x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
7 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც ლუნა ლავგუდმა გვასწავლა - პოტერჰიდების საყურადღებოდ და არამხოლოდ

image

საკუთარი განსხვავებულობა ნუ შეგაშინებს

ლუნა ძალიან, ძალიან უცნაური გოგოა. იმდენად, რომ ახლო მეგობრებსაც კი არ ესმით მისი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრებს მისი საქციელი არ მოსწონთ. პირიქით – ლუნა სწორედ ამის გამო უყვართ. დიახ, ის უცნაურია, რაზე ფიქრობს და რა წარმოუდგენია, არავინ იცის, მაგრამ ამის გამო სულაც არ რცხვენია. დიახ, ლუნამ ჩვენ გვასწავლა, რომ საკუთარი განსხვავებულობის და ამის გამოხატვისა არ უნდა გვეშინოდეს.

მაშინაც კი, როცა სადარდებელი ბევრი გაქვს, თავი ასწიე!

ბევრს არ ახსოვს, რომ ლუნა თესტრალებს ხედავს. და ამას ძალიან ტრაგიკული მიზეზი აქვს: დედამისი მის თვალწინ გარდაიცვალა, ამიტომაც შეუძლია ბევრისთვის უხილავი თესტრალების დანახვა. გარდა ამისა, მას ბევრი სადარდებელი აქვს: დასცინიან, სულელს ეძახიან, ნივთებს ჰპარავენ და უმალავენ… მაგრამ ლუნას არასდროს იპყრობს ნაღველი და ყველა პრობლემას მშვიდად, თავისებური ღიმილით ხვდება. ის მართლაც ძლიერი გოგოა.

ყოველთვის მხარი დაუჭირე მეგობრებს

ლუნა ყოველთვის გვერდით უდგას ჰარის და თავის მეგობრებს. ნებისმიერ სიტუაციაში. ვის არ ახსოვს მომენტი, როცა ის გრიფინდორის გუნდის მხარდასაჭერად მოღრიალე ლომის თავსარქმელით გამოცხადდა? დიახ, ლუნას რეივენქლოელობა სულ არ უშლის ხელს, გრიფინდორელებთან იმეგობროს. ლუნა დაეხმარა ჰარის სირიუსთან დაკავშირებაში და ლუნა იბრძოდა მის გვერდით სამინისტროს საიდუმლო დეპარტამენტში. ის ჰოგვორტსის სიკვდილის მხვრელმა დირექტორებმა “ურჩ” სტუდენტებთან ერთად დროებით ჩაკეტეს, მაგრამ ჰოგვორტსის ბრძოლას კიდევ მეტი ენთუზიაზმით შეუერთდა. ლუნასთვის მეგობრები ყველაფერია!

გონიერება მხოლოდ წიგნების კითხვას არ გულისხმობს

ლუნა არაა ჰერმიონივით წიგნის ჭია, არც ჯინივით ნიჭიერი ჯადოქარი, არც ჭკუისკოლოფა რეივენქლოელებს შორის საუკეთესო მოსწავლე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი გონიერი არაა. ლუნა ძალიან არასტანდარტულად აზროვნებს, უცნაური დასკვნები გამოაქვს, მაგრამ რაც მთავარია, ის “მესამე თვალით” ხედავს და უზუსტესად ხვდება ადამიანების, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანების ემოციებსა და ფიქრებს. ის ჭეშმარიტი რეივენქლოელია – აქვს ჭკუა და განსხვავებული აზროვნება.

არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ შენზე სხვები

ლუნას არ აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე სხვები. და ლუნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ის პირველი შთაბეჭდილება, რაც მასზე ნებისმიერს უჩნდება! ის ნამდვილი დამალული განძია, რომლის აღმოჩენის ბედნიერებაც ბევრს არ აქვს. ის ლუნა ლავგუდია და სხვა არავინ! სხვებისთვის სულელუნა, რომელიც მამაცურად ებრძოდა მაგიის სამინისტროში სიკვდილის მხვრელებს! დიახ, ლუნამ გვასწავლა, რომ სხვისი შეხედულებისამებრ სულაც არ უნდა შევიცვალოთ: მხოლოდ საკუთარ შინაგან ხმას ვუსმინოთ და თუ ის გვაცეკვებს, ვიცეკვოთ!

იამაყე საკუთარი ორიგინალური გარეგნობითა და ჩაცმულობით

გრიფინდორის მოღრიალე ქუდი-ლომი უკვე ვახსენეთ – მხოლოდ გულშემატკივრის ეს შესანიშნავი აქსესუარი იკმარებდა “ლუნას მოდის” აღიარებისთვის. მაგრამ ეს ზღვაში წვეთია: დეილუზიონირების ორფერა სათვალეები (“სპექტრსპეკსები”), ბოლოკა საყურეები, კვერცხისგულისფერი კაბა, გაწეწილი ვარცხნილობა… ლუნა არასდროს უშინდება ექსპერიმენტებს, რითაც გარშემომყოფებს აოცებს და აცინებს კიდეც, მაგრამ ჰოგვორტსის რომელი სხვა სტუდენტია მასავით გამორჩეული? გაგიჭირდებათ დასახელება.

დირიჟაბლა ქლიავს ფეხი არ დაადგათ!

დიახ, ჩვენ ყველას გვაქვს (გვყავს) რაღაც ფაქიზი (თუნდაც ის წარმოსახვითი იყოს), რასაც სათუთად ვუფრთხილდებით და ეს ყველამ უნდა გაგვიგოს. ლუნამ გვასწავლა, რომ სირცხვილი არაა, ისაუბრო საკუთარ წარმოსახვით მეგობრებსა თუ დემონებზე – სინამდვილეში ასეთები ყველას გვყავს, უბრალოდ საზოგადოების თვალში “ნორმალურად” გამოჩენის მიზნით, ამას ვმალავთ. ლუნა კი არა!

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0