x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
„ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა“- არავითარი ბოდიში!!
ქეთი გაბინაშვილი

ბრძოლა გამარჯვებით ან მარცხით კი არა, მასში ღირსეულად მონაწილებით განისაზღვრებოდა. „შენფერი“ უნდა ყოფილიყო მტერი, შენსავით აღჭურვილი, შენსავე პოზიციაში მყოფი, ზურგიდან მიპარვა ღირსებას ბღალავდა, მით უფრო არ შეუგინებდა ქართველი მოწინააღმდეგეს მშობელს, მეტადრე გარდაცვლილ დედას. მაგრამ დღეს აღარც ძველი საქართველოა, არც ძველი ქართველები და ღირსების საზომიც მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა ევროპისკენ ვისწრაფვით, ევროპა ერთგვარად დემოკრატიას გულისხმობს, რომლის მთავარი ღერძიც თავისუფალი სიტყვაა.

თავისუფლება კი უმნიშვნელოვანესი ტერმინია და სულაც არ გულისხმობს, რაც გსურს მის კეთებას, პირიქით, საკუთარი თავის ფლობას, მასზე ბატონობას და რიგ შემთხვევაში აკრძალვების დაწესებასაც ნიშნევს. ასეც რომ არ იყოს, თავისუფლება სრულდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება ილახება. ამასთანავე არსებობს პროფესიული ეთიკა, რომელიც გაბუნიამ არ გაითვალისწინა. ბილწსიტყვაობა ტელეეთერიდან უკულტურო ჟესტია, გაცილებით ცუდად ჟღერს თუ მკვდარ დედას უგინებ მტერს, რომელსაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს და ახალი ბრძოლის დაწყების მიზეზებს ეძებს. და ახლო წარსულიც არ უნდა დაგვავიწყდეს, „ლილიპუტინის“ ძახილმა მავთულხლართები საქართველოს შუაგულამდე რომ გადმოწია, ცხადია.

თუმცა ბავშვური გულუბრყვილობა იქნება დავიჯეროთ, რომ რუსთავი 2-მა შეცდომა დაუშვა და გაბუნიამ, და მით უფრო გვარამიამ, ჟურნალისტური პრინციპები არ იცოდა. ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო, ტელევიზიამ ჟურნალისტის ქმედება დაგმო, მაგრამ კარგად ვიცით, გაბუნია საკუთარი ნებით გახდა „განტევების ვაცი“ და დღევანდელი „შეცდომის“ შედეგებს ხვალ ელოდებიან.


გაბუნიას გამოსვლამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ერი აღშფოთებულია, ოფიციალურმა თბილისმა დაგმო ჟურნალისტის ქმედება. მოსკოვისთვის კი ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და პრეზიდენტისგან ბოდიშს ითხოვს. რასაც დიდი იმედი მაქვს, რომ ზურაბიშვილი არ გააკეთებს. და იმ ვითომ ქართველებს, რომლებიც „სახის შენარჩუნებისათვის“ ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ, შევახსენებ, იმ ათასობით დაღუპული და დევნილად ქცეული მოსახლეობის შესახებ, რომლებიც რუსულ აგრესიას ემსხვერპლნენ და მათი სიკვდილის გამო არა თუ ბოდიში, მწუხარებაც არ გამოუთქვამს რუსეთს, ისიც გვახსოვს ვლადიმერ პუტინი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ერთი ადგილით დაკიდებით რომ ემუქრებოდა და აღარ გავიხსენებ ყველა იმ ზიანს, რაც რუსეთმა საქართველოს მოაყენა. ჩვენ ვაჟას ქვეყანა ვართ, ჯოყოლას პრინციპებზე გაზრდილი ერი, ყელზე მიბჯენილი ხანჯალი სუნთქვის საშუალებას რომ აღარ აძლევდა და მაინც თავისი ვაჟკაცური ხმით, ბოლო წამამდე გაიძახოდა: „ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა!“ და თუნდაც მილიონი სანქცია დაგვიწესოს რუსეთმა, საქართველომ მტერს ბოდიში არ უნდა მოუხადოს!!!

და კიდევ იმათ, ვინც გაბუნიას „ჯვარზე გაკვრას“ ითხოვთ ოკუპანტის გინების გამო, სად იყავით, რატომ ვდუმდით, როცა ცალმხრივად გაშუქებული ინფორმაციის გამო ადამიანებს ღირებას ულახავდნენ, როცა საქართველოს პრეზიდენტს ლანძღავდნენ და იქნება უფრო უშვერი სიტყვებითაც, ვდრე პუტინი მოიხსენიეს, სად ვიყავით, როცა სასულიერო პირებს დასცინოდნენ, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ცილს სწამებდნენ, ღვთისმშობელს შეურაცხყოფდნენ? რატომ გავჩუმდით იესო ქრისტეს რომ აბუჩად იგდებდა გაბუნია პირდაპირ ეთერში? მაშინ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იყო და დღეს ეს თავისუფლება აღარ არსებობს? თუ რუსთაველის არ იყოს, „შიში შეიქმს სიყვარულსა?“

მტერი რომ შემოესეოდა ქვეყანას, მის სიწმინდეებს ცეცხლს უკიდებდა, ტაძრებს წვავდა, ხელნაწერებს ანადგურებდა, ფრესკებს შლიდა. წარსულის, ღირებულებებისა და კულტურული ძეგლების განადგურებას ცდილობდა. რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ქვეყნის დაპყრობა, სახელმწიფოს ჩამოქცევა, მისი აბუჩად აგდება, მხოლოდ ომით და ომში არ ხდება, ის მისი სიწმინდეების, მისი ღირებულებების შეურაცხყოფით ყოველ დღე, ყოველ წუთას ჩვენივე თვალწინ, ჩვენივე დახმარებით გრძელდება, აღარ მაჰმად ხანები და აღარც პუტინები აღარ გვჭირდება, ჩვენ ვწვავთ, ჩვენ ვდგებით ფეხით ხატებს, ჩვენ ვანგრევთ, ვაფეთქებთ.... რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ჩვენ გაცილებით დიდი მტერი ვართ საკუთარი ქვეყნის!

ქეთი გაბინაშვილი

5
117
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
117
  
გადაჭარბებული... არა მგონია. კაი ხანია, ქართულად დაწერილი "გემრიელობა" არაფერი წამიკითხავს, მხოლოდ პლაგიატურ მოტივებზე (მოდაში შემოსული, თან ალბათ მიბაძვასაც ნიჭი უნდა, ეგეც რომ არ აქვთ?), ყალბ ემოციებზე აგებული "ნაგავი", აღარც ვეძებდი უკვე... და ძალიან მომეწონა, თან ყველა მათგანი. შესაძლოა მე არც ვიცი და იქნებ არიან კიდეც, თქვენ თუ მირჩევთ, ვის გავეცნო, მადლიერი დაგრჩებით. სხვა კი - ველი თქვენს "პირმშოს" და ...წარმატებები:)))
2019, 10 ივლისი, 9:06
გადაჭარბებულია თქვენი ქება, თუმცა ძალასა და მოტივაციას მაძლევს ეს სიტყვები. :) რაც შეეხება დიდტანიანს, გავკადნიერდი და შევები :) მალე იხილავს დღის სინათლეს.
რაის მადლობა,... ეხლა "გადავგვერდე" თქვენი ნოველები და მართლაც ძალიან, ძალიან კარგია... განსაკუთრებით "კაკლისუღლისფერი" მომეწონა:))) არა, მართლაც მშვენიერია,... და არ მეგონა კი, და თურმე ვცდებოდი, თანამედროვე მწერლობა არ გვყავს-მეთქი, რომ ვამბობდი (დოჩანაშვილსა და აკას არ ვგულისხმობდი)...
არაა ჩემი საქმე, არ გეწყინოთ,... მარა, ცოტა უფრო "დიდტანიანსაც" რომ შეებათ, არა? საინტერესო იქნებოდა:))
2019, 9 ივლისი, 16:52
დიდი მადლობა და ბოდიში მკითხველს ფაქტობრივი შეცდომისთვის.
ჰაიტ, მალადეც!!!:))
100 კი არა 200%-ით ვეთანხმები აქ გამოთქმულ სიტყვასაც და პათოსსაც... მხოლოდ, დიდი მოწიწებით, უმნიშვნელო ჩასწორება, მხოლოდ სიზუსტისთვის: ხანჯალს ზვიადაურს აბჯენენ და არა ჯოყოლას, თუმცა ორივე ერთი ფოლადისგანაა ჩამოსხმული და დედააზრიც გასაგებზე გასაგებია.
0 1 5