x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341570
  • სურათი:454602
მოტივაცია და სწავლა

ადამიანს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უხდება გარკვეული მიმართულებით აქტივობების განხორციელება, პრობლემების გადაჭრა, გადაწყვეტილებების მიღება, მაშასადამე უნდა არსებობდეს "რაღაც", რისი საშუალებითაც ამ ყოველივეს შევძლებთ. ეს "რაღაც" კი მოტივაციაა, ძალა, რომელიც აძლიერებს, ამყარებს და მართავს ქცევას მიზნისკენ. ფსიქოლოგები გვთავაზობენ განსხვავებულ გზებს, თუ როგორ შეიძლება ვიფიქროთ მოტივაციაზე. მათ შორის მოტივაცია აღმოცენებულია ინდვიდის გარეგანი(ექსტრინსიკული) თუ შინაგანი(ინტრინსიუკული) ფაქტორებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტიპის მოტივაცია ძალზე მნიშვნელოვანია, კვლევები გვიჩვენებს, რომ ინსტრინსიკულსა და ექსტრინსიკულ მოტივაციას შესაძლოა განსხვავებული ეფექტი ჰქონდეს ადამიანების ქცევასა და მათ მცდელობაზე, თუ როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ექსტრინსიკულ მოტივაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვახორციელებთ ან ვერთვებით გარკვეულ აქტივობაში იმისათვის, რომ მივიღოთ გარემოდან მომავალი ჯილდო ან ავიცილოთ სასჯელი. ანუ ადამიანები იქცევიან, როგორც იქცევიან არა იმიტომ, რომ მათ სიამოვნებთ ეს აქტი, არამედ იმიტომ, რომ ამ განხორციელებული ქცევის შედეგად მიღებული რეზულტატი იქნება სასიამოვნო, სასურველი, რომელიც მოიცავს არასასურველის არიდებასაც. მაგალითად: სწავლა კარგი ნიშნებისათვის, სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობა ტიტულისათვის, კონკურსში მონაწილეობა პრიზისთვის, ოთახის დალაგება მშობლებისგან შენიშვნების არიდებისათვის, პრეზენტაციის კარგად მომზადება აუდიტორიის კეთილგანწყობის მოპოვებისათვის, საკუთარი ქვეყნის ისტორიის სწავლა თანამოქალაქეების გაკიცხვისაგან თავის არიდებისათვის და სხვა.

მეორე მხრივ, ინტრინსიკულ მოტივაციის შემთხვევაში, გარკვეულ აქტივობაში ვერთვებით იმისათვის, რომ ეს ჩვენთვის პიროვნულად დამაჯილდოებელია, მნიშვნელოვანი, ჩვენი შინაგანი მიზეზების და არა გარემოდან მომავალი ფაქტორების გამო. ინტრინსიკული მოტივაციის შემთხვევაში ქცევა თავისთავად ჯილდოა და ვასრულებთ გარეგანი ჯილდოებისგან დამოუკიდებლად. თავად ქცევაა სასიამოვნო და სასურველი, ანუ ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვაკეთოთ. მაგალითად: ვსწავლობთ იმიტომ, რომ გვაინტერესებს და გვინდა უკეთ გავერკვიოთ საგანში, სპორტულ შეჯიბრში ვიღებთ მონაწილეობას იმიტომ, რომ გვსიამოვნებს, კონკურსში ვიღებთ მონაწილეობა გამოცდილების მიღების მიზნით, საკუთარი ქყვეყნის ისტორიის ვსწავლობთ, რადგან ეს ჩვენი იდენტობისათვის მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ინტრინსიკული და ექსტრინსიკული მოტივაცია უნდა გავიაზროთ, როგორც კონტინიუმის ორი ბოლო, რაც იმას ნიშნავს, რომ, რაც უფრო მაღალია ექსტრინსიკული მოტივაცია, მით უფრო დაბალია ინტრინსიკული მოტივაცია და პირიქით. აქედან გამომდინარე, ადამიანს ორივე სახის მოტივაცია ახასიათებს განსხვავებული ან შეიძლება თანაბარი დოზითაც. გარდა ამისა, ინტრინსიკული და ექსტრინსიკული მოტივაცია არის კონტექსტუალური და შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს.

ემპირიული მონაცემებისა და საღი აზრის დონეზეც კი აშკარაა, რომ მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებაში. კერძოდ, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებით, სწავლის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. დამატებით იმის თქმაც შეიძლება, რომ კვლევების მიხედვით, მაღალ მოტივაციასა და მიღწევას შორის მჭიდრო კავშირია. ალბათ მოსწავლეები, რომლებსაც გააჩნიათ სწავლის მოტივაცია, უფრო მეტად ცდილობენ გაიგონ საგნის თემატიკა მიუხედავად იმისა, საინტერესოდ და სასიამოვნოთ მიაჩნიათ თუ არა სწავლის პროცესი. სხვადასხვა მეცნიერებმა შემოგვთავაზეს ერთმანეთისგან განსხვავებული მოტივაციის თეორიები, რომლებსაც განვიხილავთ მოკლედ და ვისაუბრებთ მათ ნაკლოვანებებსა და უპირატესობებზე.

ბიჰევიორისტული მიდგომა სწავლას განიხილავს, როგორც ქცევის ცვლილებას, რომელიც გამოცდილების შედეგად მიიღწევა. მთავარი მოტივატორები კი შესაძლოა იყოს: შექება, ტესტში მაღალი შეფასება, კარგი ნიშანი, დადებითი კომენტარი საშინაო დავალების შესრულებისას, ტკბილეულით დაჯილდოება, თავისუფალი დროის გამოყოფა თანაკლასელებთან სასაუბროდ და სხვა. ბიჰევიორისტული პერსპექტივიდან ეს განმამტკიცებლები მოტივაციას ამაღლბეს, თუმცა ყველა მეცნიერი გარკვეულწილად არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და აკრიტიკებს კიდეც. პირველრიგში, სკოლა ბავშვებში ინტრინსიკულ მოტივაციას უნდა აღვივებდეს, ხოლო მსგავსი გარეგანი ჯილდოები პირიქით, ექსტრინსიკულ მოტივაციის ზრდას უწყობს ხელს. ანუ ბავშვი უფრო იმიტომ სწავლობს რომ ნიშანი ან სხვა სახის ჯილდო მიიღოს ვიდრე, იმიტომ რომ საგანი გაიგოს და გაერკვას. მეორე, კვლევების მიხედვით, ჯილდოს გამოყენება ინტრინსიკულ მოტივაციას აქვეითებს და მესამე, ბიჰევიორისტული პერსპექტივა არ იზიარებს კოგნიტურ პროცესებს, როგორიცაა რწმენები, შეხედულებები, მისწრაფებები. მაშასადამე ხშირად ჯილდოების მიუხედავად, მოსწავლე არაა მოტივირებული, რასაც ბიჰევიორისტული მიდგომა ვერ ხსნის. კრიტიკოსები თვლიან, რომ ჯილდო არ უნდა იქნეს გამოყენებული, თუმცა მისი სრული გამორიცხვაც არაა მიზანშეწონილი. მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა მოტივაციის გაზრდა მოსწავლეებში. მაგალითად: გამოვიყენოთ ჯილდო მხოლოდ მაშინ, როდესაც სასწავლი თემა არაა საინტერესო. ჯილდო გავცეთ მხოლოდ ძალიან აკრგი ნაშრომისათვის და არა უბრალოდ მონაწილეობისათვის. დავაჯილდოოთ, რათა ვაღიაროთ მოსწავლის/სტუდენტის კომპეტენტურობა.

ჰუმანისტი ფსიქოლოგის, აბრაჰამ მასლოუს მიხედვით, ადამიანს გააჩნია მოტხოვნილების იერარქია, რომელიც შედგება დეფიციტის და ზრდის მოთხოვნილებებისაგან. დეფიციტის მოთხოვნილებებია: პირველადი, დაცვის, მიკუთვნებულობის მოთხოვნილებები, ხოლო ზრდის მოთხოვნილება თქვითაქტუალიზაციაა. თუ დეფიციტის მოთხოვნილებები მიუღწეველია, ადამიანი ყოველთვის მისი დაკმაყოფილებისაკენ მიილტვის, რაც იმას ნიშნავს რომ თვითრეალიზაციისაკენ ვეღარ მიისწრაფის. ამიტომ, მასლოუს მიხედვით, იმისათვის, რომ მოტივაცია გავზარდოთ სკოლებში, უნდა შეიქმნას უსაფრთხო, მშვიდი, თბილი, მეგობრული გარემო. მეორე დიდი ჰუმანისტი ფსიქოლოგი, კარლ როჯერსი კი მოსწავლეებისადმი უპირობო დადებით დამოკიდებულებაზე საუბრობს, რომელიც არც თუ ისე მარტივი მისაღწევია. იმისათვის რომ მოსწავლეებში მოტივაცია გავზარდოთ, პირველრიგში მათ უნდა მოვეპყრათ, როგორც პიროვნებას და შემდგომ როგორც მოსწავლეს და გვახსოვდეს რომ “ცუდი” მოსწავლე კი არაა, არამედ მისი “ქცევა”, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია.

შედარებით განსხვავებულ პერსპექტივას გვთავაზობს მოტივაციის ერთ-ერთი კოგნიტური თეორია, რომელიც ცნობილია როგორც “მოლოდინი x ღირებულების” თეორია. აღნიშნიშნული თეორიის მიხედვით, ადამიანი მოტივირებულია თუ წარმატების მოლოდინისა და დავალების ღირებულების ნამრავლი დადებითი მნიშვნელობის იქნება. მეცემულ თეორიაში გამრავლების ნიშანი მნიშვნელოვანია რადგან ნული რაზეც არ უნდა გავამრავლოთ საბოლოო ჯამში ნულს მივიღებთ. მაგალითად: ერეკლეს ძალიან უნდა გამოვდეს ფეხბურთელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის ძალიან ღირებულია, მოლოდინი რომ წარმატებას მიაღწევს ფეხბურთის კარიერაში ნულია, რადგან ერეკლე ინვალიდია, რაც იმას ნიშნავს რომ მიღწევის მოტივაციაც არ იარსებებს. კოგნიტური თეორიების ჭრილში მოსწავლეების ინტერესის გაზრდა შესაძლებელია ისეთი აქტივობების დაგეგმვით, რომელიც დაკავშირებულია გარე სამყაროსთან, პერსონალიზებული შინაარსებით, როგორიცაა რეალური პიროვნების ცხოვრება, კონკრეტული მაგალითებით, მოსწავლის ჩართულობით, ლოგიკური და ვრცელი პრეზენტაციებით.

საერთო ჯამში, ცხადია მოსწავლეებისა და სტუდენტების მოტივაციაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ფაქტორი პედაგოგიც შეიძლება იყოს, რომელსაც შეუძლია მოსწავლის ან სტუდენტის სწავლის მოტივაციის ამაღლება.image

0
49
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ჩერქეზიშვილი
ერეკლე ჩერქეზიშვილი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0