x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
საინტერესო ეპოქის სტუმრები ვართ, მუქარა ისმის, ღვინოში ჩაგიფსამთო!
image

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას ეხმაურება:


საინტერესო ეპოქის სტუმრები ვართ, მუქარა ისმის, ღვინოში ჩაგიფსამთო!

"ღვინოში ჩაფსმის" მსურველთა
ლიდერებიც და მიმდევრებიც იმდენად ერთი მასალითა და ყალიბით არიან შექმნილნი, მანამდე ნანახიც რომ არ ჰყავდეთ ერთმანეთი, ერთი შეხედვით ცნობენ თავისიანს და სხვისიანს (არც გარეშე თვალისთვის არიან ძნელი საცნობნი).


სხვა ბევრი სათნოებაც აერთიანებთ, თუმცა, უმთავრესი მაინც ისაა, რომ ყველა ზღვარი გადალახული აქვთ, ყველაფრის თქმა-კადრება შეუძლიათ და "ღვინოში ჩაფსმას" არა მხოლოდ პირიდან ამოუშვებენ, არამედ, თუ მიუშვი, მართლაც ჩააფსამენ!

ჩააფსამენ კი არა, "ღვინოში ჩაფსმაა" მათი არსებობის მთავარი მიზანი! ოღონდაც, ესენი ფარისევალთაგან გაბრიყვებული ის ადამიანები კი არ არიან, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა საშინელ ცოდვას სჩადიოდნენ, არამედ თავად არიან სხვების გაბრიყვებაში გაწაფული მაქციები, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რომ ვაზი და ღვინო არ არის მხოლოდ მცენარე და საკვები, მიწა და წყალი არ არის მხოლოდ მატერია, ადამიანი არ არის მხოლოდ კუნთები და კუჭი და ამის იქით კიდევ არის ის რაღაც უხილავი, რომელიც ჩვენში უსტვენს "ვით საყდრის ჩიტი".

სწორედ ამ უხილავს და გამოუთქმელს ებრძვიან მაქციები და "ღვინოში ჩაფსმაც" ამ მთავარი სიწმინდის წაბილწვის და მოსპობის რიტუალია.

"ღვინოში ჩაფსმა" არ არის უბრალოდ წამოროშვა, სინამდვილეში ეს ის ანტისიტყვებია, რომელიც გენეტიკურ კოდს ანგრევს - ასეთ მუქარას, ასეთ სიბილწეს, ასეთ წამოცდენას, ქართული ცნობიერების მატრიცა აქამდე არ იცნობდა, ამგვარის თქმა ყველაზე დაუნდობელ მტერს არ მოსვლია აზრად, რადგან ადამიანებს ყოველთვის გვრჩება რაღაც საერთო ღირებულებები, რაც ადამიანებად გვტოვებს.

ფიქრის თავისუფლად გამოხატვას სწორედ იმიტომაც არ უნდა ზღუდავდეს კანონი, რომ ადამიანმა საკუთარი ნებით, აკრძალვების გარეშე არ თქვას, "ღვინოში ჩაგიფსითო", ვინაიდან, თავად ადამიანად ყოფნა-არყოფნაც ადამიანის თავისუფალი არჩევანია და არა კანონით დადგენილი აუცილებლობა.

გამოხატვის თავისუფლებას და მაისის წვიმას რა სჯობს, მაგრამ რა თავში იხლის ადამიანი ისეთ თავისუფლებას, რომელიც ღვინოში ჩააფსმევინებს!

თუმცა, ყველას თავისი თავისუფალი არჩევანი და პროგრესის ორიენტირი უხმობს!image

0
26
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0