x
მეტი
  • 23.07.2019
  • სტატია:92670
  • ვიდეო:341598
  • სურათი:454684
ღმერთო, ნუ გვესვრი მეტეორს! - ანუ რატომ აქვს საქართველოს "ჯადო"?

image

ერთხელ სამარშუტო ტაქსში მეტეხის ხიდზე გავლისას პირჯვრის წერა და ბუტბუტი ატეხა ერთ-ერთმა მგზავრმა და ბოლოს ისე ხმამაღლა შეჰღაღადა შემოქმედს: ღმერთო, დაახრჩვე ამ მტკვარში ყველა, ვისაც ჩემთვის ცუდი უნდაო, ძარღვებში სისხლი გამეყინა. ჯერ ის გავიფიქრე, რა ბედნიერებაა, ღმერთი ყველას ვედრებას რომ არ უსმენს-მეთქი, მაგრამ მერე დავეჭვდი – არ უსმენს კი?

გვეშველება რამე? შეკითხვა რომელიც ისე ამოუყვანეს ერთ ჩვენს სახალხო არტისტს ყელში, ბოლოს შეუკურთხა – არ გეშველებათო და იმის მერე დღე არ გავა, რამე არ მოხდება ამ ვერდიქტის გარეშე – "ამ ქვეყანას არაფერი ეშველება!"

რა გვჭირს საშველი? ჩვენ გვიყვარს რაღაცეების გაბუქება. საქართველოს შეიძლება დიდი ისტორია ჰქონდეს როგორც ქვეყანას, მაგრამ როგორც სახელმწიფო ჯერ ბავშვია. ქართველ კაცსაც, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეს, ეს ინფანტილურობა თან სდევს. ჯერ ბევრი რამ არ იცის, ბევრი რამ ეხარბება, ყველაფერი უცებ უნდა, ვერ იტანს რიგებს, ლოდინს, იმას, რომ ვიღაც მის ჩარჩოებში მოქცევას ლამობს, რეჟიმში ჩაყენებას, არ აქვს საერთო საკუთრების შეგრძნება, ყრის, აფუჭებს, ერთადერთი რამ აინტერესებს – როგორ გაერთოს, როცა რაღაც არ მოსწონს რაციონალური გადაწყვეტილების მიღების მაგივრად იმპულსებს აყოლილი მუშტებს იღერებს და რაც ყველაზე მთავარია მოითხოვს ვიღაცამ ყურადღება მიაქციოს და მისი გასაკეთებელი საქმე გააკეთოს. მოდის მერე ვიღაც, შეეშლება რაღაც და იწყება "ნაცხროვა", "ქოცნახირი"… "გაიწიე, მე მიმიშვი, ვერ შვრები, მე ვიცი", მიუშვებენ და მხოლოდ ერთი გასამართლებელი საბუთი აქვს - "ის ჩემზე ცუდად აკეთებდა". მოკლედ, ბავშვებს ჰგვანან ქართველები. ძალიან კეთილ, დიდი პოტენციალის მქონე ნიჭიერ და ზარმაც ბავშვებს, რომელსაც სჭირდებათ გაზრდა, ან ცოტა დრო, რომ თავისით ისწავლონ და გაიზარდონ.

ვინ უნდა გაზარდოს? იყო დრო, როდესაც ხან ერთი "ძიძის" კალთას ვიყავით ამოფარებული, ხან მეორეს, მერე აღარ მოგვინდა ეს სხვის ჭკუაზე სიარული და "სახლიდან წავედით". ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლები გავხდეთ, ხოდა თუ გადავწყვიტეთ, მაშინ თავად უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, თავად უნდა მივხედოთ ერთმანეთს, საკუთარი თავი და ერთმანეთი გავზარდოთ.

ყველა ხომ არ არის "ბნელი", ხომ გვყავს განათლებული საზოგადოებაც? ხომ არიან ისეთებიც, ვინც იცის, რომ თუ ქვეყანა გიყვარს, სადარბაზოში არ უნდა მოშარდო, კარგი სამსახური თუ გინდა, კარგი განათლება უნდა მიიღო, რომ ხორცის არ ჭამა ვეგანობაა და არა მარხვა, თანაც დროებითი ვეგანობა, რომ თუ გინდა სამსახურში ჩაწყობის გარეშე მიგიღონ, არჩევნებში ხმა ნაცნობს არ უნდა მისცე, რომ თუ გინდა შენს ცხოვრებაში ცხვირი არ ჩაყონ, არც სხვისი ცხოვრების ამბები არ უნდა გაინტერესებდეს, რომ ღმერთი ჩვენს გულებში უნდა ვეძებოთ და არა ეკლესიებში, რომ სკვერებში რაც დგას, ისიც ჩვენია და უნდა გავუფრთხილდეთ, რომ გზებს და ფასადებს ჩვენთვის აკეთებენ, რომ კანონი, რადგან ყველა არღვევს, შენც არ უნდა დაარღვიო, რომ რადგან ნაგავი ყრია, შენც არ უნდა დაამატო, რადგან ნაგვის გროვა, რომელიც გახრჩობს იმ თითო სიგარეტის ნამწვისგან შედგება, ისინი რომ ყრიან, ვინც შენნაირად იფიქრა – ეს ერთი არც მოუმატებს და არც დააკლებსო.

რამდენიც გინდათ იმდენი შემხვედრია "რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ" ტიპის მენტალობის მქონე ქართველი, "ლიჟბი აქედან წავიდე" ტიპის ქართველი, "რა საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობთ" ტიპის ქართველი, "ივერია გაბრწყინდება" ტიპის ქართველი, "ამათ არაფერი ეშველებათ" ტიპის ქართველი, მაგრამ იშვიათად მინახავს ვინმე, ვისაც მართლა გულით უნდა, რომ რაღაცა უშველოს და მართლა რამეს აკეთებს ამისთვის.

ვიღაცეებს თითქოს კი აქვთ მცდელობა, მაგრამ ძირითადად აგრესიული ფორმით: დაცინვით, ლანძღვით, ან სამარცხვინო ბოძზე გაკვრით – "ყველამ გაავრცელეთ, რომ მიხვდეს რა ნაგავიცაა", აგინეთ, აფურთხეთ, ეგებ მიხვდეს რაც გააკეთა"… რამდენჯერ შემხვედრია სოციალურ ქსელში… "ღორები", "ღრუტუნი არ დაგავიწყდეთ", "სამარცხვინო მძღოლები", "როგორ ბნელა", "ნაგავი ხალხი ვართ", "არაფრის ღირსები არ ვართ", "შურიანი", "მარიაჟი", "ბოღმა", "ჭორიკანა" და თან განა ერთი და ორი, მთელი ერი. დაცინვით, ლანძღვით და გინებით ვერავინ სწავლობს, თავდაცვითი ინსტიქტი ირთვება და საპასუხოდ მხოლოდ აგრესიას გახვედრებს. დედა ტერეზა ამბობდა, ადამიანს ვერ შეცვლი მისი შეცვლის მცდელობით, უბრალოდ უნდა შეიყვარო და სიყვარული ყველაფერს ცვლისო.

აი, რა აკლია ამ ქვეყანას. კრიტიკა კარგია, მაგრამ იგი გულის მოოხებას არ უნდა ჰგავდეს. რა საჭიროა ამდენი დრამა, ამდენი რადიკალიზმი, ამდენი ემოცია, იმპულსური ქმედებები, გადაწყვეტილებები.

თუკი არ მოგწონს ის, რასაც იღებ, შეცვალე ის, რასაც გასცემ – ეს სამყაროს კანონია

ყოველი სიტყვა, მით უმეტეს თუ მას მძაფრი ემოციები ახლავს თან, სამყაროში გაშვებული გარკვეული ენერგიაა, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოჰყვება. ფიქრი მატერიალიზდება, სიტყვა – მით უმეტეს და ყველაფერი, რაც გვგონია, რომ გვემართება, სინამდვილეში ჩვენი გაუაზრებელი ფიქრებისა და აზროვნების შედეგია.

ერთ ჩემს საყვარელ წიგნში, თანამედროვე მესია მოსწავლეს ღრუბლების გაქრობაში ავარჯიშებს. ფანტაზიის რა ხერხს აღარ მიმართავს – ხან მზერით ცდილობს განგმიროს, ხან წარმოსახვითი ლაზერებით ებრძვის, ბოლოს იმასაც კი წარმოიდგენს, რომ არ არსებობს და ძლივს მოახერხებს გაქრობას. მასწავლებელს უკვირს – ისე ძალიან იყავი მიჯაჭვული, მეგონა არ გაქრებოდაო. ეს ღრუბელი ნეგატივია, რომელიც ჩვენი ცხოვრებიდან გვინდა წავშალოთ, მაგრამ იმდენად ვართ მასზე ჩაციკლული ვერ ვშლით, თუნდაც მთელი არსებით გვინდოდეს.

ნებისმიერი რამ, რასაც ჩვენ მისტიკის სფეროდ მოვიაზრებთ - ლოცვა იქნება ეს, თუ ადამიანისთვის ჯადოს გაკეთება, ამ პრინციპზე დგას. პლაცებოს ეფექტს დაარქმევ თუ რამე ოკულტური ტერმინებით შეფუთავ, იდეა იგივე რჩება. ეკლესიაში ილოცებ თუ საკუთარ საწოლში მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი ჩვენს ფიქრებზეა დამოკიდებული – ენერგია ისხამს ხორცს. ჩვენ კი, თუკი პეპლის ეფექტის თეორიის შესახებ წაგიკითხავთ, ალბათ იცით, რომ ერთმანეთთან კავშირში ვართ. სამყარო ერთი მთლიანი სისტემაა, სადაც ერთი პეპლის სიკვდილმა შეიძლება მთელი სამყაროს მომავალი შეცვალოს.

ჩვენს ქვეყანასაც ჯადო აქვს. ჩვენ ჩვენი გაუცნობიერებლად წამოსროლილი ფრაზებით, ერთმანეთის ლანძღვით, გინებით, მოთქმით, გოდებით, უიმედო ხედვებით და ნეგატიური აზროვნებით ვუკეთებთ მას ჯადოს, ვურჭობთ და ვურჭობთ ნემსებს.

ერთ ასეთ იგავს წავაწყდი ამასწინ: კაცი ქუჩაში მიდის და ფიქრობს: ფული არ არის, ჯანმრთელობა არ არის, სამსახური არ არის, ცოლი – შტერი, მეგობრები – ნაძირლები, ქვეყანა – ნაგავი, ცხოვრება – აუტანელი… უკან ანგელოზი მიჰყვება, დიდი, ფაფუკი ფრთებით, ხელში ბლოკნოტი და კალამი უჭირავს, სიტყვასიტყვით იწერს მის ყველა ფიქრს და თავისთვის უკვირს: რა უცნაური სურვილებია და თან, რაც მთავარია, ყოველდღე ერთი და იგივე, თუმცა რას ვიზამ, რადგან ითხოვს, უნდა შევუსრულო…

ღმერთო, ნუ გვესვრი მეტეორს!


დოჩი გოგო

ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ ჩავუნერგოთ ადამიანებს ჩვენთვის სასურველი იდეა თავში - უნიკალური მეთოდი ფსიქოლოგებისგან


ამოირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ


3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით


როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

1
328
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
328
  
10 ივლისი, 8:06
ძალიან მომეწონა, რეალური და საღი აღქმაა დღევანდელობის, ყოჩაღ დოჩი!
0 1 1