x
მეტი
  • 21.10.2019
  • სტატია:95779
  • ვიდეო:343132
  • სურათი:457742
ორიგინალური არჩევანი - რომელი ევროპის ქალაქები დავათვალიეროთ ზაფხულში

ზაფხულის დადგომასთან ერთად, უფრო და უფრო ხშირად ვაპარებთ თვალს ჩემოდნისკენ. წარმოვიდგენთ, თუ როგორ ვეფიცხებით მზეს სანაპიროზე, ან მოვიკიდებთ ზურგჩანთას და უცნობი ქალაქის ქუჩებში დავხეტიალობთ.

შემდეგ, ვაგვარებთ შვებულების საკითხს, ვიპოვით მოგზაურ პარტნიორს და ჩნდება მთავარი კითხვა: საით? ერთი შეხედვით, მარტივი საკითხი, ხშირად თავსატეხი აღმოჩნდება და რუკაზე ქვეყნების თვალიერებაც თავგზას გვირევს. ვეცდებით გამიმარტივოთ ეს პროცესი და გთავაზობთ ევროპის ქალაქებს, რომლებს შორისაც თქვენთვის სასურველ დასვენების ტიპს აღმოაჩენთ და ამასთანავე, ორიგინალურ მიმართულებას.

ბრუგე, ბელგია

image


ხშირად ბრუგეს, ბელგიის ვენეციასაც ეძახიან. მდინარის ნაპირას გაშენებულ ქალაქი, განსაკუთრებული მომხიბვლელობით გამოირჩევა, რომელსაც შუა საუკუნეების არქიტექტურა აქვს შენარჩუნებული. მართალია, მასშტაბებიდან გამოდმინარე, ქალაქში გადაადგილება ფეხითაა შესაძლებელი, მაგრამ გზად უამრავ ადგილას შეჩერდებით. ბრუგეში გატარებული ერთი დღე დაახლოებით ასე გამოიყურება: გასეირნება გედებით სავსე მდინარის ნაპირას ბელგიური ვაფლით ხელში, ჰოლანდიური მხატვრობის გაცნობა Groenige-ს მუზეუმში, მაღალი შენობიდან ულამაზესი სახურავების დათვალიერება. საღამოს კი, ერთ-ერთ ბარში, სახელად Beer Bible, 400 სახეობის ლუდიდან, სასურველის დაგემოვნება.

ბუდვა, მონტენეგრო

image

ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქი, უფრო მეტს გთავაზობთ, ვიდრე საზღვაო კურორტია. თუ მშვიდი დასვენება გსურთ, სანაპიროზე განლაგებული ბარები და კვების ობიექტები ზრუნავენ, რომ კრისტალივით სუფთა წყლის დატოვება არ მოგიწიოთ. ზღვის ხედი თუ მოგბეზრდებათ, მხოლოდ თავის მიტრიალებაა საჭირო, მთებით რომ ჩაანაცვლოთ. თავგადასავლების სურვილის შემთხვევაში, გარშემო უამრავი სალაშქრო ბილიკი, კლდეზე აშენებული მონასტერი და გამოქვაბულია, საიდანაც არარეალური ხედები იშლება. ძველი ქალაქის ცენტრში, ხშირად ცოცხალი კონცერტები იმართება, რაც ქალაქს მეტ ხიბლს სძენს. აქვეა ქალაქი კოტორიც, სადაც ცნობილი ფილმი ‘’მზის ბნელი მხარეა’’ გადაღებული, ბრედ პიტის მონაწილეობით.

ინტერლაკენი, შვეიცარია

image

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად აქტიური დასვენება გაინტერესებთ, შვეიცარიის ქალაქი, ინტერლაკენი თავგადასავლებითაა სავსე. ტურისტული ატრაქციები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა: სანაოსნო ტურები, პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, პარაშუტით ხტომა, ცხენით ჯირითი… უამრავი ექსტრემალური სპორტის სახეობა რომ არ ჩამოვთვალოთ, აქ ყველა გამვლელი ადრენალინს ეძებს და პოულობს კიდეც. დღის ბოლოს, ტბის გარშემო უამრავი დაწესებულებაა, სადაც ტურისტები სასიამოვნო საღამოს ატარებენ და განვლილი დღის შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ.

ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი

image

ცხოვრების მაღალი დონე - ეს არის ლუქსემბურგის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი. ევროპის ყველაზე მდიდარი და ფინანსურად სტაბილური ქვეყანა, კულტურით, ისტორიით და უნიკალური არქიტექტურით გამოირჩევა. მთაგორიან ქალაქში, სასახლეებს შორის სეირნობა ჩვეულებრივი მოვლენაა. თითოეული კოშკიდან დედაქალაქსს უნიკალური რაკურსიდან იხილავთ. ასევე ქვეყანას, საკმაოდ ხელსაყრელი მდებარეობა აქვს და მისი ზომიდან გამომდინარე, სულ რამდენიმე საათში შეგიძლიათ მოხვდეთ ბელგიასა, გერმანიაში თუ საფრანგეთში ერთდღიანი ტურების მეშვეობით.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

0
71
შეფასება არ არის
ავტორი:ნინა გომართელი
ნინა გომართელი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0