ნაბიჯებს დგამენ, რომ ბევრს არც მოელანდება.

- მეგობრობაში რას ანიჭებთ უპირატესობას, რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მეგობარი უწოდოთ და საერთოდ, როგორი მეგობარი ხართ?
- როგორც ამბობენ, საინტერესო. ერთ-ერთ ჩემს ძმაკაცს, გიგო გათენაძეს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ტვინის მბურღავი ვარ, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით. მაგალითად, მეზიზღება, სიგარეტს ან მარიხუანას რომ ეწევიან და ამ დროს ტვინს ვბურღავ. ძალიან ცოტა ძმაკაცი მყავს, მაგრამ ღირებული და "ხარისხიანი" ადამიანები. კაცი ღირებულებებით აირჩევა, ამიტომ ძმაკაცს ყველას ვერ დავუძახებთ. მე მყავს უფროსი ასაკის ძმაკაცი თემურ წიკლაური, რომელიც დიდი ღირებულებების მქონე ადამიანია.

- მეგობრობაში ღალატი და იმედგაცრუება თუ გამოგიცდიათ?
- მე ისეთი არ ვარ, როგორსაც მხატავენ - კონფლიქტური და აგრესიული. უბრალოდ უსამართლობას ვერ ვიტან. მეზიზღება, როდესაც ბოროტ ტყუილებს ამბობენ და როცა ეს ბოროტი ტყუილები მიმართულია ქვეყნის განადგურებისკენ, "ვიჭრები" ხოლმე. ისეთი მეგობარი არ მყოლია, რომ ჩემთვის ცუდი გაეკეთებინოს. ამიტომ არ მახსენდება ისეთი ფაქტი, რომ ჩემთან ვიღაც ჩაჭრილიყოს.

- მარიხუანა და სიგარეტი ახსენეთ. თქვენ თუ ცხოვრობთ ჯანსაღი ცხოვრებით?
- არ ვეწევი, არ ვსვამ, "წამალს" არ ვიკეთებ, შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდევ. ვვარჯიშობ და, რაც მთავარია, ჯანსაღად ვაზროვნებ.

- დაბოლოს, როგორც გამოცდილი ჟურნალისტი, რა რჩევას მისცემთ ახალბედა კოლეგებს?
- საკუთარი თავისთვის რომ ჟურნალისტი მეწოდებინა, ძალიან დიდი გზა გავიარე. გაზეთებში სტატიები ვწერე, ვისწავლე, როგორი ფორმა იყო სწორი - მადლობის გადახდა და თუ მადლობის მოხდა, ბოდიშის მოხდა თუ ბოდიშის გადახდა. მერე მივიღერადიო გამოცდილება, მერე - სატელევიზიო. ყველაფერი უნდა გაიარო, რომ ჟურნალისტი დაგერქვას. მწყინს, ასე ადვილად რომ იტყვიან ხოლმე, ჟურნალისტი ვარო. ეს პროფესია რაღაცნაირად "გაბითურდა".
იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ, რომ ჟურნალისტები გახდნენ, ერთ რაღაცას ვურჩევ - თვეში ერთი წიგნი მაინც წაიკითხონ და საზოგადოებასთან ურთიერთობის მეტი გამოცდილება მიიღონ. რაც მთავარია, საკუთარი აზრი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ და სიმართლე წერონ.

ლელა დევდარიანი (ჟურნალი „სარკე“)

2
1125
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
1125
  
14 ივლისი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

14 ივლისი, 13:33
კარგი კაცი ხართ ბატონო ბესო, თუნდაც იმისთვის გცემთ პატივს, რომ საქართველოსთვის ნაბრძოლი ხართ და ლგბტ-თემს ისეთ პასუხს აძლევთ სტუდიებში, როგორსაც იმსახურებენ.
ზუგდიდში გნახეთ მამაჩემის ახლობლის ბატონი ლევან ბეჭვაიას ეზოში, ბატონ თემურ წიკლაურთან ერთად, მაგრამ მომერიდა შესვლა და თქვენი გაცნობა.
წარმატებებს გისურვებთ.
0 1 2