x
მეტი
  • 17.07.2019
  • სტატია:92403
  • ვიდეო:341500
  • სურათი:454429
თვითაქტუალიზაცია კარლ როჯერსის მიხედვით

კარლ როჯერსი უდიდესი სახელია ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ისტორიაში. ჰეიგბლუმის 2002 წლის კვლევაში, რომელშიც გამოყენებული იყო „ცნობადობის“ განმსაზღვრელი 6 ძირითადი კრიტერიუმი (მაგალითად, როგორებიცაა: ციტირება, აღიარება და სხვ.), როჯერსმა მე-20 საუკუნის ყველაზე სახელგანთქმულ ფსიქოლოგთა შორის მე-6 ადგილი, ხოლო კლინიცისტებში მე-2 ადგილი დაიკავა ( ზიგმუნდ ფროიდის შემდეგ).

კარლ როჯერსი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰუმანისტი ფსიქოლოგი იყო. იგი ეთანხმებოდა აბრაამ მასლოუსა და სხვა ჰუმანისტი ფსიქოლოგების ძირითად დაშვებებსა და ვარაუდებს, თუმცა როჯერსი ამატებს: იმისათვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს, განვითარდეს, საჭიროა გარემომ უზრუნველყოს ის გუწრფელობით, მიმღებლობით ( დანახულ იქნან უპირობო დადებითი დამოკიდებულებით) და ემპათიით. ამის გარეშე ურთიერთობები და ჯანმრთელი პიროვნება ისე ვერ განვითარდება, როგორც უნდა განვითარდეს, ისევე, როგორც ხე ვერ განვითარდება მზის სინათლისა და წყლის გარეშე.

ადამიანები ხელს უწყობენ ჩვენს პიროვნულ ზრდა–განვითარებას ჩვენდამი გულღია, გუწრფელი დამოკიდებულებით; პირადი გრძნობების, მისწრაფებების, მიზნების, ოცნებების, შიშების, შეხედულებების გუწრფელი გაზიარებით, კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით. ამით ისინი გვაჩვენებენ, რომ გვაფასებენ, მიუხედავად ჩვენი ნაკლოვანებებისა.

აღსანიშნავია, რომ როჯერსის მიხედვით, თვითღირებულების გრძნობა პირველად ადრეულ ბავშვობაში მშობლებთან ინტერაქციისას ფორმირდება. ასე რომ, ადამიანებს პატარა ასაკიდანვე სჭირდებათ სხვა ადამიანებისაგან მოწონება ანუ უპირობო დადებითი შეფასება (დამოკიდებულება). ამ შემთხვევაში ისინი თავისუფლად გრძნობენ თავს, არ ეშინიათ შეცდომების დაშვების, მზად არიან ამ გზით მიიღონ გამოცდილება. იმ ადამიანებში, რომლებიც ბავშვობაში უპირობო დადებით შეფასებას იღებდნენ მშობლებისგან, უფრო მეტი ალბათობით, მომავალში წარმატებით მოხდება თვითაქტუალიზაცია.

მეორე მხრივ, პირობითი დადებითი შეფასებისას, ბავშვებმა შესაძლოა იფიქრონ, რომ მშობლებს ისინი მხოლოდ თავიანთი საქციელის გამო და არა იმ მიზეზით, თუ რას წარმოადგენენ, ვინ არიან ისინი პიროვნულად. ამან შესაძლოა ბავშვის პიროვნულ განვითარებას პრობლემები შეუქმნას. მაგალითად, ბავშვს უყვარს ნაძვისხიდან სათამაშოების ჩამოხსნა და სროლა, დედა კი აძლევს შენიშნვნას: „ცუდი ბიჭი/გოგო ხარ!“ შენიშვნის მსგავსმა ფორმულირებამ შესაძლოა ბავშვს აფიქრებინოს, რომ ის მოხლოდ მაშინაა დაფასებისა და სიყვარულის ღირსი, როდესაც კარგად იქცევა. ამის შემდეგ ბავშვის თვითგანცდა აღარაა „მე მომწონს ნაძვისხიდან სათამაშოების ჩამოხსნა და სროლა, “ არამედ „მე მომწონს ნაძვისხიდან სათამაშოების ჩამოხსნა და სროლა. ეს კი ცუდი საქციელია. მაშასადამე, მე ცუდი ბიჭი ვარ.“ აუცილებელია ხაზი გავუსვათ ბავშვის საქციელს და არა პიროვნებას. ცუდი ბავშვი კი არა, ის საქციელია, რასაც ის აკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი იშვიათად შეეცდება მომავალში საკუთარი „მე“-ს მიერ ნაკარნახევით მოქმედებას, ნაკლებად გამოავლენს თავის პოტენციალს და მეტად დაეყრდნობა მშობლებისა და გარემოს მიერ ნაკარნახევ „მე“-ს .

როჯერსის აზრით, „ფენომენოლოგიური ველი“ განცდაში მოცემული გამოცდილებების ერთობლიობაა- ყველაფერი ის, რაც ცნობიერისათვის პოტენციურად ხელმისაწვდომია, ის, რაც ყოველ მოცემულ მომენტში ორგანიზმში მიმდინარეობს. იგი არის სუბიექტური, სიმბოლიზებული რეალობა, რომლის გაგებაც სხვა ადამიანს მხოლოდ ემპათიის საშუალებით შეუძლია. ასე რომ, თუ მართლა გვინდა გავუგოთ ადამიანს, დავეხმაროთ და განვითარებაში ხელი შევუწყოთ, უნდა შევეცადოთ მის „ფენომენოლოგიურ ველში“ შეღწევას. ამის ერთადერთი საშუალება კი ემპათიაა.

როჯერსს სჯეროდა, რომ ყველა ადამიანს შეეძლო თვითრეალიზება ცხოვრებაში, თუმცა იმისათვის, რომ ადამიანმა მთლიანად გამოავლინოს თავისი პოტენციალი, იგი კონგრუენტულ ანუ ურთიერთავსებად, შეთანხმებულ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითაქტუალიზება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის „იდეალური მე“ კონგრუენტულია მის რეალურ ქცევასთან, ანუ როგორც ვხედავ ჩემს თავს ობიექტურ რეალობაში. რაც უფრო ახლოა ჩემი „რეალური მე“-ს სუბიექტური თვითაღქმა ჩემი „იდეალური მე“-სთან, მით უფრო დიდი შანსია თვითაქტუალიზაციის. მაგალითად, თუ ადამიანის „იდეალური მე“ წარმატებული მსახიობთან ასოცირდება, ხოლო მისი ახლანდელი „მე“ ტანსაცმლის მაღაზიის კონსულტანთან, ანუ „იდეალურ მე“-ს და „ახლანდელ მე“-ს შორის დიდი სხვაობაა, დიდი ალბათობით, ეს ადამიანი ვერ თვითრეალიზდება.

კარლ როჯერსი თვითაქტუალიზებულ ადამიანს „სრულად ფონქციონირებად პიროვნებას“ უწოდებდა. ასეთი ადამიანის ხუთი მახასიათებელია:

1. გამოცდილებისადმი ღიაობა – როდესაც პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილება თანაბრადაა მიღებული. უარყოფითი გრძნობები უარყოფილი კი არაა, არამედ გაცნობიერებული და დაძლევადი.

2. ეგზისტენციალური ცხოვრება – ერიდები წინასწარ განსჯას, ცრურწმენებს, შეგიძლია იცხოვრო და სრულად დააფასო აწმყო. სულ წარსულს და მომავალს არ მისჩერებიხარ. მუდამ შეხებაში ხარ განსხვავებულ ცხოვრებისეულ მოვლენებთან.

3. ნდობა – როდესაც საკუთარ თავს ენდობი, დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებებს.

4. კრეატიულობა – კრეატიული აზროვნება და რისკის მიღება პიროვნების ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მუდამ კომფორტის ზონაში ყოფნა მიუღებელია.

5. „სავსე“ ცხოვრება – ადამიანი ბედნიერია, კამყოფილია თავისი ცხოვრებით და მუდამ ახალ გამოწვევებსა და გამოცდილებებისაკენ მიისწრაფვის.

კარლ როჯერსის აზრით, ადამიანის ქცევას თვითრეალიზაციის ტენდენცია მართავს. ესაა ზრდის პროცესი, რომელიც პიროვნების ძალების გაშლას გულისხმობს.
დაბოლოს, სტატიას როჯერსის ციტატით დავასრულებ:

„კარგი ცხოვრება პროცესია და არა ყოფიერების მდგომარეობა. ესაა მიმართულება და არა დანიშნულების ადგილი.“ image

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ერეკლე ჩერქეზიშვილი
ერეკლე ჩერქეზიშვილი
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0