x
image
ელენე გუმა
პეტრე კოლხი პუტინზე - "მას მხოლოდ ბოროტება მოაქვს სამყაროსთვის...მოძალადე და დამპყრობელია..."
image
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე წერს.


მისი თქმით, მას სურს, რომ დილა გათენდეს და პუტინმა ოდნავ მაინც დაინახოს, რომ მას მხოლოდ ბოროტება მოაქვს სამყაროსთვის.


"როგორ მინდა, დილა გათენდეს და პუტინმა ოდნავ მაინც დაინახოს, რომ მას მხოლოდ ბოროტება მოაქვს სამყაროსთვის...
როგორ მინდა, ოდნავ მაინც მიხვდეს, მოძალადე და დამპყრობელია...
რუსეთის პრეზიდენტო, თქვენ ვერ გამოდგებით მშვიდობის ელჩად ქვეყნებს შორის, თქვენ არ ხართ მოწოდებული იმისთვის, რომ ადამაინები, სახელმწიფოები შეარიგოთ... თქვენ ოჯახის წევრები ერთმანეთს გადაკიდეთ, ტერიტორიები ჩამოათალეთ და ქურდულად მიითვისეთ... თქვენ და თქვენი მოძალადე პოლიტიკოსები მსოფლიოს ატყუებთ... დიახ, დაუფარავათ ცრუობთ, რომ არავისთვის არაფერი წაგირთმევიათ...


თქვენ ნუ დაიჯერებთ იმას, რომ ევროპის და ამერიკის იმედად დარჩენილები, ველოდებით სამართლიანობის აღდგენას... ჩვენ ქვეყანას, გადამწყვეტ მომენტში არავის იმედი ჰქონია უფლის გარდა... დიახ, ღმერთი გაგცემთ პასუხს და დაგანახებთ, რას ნიშნავს, როცა დაუცველს, მიუსაფარს ჩაგრავენ... თქვენმა პოლიტიკამ უამრავი ადამიანი მოწყვიტა კარ-მიდამოს, უამრავს წაართვა დედა, და, ძმა... უამრავი უგზო-უკვლოდ დაიკარგა... თქვენ ასე გესმით ქრისტიანობა... ვერც იმით გვატყუებთ, რომ ერთმორწმუნე ერი ხართ. არა, არაფერი გაქვთ საერთო ქრისტესთან... ეტყობა ვერც ქრისტიანულ მორალს ჩაწვდით...



რუსეთის პრეზიდენტო, თქვენი ქვეყანა დაარსების წამიდან დაპყრობაზე, დამონებასა და წართმევაზე იყო გადასული.... რა მნიშვნელობა ექნებოდა, “ერთმორწუმე" გაგვანადგურებდა თუ ირანი და ოსმალეთი?! თუმცა ჰქონდა, როგორ არა... იმ ქვეყნისგან უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვისგანაც ერთი ბარძიმიდან ვეზიარებით ქრისტეს სისხლს და ხორცს, მაგრამ თქვენ ეს არ გეყოთ და ქართველების სისხლიც ზედ მიაყოლეთ...


კარგად გვახსოვს, თქვენმა წინამორბედებმაც როგორ გვიღალატეს... ასპინძის ბრძოლაში დაპირების ამარად დავრჩით და ოსმალებს მხოლოდ საკუთარი ძალებით ვეკვეთეთ...


მაშინაც ღმერთი იყო ჩვენ მხარეს...
თქვენ ისიც არ გემახსოვრებათ, ბიბლიურმა დავითმა როგორ დაამარცხა გოლიათი... ჰო, საქართველო დავითია, არ გვეშინია თქვენი გოლიათური აღნაგობის, ესეც უნდა იცოდეთ...


თქვენ პრეტენზია გექნებათ მესამე რომის შექმნაზე... იმასაც შეგახსენებთ, ბიზანტიის იმპერიას თავი უძლეველი ეგონა, იქ ახლა სხვა სახელწიფოა... ასე ემართება ყველას, ვინც რელიგიას მხოლოდ შირმად იყენებს და სინამდვილეში მამონას ეთაყვანება...


რუსეთის პრეზიდენტო, ბევრი რამის თქმაც შეიძლება, მაგრამ თქვენთვის ყოველი სიტყვა არის “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"... არაუშავს, დანარჩენს ღმერთი “გეტყვით"!.."- წერს პეტრე კოლხი.

0
171
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0